როგორ აპირებს ისტორიის შეცვლას გიორგი კალანდაძე
აპრილიდან ტელეკომპანია „ჯიდიესი“ ახალ პროექტს იწყებს. გადაცემის იდეა მსახიობ გიორგი კალანდაძეს ეკუთვნის. მისი ანალოგი ქართულ ტელეარხებზე აქამდე არ გვინახავს და შესაბამისად, მოლოდინი და ინტერესი გაცილებით დიდია. პროექტი ისტორიულ ბედისწერაზე დაგვაფიქრებს – არის თუ არა ადამიანის ბედი განსაზღვრული, ცვლის თუ არა ის მსოფლიო ბედს და თუ ყოველი ჩვენი დღევანდელი ნაბიჯი ხვალინდელს განსაზღვრავს, რა იქნებოდა, ეს ნაბიჯი რომ არ, ან სხვანაირად გადაედგათ. ისტორიულ ლაბირინთებში გიორგი კალანდაძე პროფესიონალებთან ერთად გვატარებს.
გიორგი კალანდაძე: დიდი ხანია, მასკულტურულ ღონისძიებებში აღარ გამოვჩენილვარ. იყო ფილმი „ნაწილები“, ძალიან მაგარი ფილმი. სატელევიზიო პაუზა მქონდა. ნოემბრიდან დავიწყე „ჯიდიესზე“ მუშაობა და ვაკეთებ ჩემს საავტორო პროექტს. ამ პროექტს მე და ჩემი მეგობრები მთელ ჩვენს დროს, ენერგიასა და მონდომებას ვახარჯავთ. შუალედებში იყო სხვა პროექტებიც, მონაწილეობა მივიღე „პარადოქსის“ პირველ სეზონში, რომელიც სავარაუდოდ, გაგრძელდება. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროექტია და ძალიან მინდა, გაგრძელდეს.
– საკმაოდ ბევრი და საინტერესო პროექტის იდეა გქონდა, მაგრამ აქამდე, მათი განხორციელება ვერ შეძელი...
– საქართველოში რაც ადვილად იყიდება, მაყურებელსაც იმას სთავაზობენ. ტელევიზიებმაც ხშირად იციან, რა არის კარგი, მაგრამ ამაზე ბევრს აღარ ფიქრობენ. რა თქმა უნდა, ტელევიზიებში, როგორც ჩვენს, ისე კონკურენტ არხებზე საინტერესო პროექტებიც გადის, მაგრამ ძირითადად, ბიზნესი ბიზნესია და უნდა გაყიდო ის, რაც იყიდება. ანუ, შესაძლებელია, კარგი, ხარისხიანი პროექტი გააკეთო და მას მაყურებელი ჰყავდეს.
– რას ეხება შენი პროექტი?
– ეს არის გადაცემა ალტერნატიულ ისტორიაზე. გადაცემის სახელწოდება მუშაობის პროცესში მოვიფიქრეთ. მანამდე ერქვა – „რომ,“ ანუ რა იქნებოდა, რომ... ჩვენმა მთავარმა სცენარისტმა შემომთავაზა, სახელი შეგვეცვალა და დაგვერქვა „პეპლის ეფექტი“. პეპლის ეფექტი ამერიკელი მეტეოროლოგისა და მეცნიერის ედვარდ ნორტონ-ლორენცის თეორიის სახელია, რომელიც სამყაროში ქაოსს ეხება. რეალურად, სწორედ ამაზეა გადაცემა. ამ დროსა და სივრცეში მომხდარი ფაქტი როგორ ცვლის მომავალში მოვლენებს. ვფიქრობ, ეს სახელი ძალიან მოუხდა და მარკეტინგულადაც გამართლებულია.
– ნებისმიერი ნაბიჯი ცვლის ჩვენს მომავალს, შესაბამისად, ბედისწერა არ არსებობს?
