რას ვერ შეცვლის მეგი გოგიტიძისთვის უკრაინულ „ვოისში“ გამარჯვება და რატომ მიიჩნევს ის თავს არასაკონკურსო ტიპაჟად
ბოლო დროს ქართველი მომღერლები აქტიურად გამოდიან უცხოეთის კონკურსებზე და თითქმის ყველა აღწევს წარმატებას. განსაკუთრებით რუსეთის და უკრაინის „ახალი ხმის” კონკურსებზე არაერთმა ქართველმა გააოცა ჟიური და მაყურებელს თავისი განსხვავებული სასიმღერო სტილით, შესრულების მანერითა და ტემპერამენტით დაამახსოვრა თავი. წლევანდელ უკრაინულ „ვოისში” 24 წლის მეგი გოგიტიძე ერთადერთი ქართველია, რომელმაც შესარჩევი ტური წარმატებით გაიარა და ახლა „რინგისთვის” ემზადება. ის ანი ლორაკის გჯუფშია და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. სხვათა შორის, ჟიურიში ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელიც ზის, რომელიც საკმაოდ მკაცრია და მასთან მოხვერდა, ნებისმიერი დამწყები მომღერლისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
მეგი გოგიტიძე: ქობულეთში დავიბადე და გავიზარდე. შემდეგ თბილისში თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე, ჩამოვაყალიბე ბენდი და ვმართავდით პატარ-პატარა კონცერტებს ჩვენი მსმენელისთვის. მუსიკაში ჩემთვის „ლაივი” ყველაზე მნიშვნელოვანია. მომწონს, როცა მომღერალსა და მსმენელს შორის არ არსებობს ბარიერი, ბგერები სივრცეში იფრქვევა და ამით ყველა კმაყოფილია.
– მახსოვს, „ვარსკვლავების აკადემიაში” გამოდიოდი, თუმცა, ამის მერე, ფაქტობრივად, არც ერთ კონკურსში აღარ მიგიღია მონაწილეობა. ახლა კი უკრაინულ „ვოისში” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონკურსანტი ხარ და შენთან კონკურენციაც უჭირთ მონაწილეებს. ამბობენ, რომ გამარჯვების პრეტენდენტი ხარ. და მაინც, რატომ გადაწყვიტე უკრაინულ „ვოისში” მონაწილეობის მიღება?
– უკრაინაში მეუღლესთან ერთად წამოვედი ოთხი თვის წინ და აქ დავიწყეთ ცხოვრება, ნელ-ნელა ვფუძნდებით. ქასთინგი რომ გამოცხადდა, ვიფიქრე მეც მივიღებ მონაწილეობას, ვცდი ბედს-მეთქი. თუმცა, ჩემი თავის იმედი რომ არ მქონოდა, არც გავრისკავდი. რასაკვირველია, იმის რისკიც არსებობს ამ კონკურსზე, რომ, კარგად იმღერო, მაგრამ, ჟიურის არც ერთი წევრი არ შემობრუნდეს. მე თავს საკონკურსო ტიპაჟად არ მივიჩნევ, თუმცა, ეს პროექტი ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. საქართველოში, 18 წლის ვიყავი, როცა კონკურსზე გავედი პირველად, ეს იყო „ვარსკვლავების აკადემია”. ხომ გახსოვთ, სადაც მონაწილეები ვცხოვრობდით, იმ სახლის კედელი ჩამოინგრა და ეს ფაქტი დღესაც ცუდად მაქვს ჩარჩენილი. ამის მერე სურვილიც აღარ მქონია, მსგავს პროექტებში მიმეღო მონაწილეობა. მართალია, უამრავი მუსიკალური კონკურსი ტარდება საქართველოში, მაგრამ, მე ჩემს მუსიკას ვაკეთებდი და ამით ვცდილობდი მსმენელის მოზიდვას. უკრაინულ „ვოისში” კი გავედი და ჟიურის შემობრუნება შევძელი. ანი ლორაკის ჯგუფში ვარ და ძალიან მეგობრული გარემოა. რომ გავდიოდი, იმასაც ვფიქრობდი, შესაძლოა, ოთხივე შემობრუნდეს ჩემს ნამღერზე, შესაძლოა, არც ერთი-მეთქი და, მხოლოდ ანი შემობრუნდა. მისი მადლობელი ვარ. თან, ხუთი თვის ფეხმძიმე ვიყავი სცენაზე რომ გამოვედი და ორმაგად ვღელავდი. ისე მეცვა, მუცელი რომ დამემალა და, ვერავინ შეამჩნია ჩემი ეს მდგომარეობა, პირველი ტური ისე გავიარე (იცინის). ვხუმრობ ხოლმე, აბსტრაქტულად თუ ვიმსჯელებთ, მე სცენაზე ერთი ადამიანი კი არა, ორი ვდგავარ და ორის ენერგეტიკა უფრო დიდია, ვიდრე ერთის, ამიტომ, გამარჯვების მეტი შანსი მაქვს-მეთქი (იცინის). ერთი სიტყვით, ახლა, წინ ბევრი სასიამოვნო ტური მელის და ამაზე ვარ ორიენტირებული. რაც შეეხება მოგებას, უცხო მხარეში ქართველმა მოიგო „ვოისის” კონკურსი, ცოტა რთულია, თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ. დამიჯერეთ, მე გამარჯვებაზე არ ვფიქრობ, ვფიქრობ ტურიდან ტურში გადასვლაზე.
