როგორ გაიტაცეს მძარცველმა ქალებმა 186 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა თბილისის ერთ-ერთი საიუველირო მაღაზიიდან
ანა კიკაბიძეს, მეტსახელად „ჯიბგირს“, კარგად იცნობდნენ როგორც თბილისსა და საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც. ეს უნიჭიერესი გოგონა ვირტუოზულად ფლობდა ერთბაშად რამდენიმე კრიმინალურ პროფესიას და დიდ თავსატეხს უჩენდა მილიციის ორგანოებს. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს „ჯიბგირის“ ცხოვრებიდან, რომელიც ექსკლუზიურადაა მოპოვებული და რედაქციასთან შეუთანხმებლად ამ მასალების გამოქვეყნება დაუშვებელია.
„შეურაცხადი“
ანა სარდიონის ასული კიკაბიძე დაიბადა 1950 წლის 7 აპრილს, თბილისში, ინჟინრის ოჯახში. მისი მშობლები ერთ-ერთ საკონსტრუქტორო ბიუროში მუშაობდნენ, მათი ერთადერთი ქალიშვილი კი 24-ე საშუალო სკოლაში სწავლობდა. უნიჭიერესი ანა ოქროს მედლის კანდიდატი იყო, თუმცა, 1966 წელს, როდესაც გოგონა მეთერთმეტე კლასში გადავიდა, ის 25 წლის გურამ ჩიგოგიძემ მოიტაცა... გამტაცებლის მამა მაღალჩინოსანი პარტიული ფუნქციონერი იყო, ამიტომ, არ გასჭირვებია ამ საქმის მოგვარება, რადგან, არასრულწლოვნის მოტაცება კანონით ისჯებოდა. ამგვარად, ჩიგოგიძეებმა ლამაზი, ნიჭიერი და კარგად აღზრდილი რძალი მიიღეს. ანა მალევე დაფეხმძიმდა და ჩვიდმეტი წლისაც არ იყო, ვაჟი რომ გაუჩნდა. ბავშვს ნოდარი დაარქვეს. ახალგაზრდა დედა ბავშვსაც უვლიდა, ოჯახსაც უძღვებოდა და თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ, გურამმა საყვარელი გაიჩინა, სმას მიჰყო ხელი და ცოლს სცემდა. ერთ მშვენიერ დღეს ანამ ბავშვს ხელი მოჰკიდა და მშობლებთან დაბრუნდა. ჩიგოგიძეებმა იმავე ღამეს წამოიყვანეს ანა და ბავშვი სახლში, თუმცა, გურამი არ შეცვლილა. პირიქით, ის უფრო ხშირად სცემდა ახალგაზრდა, ერთგულ და ულამაზეს მეუღლეს. ამიტომ, ანამ მეორედ წაიყვანა პატარა ნოდარი, მშობლებთან დაბრუნდა და ქმრის ოჯახში ცხოვრებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამაყმა გოგონამ თავისი მაღალჩინოსანი მამამთილის თხოვნაც კი უგულებელყო და ქმარს არ დაუბრუნდა. გააფთრებულმა ნოდარ ჩიგოგიძე-უფროსმა მთელი თავისი გავლენა გამოიყენა. შვილიშვილი წაიყვანა, რძალი კი საგიჟეთში გაამწესა, სადაც ის შეურაცხადად გამოაცხადეს. მაშინ ანა სულ რაღაც 17 წლის იყო...
„დეიდა ლიზა“
საგიჟეთში გამომწყვდეულ გოგონას, ალბათ, მართლა გააგიჟებდნენ ჯალათი ექიმები, ალისა შუმანი რომ არ შეხვედროდა. დიდი კომპოზიტორის მოგვარე, ორმოციოდე წლის ქალბატონი, ცნობილი ჯიბგირი იყო და კრიმინალურ სამყაროში მას „დეიდა ლიზას“ ეძახდნენ, საგიჟეთში კი იმიტომ იწვა, რომ ოთხწლიანი პატიმრობა თავიდან აეცილებინა და კვლავ გარეთ გასულიყო. დეიდა ლიზამ დაწვრილებით გამოჰკითხა ანას ყველაფერი და ბოლოს უთხრა:
– შენი აქ გაჩერება არ შეიძლება, მართლა გაგაგიჟებენ და მერე ვერაფერი გიშველის, ამიტომ, უნდა გაიქცე. მე შენ ჩემი დის მისამართს მოგცემ და ის დაგმალავს. მალე მეც გამოვალ და დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთ.
