რა იყო ანრი ჯოხაძის ცხოვრების დიდი ტრაგედია და რას ვერ აცნობიერებდა ის წლების განმავლობაში
„ეს პროექტი ჩემი ცხოვრების, სტილის გაგრძელებაა: ყოველ ორშაბათს უნდა ვიდგე და ვიმღერო სცენაზე. რაც მთავარია, დიდ სიამოვნებას ვიღებ, რეპეტიციები გვაქვს, ცოცხალ ბენდთან ერთად ვმღერი. ამას, ემატება მატერიალური მხარეც – „ტელეიმედი“ ის იშვიათი შემთხვევაა, სადაც ასეთი სახის პროექტში მიწვეულ პოპულარულ სახეს უხდიან ხელფასს. დალის გარკვეულ რჩევებს ვაძლევ, სიმღერებს ვარჩევთ იმის მიხედვით, მას რა მოუხდება, რათა არ იყოს ამოვარდნილი თუნდაც ვიზუალური კონტექსტიდან. მოკლედ, რაღაცეებს ისე ვაბალანსებთ, რომ ყველაფერი ნორმალურად იყოს”... – ეს არის ამონარიდი ანრი ჯოხაძის ინტერვიუდან. მან სულ ახლახან ახალი სიმღერა ჩაწერა, ვიდეორგოლი გადაიღო, რომლის ჯერ დაუმთავრებელმა სიუჟეტმა საზოგადოების დიდ ნაწილში სერიოზული ინტერესი გამოიწვია.
– ანრი, სანამ შენს ახალ ვიდეორგოლზე ვისაუბრებდეთ, არ შემიძლია, არ აღვნიშნო პროექტ „ერთი ერთში“ შენი შექმნილი სახეები.
– ეს ჩემი საყვარელი პროექტია. მეც ვფიქრობ, რომ ამ პროექტში ისეთი სახეები შევქმენი, რომლებსაც ვერავინ გაიმეორებს, ახლოსაც ვერ მივლენ. თუმცა, ჩემთვის ყველაზე დელიკატურად, პილიგრანული ტექნიკით გასაკეთებელი იყო ბუბა კიკაბიძე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წონის გამო კარგი გრიმი ვერ გამოვიდა, მიმაჩნია, რომ ვოკალურად, არტისტულად, ერთი ერთში მოვხსენი. ბუბა იყო ჩემთვის სხვა კაიფი, ღირსების საქმეც. არ შემიძლია, ეთერ კაკულია არ აღვნიშნო, თუმცა, ეს როლი უფრო ადვილი იყო. ერთადერთი, ტექსტები დავალაგე, როგორ უნდა მივსალმებოდი ხალხს, როგორ უნდა წარმედგინა სიმღერა; კიდევ, ხელებზე ვიმუშავე.
– შერიც განსაკუთრებული იყო, თან, როგორი ჩაცმული იყავი?!
– როდესაც გადაწყდა, რომ შერი უნდა შემესრულებინა, გამახსენდა ერთ-ერთი ლაივ-შოუ, სადაც სუპერსკანდალურად აცვია, ისე, ქალიც რომ ვერ გაბედავდა. მოვითხოვე, ასე ჩაცმული გამოვალ-მეთქი. ყველამ გაკვირვებულმა შემომხედა – შენ ხომ არ გააფრინეო. მე რომ შერიზე არასკანდალურად ჩაცმული გამოვსულიყავი, ჯერ ერთი, შერი არ იქნებოდა და არც პერფორმასნი გამოვიდოდა. ამიტომ, საკმაოდ ხმაურიანი იყო და არასდროს დამავიწყდება დარბაზის შოკი ჩემი დანახვისას – საოცარი რეაქცია ჰქონდათ. ცოტა მეცინებოდა, მაგრამ, თავს ვიკავებდი. რადგან კომბინეზონი შეკერეს, რომელსაც ზემოდან ეხატა ყველაფერი, ამიტომ შინაგანად ვგრძნობდი, რომ ჩვეულებრივად მეცვა, არ ვიყავი შიშველი: საჯდომი – ჩადებული, გადიდებული მკერდი. მაგრამ, სარკეში, რომ ჩავიხედე, მაშინ მივხვდი, როგორ სკანდალურ ვიზუალზე ვიდექი და, ვფიქრობ, ძალიან კარგი სანახავი იყო.
– სულ ახლახან კლიპი გადაიღე ახალ სიმღერაზე – „განა ყველა ქალი ქალია,“ რომელმაც უკვე გამოიწვია საზოგადოების დაინტერესება. სიმღერის სახელწოდებამ ვიღაცეები გააღიზიანა.
– თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი გავაკეთე ჩემს ცხოვრებაში და ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს, „კომპაქტ ჯორჯიას“ ხელმძღვანელს – ლაშა ასანიძეს. რომ არა მისი ფინანსური დახმარება, კლიპისთვის ერთ განათებასაც ვერ ჩავრთავდი, გადაღებაზე საუბარი ხომ ზედმეტია. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დათო დოიაშვილს, რომელმაც კლიპის გადასაღებად დაგვითმო მუსკომედიის თეატრი. კიდევ ჩემს მეგობარს – თიკა შერაზადაშვილს, ჩემს გადამღებ ჯგუფს – „დოლიძე სტუდიოს“ ბიჭებს და არაჩვეულებრივ ვიზაჟისტს – სოფო მაჭავარიანს. რაც შეეხება სიმღერას საკმაოდ ხმაურიანი სახელწოდება აქვს – „განა ყველა ქალი ქალია“, თუმცა, არა სკანდალური შინაარსით. ვინც მას შეურაცხყოფად აღიქვამს, სწორედ მათ მანკიერებებზეა ეს სიმღერა. როგორ შეიძლება, არ დავეთანხმოთ გამოთქმას – „განა ყველა ქალი ქალია“?! რა თქმა უნდა, ყველა ქალი არ არის ქალი, ისევე, როგორც ყველა კაცი არ არის კაცი და, ბოლოს, დაისმის კითხვა: კაცია, ადამიანი?! კლიპში რამდენიმე ქალია, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ქალებს გვაჩვენებენ: კრისტი ყიფშიძე, მაგალითად, ცოტა მაცდური ქალია, რომელიც სულ ტელეფონზე საუბრობს, მსუბუქად, სექსუალურად არის ჩაცმული; შორენა ბეგაშვილი თითქმის საკუთარ თავს თამაშობს. გადმოვიტანე ის მდგომარეობა, რომელშიც წარმატებული, ლამაზი ქალები იმყოფებიან: მთელ ქვეყანას რომ უნდა შორენასთან რაღაც-რაღაცეები, არ დავკონკრეტდები, მაგრამ, ზუსტად ისინი ასხამენ და ესვრიან ტალახს შორენასნაირ ლამაზ ქალებს; კიდევ, ია ნინიძე, რომელიც ფენომენური ნიჭის პატრონია, მას თანამედროვე ქართული კლიპის გადაღებაში არასდროს მიუღია მონაწილეობა და, მიხარია, რომ მე დამთანხმდა. ჩემი გოგონები არ მიწყენენ, მაგრამ, როდესაც ია ნინიძის დონის მსახიობი გყავს და ის შენთან ერთად ქმნის ვიდეორგოლს, ეს ძალიან საამაყოა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. იამ გააკეთა მონაზონი, ესეც, შეიძლება, ვინმეს ხმაურიანად მოეჩვენოს, მაგრამ, ძალიან თბილად, კარგად არის გადაღებული. ია ნინიძე სახით, თვალებით ისეთ რაღაცეებს აკეთებს, რომ ეს ყველა ახალგაზრდა მსახიობისთვის კარგი მასტერკლასი იქნება. ია ნინიძის ქალიშვილი, ნინო ნინიძე – ეს არის ახალგაზრდა გოგო, თავისი შინაგანი ვნებებით. მინდოდა, ქალწული გოგოს იმიჯი ჰქონოდა, რომელსაც უყვარს, უნდა რაღაც ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ, არ შეუძლია, ბრძოლებშია. უნიჭიერესი და ულამაზესი გოგოა და ცოტას ვტრაბახობ, ჩემი აღმოჩენა ხარ-მეთქი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ნინო ჩემი მუზაც არის; მაკა შალიკაშვილი პატიმარი ქალის როლს თამაშობს და, საერთოდ არ არის კლიპი, რომელშიც მაკა არ მყავს გადაღებული. ზოგი ამაზე ბრაზდება, მაგრამ, მიმაჩნია, რომ მაკა არის ის მასალა, რომელიც რეჟისორებს შეუძლიათ ძალიან კარგად გამოიყენონ. მიმაჩნია, რომ, როდესაც ქალი სერიოზულ დანაშაულს სჩადის, ამ ყველაფერს აუცილებლად ექნება პრეისტორია – ამ შემთხვევაში, ღვთის პირიდან გადავარდნილ ქალებზე არ ვლაპარაკობ. მიმაჩნია, რომ ყველაზე დაუცველები სწორედ ის ქალები და არასრულწლოვანები არიან, რომლებიც ციხეში