– ჰოდა, სწორედ ამ ტურიდან ტურში გადასვლას მოჰყვება ფინალი და შემდეგ – გამარჯვება.
– გეთანმხმებით, ასეა. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ არ ვარ მოგებაზე ორიენტირებული, უფრო მიზანთან მიახლოებაზე ვიბრძვი. გაგიკვირდებათ და, არ ვარ მიზანდასახული ადამიანი, ძალიან დაბნეული ვარ, მაგრამ, საჭირო დროს, ყოველთვის საჭირო ადგილას ვარ ხოლმე და ეს მშველის. რომ გითხრათ, მიზანი დასახული მაქვს და ამ კონკრეტული მიზნისკენ მიმავალი გზით მივდივარ-მეთქი, მოგატყუებთ. მე ყოველდღიური ცხოვრებით ვცხოვრობ და მიმართლებს.
– მეგი, საკმაოდ ემოციური ადამიანი ხარ და ეს შენს ნამღერშიც ჩანს. როცა სცენაზე დგახარ, თითქოს სულ სხვა განზომილებაში ხვდები, თუ, მეჩვენება?
– ვერ გეტყვით, სცენაზე დგომის დროს მეცხრე განზომილებაში ვარ-მეთქი, არც არაამქვეყნიური ვარ (იცინის). მე გულით ვმღერი და ეს, ალბათ, შესამჩნევია.
– ჟიურიში ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელიც ზის. ის როგორი შემფასებელია შენი შესრულების, ხომ არ ნანობს, რომ არ შემოგიბრუნდა „ბრმა ქასთინგზე”?
– თამარს დიდ პატივს ვცემ და უკრაინაში ის ყველას უყვარს. რომ არ შემომიბრუნდა, ამაზე ნამდვილად არ მწყდება გული, უბრალოდ, მითხრა, მიხარია, რომ ანიმ დააფასა შენი ნამღერი და დღეს სცენაზე იბრძვიო. როცა ვხვდებით ერთამანეთს, თბილად მომიკითხავს ხოლმე და, მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდში არ ვარ, მგულშემატკივრობს. ზოგადად კი იღბალზე არასდროს ვფიქრობ და, ჩემი აზრით, ადამიანი თავისი შრომით იქმნის ცხოვრებაში იღბალს. თუმცა, შეიძლება ითქვას, იღბლიანი აღმოვჩნდი.
– ეს პროექტი რომ მოიგო, რა შეიცველბა შენში?
– პიროვნულად რაღა შემცვლის, იგივე დავრჩვები, უბრალოდ, კიევში თუ მიცნობს ცოტა, გამიცნობს ბევრი – სულ ესაა. ასე რომ, „ვოისის” გამარჯვება არც თავში ამივარდება და ვერც შემცვლის. ანი ლორაკი, როგორც გითხარით, დიდ იმედებს ამყარებს ჩემზე და, მოდი, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. არ მეგონა, ასე თუ მიმიღებდა უკრაინელი მსმენელი. ძალიან თბილები არიან და აფასებენ მომღერლის შრომას, მონდომებასა და ნიჭს. სადაც არ უნდა ვიყო, სიმღერის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. გამიმართლებს თუ არა კონკურსზე, მომავალში მაინც ვიმღერებ და ამით სიამოვნებას მივიღებ. დამიჯერეთ, არც კი ვიცი, უკრაინულ „ვოისში” გამარჯვებულისთვის რა პრიზებია დაწესებული (იცინის). ქუჩაში რომ დავდივარ, უკვე ვხვდები, რომ მცნობენ – მიღიმიან, მეუბნებიან, ძალიან კარგად იმღერეო. ეს ძალიან მსიამოვნებს და სტიმულსაც მაძლევს.
– ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ვფიქრობ, შენი მეუღლეა, რომელიც სულ გვერდით გყავს.
– ასეა, მეუღლე ჩემზე ძალიან ღელავს და განიცდის. ეს ის ადამიანია, რომელსაც ვენდობი და ვეყრდნობი. თან, ორსულად რომ ვარ, უფრო განიცდის სცენაზე ჩემს ემოციურ გამოსვლებს. მისი დამსახურებაცაა, მე რომ დღეს უკრაინულ „ვოისში” ვიბრძვი.
– მეგი, წარმატებებს გისურვებ. მინდა, რომ საქართველოში გამარჯვებული დაბრუნდე!
– დიდი მადლობა, რომ მგულშემატკივრობთ. ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული. ვეცდები, ღირსეული კონკურენცია გავუწიო ჩემს ძალიან ნიჭიერ კონკურსანტებს.