დეიდა ლიზას დარიგებით, ანამ 20 წლის სანიტარი, ჯონდო ბუკია მოხიბლა, ინტიმურ ურთიერთობას შეჰპირდა და მისი დახმარებით საგიჟეთიდან გაიქცა. ანა ალისას უმცროსმა დამ, ბერტა შუმანმა შეიფარა, რომელიც გამყიდველად მუშაობდა საიუველირო მაღაზიაში. ერთი თვის შემდეგ სახლში დეიდა ლიზა დაბრუნდა და ანას კრიმინალურ აღზრდა-განათლებას შეუდგა. ანა ძებნილი იყო, ამიტომ, დეიდა ლიზამ მას უპირველესად გარეგნობა შეუცვალა: შეჭრა და შეუღება თმა, მზის სათვალეები გაუკეთა, სადად ჩააცვა და ჯიბგირობა დააწყებინა. 18 წლის ანამ ბრწყინვალედ აითვისა ჯიბგირის პროფესია, „სუფთად“ იპარავდა და დეიდა ლიზამ მას მეტსახელად „ჯიბგირი“ შეარქვა. ქალთა ეს დუეტი სამი თვის განმავლობაში წარმატებულად ძარცვავდა თბილისელებს. შემდეგ მათ მილიცია „დააჯდა კუდზე” და ისინი იძულებულები გახდნენ, მოსკოვში გახიზნულიყვნენ. საბჭოეთის დედაქალაქში დუეტი, ჯიბგირობის პარალელურად, თაღლითობდა და მდიდარ „კლიენტებს“ ფულს ართმევდა. ამავდროულად, ბინებს ქურდავდნენ და ამ გზით საკმაოდ დიდ კაპიტალს მოუყარეს თავი. დეიდა ლიზამ მოსკოვის ცენტრში სამოთახიანი ბინა შეიძინა, თავისთვის და ანასთვის ახალი საბუთები იშოვა და იქვე დასახლდა. მეზობლებისთვის ისინი დედა-შვილი იყვნენ. რას წარმოიდგენდნენ, რომ ეს მომხიბვლელი ქალები თავგამოდებული კრიმინალები გახლდნენ და მამაკაცებსაც არ უდებდნენ ტოლს...
ძარცვა
„დედა-შვილმა“ მოსკოვში ხუთი წელი დაჰყვეს. ამ ხნის განმავლობაში ინტენსიურ კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდნენ და ერთხელაც არ მოხვედრილან მილიციის ეჭვის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალურ დუეტს ფული არ აკლდა, დეიდა ლიზა დიდ საქმეზე ოცნებობდა – მას საიუველირო მაღაზიის გაძარცვა უნდოდა, ამ საქმის მომზადებას ხუთი წელი მოანდომა დასთან ერთად და თბილისშიც ამიტომ დაბრუნდა.
– ყველაფერი მზადაა, ალისოჩკა, მხოლოდ შესრულება უნდა და, ას ორმოცდაათი ათასის ძვირფასეულობა ჩვენია, – უთხრა დეიდა ლიზას უფროსმა დამ – ბერტამ.
