კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მძახალმა ყველაფრისთვის ბოდიში მომიხადა

ჩემი ქალიშვილი სიყვარულით გათხოვდა 18 წლის ასაკში. ქმარი ათი წლით იყო უფროსი და რომელიღაც საწარმოში ინჟინრად მუშაობდა. უკვე ის პერიოდი იყო, ყველას რომ გაუჭირდა და ჩემი სიძის ოჯახიც მხოლოდ ხელფასზე იყო დამოკიდებული. მართალია, თვითონაც ჰქონდა სამსახური და მშობლებსაც, მაგრამ, ალბათ, გახსოვთ, რომ მაშინ ხელფასს სამ-ოთხ თვეში ერთხელ არიგებდნენ და ისიც არასრულად და, ამიტომ, ჩემს მძახლებს მაინცდამაინც არ ულხინდათ. მართალია, ერთ დროს ძლიერი ოჯახი იყო, თუმცა, ბევრი აღარაფერი ჰქონდათ დარჩენილი. პრაქტიკულად, ერთი ბინაღა შერჩათ, რომელიც მეორე ვაჟისთვისაც უნდა გაეყოთ და თვითონაც ხომ სჭირდებოდათ, თავზე ჭერი.

შეიძლება, ვინმემ გამამტყუნოს, ამას რომ ვწერ, მაგრამ, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და ისე განმსაჯოს. ნამდვილად არ მინდოდა, ჩემი ლამაზი და ნიჭიერი გოგო გაჭირვებულ კაცზე გამეთხოვებინა, მით უმეტეს, 18 წლის ასაკში. გაჭირვებას თავი დავანებოთ, მაშინ (ერთეულების გარდა) არავის გადასდიოდა თავზე, მაგრამ, მე უფრო სხვა რამე მაღელვებდა – ჩემი სასიძოს უშფოთველობა და უმოქმედობა. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, საერთოდ არ ცდილობდა, რომ რამე სხვა საქმისთვისაც მოეკიდა ხელი, რომ ოჯახს დამატებითი შემოსავალი ჰქონოდა; ისიც აკმაყოფილებდა, რაც ჰქონდა და არ ზრუნავდა იმაზე, რომ ოდნავ გაეუმჯობესებინა თუნდაც პირადად თავისი მდგომარეობა. ძმა უფრო აქტიური ჰყავდა. გამოსდიოდა თუ არ გამოსდიოდა, სულ რაღაცას ჩალიჩობდა, მოძრაობდა, ეს კი დილით მიდიოდა სამსახურში, საღამოს ბრუნდებოდა სახლში და თვეობით ელოდებოდა იმ ორ კაპიკს, პირობითად რომ ერქვა ხელფასი. სხვათა შორის, მშობლებიც ასეთები ჰყავდა და თავიანთ საქციელს პატიოსნებით ამართლებდნენ. ახლა ფული მარტო გაიძვერებსა და ნაძირლებს აქვთო, – მითხრა ერთხელ, – ჩვენ კი პატიოსნებაში გავლიეთ ჩვენი ცხოვრება და წესიერი შვილები გავზარდეთო. მაგრამ, თურმე, მარტო ის არ ყოფილა წესიერება, როცა სხვას არ მოჰპარავ ან წაართმევ.

ჩემი და ჩემი ქმრის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩემი გოგო მაინც გაჰყვა ვაჟას და ინსტიტუტიც მიატოვა, ცეკვაც და სიმღერაც. ერთ-ერთ სახელმწიფო ანსამბლში იყო სოლისტი, თან, ძალიან კარგად მღეროდა და გოგონათა ვოკალური კვარტეტის წევრიც იყო და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, ისე გააგიჟა და დააბრმავა სიყვარულმა, სხვა აღარავინ და აღარაფერი ახსოვდა.

რადგან მაინც გათხოვდა, ვეხვეწებოდი, ერთი-ორი წელი შვილს ნუ გააჩენთ, ერთმანეთს შეეჩვიეთ, ცოტა ფეხზეც დადექით და შვილებზე მერე იფიქრეთ-მეთქი, მაგრამ ამაშიც არ დამიჯერა და ზუსტად ორი წლის შემდეგ უკვე ორი ბიჭის დედა იყო. ცხადია, გაუჭირდათ, მით უმეტეს, რომ ვაჟას ძმამაც მოიყვანა ცოლი და ყველა ერთ ბინაში ცხოვრობდა. ჩვენ კი ვეხმარებოდით, მაგრამ, რამდენი უნდა მიგვეტანა, ამდენ სულს რომ ჰყოფნოდა. ხომ არ ვეტყოდი, მარტო ჩემმა შვილმა და შვილიშვილებმა ჭამონ-მეთქი. გარდა ამისა, საჭმლის გარდა რამდენი ხარჯი აქვს ბავშვებიან ოჯახს, მოგეხსენებათ. ვეხვეწე ჩემს სიძეს, ჩვენთან გადმოდით დროებით-მეთქი, მაგრამ, კატეგორიული უარი მითხრა.

მერე დადგა პერიოდი, რომ კატასტროფულად გაუჭირდათ. მე და ჩემი ქმარი შემცირებაში მოგვაყოლეს და იძულებულები გავხდით, ჩვენი ბინა გაგვექირავებინა, ჩვენ კი უფრო პატარა ბინაში გადავსულიყავით. მე ნამცხვრების ცხობა დავიწყე და ძლივს გაგვქონდა თავი, შესაბამისად, ჩემს შვილს ისე ვეღარ ვეხმარებოდით და, შეიძლება ითქვას, ბავშვებს ყველაფერი აკლდათ – საჭმელიც, ტანსაცმელიც, კურორტიც, ექიმიც და მასწავლებელიც.

