კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ნაბიჯი სჭირდება ქალს არასერიოზული გადაწყვეტილების მისაღებად

შესაძლებელია თუ არა, არსებობდეს ჭეშმარიტი, წრფელი და უანგარო მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის? ერთი შეხედვით, რატომ  უნდა იყოს შეუძლებელი, მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით... რეალურად კი ეს ცეცხლისა და თივის მეგობრობას ჰგავს. ანუ, როგორც ხშირად ამბობენ, მეგობარ კაცს მეგობარი ქალი ისევე შეიძლება ანდო, როგორც მგელს კრავიო... თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, გამონაკლისები, ალბათ, არსებობენ და იარსებებენ კიდეც.

რა ხდება მაშინ, როცა ქალსა და მამაკაცს შორის არსებობდა მეგობრობა, ერთმაც და მეორემაც ბედი სხვას დაუკავშირა, მერე კი ისინი ისევ ბედმა თუ ერთმანეთისკენ ლტოლვამ ისევ დააახლოვა?..

 

ლალი (31 წლის): როგორი ადვილი ყოფილა ადამიანის დადანაშაულება იმაში, რაშიც ბრალი არ მიუძღვის. ზოგჯერ სრულიად გაუცნობიერებლად მივაწებებთ ხოლმე ვიღაცას ისეთ იარლიყს, რომელსაც საერთოდ არ იმსახურებს და არ ვფიქრობთ, ამით ვაშავებთ თუ არა. მაგრამ ამით ხომ ჩვენ თვითონვე ჩავდივართ დანაშაულს. მე ეს უკვე საკუთარი გამოცდილებით ვიცი. მტკივნეულად განვიცდი იმას, რასაც ჩემზე ლაპარაკობენ. არავის აინტერესებს, „რა“ და „როგორ“, მთავარია, – ენის მოსაფხანი და გასართობი იპოვეს. გამეცინებოდა ამ მორალისტებზე, მე რომ არ მეხებოდეს. რატომ არის მამაკაცი ყოველთვის მართალი და ხშირად დაჩაგრულიც? ქალს რატომ უყურებენ გამადიდებელი შუშით და უმოწმებენ ყველა ნაბიჯს?! მე სხვისი არაფერი მიმითვისებია. რაც მოხდა, ამისგან დაზღვეული არავინ არის. მოვლენათა ჯაჭვმა ლოგიკურ დასასრულამდე მიმიყვანა და არაფერს ვნანობ. უბრალოდ, მწყინს და მაბრაზებს ხალხის რეაქცია. რა მათი საქმეა, როგორ შევცვალე ჩემი ცხოვრება? მე ეს არ დამიგეგმავს, ბუნებრივად მოხდა ყველაფერი...

– თქვენი ბავშვობის მეგობრის საყვარელი გახდით...

– დროებით საყვარელი გავხდი. ჩვენს ურთიერთობას აუცილებლად მივცემთ ოფიციალურ სახეს. ხომ გითხარით, ეს წინასწარ განზრახული არ მქონია. მყავდა მეგობარი და მტკიცედ მჯეროდა, რომ ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა არსებობს. საკმაოდ დიდხანს ვიყავი დარწმუნებული...

– ორმხრივი იყო ასეთი დამოკიდებულება? ანუ, იმის თქმა მინდა, რომ, ისიც გულწრფელი იყო ამ ურთიერთობაში?

– ვხვდები, რასაც გულისხმობთ. სადღაც მეც წავიკითხე, რომ ასეთ ურთიერთობაში ერთი ყოველთვის მეტის მოლოდინით ცხოვრობს. თქვენ მეკითხებით, ის ხომ არ ცხოვრობდა მეტის მოლოდინით? არ ვიცი, გამორიცხული არაფერია. თუმცა, მანამდე, სანამ სიტუაცია ბუნებრივად არ მომწიფდა, ეჭვი არ გამჩენია. ყოველთვის გულწრფელად ზრუნავდა ჩემზე, მივლიდა და მიფრთხილდებოდა. ჩემი თანაკლასელი იყო და სკოლაში ნამდვილი მცველი მყავდა. მახსოვს, მეცხრე კლასში ფეხი მოვიტეხე და ზურგზე მოკიდებული დავყავდი სკოლაში.

– სხვას მაინც არ უთქვამს, რომ, შეიძლებოდა, მას ჰყვარებოდით?

