ადამიანის სექსუალურობასა და შრომისუნარიანობაზე ლიმფური სისტემა აგებს პასუხს
რა ვჭამოთ ორგანიზმში რკინის ნაკლებობის შესავსებად და ჰემოგლობინის დონის ასამაღლებლად
ორგანიზმისთვის რკინა მნიშვნელოვანი და აუცილებელი ლითონია. ის შედის ბევრი ფერმენტის შემადგენლობაში, რომელთა წყალობითაც ნორმალურად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა. ამ მიკროელემენტების დაახლოებით 60 პროცენტი არის ჰემოგლობინში, დანარჩენ პროცენტს კი ადამიანის ორგანიზმი ინახავს ღვიძლში, ელენთასა და სხვა ორგანოებში.
რკინის უკმარისობის შემთხვევაში, ადამიანის ორგანიზმში საგრძნობლად ქვეითდება ჰემოგლობინის დონე, რასაც რკინადეფიციტური ანემია ანუ სისხლნაკლებობა ჰქვია. ამ დროს მკვეთრად ირღვევა ორგანიზმის ფუნქციები. განსაკუთრებით საშიშია რკინის ნაკლებობა ორსულ ქალებსა და ბავშვებში. თუ კანისა და ლორწოვანი გარსის სიფერმკრთალე, მომატებული გადაღლა, შრომის უნარის დაქვეითება, სისუსტე, აპათია, ყურადღების მოდუნება, ხშირი გაღიზიანება, მსხვრევადი ფრჩხილები, პრობლემური კანი, სუსტი თმა, პირის კუთხეებში ნახეთქები, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, მარილიანი, მწარე, ცხარე კერძების სიყვარული აგეკვიატათ, ესე იგი, უნდა ივარაუდოთ, რომ ორგანიზმში რკინა გაკლიათ.
ორგანიზმი რკინას საკვებთან ერთად იღებს, მასზე მოთხოვნა კი დამოკიდებულია ასაკსა და სქესზე. საკვებით ორგანიზმს ყოველდღე მიეწოდება 15 მილიგრამამდე რკინა. ყველაზე კარგად რკინის ათვისება ხდება უცხიმო, წითელი ხორციდან, საქონლის ღვიძლიდან, ქათმის კვერცხიდან, წიწიბურადან, ლეღვიდან, მსხლიდან, ვაშლიდან, ასკილიდან და სოკოდან.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შენიშნეთ, სასწრაფოდ ჩაიტარეთ სისხლის ანალიზი და დაადგინეთ ზუსტი დიაგნოზი, რათა რკინის ნაკლებობამ მომავალში სერიოზული პრობლემები არ შეგიქმნათ.
რა იწვევს წნევის მკვეთრ ცვალებადობას
წნევის გაზომვისას ვაფიქსირებთ ორ სიდიდეს: პირველ ჩვენებას ეწოდება სისტოლოგიური წნევა, ანუ, გულის კუნთების შეკუმშვის მომენტი, მეორეს – დიასტოლური, ანუ, გულის კუნთების მოდუნების მომენტი. ნორმალურ წნევად ითვლება 120/80. მართალია, ექიმებს დღემდე ბოლომდე ვერ ამოუხსნიათ ჰიპერტონიული დაავადებების მიზეზი, მაგრამ, ცნობილია მისი გამომწვევი ძირითადი მექანიზმები.
რატომ იწევს წნევა მაღლა? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ რწყავთ ყვავილნარს და, თუ სარწყავის პირზე ხელს მაგრად მოუჭერთ, გაიზრდება წყლის წნევა. დაახლოებით ასევე ხდება სისხლის წნევის მომატებაც.
