ვეტერინარის რჩევები
კითხვა: ჩემს ძაღლს ქერტლი გაუჩნდა. იქნებ მითხრათ, რისი ბრალია? მაინტერესებს, რა აჩენს ქერტლს და არის თუ არა გადამდები სხვა ცხოველისთვის?
პასუხი: ერთი მხრივ, ქერტლის დროს ცხოველის გარეგნულ შესახედაობას არ აქვს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა, სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთი და იმავე დაავადების დროს სხვადასხვა ცხოველს ქერტლი, შეიძლება, სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა სახით გაუჩნდეს. ქერტლი არ არის ცალკე დაავადება, ეს არის სიმპტომი. ის, შეიძლება, წარმოიშვას პარაზიტული, სოკოვანი, ბაქტერიული, ენდოკრინული, ონკოლოგიური, ვირუსული დაავადებების დროს, ასევე, კერატიზაციის დარღვევის შემთხვევაში, ცუდი მოვლა-შენახვის პირობებში და სხვა მრავალი მიზეზის გამო. გარდა ამისა, შეიძლება, ძაღლი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყოს, მაგრამ ქერტლის გაჩენისგან არც ის არის დაზღვეული, რადგან, შესაძლებელია, ქერტლი ჯანმრთელ ცხოველს გაუჩნდეს სტრესის დროს, ან, როცა ნერვიულობს, ხოლო გაქრეს იმ მომენტში, როცა მას სტრესის ფაქტორი მოსცილდება და დაწყნარდება. ქერტლი, როგორც გითხარით, სხვადასხვა დაავადების დროს ჩნდება, ამიტომ, მის სამკურნალოდ ერთი უნივერსალური საშუალება არ არსებობს. იმისათვის, რომ საფუძვლიანად ვუმკურნალოთ ქერტლს, საჭიროა, დავსვათ სწორი დიაგნოზი და დავადგინოთ მისი გამომწვევი დაავადება. დიაგნოზის დასასმელად მნიშვნელოვანია თანმდევი სიმპტომების გათვალისწინება, როგორებიცაა: კანის სიწითლე, ქავილი, არასასიამოვნო სუნი, ბეწვის ცვენა და ასე შემდეგ; ასევე, დაზიანების ლოკალიზაცია, ანამნეზი, ისეთი საერთო პრობლემების არსებობა, როგორებიცაა გარემო ფაქტორები, ასაკი და სიმსუქნე. დიაგნოზის დასასმელად შეიძლება დაგჭირდეთ სხვადასხვა სახის ანალიზის ჩატარება. ასეთ დროს, უმჯობესია, მიმართოთ ვეტერინარს, რომელიც დასვამს დიაგნოზს და საჭირო მკურნალობას ჩაუტარებს თქვენს ძაღლს.
კითხვა: ძალიან მინდა, ჩემს ძაღლს ბეწვი უბზინავდეს. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: ბეწვის ჯანმრთელობისა და ბზინვარებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცილებს, რადგან, თმის ღერის შემადგენლობაში 90 პროცენტი ცილა შედის. ორგანიზმში ცილის ან გარკვეული ჯგუფის ამინომჟავების დეფიციტი იწვევს თმის ხარისხის გაფუჭებას და მის ცვენას ან ზრდის შენელებას, ასევე, ბეწვი ხდება უხეში და ადვილად მტვრევადი. ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტი ბეწვს ბზინვარებას აძლევს. ეს სეკრეტი შეიცავს ცილების და ლიპიდების სხვადასხვა კონცენტრაციის კომბინაციებს. სეკრეტი ხელს უშლის ბეწვის დაგრეხას და ეხმარება მას თანაბრად განლაგებაში. აქვს დამცველობითი ბარიერული ფუნქცია და ანიჭებს ბეწვს მოქნილობასა და ელასტიკურობას. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს შეუცვლად ცხიმოვან მჟავეებს, რომლებიც შედის ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტში და განაპირობებს მის ხარისხს. მათი შემცველობა ძირითადად დამოკიდებულია ცხოველის რაციონის შემადგენლობაზე. ზოგიერთი საკვები ნივთიერება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თმიანი საფარველის ხარისხს. ამ ნივთიერებებს პირველ რიგში მიეკუთვნება ნახევრად ნატურალური ცხიმოვანი მჟავები, ,,ომეგა 6-ის” ის ჯგუფიდან, რომლებიც ძალიან ბევრია მცენარეულ ცხიმში. ნახევრად სინთეზური ცხიმოვანი მჟავეების წინამორბედი არის ლანოლინის მჟავა. აღნიშნული მჟავები, მინერალებთან ერთად, თმის ღერის ცილას ამაგრებენ, კანის საფარველს იცავენ გამოშრობისაგან და უნარჩუნებენ ელასტიკურობას. აღნიშნული ნივთიერებების დეფიციტი საკვებში იწვევს ბეწვის საფარველისა და კანის გამოშრობას და გაუხეშებას, რითაც შემდგომში კარი ეხსნება კანის ნებისმიერ დაავადებას.