როგორ გამოიყენა „ბერკლის“ დიდ დარბაზში თავის კონცერტზე ჩონგური გიორგი მიქაძემ და რატომ დაავალეს მას მნიშვნელოვანი ცერემონიალების სამხატვრო ხელმძღვანელობა
ნიჭიერი პიანისტი, კომპოზიტორი გიორგი მიქაძე, რომელიც 2010 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, „ბერკლის მუსიკალური კოლეჯის“ ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია. რაც მთავარია, ამ ოთხი წლის განმავლობაში მან არაერთ სერიოზულ წარმატებას მიაღწია, რომელთა შესახებ თავად გვესაუბრება.
გიორგი მიქაძე: ჩემთვის „ბერკლიში“ გატარებული წლები ძალიან საინტერესო იყო, თუმცა, განსაკუთრებულად მაინც ეს ბოლო წელია დატვირთული. ცოტა ხნის წინ „ბერკლიში“ მუშაობა დაიწყო ბიონსეს ყოფილმა საქსოფონისტმა და მისი ბენდის ლიდერმა, ახლა უკვე ესპერანსა სპელდინგის ბენდ-ლიდერმა, ტია ფულერმა. ძალიან ცნობილი და, რაც მთავარია, ძლიერი მუსიკოსია, სერიოზული გამოცდილებით. ამიტომაც მიიწვია „ბერკლიმ” ის სამუშაოდ და რამდენიმე ანსამბლი მისცეს. თან, ასწავლის და თან კონცერტებს ატარებს. 5 000 კაციდან საუკეთესოები უნდა აეყვანა. დავუკარი, მოვეწონე და ამიყვანა თავის ინსტრუმენტულ ანსამბლში, რომელშიც სულ ხუთი კაცი ვართ და რომელიც „ბერკლის“ ბაზაზეა დაფუძნებული. მას, სხვა ანსამბლებისგან განსხვავებით, ის უპირატესობა აქვს, რომ კონცერტებს ვატარებთ სხვადასხვა ადგილებში, ტიას მუსიკას ვუკრავთ მასთან ერთად. ტია ყველანაირად ცდილობს, დაგვეხმაროს კარიერის გაკეთებაში. თან, როცა ამთავრებ კოლეჯს, მაშინ უფრო მეტად გჭირდება კონტაქტები, რადგან, მე აქ პრეზიდენტებისა და სხვა ადამიანების მხარდაჭერით არ ჩამოვსულვარ და ნელ-ნელა მარტომ გავაკეთე ყველაფერი. მართლაც დიდი ამბები მოხდა ჩემს ცხოვრებაში. დღემდე არ მიჭირს ამის დაჯერება, როდესაც კოლეჯის პრეზიდენტი დიდი პროექტების გაკეთებას მავალებს. მე მხოლოდ „ბერკლის“ სტუდენტის სტატუსი არ მაქვს. როდესაც ვიცე-პრეზიდენტების შეხვედრებია, მეძახიან და აინტერესებთ ჩემი, როგორც სტუდენტის აზრი ამა თუ იმ საკითხზე...
ახალხან, ანუ 10 მარტს, ნიუ-იორკში, Smoke Jazz Club-ში ტია ფულერთან ერთად გვქონდა კონცერტი – ეს ჩვენთვის უკვე მეორე გასვლითი კონცერტი იყო. პირველი ნიუ-ჯერსიში გვქონდა და ძალიან წარმატებულად ჩაიარა. თუმცა, ეს მეორე კონცერტი უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან, Smoke Jazz Club ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ცნობილი კლუბია. საბოლოოდ, ამ კონცერტმაც ძალიან კარგად ჩაიარა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონცერტზე მოვიდა 88 წლის ჯორჯ ვეინი, დიდი ჯაზ-იმპრესარიო, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი ფაქტი იყო. რაც მთავარია, მივიღე შემოთავაზება, რომ მომავალში ამ კლუბში წარვდგე უკვე ჩემს ბენდთან ერთად. ზოგადად, ზაფხულში „ბერკლიდან“ ძალიან ბევრი კონცერტი იგეგმება, თუმცა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია 9 მაისის კონცერტი, რომელიც Smoke Jazz Club-ში ჩატარდება.
