როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
განუგრავა-განგურავა
გვარების ისტორიის შემსწავლელები ფიქრობენ, რომ გვარი განუგრავა არასწორია და ის ადრე განგურავა იყო. გვარის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება ისტორიულ საბუთებში.
განგურავა მეგრულად იგივეა, რაც განუგრძობელი, შეწყვეტილი, დაუმთავრებელი.
გვარის ფუძე შეიძლება შევადაროთ სიტყვას განგა, აქედანაა გვარი განგავა; განგი იგივეა, რაც კეთილის მოსურნე. განგავას ვარიაციული ფორმაა განგია (განგება – ღვთაება).
განგია-გამგია იგივეა, რაც მოხელე, კეთილმოსურნე.
საქართველოში 99 განუგრავა ცხოვრობს: თბილისში – 32, ბათუმში – 3, ზესტაფონში – 2. არიან სხვაგანაც.
კაკაბაძე
ამ გვარის ფუძედ ზოგი სიტყვა კაკაბას მიიჩნევს და ფრინველს უკავშირებს, კერძოდ – კაკაბს. ვფიქრობ, ეს გულუბრყვილო ვარაუდია.
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი კაკა, რომელსაც ერთვის სუფიქსები ბა და ძე.
კაკა, ჩხარის ციხის მეციხოვნე, მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნეში.
კაკაბაძე ერთ-ერთი უძველესი და ლიბოძლიერი გვარია. გვარი გვხვდება 1545 წლიდან.
„კაკაბაძე, კურსევს მცხოვრები, ბაგრატ მეფემ მისი შეწირულსა განუახლა გელათის წმიდა გიორგის“ (1545 წელი).
კაკაბაძეები მოიხსენიებიან 1561-1612 წლებში ქვემო ქართლში, 1621 წელს – ხონში, 1583 წელს – ფიმში. ასევე, კაკაბაძეები მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრობდნენ აჭარაშიც, კერძოდ კი, ქედის რაიონის სოფელ ორიცვაში. აქ ცნობილი იყო 1895 წელს მღვდელი კაკაბაძე, დიდი მქადაგებელი, მოყვარე და პატივმცემელი ქართველთა. თურმე, ის არ უშინდებოდა მუქარას, ეკლესიაში ზარებს რეკდა და ამით რამდენიმე სოფლის ხალხს იხმობდა წირვაზე. იგი წინ აღდგომია ჯამეს აგებას, მაგრამ არ გასვლია. მან ჩაქვისკენ გაქცევით უშველა თავს, რადგან იქ ისლამი ისე ძლიერად არ იყო. იმ პატრიოტი მღვდლის, კაკაბაძის შვილები მომხდურებმა ქეშიშოღლებად, ანუ, „ურჩი მღვდლის შვილებად“ მონათლეს. გადმოცემის თანახმად, დევნის თავიდან ასაცილებლად, მღვდელს დედის თუ ახლო ნათესავის გვარი კეკიძე – გეგიძე მიუღია. ემსახურებოდა ჩაქვი-მახინჯაურის ზონის, ჯერ კიდევ ქრისტიანად დარჩენილ მოსახლეობას.
მარადიდის უბან ქუთურეთში არიან კეკიძეები – ასე მონათლეს მღვდელ კაკაბაძის შთამომავლები. დაბა ქედის გარეუბანში კი არის სოფელი კაკაბაძიები, აქვეა ნაცოხვარი ამავე სახელწოდებით.
იმ კაკაბაძეებმა კი, რომლებიც აჭარაში ცხოვრობდნენ, აწარმოეს გვარი კეკიძე და გეგიძე.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის კაკაბაძეებს რაოდენობის მიხედვით 169-ე ადგილი უჭირავთ.
საქართველოში 3 444 კაკაბაძე ცხოვრობს: თბილისში – 868, ხონში – 575, ხელვაჩაურში – 422. არიან სხვაგანაც.
იმნაძე
ისტორიულ საბუთებში იმნაძეები გვხვდებიან 1561 წლიდან.
1659-1690 წლების ისტორიულ საბუთებში მოიხსენიებიან: იმნაძე ბერი, ბასილა, ბესიკა, გიორგი, გოდერძი, ზურაბა.
იმნაძე იმედა (1618-1634 წლებში), კავთისხეველი, როსტომ მეფემ გაათავისუფლა გადასახადებისგან.
როგორც ჩანს, იმნაძეები ქართლიდან შემდეგ გურიაში გადასულან.
საქართველოში 1 849 იმნაძე ცხოვრობს: ლანჩხუთში – 571, თბილისში – 516, ქობულეთში – 186. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით