შეუძლია თუ არა ტანსაცმლის ფერს ადამიანის ბედზე ზეგავლენის მოხდენა და რაში გვეხმარება სახლში ჯეჯილის გახარება და ფერადი სანთლების ყოველდღიურად ანთება
სხვადასხვა ფერის სანთლის ალსა და ხორბლის მარცვლებს გარკვეული მაგიური თვისებები გააჩნია. ბევრი ეზოთერიკოსი ამბობს, რომ მსგავსი მეთოდით მკითხაობა, მომავლის გაგება, ბედის შეცვლა და სასურველ კითხვებზე პასუხის გაცემაც შეიძლება. ალბათ, ბევრს არ სჯერა და მსგავს რამეებს სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ, როგორც ეზოთერიკოსი ქალბატონი ლალი ამბობს, ზოგიერთი სანთლის დანთებით და ბინაში ხორბლის გახარებით ადამიანი უკეთესობისკენ წარმართავს ცხოვრებას. მისივე თქმით, არსებობს დღეები, როცა ზოგიერთი ფერის სანთლის ანთება კარგია, ზოგის კი კატეგორიულად იკრძალება. ასე რომ, გაითვალისწინეთ ქალბატონი ლალის რჩევები და შეცვალეთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
– ქალბატონო ლალი, ამბობენ, რომ ფერადი სანთლების ანთებით, შესაძლოა, ადამიანმა თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. თუმცა, ისიც გამიგია, რომ გარკვეულ დღეს, გარკვეული ფერის სანთლის ანთება კატერგორიულად იკრძალება. იქნებ, როგორც ეზოთერიკოსმა, აგვიხსნათ რაშია საქმე და რაში გვეხმარება მათი ანთება ბინაში?
– დიახ, სწორი ინფორმაცია გაქვთ, რადგან, ყოველ დღეს თავისი ფერის სანთელი აქვს და მათი ანთებით უამრავ პრობლემას გადაჭრით ცხოვრებაში. თუმცა, არ უნდა აგერიოთ ფერები. მოკლედ, ახლავე დაწვრილებით აგიხსნით ყველაფერს: ყოველ დღეს თავისი შესაფერისი ფერის სანთელი აქვს, რომლის დანთებასაც გარკვეული მაგიური ძალა ენიჭება. აუცილებელია, ბინაში ყოველდღე ტრიალებდეს ამა თუ იმ ბალახის სურნელი – ეს პირადი ცხოვრების უკეთ მოწყობასა და ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. თანაც, დღეს ფერადი სანთლების ყიდვა პრობლემა აღარ არის – მაღაზიებში უამრავი დეკორატიული, ფერადი, ლამაზი სანთელი იყიდება და არც ისე ძვირი ღირს. მაგალითად, თეთრი სანთლები, უმჯობესია, დაანთოთ და დაწვათ ორშაბათს. ის ბინაში მთვარის ენერგიას იზიდავს და ძალების აღდგენაში გვეხმარება; წითელ სანთლებს უდიდესი მაგიური დატვირთვა აქვს და, უმჯობესია, სამშაბათს დაანთოთ, თანაც, დილის საათებში. ეს დაგეხმარებათ საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებაში და ენერგიით აგავსებთ მთელი დღის განმავლობაში; ნარინჯისფერი სანთლების დღე ოთხშაბათია. ის დაგეხმარებათ ადამიანებთან ურთიერთობასა და ოჯახური თანაცხოვრებისას ჰარმონიის დამყარებაში; ცისფერი სანთლები ხუთშაბათისაა. მათი დანთებით სიმშვიდესა და ბედნიერებას დაიბედებთ ამ დღეს, იღბლიანობაც გაიზრდება და, თან, მეტად მომთმენსა და მიმტევებელს გაგხდით; ვარდისფერი სანთლის დანთება შაბათს, საღამო ხანს არის სასურველი. ის რომანტიკულ გრძნობებს აღძრავს, მეტად წარმოაჩენს თქვენს სინაზეს, ურთიერთობაში კი უფრო მიმზიდველს გაგხდით; მწვანე სანთლების ანთება ბინაში რეკომენდებულია კვირა დღეს. ის ჰარმონიისა და წარმატების სიმბოლოა და ისეთ დადებით მუხტს იგრძნობთ, რომელიც, შეიძლება, მთელი კვირა გაგყვეთ; ყვითელი სანთელი კი მაშინ უნდა დაანთოთ, როცა ხვდებით, რომ კარიერაში რიგზე ვერ გაქვთ საქმე, როცა ბარიერები და წინაღობები გხვდებათ და როცა გეჩვენებათ, რომ სამყარო თქვენ წინააღმდეგ ამხედრდა. ყვითელი სანთლის ანთებით თქვენ ადვილად მიაღწევთ წარმატებას კომერციულ სფეროში. საერთოდ, თუ რწმენით მიუდგებით საქმეს, ყველაფერი კარგად გამოგივათ.