– წარმატებებს გისურვებ! ახლა მინდა, ცოტა უკან, ახლო წარსულში გადავინაცვლოთ, სადაც შენს კარიერაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.
– 18 თებერვალს „ბერკლის“ მთავარ დარბაზში ჩემი კონცერტი ჩატარდა, რაც მართლაც ძალიან დიდი მოვლენა იყო. მთავარ დარბაზში კონცერტის ჩატარების უფლებას წელიწადში სამ-ოთხ სტუდენტს აძლევენ, ამისთვის კი შენი ჩანაწერები უნდა წარადგინო. მანამდე „ბერკლის“ პატარა დარბაზებში არაერთი კონცერტი მქონდა ჩატარებული. ასე რომ, დავრეგისტრირდი და მომცეს მთავარი დარბაზი. ჩემდა გასაოცრად, მთელი დარბაზი გაივსო. ჩემი ერთი მეგობარი დამეხმარა პიარში, რომელიც მუსიკალური ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს. კონცერტს დაესწრნენ ვიცე-პრეზიდენტები, გარდა ამისა, მომცეს ბევრი ისეთი უფლება, რასაც სტუდენტებს არ აძლევენ. ერთსაათიანი კონცერტი იყო. პირველ ნაწილში შევასრულე ჩემი კომპოზიციები, რომლებიც ქართული კილოკავიდან მომდინარეობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ დარბაზში პირველად გაჟღერდა ქართული ინსტრუმენტი – ჩონგური. ჩემს ერთ ქართველ მეგობარს ჰქონდა ჩონგური სახლში, ვირჯინიაში, იქიდან წამოვიღეთ და მივეცი ჩემს ირანელ მეგობარს, რომელიც „ბერკლიში“ სწავლობს, გიტარისტია. კონცერტამდე სამი დღე იყო დარჩენილი და ამ სამ დღეში ისწავლა ჩემი კომპოზიცია, რომელსაც ჰქვია Georgian Shepeherd და რომელშიც იყო ქართული მთის კილო და აფრიკული რიტმები. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, კარგად მიიღეს. ეს ბიჭი ამბობდა მერე: ისეთი კარგი ინსტრუმენტია, ისეთი კარგი ხმა აქვს, ჩემი ხელით უნდა გამოვთალოო. ეს ჩემი ექსპერიმენტი იყო, მაინტერესებდა, როგორი ჟღერადობა ექნებოდა და ვფიქრობ, გაამართლა. პირადად მეც, ბოლო დროს, განსაკუთრებული სიამოვნებით ვუსმენ ქართულ ფოლკლორს. ჯაზს, კლასიკურ მუსიკას ვუსმენ, მაგრამ, იმ დოზით არა, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ქართული ფოლკროლი ისედაც ჩემს სისხლშია, მაგრამ ახლა ვცდილობ, ყველაფერს თეორიულად მივუდგე, დასკვნები გავაკეთო და შემდეგ ქართული იდეით, ისტორიით შევქმნა ჩემი კომპოზიციები. ეს მუსიკა, ეს ჟღერადობა, თუნდაც ის, რომ ინსტრუმენტის შიგნით ვუკრავ და ვცდილობ ჩონგურის ან ფანდურის ჟღერადობა მივცე, მათთვის ეგზოტიკურია, მოსწონთ, აინტერესებთ. მე ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, გავაკეთე აფხაზური კომპოზიცია „აზამატ”, რომელზეც ჩემმა მეგობარმა რეპი დაწერა. ნახა აფხაზეთის ომის შესახებ ყველაფერი და ძალიან საინტერესო ტექსტი გამოუვიდა. თან ჩონგური, თან აფხაზეთის თემა, ამერიკული არემბი, ძალიან მაგარი დრამერი – მოკლედ, ნახავთ, ძალიან კარგი გამოვიდა. კონცერტზეც ვთქვი და ახლაც აღვნიშნავ, რომ ჩემს კონცერტში „ბერკლის” ვარსკვლავებმა მიიღეს მონაწილეობა. აბსოლუტურად ყველა, ვინც ჩემთან ერთად უკრავდა, ტოპ-შემსრულებელია, ბერკლის საუკეთესო სტუდენტები არიან და მიხარია, რომ ასეთი კარგი, ნიჭიერი პლეადა მოდის. ისინი თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან და მუსიკალურ სამყაროში ძვრებს მოახდენენ.