ერთ დღეს კი ჩემმა მძახალმა „საზეიმოდ“ გამოგვიცხადა (იმ დროს მათთან ვიყავი): ჩემი მეგობრის შვილი რამდენიმე თვის წინ ამერიკაში წავიდა სამუშაოდ და ისეთ კარგ ოჯახში მოეწყო, იმდენს უხდიან, რომ იქიდან არჩენს მთელ ოჯახს. სალომეც ხომ არ გაგვეშვა ამერიკაშიო. მე აღვშფოთდი, სალომე გაჩუმდა, ვაჟამ კი სიხარულით აიტაცა დედამისის წინადადება. კი მაგრამ, ბავშვებს დედა არ უნდათ? ვინ მიხედავს-მეთქი? ბავშვები დღისით შენთან იქნებიან, შენ და შენი ქმარი მაინც არ მუშაობთ, დასაძინებლად კი ჩვენ მოგვიყვანთო. ჩემმა შვილმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დათანხმდა. ბოლო ხერხს მივმართე და სიძეს ვუთხარი, ამ ახალგაზრდა და ლამაზ ცოლს ოკეანის გაღმა რომ უშვებ, ან ამან როგორ უნდა იცხოვროს იქ უქმროდ, ან შენ რატომ უნდა იყო აქ ცოლის გარეშე. ხომ იცი, ეშმაკს არ სძინავს; რა გინდა, ოჯახი დაანგრიო-მეთქი? სამი-ოთხი წელი როგორმე გავძლებთ უერთმანეთოდ, ამასობაში კი სალომეს გამოგზავნილი ფულით მე აქ ყველაფერს მოვაგვარებ და მერე ისევ ერთად არ ვიქნებითო? მაშინ, აჯობებდა, შენ წასულიყავი სამუშაოდ, ბავშვებს უდედოდ გაუჭირდებათ, ჯერ პატარები არიან-მეთქი. ამ სიტყვებზე ჩემი მძახალი გადაირია – ეგ როგორ გაუბედე ჩემს შვილსო და კარგი ჩხუბიც გამოგვივიდა, მაგრამ ჩემმა შვილმა მაინც იმათ დაუჯერა და წავიდა ამერიკაში (მაშინ შედარებით ადვილი და იაფი იყო წასვლა), ბავშვები კი ჩემთან გადმოვიყვანე, რადგან მათი წინ და უკან ტარება გამიჭირდა.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩემმა სიძემ ერთ წელიწადში ოფიციალური საყვარელი გაიჩინა და სალომეს გამოგზავნილი ფულის ნახევარს იმისთვის ხარჯავდა, მეორე ნახევარს კი დედამისი ინახავდა. სამი წლის შემდეგ იმ ფულით ჩემმა მძახალმა თავის მეორე შვილს უყიდა ბინა და ცალკე გაუშვა. მივწერე ჩემს შვილს ეს ყველაფერი და ვუთხარი, ფული აღარ გამოუგზავნო და, საერთოდაც, ჩამოდი-მეთქი, მაგრამ, კიდევ სამი წელი გაჩერდა იქ, რომ ბავშვებისთვის თანხა მოეგროვებინა. წამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე სალომემ დამირეკა და მითხრა, მოხუცის (რომელსაც უვლიდა) შვილს შევუყვარდი და ცოლობა მთხოვაო. მე ვუთხარი, თუ კარგი კაცია და შენც მოგწონს, გათხოვდი, ბავშვები კი მერე წაიყვანე-მეთქი. რას ამბობ, ვაჟა მიყვარსო, – გამიბრაზდა სალომე. მე ჩემს სიძესთან პრაქტიკულად აღარ მქონდა ურთიერთობა, ორ კვირაში ერთხელ თუ წაიყვანდა ბავშვებს რამდენიმე საათით, სულ ეს იყო. ნაწყენი ბრძანდებოდნენ ვაჟბატონი და მისი დედ-მამა, რომ სალომე იმდენ ფულს აღარ უგზავნიდა.

ჩემი შვილი რომ ჩამოვიდა, ცუდად შეხვდნენ. მაშინ სალომემ უთხრა, გავშორდეთ, მე იქ ერთ ძალიან კარგ კაცს ვუყვარვარ და მას გავყვები ცოლადო. ამის გაგონებაზე რა არ უძახეს ჩემს შვილს, მაგრამ, ამან ყურადღება არ მიაქცია და ბოლოს მაინც გაეყარა. რამდენიმე თვის შემდეგ კი იმ კაცმა ჩამოაკითხა და ოფიციალურად გვთხოვა სალომეს ხელი. ჩვენ თანხმობა ვუთხარით და აქ დაქორწინდნენ. ერთი წელი აქ იყვნენ, მერე კი ერთად წავიდნენ ამერიკაში. თუმცა, წელიწადში ორჯერ ჩამოდიან ხოლმე. რამდენჯერმე მე და ჩემი ქმარი დაგვპატიჟეს და თან გადაგვყვნენ, ისეთი პატივი გვცეს.

ვაჟამ ის საყვარელი ცოლად შეირთო, მაგრამ იმ ქალმა ისეთები უქნა, ბინა დააკარგვინა და ქუჩაში დატოვა მშობლებიანად. ჩემი ყოფილი მძახალი შემხვდა ქუჩაში და ტირილით მითხრა, ყველაფერი ახია ჩემზე, რაც დამემართაო და სულ ბოდიშები მიხადა. სიმართლე გითხრათ, შემეცოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი ფრაზა ვუთხარი: ალბათ, ჯობდა კიდეც, ასე რომ მოხდა-მეთქი.

ლიანა, 69 წლის.

скачать dle 11.3