რა განსაკუთრებული ნიშნები ჰქონდა სტალინს სხეულზე
არსებობს წყაროები და მოგონებები, რომლებიც იოსებ სტალინის გარეგნობასა და სხვადასხვა უნარზე ამახვილებს ყურადღებას, მაგალითად, რა სიმაღლის იყო, რამდენ ენას ფლობდა, რამდენ გვერდს კითხულობდა დღეში და ასე შემდეგ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით, კიდევ რამდენიმე დეტალზე გავამახვილებთ მკითხველის ყურადღებას.
1902 წლის მარტში იოსებ სტალინი ბათუმში დააპატიმრეს. იმავე წლის 17 ივლისს ჟანდარმერიის პოდპოლკოვნიკმა შაბილსკიმ და ბათუმელმა ექიმმა ელიავამ შედგინეს ოქმი, რომელშიც საინტერესო ცნობებს ვხვდებით სტალინის გარეგნობის შესახებ. ოქმში ვკითხულობთ, რომ ზესახელმწიფოს მომავალი ერთპიროვნული მმართველი სიმაღლით 161,8 სანტიმეტრი ყოფილა. ექიმ ელიავას სტალინის სხეული ფიზიკური ნიშნების მიხედვით ჩვეულებრივად მიუჩნევია, თუმცა, ოქმში საგანგებოდ აღუნიშნავს, რომ ჯუღაშვილს მარცხენა ფეხზე მეორე და მესამე თითები შეზრდილი (შეხორცებული) ჰქონია. მას ჰქონდა მუქი წაბლისფერი, სწორი თმა, რომელსაც უკან გადავრცხნილს ატარებდა, ულვაშები და ბაკენბარდები კი – წაბლისფერი. აქვე აღნიშნულია, რომ იოსებ ჯუღაშვილს თვალის ჭრილი საშუალო სიდიდის ჰქონდა, ხოლო ფერი – მუქი ყავისფერი. ექიმმა ელიავამ სპეციალური შემოწმებით დაადგინა, რომ სტალინი მხედველობას არ უჩიოდა. მას არასდროს უტარებია სათვალე. ჟანდარმერიაში დადგენილი წესის მიხედვით, ექიმი სპეციალურად არკვევდა, თუ როგორ ეჭირა თავი პატიმარს. ხსენებულ ოქმში აღნიშნულია, რომ მხრებთან და, საერთოდ, სხეულთან მიმართებაში, ჯუღაშვილს თავი ნორმალურად ეჭირა. ოქმში, ასევე, აღნიშნულია, რომ სტალინს ჰქონდა სწორი, საშუალო სიმაღლის შუბლი, ცხვირი – სწორი და გრძელი, ხოლო ყურები საშუალო ზომის. მარცხენა ყურზე ხალი ჰქონია. ამავე ოქმის მიხედვით დიდ ბელადს სახე გრძელი და ჩოფურა (ნაყვავილარით დაფარული) ჰქონდა, ნიკაპი კი – წვეტიანი. ექიმ ელიავას დაუდგენია, რომ სტალინს ქვედა ყბაზე ერთი წინა კბილი ჰკლებია. ჟანდარმერიაში არსებული წესის მიხედვით, ასევე, არკვევდნენ, როგორი ხმა ჰქონდა პატიმარს, როგორი ტემბრი. ექიმი ელიავა აღნიშნავს, რომ სტალინი ლაპარაკონდა დაბალ ხმაზე, მეტყველებდა დახვეწილად და საუბრისას არანაირ განსაკუთრებულ ნიშნებს არ ამჟღავნებდა. ექიმ ელიავას არც სტალინის მოძრაობაში შეუნიშნავს განსაკუთრებული ნიშნები.
მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ხელმოკლე ოჯახში იზრდებოდა და, შესაბამისად, ნორმალური კვება არ ჰქონია არც ბავშვობაში და არც თბილისში სწავლის პერიოდში, იგი ფიზიკურად ძლიერი პიროვნება გახლდათ. ბათუმში დაპატიმრებას (1902) მოჰყვა სტალინის ხუთი გადასახლება (ბოლო გადასახლებიდან იგი 1917 წლის მარტში გათავისუფლდა). ის რამდენჯერმე გაიქცა ციმბირის გადასახლებიდან, რაც ფიზიკურად სუსტი ადამიანისათვის წარმოუდგენელი იყო. ციხეებმა და გადასახლებებმა მის ჯანმრთელობას დაღი მაინც დაასვა: ჟანდარმებმა ცემის დროს მას მკლავზე ნერვი დაუზიანეს, რის შემდეგაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში სტალინი ამ ხელს ნორმალურად ვეღარ ხმარობდა.
სტალინს განსაკუთრებული მეხსიერება ჰქონდა, რაც თბილისში სწავლის პერიოდშიც არაერთხელ გამოავლინა. იმხანად ჯუღაშვილს წიგნის შესაძენი ფული არ გააჩნდა, მაგრამ, წიგნის კითხვას მაინც ახერხებდა. წიგნის მაღაზიაში შესული სტალინი დახლზე დადებულ წიგნს აიღებდა და დაიწყებდა გადათვალიერებას, თან კითხულობდა კიდეც. წიგნის ერთი ფურცლის წასაკითხად სტალინს სულ რამდენიმე წამი ჰქონდა, რადგან, მაღაზიაში დიდხანს შეყოვნების შემთხვევაში, ნოქრები ამ ეშმაკობას მიუხვდებოდნენ. კარგა ხნის განმავლობაში ის ასე კითხულობდა ახალ წიგნებს. ბოლოს ნოქრებმა შენიშნეს, რომ სტალინი გადათვალიერებულ წიგნს აღარ ყიდულობდა და უკანვე აბრუნებდა. ერთხელ ასეთი ინციდენტიც მოხდა: ნოქრებმა შეამჩნიეს, რომ მაღაზიაში შესულმა სტალინმა რამდენიმე წიგნი გადაათვალიერა, მაგრამ არც ერთი არ შეიძინა. მას ამ ეშმაკობას მიუხვდენენ და ამის შემდეგ სტალინს მაღაზიაში აღარ უშვებდნენ.