აუცილებელია, თვალი ადევნოთ თქვენს წონას. თუ ის 30 პროცენტით აჭარბებს ნორმას, ესე იგი, თქვენ რისკის ჯგუფში ხართ. არტერიულ წნევაზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი საშუალებაა მარილიანი საკვების შეზღუდვა ან კვებიდან მისი საერთოდ გამორიცხვა. გახსოვდეთ, რომ ჭამის დროს კერძში მარილის ჩამატება მავნებელია. შეზღუდეთ კონსერვების, შებოლილი ძეხვეულისა და სხვა გემრიელი, თუმცა, ჯანმრთელობისთვის მავნე საკვების მიღება. ჰიპერტონიით დაავადებულებმა დიეტაში უნდა ჩართონ კალიუმით მდიდარი, მაგრამ ნატრიუმით ღარიბი პროდუქტები. მიირთვით პარკოსანი მცენარეებისგან მომზადებული კერძები, მწვანილი, სტაფილო, ჭარხალი, პომიდორი, ბანანი და ფორთოხალი. შეზღუდეთ შემწვარი ხორცი. ასევე, კარგია ნესვისა და საზამთროს დიდი რაოდენობით ჭამა. საზამთროს ქერქი და თესლი ჰიპერტონიის წამალია: საზამთროს ქერქი და თესლი კარგად გაახმეთ, შემდეგ დაფქვით და ნახევარ ჩაის ჭიქა თაფლიან წყალში გაზავებული ფხვნილი მიიღეთ დღეში ორჯერ, ერთი თვის განმავლობაში.
ხახვიც წნევის წამალია: ერთი თავი ხახვი გაფცქვენით და ჩადეთ ანადუღარი წყლით ნახევრად სავსე ჭიქაში, დატოვეთ ერთი ღამის განმავლობაში და დილით უზმოზე დალიეთ. მკურნალობის კურსი ორი კვირაა. გარდა იმისა, რომ ხახვი დაბლა სწევს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლძარღვების სტრუქტურასა და შემადგენლობას.
ასევე, გახსოვდეთ, რომ არტერიულ წნევას მაღლა სწევს ზოგიერთი წამალი, მაგალითად, ანტიციდები, ცხვირში ჩასაწვეთებლები, ასევე, ზოგიერთი გამაყუჩებელი, რომელიც კოფეინს შეიცავს.
სახსრების ტკივილს სახლის პირობებშიც ადვილად დაიამებთ
ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა დაავადებულ სახსრებზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, შეგიძლიათ, სახსრების ტკივილს ხალხური მედიცინის საშუალებებითაც ებრძოლოთ:
ართრიტის გამწვავებისას დაგეხმარებათ ნიორი. ტკივილს იგრძნობთ თუ არა, ერთი თავი ნიორი გახეხეთ წვრილ სახეხზე და დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ ათი წვეთი დღეში ოთხჯერ და დააყოლეთ თბილი რძე; ღამით კი მტკივან სახსრებზე ნივრის წვენით გაჟღენთილი დოლბანდის საფენი შემოიხვიეთ. შეგიძლიათ, კანი წინასწარ ცხიმიანი კრემით დაიმუშაოთ, რომ ნიორმა არ დაგწვათ ან ალერგია არ გამოიწვიოს.
სახსრების ტკივილის დროს სამკურნალო ეფექტი გაიზრდება, თუ კანიანად მოხარშული კარტოფილის ნახარშს დღეში სამჯერ დალევთ. მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დილით, უზმოზე და ძილის წინ. მოხარშეთ საშუალო ზომის 2 ცალი კარტოფილი და მისი ნახარში გამოიყენეთ.
ხშირად სახსრების ტკივილს მარილების დაგროვება იწვევს, ამიტომ, კარგი იქნება, თუ სახსრების გამწმენდ პროცედურას ჩაიტარებთ ზაფხულის დასაწყისში: 10 გრამ დაფნის ფოთოლს დაასხით ორი ჩაის ჭიქა წყალი და 20 წუთი გააჩერეთ. ნაყენი, დაფნის ფოთლებთან ერთად ჩაასხით თერმოსში, შეავსეთ მდუღარე წყლით და დადგით ოთხი-ხუთი საათი. შემდეგ გაწურეთ და ყლუპ-ყლუპით დალიეთ დღეში 1 ჭიქა, 2 ან 3 დღის განმავლობაში.
