საიდან მომდინარეობს ბავშვისთვის გიშრის გაკეთების ტრადიცია და როგორ ეხმარებოდა ეს მინერალი ჭირისუფალს გარდაცვლილ ახლობელთან ურთიერთობის დამყარებაში
მინერალების მისტიკური და უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებ არაერთი ინფორმაცია არსებობს და ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია ამაზე. მინერალებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია გიშერი, რომელიც ქართულ ყოფიერებაშიც ოდითგანვე დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. ალბათ, იშვიათია ოჯახი, სადაც ბავშვს დაბადებისთანავე, ხელზე გიშერს არ უკეთებენ, ნიშნად იმისა, რომ ავი თვალისგან დაიცვას. თუმცა, ამ შემთხვევაში, რა საიდუმლოსთან გვაქვს საქმე, ამის შესახებ გვესაუბრება კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი:
– რით არის გიშერი სხვა მინერალებისგან გამორჩეული? მის მიმართ ქართველებს დღემდე განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს. მას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით და გვეშინია, არ გატყდეს, რადგან ეს ცუდის მომასწავლებლად მიგვაჩნია.
– გიშერი მყიფე მინერალია და როცა რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, მართლაც ტყდება. აფრიკაში დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებული იყო აზრი, რომ ლომს ძალიან ეშინია მამლის, რადგან მამლის ყივილზე სულ იკუნტება. ეს ისე გავრცელებული იყო და სწამდათ მისი, რომ ყველას უყვებოდნენ. სინამდვილეში, სულ სხვა რამ ხდებოდა. მამალი უნიკალური ფრინველია, რომელიც ყველაზე ადრე გრძნობს სინათლეს, გათენებას. ამიტომაც მიჰყავდათ სასაფლაოზე მამალი და მიცვალებულს უკლავდნენ, რომ გარდაცვლილის სულისთვის სიბნელეში გზა გაეკვალა – ასეთი რიტუალიც არსებობდა. მამალი უფრო ადრე იგებს სინათლის გამოჩენას, გათენებას, ვიდრე მართლა გამოჩნდება ის და წინ უსწრებს. გათენებისას მაგნიტური ველი იცვლება და ამ მაგნიტური ველის შეცვლას ვერ იტანს ლომი. ეს ეპიზოდი იმიტომ მოვიყვანე, რომ, ჯერ ერთი, ძალიან საინტერესოა და, მეორეც, მინდა გითხრათ, ჩვენი ქვეცნობიერიც წინასწარ გრძნობს, რაღაც ცუდი რომ უნდა მოხდეს. ასეთ დროს ის გარკვეულ ვიბრაციულ ტალღებს გამოჰყოფს, რომელსაც გიშრის ნაპრალები ვეღარ უძლებს და სკდება. ანუ, გამოდის, რომ გიშერს ჩვენ შევატყობინეთ, მაგრამ ის, რაც ჩვენმა ქვეცნობიერმა გვაცნობა, ვერ წავიკითხეთ და გიშერმა წაგვაკითხა. ქართველებს გიშრისადმი ძალიან საინტერესო დამოკიდებულება ჰქონდათ. როდესაც ბავშვი დაიბადებოდა, დიდ, უზარმაზარ სპილენძის ქვაბში ჩაასხამდნენ წითელ ღვინოს. ქრისტიანობამდე მას შავ ღვინოს ეძახდნენ და იყო სიბნელის, სამყაროს იდუმალების სიმბოლო. ქრისტიანობის შემდეგ, ის წითელი ღვინოა და ქრისტეს სისხლად მიიჩნევა. თვითონ ქვაბი მზის სიმბოლო გახლდათ ანუ სპილენძი. მასში ესხა ღვინო და თუ ძეს, ანუ ბიჭუნას ჩაუშვებდნენ, იმის მიხედვით, რა შეძლება