რა ვერსია შესთავაზა მკვლელმა თანამზრახველ მეუღლეს და რატომ მოკლა მან ცოლის გამზრდელი დეიდა
56 წლის ნელი მ-ძის გარდაცვალების შესახებ სამართალდამცველებმა საავადმყოფოდან შეიტყვეს, სადაც ქალბატონი ოჯახის წევრებმა მომაკვდავი მიიყვანეს. ნელი მ-ძეს დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული, რაც სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის დარტყმით უნდა მიეღო. ქალის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. მას მიღებული ჰქონდა თავის ქალა-ფუძის ტრავმა, რის შედეგადაც, ფატალური შედეგი მყისიერად დადგა.
ნელი მ-ძის გარდაცვალების ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრებმა – 29 წლის მარიკა ჭ-ძემ და მისმა მეუღლემ, 36 წლის ნოდარ ხ-შვილმა გამოძიებას განუცხადეს, რომ ნელი მ-ძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მარიკა ჭ-ძის მიერ მიცემული ჩვენებით, ნელი მ-ძე კიბეზე დავარდა და თავი რკინის საფეხურს დაარტყა. იგივეს ადასტურებდა მისი მეუღლე ნოდარ ხ-შვილიც, რომელიც ამ ამბავს შემთხვევით შეესწრო. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ნელი მ-ძე მარიკა ჭ-ძის გამზრდელი დეიდა იყო. ქალს საკუთარი შვილი არ ჰყავდა და გოგონა პატარა ასაკიდან გაზარდა. დაქორწინების შემდეგ, ნელი მ-ძის ბინაში დასახლდა მარიკას მეუღლეც, რომელიც გარდაცვლილ ქალს სიდედრს უწოდებდა. მათ შორის ძალიან კარგი ურთიერთობა იყო. ქალმა შვილად აყვანილ დისშვილს და მის მეუღლეს ყველა პირობა შეუქმნა, რომ კარგი ოჯახი ჰქონოდათ. დიდი ამაგი ჰქონდა მათი ორი შვილის გაზრდაშიც.
გამოძიების მასალებით, უბედური შემთხვევა დღისით მოხდა. გარდაცვლილის დისშვილმა მარიკა ჭ-ძემ გამოძიებას განუცხადა, რომ დეიდამისს მაღალი წნევები ჰქონდა, რის გამოც ხშირად კარგავდა წონასწორობას. ქალის განცხადებით, უბედური შემთხვევაც სწორედ ამას მოჰყვა. ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „იმ დღეს დეიდა დილიდან ცუდად გრძნობდა თავს მაღალი წნევის გამო. მეორე სართულზე თავისი ტანსაცმლის ჩამოსატანად ავიდა, აფთიაქში მიდიოდა წამლების საყიდლად. მე, ჩემი მეუღლე და ბავშვი პირველ სართულზე ვიყავით. უცებ დაცემის ხმა გავიგონე, ოთახიდან გამოვვარდი და დავინახე, რომ დეიდა ძირს ეგდო. ჩვენი კიბის ბოლო ორი საფეხური რკინისაა, სწორედ ამ საფეხურზე დაერტყა თავი. ყვირილზე ოთახიდან ჩემი მეუღლეც გამოვარდა, დეიდას წამოყენება ვცადეთ, მაგრამ ვერ ავაყენეთ. პულსი აღარ ესინჯებოდა. ხმაურზე მეზობლები შემოცვივდნენ, ერთ-ერთის მანქანით საავადმყოფოში წავიყვანეთ, მაგრამ უკვე გვიან იყო. თითქმის გარდაცვლილი გახლდათ, როცა საავადმყოფოში მივიყვანეთ.” გამოძიებას თითქმის იდენტური ჩვენება მისცა ნოდარ ხ-შვილმაც, რომელიც, როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, წარსულში ნარკოტიკების მოხმარებისთვის ორჯერ იყო ნასამართლევი. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სამართალდამცველებთან აცახდებდნენ, რომ გარდაცვლილ დეიდასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. იგივეს ამტკიცებდნენ მათი მეზობლებიც. შესაბამისად, უბედური შემთხვევის ფაქტი ეჭვს არ ბადებდა. ეჭვს არ იწვევდა არც შემთხვევის ადგილი, სადაც ქალის დაცემის კვალი იყო შემორჩენილი.
