ფლორის სამყაროში
კითხვა: როგორ მოვუარო კტენანტას ზრდის პერიოდში?
პასუხი: ზრდის დროს კნენანტას ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ სასუქით გაუნოყიერეთ. მისთვის კარგია მაღალი ტენიანობა, ამიტომ, ხშირად დანამეთ ან სველკენჭებიან ლანგარზე დადგით, სიცხეში ფოთლები რომ არ დაეწვას. ზამთარში დამატებითი კვება მას არ სჭირდება.
კითხვა: რა ტემპერატურაა საჭირო დენდრობიუმისთვის?
პასუხი: ეს ორქიდეა დაბალ ტემპერატურასაც იტანს და, სხვა ორქიდეებისგან განხვავებით, ტროპიკული სიცხე არ სჭირდება, თუმცა, ტენი არ უნდა მოაკლდეს. ზაფხულობით 20-24 გრადუსი სჭირდება, ზამთრობით კი – 10 გრადუსი.
კითხვა: როგორი რეჟიმით მოვრწყა ეპიპრემნუმი?
პასუხი: გაზაფხულზე და ზაფხულში რეგულარულად მორწყეთ, მაგრამ, სანამ მორწყავთ, ნიადაგს შეშრობა უნდა აცადოთ. მცენარის ზრდის პერიოდში მიწა სასუქით გაანოყიერეთ. ზამთარში შედარებით იშვიათად მორწყეთ. ამ დროს არც დამატებითი საკვები სჭირდება.
კითხვა: ბეგონიას გახარება მინდა. ხომ ვერ მირჩევთ, როგორ უნდა მოვიქცე, რომ იოლად გავზარდო?
პასუხი: 2,5-სანტიმეტრიანი ღეროს ფოთოლი მიწაში ისე ჩარგეთ, რომ ფოთოლი მიწის ზემოთ დარჩეს და ორ თვეში თქვენ ახალი მცენარე გექნებათ. საერთოდ, გამჭვირვალე ხუფი ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას, რაც ხელსაყრელია მცენარისთვის.
კითხვა: როგორი განათება მოსწონს რეოს?
პასუხი: რეოს უყვარს კაშკაშა სინათლე, მაგრამ, თუ თქვენ მას მზის გულზე დადგამთ, ფოთლები გაუხუნდება და ძველებურ ეფექტს დაკარგავს. ნათელი სასტუმრო ოთახი ამისათვის საუკეთესო ვარიანტია.
კითხვა: რთულია თუ არა იზოლეპისის გაზრდა?
პასუხი: მართალია, ეს მცენარე ბუნებაში წყლის პირას იზრდება, მაგრამ ოთახის პირობებშიც მშვენივრად გაახარებთ. ის ნესტის მოყვარული მცენარეა, ამიტომ მიწა მუდამ სველი უნდა ჰქონდეს. მაღალი ტენიანობის შესანარჩუნებლად ქოთანი წყლიან ჭურჭელში ჩადგით. ეცადეთ რბილი წყლით მორწყათ.
კითხვა: მინდა ჩინური ვარდი დავაბუჩქო. როგორ მოვიქცე?
პასუხი: დიდ ქოთანში ის, შეიძლება, ორ მეტრამდე ან უფრო მაღალიც კი გაიზარდოს, მაგრამ, თუ თქვენ გსურთ, რომ ბუჩქის ფორმა მიიღოს, გაზაფხულზე კარგად უნდა გასხლათ და მცენარე სიმაღლეში ზრდას აუცილებლად შეწყვეტს. გასხვლა ყვავილობას არ ვნებს.
კითხვა: ბინაში მადაგასკარული ჟასმინი მაქვს, რომელმაც ამ ბოლო დროს მოიწყინა. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი: ეს მცენარე ვერ იტანს ტემპერატურის ცვლილებას და დაბალ ტენიანობას. შეეცადეთ, რომ მუდმივად ერთნაირ პირობებში ამყოფოთ და შეამოწმეთ მისი ნიადაგი – შეიძლება, უკვე გამომშრალია და მორწყვა სჭირდება.