– იმედი მაქვს, შენც მათ რიცხვში იქნები.
– ამ ყველაფერს ბევრი შრომა, სწორად დაგეგმვა სჭირდება, ამიტომაც, საკუთარი თავისთვის ნაკლებად მრჩება დრო. ძალიან მიხარია, რომ დეკემბერში საქართველოში მქონდა კონცერტი, რომელსაც ბევრი მუსიკოსი დაესწრო. რაც მთავარია, კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ჩატარდა, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ, ისევე, როგორც განათლების სამინისტროსი. რომ არა განათლების სამინისტროს გვერდში დგომა, „ბერკლის“ ნამდვილად ვერ დავამთავრებდი. ჩემი მხრივ, მეც ბევრი ვიშრომე და „ბერკლიში“ ჩემი სიტყვა ვთქვი. „ბერკლის“ პრეზიდენტი ჯორჯიის შტატიდან არის და, როდესაც ჩემს სახელს აცხადებს, ყოველთვის ამბობს: გიორგი მიქაძე, ჯორჯიიდან, ოღონდ, არა ჩემი ჯორჯიიდან, არამედ, ნამდვილი ჯორჯიიდანო. ახალხან „ბერკლის“ მთავარი შენობის გახსნა იყო, სადაც ბოსტონის მერი მოიწვიეს. რა თქმა უნდა, იქ არ იყვნენ „ბერკლის“ სტუდენტები, იყვნენ „ჰარვარდის“, სხვადასხვა უნივერსიტეტის პრეზიდენტები, ნიუ-იორკიდან, სხვა შტატებიდან ჩამოსული სტუმრები და მე ვუკრავდი ამ ცერემონიალზე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო.
– 2013 წლის ივნისში, ბოსტონის BPC დარბაზში, მსოფლიოში აღიარებული ქორეოგრაფიული დასის – Riverdance-ის კომპოზიტორ ბილ ვილანთან და „ბერკლის“ სტუდენტურ ორკესტრთან ერთად შეასრულე კომპოზიტორის კინო და თეატრალური მუსიკა. მომიყევი ამის შესახებ.
– სიმართლე რომ გითხრა, ბილ ვილანის სახელი და გვარი საერთოდ არ ვიცოდი, სამაგიეროდ, ვიცოდი „რივერდანსი“, რომელიც საქართველოში საკმაოდ პოპულარული იყო. როდესაც მითხრეს, ბილ ვილანი ჩამოდისო, თან, მისი მუსიკა გამომიგზავნეს, რა თქმა უნდა, მოვუსმინე და გავგიჟდი: ის მუსიკა, რომელსაც წლების წინ საქართველოში ვუსმენდი, ამ ადამიანთან ერთად უნდა დამეკრა. საკმაოდ წარმატებული კონცერტი გამოვიდა, კინო და თეატრალური მუსიკა შევასრულეთ. დავმეგობრდით, საკუთარი სიდის ჩაწერაზეც დამპატიჟა და მის ჩაწერაშიც მივიღე მონაწილეობა. სხვათა შორის, 2013 წლის 12 აპრილს, ნიუ-იორკში, შოუ-ბიზნესისა და კინოწარმოების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ხმის ჩამწერ სტუდია Avatar Studios-ში, ჩემს მეგობართან ერთად ჩავწერე დონი ჰეთევეის ცნობილი კომპოზიცია A Song For You. ანუ, სტუდიური გამოცდილება უკვე მაქვს, სხვადასხვა შემსრულებელთან ერთად უკვე ჩავწერე სხვადასხვა კომპოზიცია.