ინციდენტიდან ორი თვის შემდეგ, გამოძიებისთვის საქმის ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, რამაც გამოძიების მსვლელობა თავიდან ბოლომდე შეცვალა. დადგინდა, რომ ნელი მ-ძის გარდაცვალების მიზეზი, არა უბედური შემთხვევა, არამედ განზრახ მკვლელობა იყო. ამის შესახებ გამოძიებას მარიკა ჭ-ძემ აცნობა, რომელიც პოლიციაში აღიარებითი ჩვენებით მივიდა. მან აღიარა, რომ მისი დეიდა – ნელი მ-ძე მისი მანიაკი მეუღლის მსხვერპლი გახდა და ეს უბედური შემთხვევა არ ყოფილა. მარიკა ჭ-ძის განცხადებით, ნოდარ ხ-შვილი დეიდას ბინის ერთი ნაწილის გაყიდვას და ვალების დაფარვას სთხოვდა. მან ქალის დათანხმება ვერ შეძლო და სწორედ ეს გახდა სასტიკი ანგარიშსწორების მიზეზი. გამოძიების მასალებით ცნობილი გახდა, რომ ნოდარ ხ-შვილმა რამდენჯერმე მოსთხოვა ქალს ბინის გაყიდვა, რის შემდეგაც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ნელი მ-ძე ამ ამბავს არ ახმაურებდა და ნაცნობებში თავი ისე ეჭირა, თითქოს სიძის მიმართ კეთილგანწყობილი იყო. ამონაწერი მოწმის, მარიკა ჭ-ძის ჩვენებიდან: „ნოდარმა რამდენჯერმე მითხრა, დეიდაშენი რომ მოკვდება, ბინას მაშინ მაინც ხომ გავყიდითო. მისი ნათქვამი არ მომეწონა, შევედავე კიდეც – ასეთ რამეს როგორ იძახი-მეთქი. მას შემდეგ, რაც ვალები დაედო, ძალიან შეიცვალა – სასტიკი და დაუნდობელი გახდა. მეც მცემდა, ბავშვებსაც. დეიდაზეც კი აწია ხელი, მაგრამ ნელი ყოჩაღი ქალი იყო და არ უშინდებოდა. მე ხმას ვერ ვიღებდი, ისეთ ტერორში ვყავდი ნოდარს. იმ დღეს, როცა ეს ტრაგედია მოხდა, დილიდან ცუდ ხასიათზე იყო. მარტომ სახლში რამდენიმე ჭიქა არაყიც კი დალია. წინა დღეს ძალიან იჩხუბა დეიდასთან და ისევ დეიდამ მოარიდა მეორე დღეს თავი. მთელი დღე მეორე სართულზე იყო და ქვემოთ საჭმელადაც კი არ ჩამოსულა. არ გამიგია, როგორ აიპარა ჩემი ქმარი მეორე სართულზე და რა მოხდა მას და დეიდაჩემს შორის. გარეთ მაშინ გამოვედი, როცა ნოდარს დეიდაჩემი რკინის საფეხურზე ეწვინა და თავს არტყმევინებდა რკინაზე. ყვირილი ავტეხე, ნოდარს ხელებში ვეცი, მაგრამ ვერ გავაგდებინე. როცა ქალს ხელი გაუშვა, მას უკვე გონება ჰქონდა დაკარგული. სანამ ვინმე რამეს გაიგებდა, ნოდარმა მითხრა, თუ არ იტყვი, რომ თავისით დაგორდა კიბეზე, შენც მოგკლავო. შეშინებულს სხვა გზა აღარ მქონდა. მეზობლებთანაც და პოლიციაშიც ჩემი ქმრის ვერსია მოვყევი. თვითმხილველი, რაც მოხდა სინამდვილეში, ჩემ გარდა არავინ იყო. ნოდარმა დეიდას დასაფალვების შემდეგაც რამდენჯერმე გამაფრთხილა, ამ ამბავს თუ სადმე იტყვი, შენც ჩემთან ერთად დაგიჭერენ, როგორც მკვლელობის თანამომაწილესო. შეშინებული ხმას ვერ ვიღებდი. ამ ორ თვეში, რამდენჯერმე ფიზიკურადაც გამისწორდა, პირობას მართმევდა, რომ მისი საიდუმლო არსად გამეთქვა.”
ცოლის აღიარებითი ჩვენების შემდეგ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნოდარ ხ-შვილი სამართლადამცველებმა დააკავეს. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. დაკავებული აცხადებდა, რომ უდანაშაულო იყო. ცოლი დეიდის მკვლელობას კი იმიტომ აბრალებდა, რომ აღარ უყვარდა და მისი თავიდან მოშორება ჰქონდა გადაწყვეტილი. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე, გარდაცვლილი ქალბატონის მეზობელი, რომელიც ინციდენტის შემდეგ ეზოში პირველი შევიდა. მან დაადასტურა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება: რომ ყვირილის გაგონების შემდეგ, ის ეზოში შევიდა და საფეხურზე უგონო მდგომარეობაში მყოფი ნელი მ-ძე დაინახა. მისი განცხადებით, მარიკა და მისი მეუღლე ოთახიდან მხოლოდ სამი-ოთხი წუთის შემდეგ გამოვიდნენ. მარიკას შეშლილი სახე ჰქონდა, ქმარს ხელით მოჰყავდა და მე რომ ეზოში დამინახეს, კივილი მას შემდეგ ატეხესო. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, სასამართლომ ნოდარ ხ-შვილი დამნაშავედ ცნო ნელი მ-ძის განზრახ მკვლელობაში და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, დანაშაულის დაფარვისთვის პირობითი სასჯელი დაეკირსა მარიკა ჭ-ძეს, რომელიც როგორც ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.