– ასევე, ბევრი ეზოთერიკოსისგან მსმენია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს წესები, რომელთა დაცვით ადვილად შეგვიძლია წარმატების მიღწევა და იღბლიანობის გაორმაგება. ამისთვის როგორ უნდა მოვიქცეთ?
– ამისთვის ელემენტარული წესები უნდა დაიცვათ. მაგალითად, უნდა დააკვირდეთ, რომელი ფერის ტანსაცმლის, ჩანთის, ფეხსაცმლისა თუ ნივთის ტარებისას გაგიღიმათ ბედმა მეტად და ადვილად მიაღწიეთ წარმატებას. ასეთი ნივთები არსებობს, უბრალოდ, ჩვენ ამას არ ვაქცევთ ყურადღებას. აბა, დააკვირდით, რომელი ფერის ტანსაცმლის ტარებისას გაგიუმჯობესდათ გუნება-განწყობა, მოგემართათ ხელი, მეტად მიიპყარით ყურადღება, დაიმსახურეთ კომპლიმენტები. პირადად მე ასეთ რამეებს იისფერი ტანსაცმლის ტარებისას ვგრძნობ, ანუ, კარგად მაქვს დაცდილი. ზოგადად, ტანსაცმლის ფერს დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ბედზე. დაკვირვებული ვარ, როცა შავი ფერის სამოსი მაცვია, ყოველთვის ცუდ განწყობაზე ვარ, ღია ფერის ტანსაცმლის ტარებისას კი მეტ სიმშვიდესა და დადებით განწყობას ვგრძნობ სხვებთანაც. ფერადი სამოსით ადამიანი გზავნის ერთგვარ მესიჯს, რომ კარგად არის, ცხოვრება უხარია. ერთი სიტყვით, ტანსაცმლის ფერით გარშემო მყოფებს შენს შინაგან სიმშვიდეს აგებინებ და შენი განწყობა მათზეც დადებითად აისახება. ასევე, კარგია საფულით ბრინჯის მარცვლების ტარება – ასე ფული არ გამოგელევათ, რადგან, ბრინჯი ხომ სიმდიდრის სიმბოლოა და, ეს, ვფიქრობ, ყველამ იცის.
– ერთ-ერთ წიგნში ამოვიკითხე, რომ სურნელოვანი ჩხირების ანთებით სახლში გარკვეულ ენერგეტიკას ვიზიდავთ და სტუმარზეც ვახდენთ ზემოქმედებას. ეს მოსაზრება ახლოსაა რეალობასთან?
– ამაშიც უნდა დაგეთანხმოთ (იცინის). მოკლედ, გეტყვით, რომ სურნელოვანი ჩხირები მაშინ უნდა აანთოთ სახლში, როცა სტუმარს ელით. მისი სუნი იმ ადამიანის მიერ შემოტანილ უარყოფით ენერგიას მალევე გაანეიტრალებს და თქვენდამი მის კეთილგანწყობას ერთიორად გაზრდის.
