დარენ არონოფსკი: ბიბლიური „ნოეს” ავტორი და ჰოლივუდის ბოლო წლების საუკეთესო რეჟისორი
რეჟისორი დარენ არონოფსკი ფსიქოლოგიური ფილმებით გახდა ცნობილი. მისი ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც კარგავენ კავშირს რეალობასთან ნერვული აშლილობის ფონზე, იმდენად ღრმა და ფილოსოფიურია, რომ მათი დავიწყება შეუძლებელია. ყოველ ახალ ფილმში იგი თავისი მრავალმხრივი ნიჭის დემონსტრირებას ახდენს. „შავი გედისა” და „რესტლერის” შემქმნელის ახალ ფილმს „ნოე” ჰქვია და ის მოგვითხრობს ბიბლიური ნოესა და მისი კიდობნის ისტორიას ახლებური, ჰოლივუდური ხედვით.
* დარენ არონოფსკი დაიბადა 1969 წლის 12 თებერვალს, ნიუ-იორკში მისი მშობლები სკოლის მასწავლებლები იყვნენ და შვილის აღზრდისას პრიორიტეტი განათლებას ენიჭებოდა. ედვარდ მეროუს პრესტიჟული სკოლის დამთავრების შემდეგ დარენი ერთი წლით სამოგზაუროდ გაემგზავრა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, საიდანაც 1987 წელს დაბრუნდა და ჰარვარდის უნივერსიტეტში მოეწყო, სადაც კინოს, ანიმაციისა და ანთროპოლოგიის შესწავლას შეუდგა. სტუდენტობის პერიოდში დარენმა პირველი ფილმების გადაღება დაიწყო. 1990 წელს მან გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სუპერმარკეტის წმენდა”, ხოლო 1991 წელს – „ნამცხვარი წინასწარმეტყველებით”. ორივე ფილმმა ავტორს აღიარება მოუტანა.
* 1991 წელს დარენ არონოფსკი ლოს-ანჯელესში გაემგზავრა და ამერიკის კინოხელოვნების ინსტიტუტში განაგრძო სწავლა; 1995 წელს კი ახალგაზრდა რეჟისორმა მუშაობა დაიწყო თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე – „პი”. არონოფსკიმ ფილმი მეგობრებისგან მოგროვებული 100-100 დოლარით გადაიღო. სიურეალისტურმა თრილერმა გაქირავებიდან ავტორს დიდი წარმატება და ფინანსური მოგება მოუტანა – 3 მილიონი დოლარი.
* დარენ არონოფსკის ფილმებია: „ოცნებების რექვიემი”, „შადრევანი”, „რესტლერი”, „შავი გედი” და თითოეული მათგანი საკულტოა.
* დარენ არონოფსკის ახალ ფილმში „ნოე” მთავარ როლებს რასელ ქროუ, ენტონი ჰოპკინსი, ჯენიფერ კონელი და ემა უოტსონი ასრულებენ.
* ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარენ არონოფსკი მსახიობ რეიჩელ უაიზს ხვდებოდა. 2006 წელს წყვილი დაქორწინდა და მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ. 2010 წელს დარენი და რეიჩელი დაშორდნენ. ამჟამად რეიჩელ უაიზი დენიელ კრეიგის მეუღლეა.
* 2005 წელს დარენ არონოფსკიმ უარი განაცხადა „ბეტმენის” ახალი ტრილოგიის გადაღებაზე და პროექტი კრისტოფერ ნოლანს დაუთმო, რომლის „ბეტმენმა” საკულტო ფილმის სტატუსი მოიპოვა.
* „შავი გედი” დარენ არონოფსკის კარიერაში ჯერჯერობით ყველაზე მომგებიან ნამუშევრად ითვლება – 13-მილიონიანი ბიუჯეტის ფილმმა კინოგაქირავებაში 320 მილიონი დოლარი მოგება მოუტანა პროდიუსერებს.
* ცნობილია, რომ დარენ არონოფსკის ჰონორარმა ფილმისთვის „ოცნებების რექვიემი” 50 ათასი დოლარი შეადგინა.