– რაღაც დოზით, ეს გადაცემა ეწინააღდეგება იმ ფენომენს, რასაც ბედისწერა ჰქვია. გადაცემა აჩვენებს, რომ ჩვენი კონკრეტული საქციელი, სიტყვები, დღის განმავლობაში ჩადენილი ქმედებები განსაზღვრავს არა უახლოეს მომავალს, არამედ შორეულ პერსპექტივაშიც დიდი რეზონანსი აქვს. მჯერა, რომ ყოველდღიურად ვწერთ ჩვენს მომავალს. როგორც ყველა ადამიანი, ისევე მეც, ყოველთვის ვფიქრობდი და ვფიქრობ: რა გავაკეთე სწორად, სად შევცდი, როგორ მივიღე ის მომავალი, რაც დღეს მაქვს. ძალიან ყოფითი ფიქრებია. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ეს ყველასთვის საინტერესო თემაა, რადგან ჩემი, შენი და კიდევ სხვისი ბედი, ქმნის საერთო ბედს, რასაც ქვეყნისა და შემდეგ უკვე სამყაროს ბედი და ისტორია ჰქვია. მოკლედ, დავფიქრდი, დავწერე პროექტი, რომელიც ამ არხის მესვეურებს მოეწონათ და დავიწყეთ მუშაობა.
– როგორ აჩვენებ ამ ყველაფერს, გაცოცხლებულია გმირები, გადაღებულია სცენები?
– როდესაც პროექტი ტელევიზიაში მოვიტანე, ანუ მის ორიგინალ ვერსიაში, განსაზღრული იყო, რომ ნაჩვენები უნდა ყოფილიყო ისტორია როგორც მოხდა. მოხდებოდა მისი რეკონსტრუირება, აღდგენა და მხატვრულად გადაღება მსახიობებით, მასობრივი სცენებითა და მთელი ამბებით. ასევე, უნდა გადაგვეღო ალტერნატიული ისტორიაც. მაგრამ, ეს რამხელა ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული, ხომ წარმოგიდგენია?! თავიდან ვიფიქრე, ამით პროექტს არ ეზარალა, მაგრამ საერთოდ არ უზარალია. დოკუმენტური კადრებით იქნება აწყობილი – ისტორიული დოკუმენტალისტიკის სტილია გამოყენებული, პარალელურად, ამბავს ყვება ნარატორი და თითო ფილმში ორი რესპონდენტი საუბრობს. არავითარი განცდა არ იქნება იმისა, რომ გადაცემას გადაღებული კარდების გარეშე, რაიმე დააკლდა.
– რა არის გადაცემის პირველი თემა? მსოფლიო მოვლენა – მაგალითად, როგორიც ტარანტინომ „უსახელო ნაბიჭვრებში“ გააკეთა და ფილმი ჰიტლერის მკვლელობით დაასრულა?
– ტარანტინოს ძალიან მაგარი თემა აქვს არჩეული და გადასარევ ალტერნატიულ ისტორიას გვთავაზობს. ამით მთელ მსოფლიოს გული მოფხანა. ჩვენც რომ დავფიქრდით, რა უნდა ყოფილიყო პირველი გადაცემის თემა, ორი აზრი არ გაჩენილა იმის შესახებ, რომ ეს უნდა ყოფილიყო მეოცე საუკუნის ყველაზე მასშტაბური მოვლენა – მეორე მსოფლიო ომი.
– სტალინი მოკალით?
– სტალინის მკვლელობით ძალიან ცუდ რეალობას მივიღებდით სავარაუდოდ, რადგან ჰიტლერს ვერავინ დაუპირისპირდებოდა ისეთი მრისხანე ძალით, როგორც ეს სტალინმა გააკეთა...
– ესეც არავინ იცის, რადგან მაშინდელმა პროგრესულმა მსოფლიომ, ასე ვთქვათ, ერთმანეთზე მიუშვა ნაციზმი და კომუნიზმი და პროცესში მოგვიანებით ჩაერთო. რომ არა კომუნიზმი, ჰიტლერი შესაძლოა, მანამდე გაენადგურებინათ.