1973 წლის 21 ივლისს თბილისის ერთ-ერთი საიუველირო მაღაზიიდან დებმა შუმანებმა და ანა კიკაბიძემ 186 ათასი მანეთის საქონელი წაიღეს. მათ მაღაზიაში ვიტრინიდან შეაღწიეს, რომელიც ალმასით ამოჭრეს და უკან იმავე გზით დაბრუნდნენ, ალისამ და ანამ კი მანამდე სიგნალიზაცია გამორთეს... მთელი მილიცია ფეხზე დადგა, მაგრამ ბოროტმოქმედებს ცხელ კვალზე ვერ მიაგნეს. ანა და ალისა მეორე დღესვე გაემგზავრნენ მოსკოვში მატარებლით, ბერტა კი თბილისში დარჩა და, წესით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ერთ-ერთმა მეზობელმა ქალმა მილიციას შეატყობინა: ბერტა შუმანის სახლიდან საღამოს ორი ქალი გამოვიდა ჩანთებით და ტაქსით გაემგზავრნენო. მეზობელმა მილიციას ტაქსის ნომერიც მიაწოდა, დანარჩენი კი ტექნიკის საქმე იყო. მილიციამ ბერტას პირადი საქმე ამოსწია, სადაც „დეიდა ლიზაზე“ იყო ჩანაწერები. თუმცა, გამომძიებლებს ძალიან უკვირდათ და არ სურდათ, „დეიდა ლიზას“ დაკავშირება საიუველირო ძარცვასთან. მიუხედავად ამისა, მათ ფარული თვალთვალი და მოსმენა დააწესეს ბერტა შუმანზე და მისი სატელეფონო საუბარი მოისმინეს ალისასთან, იგივე „დეიდა ლიზასთან“. მილიციამ დაადგინა იმ ბინის მისამართი, სადაც ბერტა ელაპარაკებოდა დას, შემდეგ იქ ოპერჯგუფი ჩავიდა და ქალები ნაძარცვი ძვირფასეულობით აიყვანეს. ამავდროულად, მათ ხუთი წლის წინ ძებნილად გამოცხადებული ანა კიკაბიძეც დააპატიმრეს, რომელიც იმ პერიოდში 23 წლის იყო. სამივე ქალი გაასამართლეს, 10-10 წელი მიუსაჯეს და სხვადასხვა ციხეში გაამწესეს...
გაუჩინარებულნი
ალისა და ბერტა შუმანები პატიმრობაში გარდაიცვალნენ: დეიდა ლიზა – ორი წლის შემდეგ, 1975 წელს, ბერტა – 1976 წელს; ანა კიკაბიძე კი, იგივე „ჯიბგირი“, 1978 წელს, 5 წლით ადრე გათავისუფლდა პატიმრობიდან, როცა 28 წლის იყო. ანა მოსკოვში დაბრუნდა და დეიდა ლიზას მიერ ნაყიდ ბინაში დასახლდა. ის უკვე საკმაოდ ცნობილი ფიგურა იყო კრიმინალურ სამყაროში და მილიციაც კარგად იცნობდა. მიუხედავად ამისა, ჯიბგირმა კრიმინალური საქმიანობა განაგრძო. თაღლითობისა და ჯიბგირობის გზით მან გარკვეული თანხა მოაგროვა და თბილისში ჩამოვიდა. ანას თავისი ნოდარიკოს ნახვა უნდოდა, რომელიც უკვე 12 წლის იყო და მხოლოდ 6 თვე ჰქონდა გატარებული დედასთან...
ანამ დაადგინა, რომ მისი შვილი იმავე 24-ე სკოლაში სწავლობდა, რომელშიც თავად დადიოდა. ერთ დღეს ის ბავშვს აედევნა და მარჯანიშვილის მეტროსთან გააჩერა მაგრამ, არ უთხრა, რომ დედამისი იყო, თავი რეჟისორად გააცნო, მისი კოორდინატები ჩაიწერა და წავიდა.
ანას შვილთან ერთად უცხოეთში გაქცევა ჰქონდა გადაწყვეტილი და ერთი მსხვილი საქმე ჩაიფიქრა. 1979 წლის 20 მარტს მან თავისი ყოფილი მამამთილის, ნოდარ ჩიგოგიძის აგარაკი გაქურდა წყნეთში და საიდუმლო სამალავიდან დიდძალი ოქრო-ვერცხლი, ძვირფასი თვლები, 50 ათასი მანეთი და ლურჯი რვეული წაიღო, რომელშიც საქართველოს პარტიულ მაღალჩინოსნებზე მოპოვებული კომპრომატები ეწერა.
1979 წლის 25 მაისს ანა კიკაბიძე და 13 წლის ნოდარ ჩიგოგიძე თბილისიდან გაუჩინარდნენ. მთელი მილიცია ფეხზე დადგა, მაგრამ მათ კვალს ვერავინ მიაგნო...
P.S. დედა-შვილი ჯერ ფინეთში ცხოვრობდა 6 თვე. შემდეგ კი ისინი ავსტრალიაში გაემგზავრნენ, სადაც დღემდე იმყოფებიან... ამბობენ, რომ „ჯიბგირმა“ თავისი ყოფილი მამამთილის „ლურჯი რვეული“ ძალიან სარფიანად მიჰყიდა კომპრომიტირებულ ქართველ პარტიულებს...