ჰქონდა ოჯახს, მასში დებდნენ კაჟის ქვას. გამოთქმაც შემოგვრჩა ასეთი: კაჟივით ბიჭიაო. თუ ცოტა შეძლებული ოჯახი იყო, მაშინ ალმასსაც ჩაუგდებდნენ ხოლმე და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – ამ დროს გაახურებდნენ ცხენის ნალს და ღვინოში დებდნენ. თანამედროვე სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, ეს იყო ინჰალაცია, რომელსაც პატარა შეისუნთქავდა. ამ ყველაფრის მეორე სიმბოლო კი ის გახლდათ, რომ ბავშვი მომავალში მხედარი უნდა ყოფილიყო. შემდეგ ცხენის ნალს ამაგრებდნენ კარზე და ეს არ იყო მხოლოდ ბედნიერების სიმბოლო – ქართველი ვაჟკაცის, ანუ იმ კარ-მიდამოს მცველის სიმბოლო გახლდათ. გოგონას შემთხვევაში, ისეთსავე ქვაბში ასხამდნენ ღვინოს, მაგრამ შიგ დებდნენ გიშერს, რომ გოგონა ავი თვალისგან დაეცვა. ასევე, ქვაბში აგდებდნენ მთის ბროლს, რომ გოგონა მთის ბროლივით წმინდა ყოფილიყო. გიშერს რომ დაეცვა გოგონა: არ გატეხილიყო ქვაბში ან მის ცხოვრებაში, საღი და ბზარების გარეშე ყოფილიყო, ის ორივე მხრიდან უნდა დამუშავებულიყო. ამას კი ისეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველებისთვის, რომ გიშრის დამუშავება საქართველოში უმაღლეს დონეზე ხდებოდა. ავი თვალისგან დასაცავად იყენებდნენ იაშმას მინერალს, ოღონდ მოწითალო აგურისფერს, მას ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე, მეექვსე საუკუნეებში, ჩამოკიდებდნენ ხარის ფაშვზე, რომელიც თითქოს დედის საშვილოსნო იყო. მოგვიანებით კი, სპილენძის ქვაბში გიშერთან ერთად ღვინოში, აგდებნენ ბროლსაც და ორივე ერთად წარმოადგენდა დღეს და ღამეს. ეს ნიშნავდა, რომ დღე-ღამის ერთობაში ბავშვს თვალი არ უნდა სცემოდა. შემდეგ ამ ყველაფერს ინახავდნენ და გიშრის ტარებაც აქედან მომდინარეობს. უბრალოდ, ჩვენ დავივიწყეთ ამ რიტუალების ადრეული მნიშვნელობა და გვგონია, რომ ყველაფერი სხვანაირად იყო. ხახულის ხატზე მინერალების განლაგება ისეთია, რომ შეიძლება, ამ თემაზე ცალკე სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. ეს არის უჩვეულო განლაგება და ძალიან საინტერესოდ შერჩეული მინერალები. ყველა მინერალი სამკურნალო უნდა ყოფილიყო, ხატზე მინერალი უბრალოდ არ იქნებოდა. „სულზე დატირების“ რიტუალის დროს ქართველი კაცი ყოველთვის დებდა შედარებით დიდი ზომის დაუმუშავებელი გიშრის ნატეხს, რადგან მიაჩნდათ, რომ დამუშავებული გიშერი ამსოფლის იყო. დაუმუშავებელს კი ეძახდნენ ქვის ყვავილს. მეორე თვალსაზრისით, გიშერი, რომელიც ღამის იდუმალებას უკავშირდებოდა, თითქოს ხელს უწყობდა მედიუმების მოგზაურობას საიქიოში, რათა იქ შეხვედროდნენ და ესაუბრათ გარდაცვლილთა სულებთან. ეს ოდნავ წააგავდა სპირიტულ სეანსს, მაგრამ, ქართველთა წარმოდგენით, სულის შეწუხება არ შეიძლებოდა. ამიტომ, სული კი არ უნდა გამოეძახებინათ, არამედ თვითონ უნდა წასულიყვნენ მასთან. ამ წასვლას, მოგზაურობას გიშრის დიდ ნატეხთან ერთად, თან ახლდა რიტუალური მუსიკა