– 2013 წლის 25 თებერვალს „ბერკლის“ მუსიკალური კოლეჯის სიახლეების გვერდზე დაგასახელეს „ბერკლის“ ერთ-ერთ წარმატებულ სტუდენტად. 2013 წლის 27 აპრილს კი გაიმარჯვე კონკურსში და მიიღე პრიზი, როგორც ბერკლის მუსიკალური კოლეჯის საუკეთესო ჯაზ-შემსრულებელმა.
– იმისთვის, რომ წარმატებულ სტუდენტად დაგასახელონ, მნიშვნელოვანია შენი აქტივობები – როგორ სწავლობ, რა ნიშნები და დამსახურებები გაქვს. იმ სემესტრში ისე მოხდა, რომ ყველაფერში „ეი“ მივიღე და, როგორც იმ სემესტრში წარჩინებულ სტუდნეტზე, ჩემზეც დადეს ინფორმაცია. ყოველი წლის გაზაფხულზე აცხადებენ საუკეთესო სტუდენტებს და იმ წელს მე დამასახელეს „ბერკლის“ ერთ-ერთ საუკეთესო ჯაზ-პიანისტად, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 2013 წელს გავიარე სამტურიანი კონკურსი და მივიღე ბერკლის მუსიკალური კოლეჯის Emanuel Zambeli-ის სახელობის სტიპენდია და ვინც ამ კონკურსში გაიმარჯვებდა, იმას უნდა დაეკრა კლასიკური მუსიკის კონცერტი. ისე მოხდა, რომ წინა დღეს ჯაზის კონცერ-ტი მქონდა, მეორე დღეს კი – კლასიკური მუსიკის, გაგიჟდა ხალხი. შარშან ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იყო ის, რომ ჩემით დავრეგისტრირდი და გავგზავნე ჩანაწერები ვაშინგტონში, ჯონ კენედის სახელობის მუსიკალურ ცენტრში. ეს იყო ორკვირიანი პროგრამა ვცხოვრობდით კენედის ცენტრში, გვქონდა მასტერკლასები და ვუკრავდით სერიოზულ მუსიკოსებთან ერთად. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. ზოგადად, 2013 წელი ძალიან დატვირთული და წარმატებული გამოდგა. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება გამოდგა. ის, რომ ჩემი ინიციატივით „ბერკლიმ“ განახორციელა გრანდიოზული პროექტი, რომელიც მიეძღვნა თანამედროვე მუსიკის უდიდესი ავტორიტეტის, კომპოზიტორის, დირიჟორის, პროდიუსერის, არანჟირებების ავტორისა და 27 „გრემის“ მფლობელის, ქვინსი ჯონსის 80 წლის იუბილეს. „ბერკლის” პრეზიდენტთან მივედი, შევთავაზე ეს იდეა და დამთანხმდა. იმდენად გამიმართლა, რომ ამ კონცერტის სამხატვრო ხელმძღვანელადაც დამნიშნეს. რაც მთავარია, კონცერტზე მოვიწვიეთ ორი დიდი ვარსკვლავი: Siedah Garrett da Patti Austin. „ბერკლიმ“ ატვირთა კიდეც კონცერტის ვიდეო და სამი ინტერვიუ – ჩემი, საიდა გარეტისა და პეტი ოსტინის. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლო საქმე იყო და, რაც მთავარია, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე შოუ-ბიზნესთან დაკავშირებით, ანუ, როგორი მუსიკალური ხელმძღვანელი უნდა იყო. თან, ქვინსი ჯონსი ძალიან მიყვარს, დიდი მუსიკოსია. ყველაზე მეტად ორ ადამიანზე ვგიჟდები, ესენი არიან ქვინსი ჯონსი და ჰერბი ჰენკოკი – ჩემი ეტალონები, რომლებმაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს კარგი, სერიოზული მუსიკით და, რაც მთავარია, თავიანთი ეპოქა შექმნეს. ძალიან მინდოდა, ქვინსი ჯონსს შევხვედროდი, მაგრამ, ვერ შეძლო ჩამოსვლა. სხვათა შორის, მაქვს იმის ბედნიერება, რომ ჰარვარდში დავესწრო ჰერბი ჰენკოკის ლექციებს. გარდა იმისა, რომ ასეთი დიდი მუსიკოსია, ძალიან დიდი ჰუმანისტი და კარგი ადამიანია. ამბობს ხოლმე: „მე ვარ ჰერბი ჰენკოკი, მე ვარ მამა, ძმა, მუსიკოსი და მე ვარ ადამიანი.” დღეს რა მუსიკაც იქმნება, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერს აქვს ჰერბი ჰენკოკის გავლენა.