რა იწვევს გაზაფხულზე ტვინის ინფარქტის და ინსულტის რისკის მომატებას
ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვალებადობა საკმაოდ რთული გადასატანია მეტეომგრძნობიარე ადამიანებისთვის. ის უარყოფითად მოქმედებს სისხლძარღვებზე. ამ დროს, ასევე, ზიანდება ნერვული სისტემაც. არ არის გამორიცხული, ეს ყოველივე ინსულტის მიზეზი გახდეს, რადგან ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა ორგანიზმისთვის ძალიან ცუდი და სახიფათოა.
ზოგადად, ინსულტის ორი სახეობა არსებობს: ჰემორაგიული ანუ სისხლჩაქცევა ტვინში, რომელიც სისხლძარღვის გახეთქვის შედეგად ვითარდება, მიზეზი კი სუსტი სისხლძარღვები და მაღალი არტერიული წნევაა; ჰემორაგიული ინსულტის განვითარების დროდ ექიმებს შუადღე ან საღამო მიაჩნიათ და არა დილა; იშემიური ინსულტი ანუ ტვინის ინფარქტი, რომელიც განპირობებულია ტვინის უბნების სისხლით მომარაგების მკვეთრი შემცირებით, ან მთლიანად შეწყვეტით, ინსულტის მეორე ტიპია. ის ძალიან ხშირია და ძირითადად ღამით ან დილით ადრე ვლინდება. რისკის ჯგუფებში კი ის ადამიანები შედიან, ვისაც აწუხებთ ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია და შაქრიანი დიაბეტი.
გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ინსულტის შემთხვევების რისკი იმატებს. ამ დროს არტერიული წნევა მძაფრად რეაგირებს ამინდის სეზონურ ცვლილებებზე.
სისხლძარღვების დაავადებებისადმი მიდრეკილება მემკვიდრეობით გადადის, თუმცა, პროფილაქტიკით მისგან თავის დაცვა შესაძლებელია.
არტერიული წნევის მკვეთრი მომატების შედეგად, შესაძლოა, სისხლძარღვის სპაზმი განვითარდეს, რამაც, არ არის გამორიცხული, მისი გახეთქვა გამოიწვიოს. ეს კი, ტვინის ინფარქტით ან ტვინში სისხლის ჩაქცევით მთავრდება. ამისგან რომ თავი დაიცვათ, აუცილებელია, აკონტროლოთ წნევა, უარი თქვათ სიგარეტზე, კარგად გამოიძინოთ, ივარჯიშოთ და დიდი დრო დაჰყოთ სუფთა ჰაერზე. ასევე, საკვებში უნდა შეზღუდოთ მარილის მოხმარება და დააბალანსოთ კვება. ჭამეთ მცენარეული საკვები, ბევრი ხილი, ბოსტნეული და თევზი. აკონტროლეთ სისხლში ქოლესტერინის შემცველობა; მოდუნდით და ნუ აჰყვებით ემოციებს.
ტვინის ინფარქტის წინამორბედი პროცესები ხშირად ინიღბება სხვა გავრცელებული დაავადებების სახით. ამიტომ, რისკის ქვეშ მყოფმა ადამიანმა ყურადღება არ უნდა მოადუნოს. არ წაუყრუოთ ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა: თავბრუხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, კრუნჩხვითი მოვლენები, გონების დაკარგვა და ასე შემდეგ. ეს სიმპტომები მკვეთრი და გამოხატულია ჰემორაგიული ინსულტის დროს, იშემიების დროს კი ისინი იშვიათად აღინიშნება.
სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა უბნები, რაც სხვადასხვა ფუნქციაზე აგებს პასუხს. შესაძლოა, განვითარდეს, მაგალითად, სხეულის დაბუჟება, მეტყველების დარღვევა, სიელმე ან კუნთების სისუსტე. ამიტომ, გირჩევთ, დროულად მიხედოთ ჯანმრთელობას.
