ჭეშმარიტი სარწმუნოება
რა მოიმოქმედა ფუნდის ეპისკოპოსმა ანდრიამ ცოდვით დაცემისგან გადასარჩენად
ღვთისმოშიში ანდრიას ცხოვრება სათნოების მრავალი გმირობით იყო აღბეჭდილი. ქალწულობის დაცვა მისთვის სიფხიზლის წმიდა საზრუნავს წარმოადგენდა. როდესაც ეპისკოპოსად აკურთხეს, მას არ უნდოდა, ერთი მონაზვნისთვის (რომელიც დიდხანს ცხოვრობდა მასთან) მზრუნველობის მოკლება და, რადგან მტკიცედ იყო დარწმუნებული თავის და ამ მონაზვნის ღვთისმოსაობაში, ნება დართო, საეპისკოპოსოში დარჩენილიყო. კაცობრიობის უძველესმა მტერმა გადაწყვიტა, ამით ესარგებლა და მის გულში ცდუნება ჩაედო. ეპისკოპოსის წარმოსახვაში იმდენად ხშირად აცოცხლებდა ამ ქალის სახეს, რომ, დასაძინებლად დაწოლილს, მოსვენებას არ აძლევდა.
ერთხელ, კამპანის მხრიდან რომში მიმავალ იუდეველს აპიაში უნდა გაევლო. როდესაც მან ფუნდის მთას მიაღწია, მოსაღამოვდა კიდეც და, სხვა თავშესაფარი რომ ვერ იპოვა, დასასვენებლად აპოლონის საკერპეში შეჩერდა. თუმცა ჯვრის ძალის არ სწამდა, მაგრამ, იმდენად ეშინოდა ამ ეშმაკის ბუდეში შესვლის, მაინც გადაიწერა პირჯვარი. შუაღამისას, როდესაც ღამის სიჩუმით შეშინებულმა, ვერაფრით მოახერხა დაძინება, დაინახა, რომ საკერპეში აუარება ბოროტი სული მოვიდა. ისინი ამალასავით მოჰყვებოდნეან თავიანთ წინამძღოლს, რომელიც შუა ადგილზე დაჯდა და სხვებს დაუწყო გამოკითხვა, ვინ რა ბოროტება ჩაიდინა. თითოეული ბოროტი სული პასუხობდა, რომ მან მოახერხა კეთილშობილი ადამიანის ცდუნება. დადგა იმ სულის ჯერიც, რომელიც ანდრიას აღუძრავდა ხორციელ ვნებას საეპისკოპოსოში მცხოვრები მონაზვნის მიმართ. ბოროტ სულთა უფროსი ხარბად ისმენდა ამ ამბავს და განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევდა წმიდა ადამიანის შეცდენას. ამ დროს სული გამოტყდა, რომ, მისი დიდი მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ ერთს მიაღწია – წინა საღამოს ეპისკოპოსი ვნებიან ფიქრში შეეხო მონაზონს. მაშინ ბოროტმა სულმა ამ ამბის მახარობელს დაუწყო დარწმუნება, ბოლომდე მიეყვანა დაწყებული საქმე, ასეთი გამორჩეული სულის დაღუპვისთვის კი განსაკუთრებულ პატივს ჰპირდებოდა. იუდეველი ყველაფერს აშკარად ხედავდა. შიშმა აიტანა, როდესაც მბრძანებელმა სულმა სხვებს დაავალა, გაეგოთ, ვინ გაბედა მათ სამსხვერპლოში ღამის გათევა. ბოროტი სულები მიუახლოვდნენ იუდეველს, ნახეს, რომ ის დაცული იყო ჯვრის ნიშნით და შეშინებულებმა წამოიძახეს: „ოჰ, ეს ცარიელი დაბეჭდილი ჭურჭელი!“ ამ სიტყვებზე ბოროტი სულები გაქრნენ. ეს ნახა თუ არა, იუდეველი ეპისკოპოსისკენ გაემგზავრა, რომელიც ეკლესიაში დაუხვდა. დაუწყო გამოკითხვა, განსაკუთრებით რომელი ცოდვა ტანჯავდა მას. ეპისკოპოსს შერცხვა, ეღიარებინა თავისი განსაკუთრებული ცდუნება. მაშინ იუდეველი თვითონვე მოუყვა, რომ ღირს მამას მონაზონისადმი უღირსი სიყვარული ტანჯავდა. ხოლო, რაკი ეპისკოპოსი არ აღიარებდა სიმართლეს, იუდეველმა უთხრა: „რატომ არ აღიარებ იმას, რასაც გეკითხები? განა გუშინ არ მიხვედი ისეთ ცდუნებამდე, რომ თავს ნება დართე ვნებიან ფიქრში შეხებოდი მონაზონს?“ ეპისკოპოსი მიხვდა, რომ ამხილეს და მორჩილად აღიარა ყველაფერი, რასაც უარყოფდა. იუდეველმა მოუთხრო, როგორ გაიგო ამის შესახებ, რა გაიგონა ბოროტი სულების შეკრებაზე, რადგან, სურდა, წმიდა ანდრია გადაერჩინა. სინანულითა და ლოცვით მოიდრიკა მუხლი ეპისკოპოსმა, ბრძანა, საეპისკოპოსოდან გაეყვანათ არა მხოლოდ ის მონაზონი, არამედ ყველა სხვა ქალიც, რომლებიც მის მორჩილებაში იყვნენ. ეპისკოპოსმა ანდრიამ აპოლონის საკერპეში წმიდა ანდრია მოციქულის სახელობის ტაძარი მოაწყო. იგი სრულიად გათავისუფლდა ხორციელი ვნებისგან; იუდეველი, რომელმაც ის ამხილა, განბანა ნათლობის წყალში და წმიდა საიდუმლოებების ღირსი გახადა, რითაც წმიდა ეკლესიის წიაღში მიიღო.