სხვათა შორის, სექტემბერში, როდესაც „ბერკლიში“ სწავლა იწყება, იმართება გახსნის ცერემონიალი „ბერკლის“ ახალი სტუდენტებისთვის და შესაბამისად, მათთვის დიდი კონცერტიც იმართება. მე დამავალეს ამ კონცერტის ორგანიზება. მომცეს 20 წუთი, რომელიც უნდა დამეგეგმა. მოკლედ, დავუკარით სხვადასხვა კომპოზიცია, ბოლოს კი – ჰიპ-ჰოპი. არ იცი, რა ხდებოდა. ძალიან დიდი და სერიოზული შოუ გამოვიდა. ამ მხრივაც სერიოზული გამოცდილება მივიღე. ერთი რამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ამერიკაში ორ კურდღელს კი არა, რვა კურდღელს დაიჭერ ერთად, ამის საშუალება ნამდვილად არის. შესაბამისად, ის სტერეოტიპი, რომ ორ კურდღელს ერთად ვერ დაიჭერ, უკვე დანგრეულია.
– ვიცი, რომ მონაწილეობდი ბოსტონის ფესტივალზე BeanTown Jazz Festival 2013-ზე...
– ამ ფესტივალს „ბერკლი” ატარებს და მეც შემომთავაზეს, რომ დამეკრა. შემდეგ მომივიდა ასეთი წერილი: გიორგი, ხომ არ გაქვს სურვილი, რომ ამ ფესტივალზე დაუკრა Meshell Ndegeocello-სთან ერთადო. მეშელი „გრემზე“ ათჯერ არის ნომინირებული, ძალიან დიდი მუსიკოსია, ბასისტი. ჩემს მეგობრებს რომ ვუთხარი, მასთან ერთად უნდა დამეკრა, გადაირივნენ – მასთან ერთად დაკვრაზე ვოცნებობთო. მქონდა საშუალება, რომ კარგად გამეცნო, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მუსიკალურად ძალიან განათლებულია და ამან კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა. მოკლედ, მასთან ერთად დავუკარი. რაც მთავარია, ამ ფესტივალზე სამ კონცერტში დავუკარი: ერთი იყო ჩემი კონცერტი, მეორე – მეშელთან ერთად, ხოლო მესამე დავუკარი „მიკროტონალური“ მუსიკა ძალიან ცნობილ გიტარისტთან, David Fiuczynski-სთან ერთად, რომელიც ადრე მეშელის გიტარისტი და ასევე, ჩემი პედაგოგი იყო.
– რა გეგმები გაქვს ახლო მომავალში?
– „ბერკლის“ კურსდამთავრებულების ცერემონიალის წინა დღეს დიდი კონცერტი იმართება ხოლმე, რომელსაც ესწრება რვა ათასი ადამიანი. ამ კონცერტს 20 წუთი მე ვუხელმძღვანელებ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. ეს გულისხმობს: პარტიტურების დაწერას, მუსიკოსების მოძებნას. რაც მთავარია, ყველა კურსდამთავრებული იქნება. და ერთი ჭორი, რომელიც გავიგე, არის ის, რომ ჯიმი პეიჯი, რომელიც „ლედ ზეპელინის“ გიტარისტი იყო, აპირებს ჩამოსვლას. არ ვიცი, დაუკრავს თუ არა, მაგრამ, თუ დაუკრავს, მასთან ერთად მეც აუცილებლად დავუკრავ.