ადამიანის სექსუალურობასა და შრომისუნარიანობაზე ლიმფური სისტემა აგებს პასუხს
სისხლის მიმოქცევის სისტემას ორგანიზმის აუცილებელი ნივთიერებებით მომარაგება აკისრია. არტერიების საშუალებით, ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები ყველა ორგანოსა და ქსოვილს მიეწოდება, ვენების საშუალებით კი, მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტები გამოიდევნება. თუმცა, სისხლს ყველა არასასურველი ნივთიერება როდი გამოაქვს. შედარებით მავნე ნივთიერებების უვნებელყოფა და ორგანიზმის მათგან გათავისუფლება, ლიმფური სისტემის წყალობით ხდება. სწორედ ამ სისტემაში იყრის თავს ყველა ტოქსინი, ვირუსი, მიკრობი, უჯრედთა დაშლის პროდუქტები და ასე შემდეგ.
ლიმფური სისტემის ფუნქციის შეფერხების გამო, ორგანიზმში უსიამოვნო ძვრები იწყება, კერძოდ, ფერხდება ნივთიერებათა ცვლა, მცირდება ენერგიის ხარჯვა. მკაცრი დიეტის დროსაც კი, ადამიანი თითქმის არ იკლებს წონაში. ლიმფური სისტემის ფუნქციის მოშლა მხოლოდ ინტოქსიკაციითა და შეშუპებით როდი ვლინდება. ამ სისტემას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია იმუნიტეტის წინაშე – ორგანიზმში მოხვედრილი მიკრობები ლიმფურ კვანძებში გადაიტანება, სადაც მათი უვნებელყოფა ხდება. ამიტომ, ლიმფური სისტემის ფუნქციის მოშლისას, უმნიშვნელო ოფიცირებაც კი დაავადების განვითარებით მთავრდება.
იმუნიტეტის გაძლიერება ლიმფური სისტემის მწყობრში მოყვანის გარეშე წარმოუდგენელია. თუ მისი ფუნქციის ნორმალიზებაზე იზრუნებთ, ხელოვნური იმუნოსტიმულატორების გამოყენება აღარ დაგჭირდებათ. თქვენი გარეგნული ხიბლი, შრომისუნარიანობა, წონა, სექსუალურობა და გუნება-განწყობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მიედინება თქვენს ორგანიზმში ლიმფა.
ძარღვებში სისხლი წნევით გადაადგილდება. მის მოძრაობას გულის ტუმბოსებრი მუშაობა უზრუნველყოფს. ლიმფურ სისტემას, სისხლძარღვთა სისტემისგან განსხვავებით, ასეთი ტუმბო არ გააჩნია. ლიმფა ლიმფურ ძარღვებში ამ უკანასკნელთა კედლის სუსტი შეკუმშვისა და ადამიანის კუნთების ზოგადი აქტივობის წყალობით მოძრაობს. ასაკთან ერთად, კუნთების აქტივობა თანდათან მცირდება, ძარღვების ტონუსიც იკლებს და ლიმფას კაპილარებში გადაადგილდება უფრო და უფრო უჭირს. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ სისხლის დაბალი წნევის გამო უმცირესი ლიმფოკაპილარები იოლად იჭყლიტება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანი ვერ გრძნობს კუნთებში, ქსოვილებსა და მყესებში განვითარებულ მიკროსპაზმებს, რომლებიც ლიმფის მოძრაობას აუარესებს. ამ მიკროსპაზმის განვითარებას ხელს უწყობს ფსიქოემოციური დაძაბულობა.
იმისთვის, რომ ლიმფამ ორგანიზმში თავისუფლად იმოძრაოს, აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, ყოველდღიურად კონტრასტული შხაპის მიღება, რადგან ეს ყოველივე აკაჟებს ძარღვებს და აადვილებს შეკუმშვა-მოდუნებას ანუ რელაქსაციას. ყველაზე კარგი და სასარგებლო კი ცურვაა, რადგან ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კუნთებს ტონუსს ჰმატებს. ეს კი ააქტიურებს ლიმფური სისტემის ფუნქციას, არ აძლევს წიდებს დაგროვების საშუალებას და ადამიანიც თავს გაცილებით მხნედ და ჯანმრთელად გრძნობს.