– ბრიტანეთმა, ამერიკამ, რუსეთმა და საფრანგეთმა კი არ მოიგეს – გერმანიამ წააგო. ყველამ ერთად უზარმაზარი საქმე გააკეთა, მაგრამ ჰიტლერს მაინც მოგებული ჰქონდა ომი, თავისი გენერლებისთვის რომ დაეჯერებინა. ზუსტად ისტორიის ამ მომენტში ვყოფთ გზას. ჰიტლერს რომ გენერლებისთვის დაეჯერებინა, ომი მოეგო და ნაცისტური მიზნები განეხორციელებინა. მაგრამ, საბედნიეროდ, ის მოიქცა ისე, როგორც მოიქცა და გადავრჩით იმ საშინელებას, რომელსაც „პეპლის ეფექტი“ გაჩვენებთ. ამ კონტექსტში საქართველოს ბედიც არის განხილული. მიჰყვები თოკს, რომელიც არავინ იცის, სად მიგიყვანს. ყველა ისტორიას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით. არ გვინდა, ნაბოდვარი იყოს. ყველაფერი სერიოზულად გვაქვს გაანალიზებული. ვსწავლობთ უამრავ მასალას, გვყავს კომპეტენტური რესპონდენტები. ეს არ არის „ჩვენ გვგონიაზე” აწყობილი გადაცემა. იყო დოკუმენტები, სადაც პირდაპირ ეწერა, თუ რას აპირებდა ჰიტლერი საბჭოთა კავშირის დამარცხების შემდეგ. ამ გადაცემაში ნახავთ, რამდენად სხვანაირი იქნებოდა სამყარო მოვლენები რომ ამგვარად განვითარებულიყო.
– გადაცემებს, ძირითადად, საქართველოს ჭრილში აკეთებთ?
– ყველას არა, მაგრამ, სადაც საქართველოს ფაქტორიც იკვეთება, იქ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ბედს განვიხილავთ. თუმცა, არის საქართველოს ისტორიის თემებიც. მაგალითად, მეორე გადაცემაში ვუშვებთ ვერსიას: „რომ არ მოგვეწერა ხელი გეორგიევსკის ტრაქტატისთვის“. ეს მოვლენა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში ძალიან დიდ რეზონანსს იწვევს. ჩვენი მხარის პოლიტიკა მთლიანად იცვლება.
– გექნებათ მაგალითად, ისეთი თემები, როდესაც ფაქტი ფართო მასისთვის უცნობია, მაგრამ მისი შედეგებია საყოველთაოდ ცნობილი?
– კი, რა თქმა უნდა. სწორედ მცირედი ცვლილებები – ერთი ადამიანის, ერთი დღის, ან ერთი წუთის განწყობით თუ ქმედებით, ზოგჯერ სამყაროს მომავალი იცვლება. „პეპლის ეფექტის“ თეორიაც ესაა: პეპლის ერთმა ფრთის აქნევამ სამყაროს ერთ წერტილში, შესაძლოა, მეორე წერტილში ცუნამი გამოიწვიოს. მილიონი ასეთი ფაქტია, რომელიც ყველამ არ იცის და არც არის ვალდებული, იცოდეს. მაგალითად, ეიფელის კოშკი რომ არ აეშენებინათ, სამყარო სხვანაირი იქნებოდა.
– ვიცი, რომ ისტორია ძალიან გიყვარს, მაგრამ ახლა შენი ცოდნა ალბათ, კიდევ უფრო გაღრმავდა.
– თან, ერთია, როცა გადაცემას აკეთებ ისტორიაზე და მეორე – არარეალურ ისტორიაზე. ეს კიდევ უფრო სხვა კატეგორიის პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, ეს მაინც ფანტასტიკაა, არ მომხდარა, მაგრამ უნდა იყოს გაანალიზებული და ძალიან ახლოს რეალობასთან.
– ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე ამ გადაცემით ხარ ძირითადად დაკავებული?
– ასეა. კიდევ არის ლაპარაკი ამავე არხზე სხვა პროექტში მუშაობაზე. კონკრეტულად, შესაძლოა, მოგევლინოთ შუადღის შოუს წამყვანად, მაგრამ ეს ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
– და ზრდით პატარა გოგონას.
– კი, რაც დრო გვრჩება, მე და ნათია (ნათია წიწილაშვილი, გიორგის ცოლი – ავტორი), მთლიანად ბავშვთან ვატარებთ. შაბათ-კვირას ხან ერთ ბებიასთან არის, ხან მეორესთან. ისინიც ძალიან გვეხმარებიან. ნათია დაუბრუნდა ფესვებს, ასე ვთქვათ, გიორგი ლიფონავასთან მუშაობს „ჩემი ცოლის დაქალებზე“. გადაჭარბება არ გამომივა, თუ ვიტყვი, რომ ეს დღესდღეობით, ყველაზე რეიტინგული სერიალი და სატელევიზიო პროექტია, რომელსაც, იმავდროულად, რეიტინგი სრულიად დამსახურებულად აქვს. თორემ ტელესივრცეში ბევრ ისეთ საშინელ პროექტს აქვს რეიტინგი, რაც ჩემთვის ამოუხსნელია.