რომაელი „იმპერატორი” – ფრანჩესკო ტოტი
„რომას” ლეგენდარულ კაპიტანს ფრანჩესკო ტოტის, იტალიის ჩემპიონს რომაული გუნდის რიგებში და 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონს „სკუადრა აძურასთან” ერთად, მალე 38 წელი შეუსრულდება. უბერებელი ფეხბურთელის კონტრაქტი 2016 წელს იწურება, მაგრამ, შესანიშნავ ფორმაში მყოფი ტოტი არ გამორიცხავს, რომ იტალიის ნაკრებში დაბრუნდეს და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს.
* ფრანჩესკოს დედა, ფიორელა, ბავშვობიდან „რომას” ქომაგი იყო. როდესაც ფრანჩესკოს 10 წელი შეუსრულდა, მას სამი შემოთავაზება ჰქონდა, უნდა აერჩია სამი კლუბიდან: „მილანი”, „რომა” ან „ლაციო”. სამივე კლუბი ფრანჩესკოს ბავშვთა აკადემიაში სწავლას სთავაზობდა შემდგომ მთავარ გუნდში გადაყვანის პერსპექტივით. ჩესკო „მილანისკენ” იხრებოდა და, რომ არა დედა, შესაძლოა, ის „მილანში” ჩარიცხულიყო, თუმცა, საბოლოოდ „რომა” აირჩია.
* არსებობს სტერეოტიპი, რომ ფეხბურთელები ძირითად დროს სპორტს უთმობენ და სწავლას თავს ანებებენ. ფრანჩესკო ტოტი ამ სტერეოტიპს ამსხვრევს. მან ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა და ინსტიტუტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ამოყო თავი „რომას” ძირითად გუნდში და დროებით მოუწია სწავლის მიტოვება.
* ერთ-ერთ ინტერვიუში ფრანჩესკო ტოტიმ გაიხსენა შეხვედრა რომის პაპ იოანე-პავლე მეორესთან. სკოლის მოსწავლე ფრანჩესკოს რომის პაპმა შუბლზე ხელი დაადო და აკოცა. ჩესკოს მტკიცებით, ეს არის ყველაზე ნათელი მოგონება თავისი ბავშვობიდან.
* ფრანჩესკო ტოტის მთელი კარიერა ერთ კლუბში აქვს გატარებული და „რომასთან” ერთად ის 12 ტიტულის მფლობელია. 2004 წელს ტოტის „რეალში” ტრანსფერზე იყო საუბარი და თითქოს წინასწარი შეთანხმებაც არსებობდა სამეფო კლუბთან, თუმცა, ბოლო მომენტში ფრანჩესკომ მადრიდში გადასვლაზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მას სამმაგ ხელფასს სთავაზობდნენ.
* რამდენიმე წლის წინ ფრანჩესკო ტოტიმ საკუთარ თავზე შეთხზული ანეკდოტების წიგნი გამოსცა, რომლის მთელი ტირაჟი გაიყიდა. შემოსული თანხა ფრანჩესკომ ქველმოქმედებას მოახმარა.
* 2005 წელს ფრანჩესკო ტოტი ცნობილ იტალიელ მოდელსა და ტელეწამყვანზე, ილარი ბლაზიზე დაქორწინდა. ქორწილი „სკაი იტალიას” ტელეეთერში გადაიცემოდა და ის 1,5 მილიონმა ადამიანმა ნახა. ტრანსლაციის უფლებისთვის ტელეკომპანიამ 240 ათასი ევრო გადაიხადა და ეს თანხა მთლიანად მოხმარდა შინაური ცხოველების დაცვის ფონდს.
* საინტერესოა, რომ ფრანჩესკოს გაცნობამდე ილარი ბლაზი „რომას” მოწინააღდეგის, რომის „ლაციოს” ქომაგი იყო, თუმცა, ჩესკოს გაცნობის შემდეგ მისი სიმპათიები „რომასკენ” გადაიხარა. წყვილს ორი შვილი ჰყავს: კრისტიანი და შანელი.
* 2009 წელს მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში ფრანჩესკო ტოტის ცვილის ფიგურა დაიდგა. ორიგინალური ფიგურა ლონდონშია გამოტანილი, ხოლო ასლი – რომში.
* ფრანჩესკო ტოტი რამდენიმე ფილმშია გადაღებული. 2007 წელს ის „საფეხბურთო მწვრთნელ 2-ში” გამოჩნდა ეპიზოდურ როლში, ერთი წლის შემდეგ კი ტელესერიალში „მე – ცეზარი”. ცნობისთვის, რომაული კლუბის ქომაგები ერთგულებისთვის ტოტის „იმპერატორს” უწოდებენ.
* თავისუფალ დროს ჩესკო ძმასთან, რიკარდოსთან ერთად „სონი ფლეისტეიშენს” ან ბილიარდს თამაშობს, შვილებთან ერთად იტალიურ კომედიებს უყურებს, ხოლო კერძებიდან ფრანჩესკო ტოტი უპირატესობას პასტას და ლაზანიას ანიჭებს.