– როგორ არა. ხომ იცით, ასეთ დროს როგორც ხდება ხოლმე. თუ გოგოს და ბიჭს რამდენჯერმე ერთად შეამჩნევენ, ეგრევე კუდებს გამოაბამენ, თუმცა, ჩვენზე მალევე მიხვდნენ, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა და სრულიად სხვა შემთხვევა იყო. ეტყობა, უცხო თვალმაც აღიქვა ის, რომ ერთმანეთს განსაკუთრებულად ვექცეოდით.

– იქნებ, ის არ იმჩნევდა, რომ უყვარდით...

– რა გინდათ, რომ მათქმევინოთ? მე ვხვდებოდი, მას რომ ვუყვარდი და თავს ვიკატუნებდი, სანამ მე თვითონ არ დამჭირდა ამ გრძნობის გააქტიურება? მართლა არ იყო ასე. სხვანაირად მე ვერ შევძლებდი მასთან, როგორც ჩემს საუკეთესო მეგობართან, უსაზღვრო გულახდილობას. აბსოლუტურად ყველაფერს ვუყვებოდი, ყველა წვრილმანზე მასთან გავრბოდი რჩევის საკითხავად. ვერ წარმოიდგენთ, როგორ კომფორტს მიქმნიდა. არავის შეეძლო, მასზე უკეთ გაეგო ჩემთვის. ნებისმიერ თემაზე შემეძლო მელაპარაკა და იმასაც ყველაფერი ესმოდა. იცით, კიდევ რა მინდა, გითხრათ? სექსი და ინტიმი ყველაფერი არ არის. როცა ჩამიხუტებდა, ხელებს შემომხვევდა და მკერდზე მაგრად მიმიკრავდა, თითქოს თავიდან ვიბადებოდი. საკუთარი თავის ისეთი რწმენით ვივსებოდი, რომ მეორე დღეს იმედიანად და ხალისით ვიწყებდი. ბევრჯერ გამოვუყვანივარ დეპრესიიდან. ადამიანებს ასეთი ურთიერთობა უფრო გვჭირდება, დამიჯერეთ. ამის პრაქტიკული გამოცდილება უკვე მაქვს. მყავდა ადამიანი, თითქოს ვირეოდით და ჭკუას ვკარგავდით ერთმანეთზე, თუმცა ამ ურთიერთობისგან ტკივილი უფრო მეტი მივიღე.

– ქმარს გულისხმობთ?

– დიახ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სწორედ ის ადამიანი იყო, რომელიც მე მჭირდებოდა. ვეღარ ვიცოცხლებ, თუ ამასთან არ ვიქნები-მეთქი, ასე მეგონა. არც დავფიქრებულვარ, ისე ჩამოვეკიდე კისერზე.

– თქვენს მეგობარს თუ მოუყევით მის შესახებ?

– დიახ, რა თქმა უნდა. ვუყვებოდი აბსოლუტურად ყველაფერს და ძალიან ბევრს. ყოველი პაემნის შემდეგ მივრბოდი მასთან და დეტალურად განვიხილავდი, რას ვგრძნობდი. რამდენჯერმე ვუთხარი, ფიზიკურად მინდა ეს ადამიანი, თითქოს სხეული მთხოვს მასთან სიახლოვეს-მეთქი.

– რას გეუბნებოდათ?

– თითქმის არაფერს. თავზე მისვამდა ხელს და მეფერებოდა. თუ მაშინ უკვე ვუყვარდი, გაოგნებული ვარ, როგორ გაუძლო ამ ყველაფერს. ახლა ამ თემაზე არ ვლაპარაკობ მასთან. ტაბუდადებული თემაა.

– ტაბუდადებული თემები გაგიჩნდათ?

– მე ასე არ ვფიქრობ და არც ტრაგედიად აღვიქვამ, ტრაგედია ის იყო, რაც ჩემსა და ჩემს ქმარს შორის ხდებოდა. ფიზიკური ლტოლვა არ აღმოჩნდა ხანგრძლივი. ძალიან მალე მივხვდი, რომ ერთმანეთთან თითქმის არაფერი გვაკავშირებდა. იცით, როგორ მჭირდებოდა მისი ყურადღება? დაცინვით მეუბნებოდა, თუ ჩემი ყურადღება გინდა, ტანზე უნდა გაიხადოო. თავიდან არ მაღიზიანებდა ეს ამბავი, მერე ნელ-ნელა ძალიან ვბრაზდებოდი. არ ვიცი, ყველა ქალი ჩემსავით საჭიროებს თუ არა სითბოსა და ადამიანურ ყურადღებას. შეიძლება, ჩემი მეგობრისგან ვიყავი ამას შეჩვეული და, ქმართან რომ ვერ ვიპოვე, ძალიან „დავიგრუზე“. მართლა ძალიან ცუდად ვიყავი, გეფიცებით.