სხედან. მე პატიმრის შვილი ვარ, მამაჩემმა შვიდწელიწად-ნახევარი გაატარა ციხეში და კარგად ვიცი, ეს რა ნიშნავს. ჩვენ, დედმამიშვილებმა, მთელი ჩვენი ბავშვობა „სვიდანიებზე“ გავატარეთ. თან გვიხაროდა, რომ მამას ვნახავდით, მაგრამ, ძალიან დამთრგუნველი იყო, როდესაც ვხედავდით შავებში ჩაცმულ პატიმრებს, ყველას ერთნაირად ჩაცმულს. ეს არის თავისებური ტრავმა, ამიტომ, შეიძლება, ამით ერთგვარი პროტესტიც გამოვხატე. რადგან სიმღერა ქალებზეა, ამიტომ, მინდოდა, რამდენიმე ტიპის ქალი მეჩვენებინა. იქ თუ ერთი ქალი პატიმარია, დამნაშავე, მეორე ქალი. მონაზონია, რომელიც ლოცულობს, იმისთვის, ვინც დააშავა და, შესაბამისად, გარკვეული ჯაჭვი იკვრება. ასევე, გადავიღებ ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელსაც სცემენ. ამიტომ, მე შევეცადე, ამ ვიდეორგოლით პატიმარი, ძალადობის მსხვერპლი ქალის გვერდით, ასევე, წარმატებული, შორენასნაირი ქალის გვერდით დავმდგარიყავი. ის ტალახი, რაც ასეთი ქალების მისამართით მიდის, გადაჭარბებულია, ამიტომ, ასეთი ადამიანების გვერდით უნდა დავდგეთ. სამაგიეროდ, შეიძლება, გავაპროტესტოთ ისეთი ქალები, რომლებსაც ცხოვრებაში გაჭირვება არ უნახავთ, პლუს, ცუდი დედები არიან, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ ჩაიშმოტკონ და რა ბრენდები წამოიცვან უგუნურ თავებზე.
– ასეთი ტექსტი გაქვს: „განა ყველა ქალი ქალია, თუ ვერ არჩევ, ეს შენი ბრალია,” რომელიც აშკარად კაცების მისამართით არის ნათქვამი.
– დღეს ქალი ისეთი შენიღბული შეიძლება აღმოჩნდეს თავისი ქალური ხერხებით, რომ მამაკაცებმა ვერ გაარჩიონ, როგორია სინამდვილეში და ღირსეული ქალი ეგონოთ. როცა ქალი ვერ ქალობს, ეს აუცილებლად მამაკაცის ბრალია. როცა კაცს ლიდერობის ამბიცია გაქვს, ისე აიღე სადავეები, რომ ქალმა იქალოს შენ გვერდით. ჩემ გვერდით ჩემი ძმაკაცი ქალბატონები ქალობენ და, რატომ არ იქალებს ის, ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემ გვერდით იქნება?! ყველაფერი ხომ აღზრდიდან მოდის! მე და ჩემს ძმას დედამ ქალისადმი პატივისცემა, ასეთი დამოკიდებულებები აღზრდაში ჩაგვიდო. კაცს, რომელიც ქალს ხელს დაარტყამს, ვერ დამაჯარებ, რომ კარგი დედა ჰყავს.
– შენ როგორ ქალებს სცემ ყველაზე დიდ პატივს?
– მიყვარს ქალები, რომლებიც არასდროს გადადგამენ ისეთ ბრიყვულ ნაბიჯებს, რომ კაცი ჩააყენონ უხერხულ სიტუაციაში. მე მიყვარს ქალები, რომლებიც შვილების მომავალზე ფიქრობენ. სადაც ძალადობაა, მით უმეტეს, სადაც კაცი ცოლს ხელს ურტყამს, იქ ჯანსაღი ურთიერთობები დამთავრებულია. ამ შემთხვევაში, პირველად სწორედ, ქალი და შემდეგ შვილები ზარალდებიან, ან, შეიძლება, პირიქითაც ხდება.
– როგორ ქალზე გითქვამს „განა ყველა ქალი ქალია“?
– ისეთ ქალებზეც მითქვამს, რომლებზეც თავიდან ძალიან კარგი წარმოდგენა მქონია. ასეთები იყვნენ უახლოესი მეგობრები, რომლებიც საბოლოოდ აღმოჩნდნენ ყველაზე უღირსი და უთავმოყვარეო ქალები, რომლებსაც არც თავმოყვარეობა გააჩნიათ და არც სხვისი პატივისცემა, საკუთარი შვილების მომავალზე ხომ საერთოდ არ ფიქრობენ. თუმცა, მე ყოველთვის ვცდილობ, არ ჩავერიო სხვა ადამიანის ცხოვრებაში, უბრალოდ, ასეთ დროს ვქრები მათი ცხოვრებიდან, რადგან, არ მინდა, ირგვლივ უთავმოყვარეო ადამიანები მყავდეს.