ალბათ, აქედან იღებს სათავეს გადმოცემა, დიდი ბელადი დღეში 300 გვერდს კითხულობსო.
სტალინის განსაკუთრებული მეხსიერება ბევრს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ბელადს ბევრ პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან ჰქონდა პოლემიკა. ამ ადამიანების ნაწილი 1937 წლისთვის უკვე დახოცილი იყო, ხოლო, ვინც ცოცხალი გადარჩა, სტალინმა საგანგებოდ მოაძებნინა შესაბამის სამსახურებს. საქმე ეხებოდა არა ერთსა და ორს, არამედ, რამდენიმე ასეულ ადამიანს, რომელთა სახელები და გვარები საბჭოთა იმპერიის ერთპიროვნულ გამგებელს ზეპირად ახსოვდა, ყოველგვარი ჩანაწერების გარეშე. ცხადია, სტალინის გონებამ შემოინახა თავისი თანამებრძოლების სახელები და გვარებიც. მათი ნაწილი დიდმა ბელადმა 20-30 წლის შემდეგ მოაძებნინა და სათანადო პატივიც მიაგო. მისი თანამებრძოლები აღნიშნავენ, რომ მეორე მსოფლიო ომის წლებში ბელადი გვარ-სახელით იხსენიებდა არა მარტო ფრონტების სარდლებს, არამედ, არმიების სარდლებსა და დივიზიების მეთაურებს, რომელთა რიცხვი რამდენიმე ასეულს შეადგენდა.
სტალინი ქართულ და რუსულ ენებზე ერთნაირად ლაპარაკობდა და წერდა. რუსულ ენას ჯუღაშვილი საფუძვლიანად დაეუფლა გორის სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლისას. სასულიერო სემინარიაში არსებობდა უმკაცრესი მოთხოვნა. ძველი და ახალი აღთქმა მოწაფეს ძველ სლავურ ენაზე უნდა წაეკითხა და გადმოეცა. დიდი ბელადი, რუსულის ბრწყინვალედ ცოდნის მიუხედავად, მაინც ქართული აქცენტით ლაპარაკობდა. ჭორი დადიოდა, რომ საბჭოთა კავშირის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებიც ჰბაძავდნენ მას და ცდილობდნენ, რუსულად ქართული აქცენტით ელაპარაკათ, თუმცა, ეს მთლად ჭორიც არ უნდა ყოფილიყო. ცნობილია, რომ 1941 წლის 22 ივნისს, საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, 12 საათზე გადაიცა საბჭოთა მთავრობის მიმართვის ტექსტი მოსახლეობისადმი. ტექსტი წაიკითხა ვიაჩესლავ მოლოტოვმა, მაგრამ, მისი დიქცია და აქცენტი იმდენად ჰგავდა სტალინისას, რომ თანამედროვენი იხსენებენ, გვეგონა, სტალინს ვუსმენდითო. გარდა ქართულისა და რუსულისა, სტალინმა კარგად იცოდა ძველი ბერძნული, ამბობენ, რომ გერმანულ ენასაც ფლობდა.
თბილისის სასულიერო სემინარიაში სავალდებულო იყო რუსული და ქართული საეკლესიო გალობის შესწავლა. სტალინი შესანიშნავად გალობდა ორივე ენაზე და ამ ორ საგანში ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებდა. სემინარიის მგალობელთა გუნდის შედგენისას, მასწავლებლებმა საგანგებოდ შეამოწმეს მოწაფეების სმენა და ხმა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ სტალინს სემინარიის მგალობელთა გუნდში მეორე ხმა ემღერა. ის სიცოცხლის ბოლო წლებამდე შესანიშნავად მღეროდა, განსაკუთრებით უყვარდა ორი სიმღერა: „ჰასანბეგურა” და „გაფრინდი, შავო მერცხალო”.
სტალინი წერდა გაკრული, მაგრამ, ადვილად წასაკითხი კალიგრაფიით. დღემდე შემორჩენილ მის ხელნაწერებში ვერ პოულობენ ვერც ერთ კორექტურას, სასვენი ნიშნებიც კი უშეცდომოდაა დასმული. უფრო მეტიც, ბელადი არალეგალურად გამოცემული გაზეთებისთვის, თავის საავტორო მასალას თვითონ აწყობდა სტამბაში; ასევე, საკუთარი ხელით აწყობდა პროკლამაციებისა და მოწოდებების ტექსტებსაც. მისი ხელით ანაწყობ ტექსტშიც ვერ ვხვდებით კორექტურას, მაშინ, როცა არალეგალურად დაბეჭდილი გაზეთები და პროკლამაციები სავსე იყო ხოლმე შეცდომებით. ცნობილია, რომ რუსეთის ჟანდარმერია სტალინის პროკლამაციებს სწორედ ამით ცნობდა.