– მეგობარს გათხოვების მერე აღარ ხვდებოდით?

– ვეღარ, თუმცა, მალე გამიჩნდა მასთან სიახლოვის, ურთიერთობის დეფიციტი. აქეთ-იქით ვაწყდებოდი. ჩემს ქმარს რომ შეევსო ეს სიცარიელე, მაშინ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ, კედელივით შეუვალი დარჩა.

– ანუ, ეუბნებოდით, რა გჭირდებოდათ და ვერ გიგებდათ?

– უფრო მგონია, რომ არ მიგებდა. არ ვიტყვი იმას, რომ არ უნდოდა გაგება, უბრალოდ, შეიძლება, მეტი არ იცოდა. სხვანაირი ადამიანი იყო. ჩვეულებრივი კაცი – მოდი, ასე ვთქვათ.

– ჩვეულებრივი კაცები უგრძნობები და უგულოები არიან?

– მგონი, კი. უმეტესობა ასეთია – წარმოდგენა არა აქვთ, ქალს რა სჭირდება. მეტსაც გეტყვით – ლამის მთლიანად კაცზეა დამოკიდებული, როგორი ხასიათი ჩამოუყალიბდება ქალს ოჯახში. ბევრ მამაკაცს იცნობთ ისეთს, რომელიც  ცოლის მიმართ თბილი, ყურადღებიანი და ალერსიანია? მე თითქმის არ ვიცნობ, გარდა იმ ერთისა, რომლის გარეშეც ცხოვრება უკვე ვეღარ წარმომიდგენია.

– თქვენს მეგობარს გულისხმობთ?

– დიახ. როცა სიცარიელემ და უყურადღებობამ ქმრის მხრიდან ლამის გამაგიჟა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი სექსი გვქონდა, სისუსტემ მძლია, მივედი ჩემს მეგობართან და მკლავებში ავუტირდი. როცა თავი ავწიე და შევხედე, გავოგნდი – თვალები ისევ უელავდა, ვერ ვიცანი. იცით, მის სახეზე რა ამოვიკითხე? სინანული! სინანული იმის გამო, რომ ვიღაცას დაუთმო ჩემი თავი, თუმცა, სიტყვით ეს არ უთქვამს.

ელემენტარული სითბო აღმოჩნდა საკმარისი, რომ მე არასერიოზული ნაბიჯი გადამედგა. უცებ სულ სხვანაირად დავინახე ჩემი მეგობარი. პირველად აღვიქვი ის როგორც მამაკაცი. მისი ფიზიკური სილამაზეც მაშინ დავინახე. ხომ ვთქვი, რომ ქმართან კარგი სექსი მქონდა, მაგრამ, ის, რაც ჩემს მეგობართან ვიგრძენი, რაღაც გაცილებით მეტი იყო, წარმოუდგენელი და გამაოგნებელი. სულით ხორცამდე შემძრა და მთლიანად ამოაყირავა ჩემი წარმოდგენა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე. მე კი არა, ნებისმიერი ქალი აღმოჩნდებოდა უძლური იმ სითბოს წინაშე, რომელსაც ის გამოასხივებდა. მეც არ აღმოვჩნდი რკინის...

– ახლა ისევ ქმართან ცხოვრობთ და, პარალელურად, მეგობართანაც გაქვთ ურთიერთობა?

– ამ მომენტისთვის ასეა, მაგრამ, დროებით. მე ჩემს ქმარს ყველაფერს ვეტყვი და წავალ მისგან. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მიზეზს, თუ რისთვის ვტოვებ, ვერ გაიგებს, გამორიცხულია. ეს რომ ესმოდეს, მაშინ ხომ პრობლემაც არ შეგვექმნებოდა.

– თქვენი მეგობარი არ ნანობს, რომ სხვაზე გათხოვებაში ხელი არ შეგიშალათ?

– მგონი, არა. იმიტომ რომ, ერთხელ წამოსცდა, შენ ახლა სრულფასოვანი, გამოცდილებამიღებული ქალი ხარ და ძალიან ბევრ რამეს უკეთ შეაფასებო. ყამირის გატეხა აღარ მომიწევსო. შეუძლებელია ამ ადამიანთან ერთი საათი გაჩერდე და ვერ მიხვდე, როგორი დადებითია. საოცრად ყურადღებიანია და მის გვერდით თავს უბედნიერეს ქალად ვგრძნობ. ყოველთვის ზუსტად ხვდება ჩემს განწყობას. ვაინტერესებ, როგორც პიროვნება და, რაც მთავარია, ხშირ-ხშირად და მაგრად მიხუტებს.

 

скачать dle 11.3