– ჩვენ გარშემო, დამეთანხმებით, ბევრი უიღბლო ადამიანი ცხოვრობს. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ცხოვრებაში არ უმართლებთ. მათთვის თუ გაქვთ სპეციალური რჩვები, რომლებიც ცხოვრებას შეუმსუბუქებს და უკეთესობისკენ შეცვლის?
– დიახ, სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ნამდვილად არიან ჩვენ გარშემო, რაც, ძირითადად, იმის ბრალია, რომ მათ დაბადებას, სიხარულის ნაცვლად, თან ცრემლი ახლდა. როდესაც დედას ბავშვის გაჩენა არ სურს, მაგრამ ის მაინც იბადება, ბავშვში იდება უიღბლობისა და უბედობის კოდი, რომელიც შემდეგ, მთელი ცხოვრების განმავლობაში „მუშაობს“. რასაკვირელია, ასეთ ადამიანებს ნაკლებად უმართლებთ, წარმატების შანსიც ნაკლებად აქვთ და არც პირად ცხოვრებაში უღიმით ბედი. დედის ორგანიზმშივე დაბინძურებული ენერგეტიკა ადამიანზე მთელი ცხოვრების განმავლობაში მოქმედებს. გეტყვით იმასაც, რომ პარაფსიქოლოგიაში არსებობს ამ უიღბლობის კოდის მოხსნის საშუალება, რომელიც ასეთ ადამიანებში აქტიურად ებრძვის ცუდს და იზიდავს კარგს. ახლა გასწავლით, როგორ უნდა მოიქცეთ: აიღეთ ერთი მუჭა ხორბალი, დაყარეთ თეთრ ქსოვილზე და გადაახვიეთ. შემდეგ ის დაიდეთ საწოლში, ზეწრის ქვეშ, ისე, რომ ზურგით ეხებოდეთ. ეს ხორბალი ყოველ დილით უნდა გახსნათ, ხელიდან ხელში გადაიყარ-გადმოიყაროთ, რამდენიმე მარცვალი დადოთ თეფშზე, დანარჩენი კი ისევ თეთრ ქსოვილში შეახვიოთ და ზეწრის ქვეშ ჩადოთ. თეფში ფანჯრის რაფაზე დადგით, სადაც მზის სხივი მოხვდება – ასე ხორბლის მარცვლების ბარაქისა და ბედის კოდი ნელ-ნელა გააქტიურდება. ოღონდ, თეფშზე ჯერ სველი ბამბა უნდა დააფინოთ თხელ ფენად და შემდეგ ყოველდღე დაუმატოთ ხორბლის მარცვლები. სულ მალე ჯეჯილი ამოვა და სასურველ შედეგს მოგიტანთ.
– სულ რომ ამოიწურება ხორბლის მარაგი ქსოვილში?
– სულ რომ ამოიწურება ქსოვილში ხორბლის მარაგი, ის ქსოვილი თეფშის ქვეშ დადეთ. ეს დაიწყეთ და გააკეთეთ წელიწადის ოთხივე პერიოდის პირველი თვის პირველ კვირა დღეს და ბარაქა და წარმატება მალე მოვა თქვენთან. მთავარია, გულით გინდოდეთ და გწამდეთ იმის, რისთვისაც იბრძვით ცხოვრებაში. ზოგადად, ხორბლის მაგიური თვისებების შესახებ უძველესი დროიდან არსებობს ცნობები. მაგალითად, კარგია, თუ ფანჯრის რაფაზე თქვენსავე დათესილ ხორბალს გაახარებთ და იმავე თეფშზე ხურდა ფულსაც დაყრით – ეს ფინანსების გარანტი და ბარაქის მომზიდველია; ასევე, ოჯახის შესანარჩუნებლად და მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად არის კარგი. ასე რომ, გაითვალისწინეთ, ხორბლის ენერგეტიკა, ის აუცილებლად დაგეხმარებათ ოჯახური პრობლემების მოგვარებაში.