დასარტყამი და გუდასტვირის მსგავსი ინსტრუმენტებისა. მედიუმები კი, უბრალოდ მედიუმები კი არ იყვნენ, არამედ მუსიკოსი მედიუმები – თვითონ უკრავდნენ და ისეთ ჟესტიკულაციას აკეთებდნენ, თითქოს იმსოფლად მიდიოდნენ. საერთოდ, იმ ისტორიული გამოცდილებით, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა, გიშერი მიიჩნეოდა მინერალად, რომელიც კარმულ ველს უკავშირდებოდა. იმისთვის, რომ კარმული ველი დაეწყნარებინათ, გიშერი ყოფილიყო შემარბილებელი კარმული ველის სიმკაცრისა, მას იყენებდნენ როგორც თილისმას. კარმული ველი, თავისთავად, წინაპრებთან იყო დაკავშირებული, შესაბამისად, ისევ მივდივართ მიცვალებულთა მოხსენიებასთან – მათთან სათხოვნელად, ოღონდ, უკვე თხოვნა სხვანაირია. ამ შემთხვევაში, ჩვენ მათ მოსანახულებლად კი არ მივდივართ, არამედ სათხოვნელად, რომ შეგვიწყალოს, შეგვიბრალოს. მაგრამ, ეს არ ხდებოდა საქართველოში, ეს უკვე სხვა ქვეყნებში იყო. საქართველოში, როგორც უკვე აღვნიშნე, სულთან განსხვავებული დამოკიდებულება იყო. უფრო მეტიც, ჩვენთან შრომის, ცელვის რიტუალები ხშირად მიცვალებულთა სულებთან იყო დაკავშირებული. მიაჩნდათ, რომ ისინი შუამავლები იყვნენ უფალსა და ამ სოფლის ადამიანებს შორის. ამიტომ, მათ სთხოვდნენ, არ მოსულიყო წვიმა, ან პირიქით. ყველა ასეთ რიტუალში გიშერი იღებდა მონაწილეობას. მაგალითად, არსებობდა ნიღბების უჩვეულოდ საინტერესო რიტუალი. შუაში იდო ღამის იდუმალება, ანუ გიშერი, მას კი გარშემო უვლიდნენ თითქოს სულები. ანუ, შუაში გიშერი, შემდეგ ამსოფლის ადამიანების წრე და მერე იმსოფელს წასულთა წრე. ანუ, სამი წრე იყო. ამ დროს საკმეველივით უშვებენ ნივთიერებას. საკმეველი მოგვიანებით, ქრისტიანობის დროს შემოვიდა. უცხო ადამიანი რომ მოსულიყო, ალბათ, გადაირეოდა, რადგან ვერ გაიგებდა, საიდან მოდიოდა ეს ხმები. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ეს ხმები ადამიანებისგან არ მოდიოდა. ახლა ვამბობთ ხოლმე, მიცვალებულთა მოხსენიების დღეებიო, მაგრამ ადრე მას ერქვა: „ზეციური საქართველოს ზეიმი“ – ისინი ზეიმობენ, რადგან ჩვენ მათ ვიხსენიებთ და ვინ იყო ამ დროს შუამავალი? – რა თქმა უნდა, გიშერი.
– რის სამკურნალოდ გამოიყენება გიშერი?
– მოგვიანებით, ევროპაშიც, უფრო მეტად გიშერს კარმულ ველს უკავშირებდნენ და მასში ისეთ თვისებას ეძებდნენ, რომლის დახმარებითაც, ადამიანი შიშს ერეოდა. გიშერს აძლევდნენ მას, ვინც შიშით იყო შეპყრობილი, მაგრამ, ეს მოხდა მერე, როცა ამ მინერალმა თავისი პირვანდელი, ძალიან საინტერესო თვისებები დაკარგა და სამწუხაროდ, წინ ჩვენს ყოფაში დამკვიდრებულმა შიშმა წამოიწია. გიშერს, ასევე, იყენებდნენ ენაბრგვილობის სამკურნალოდაც. გიშრის გარკვეული ვიბრაციები მართლა მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. ძალიან ხშირად ენაბრგვილობა ადამიანის ნერვულ სისტემასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, თუ მას სჯერა გიშრის, შესაძლებელია, უშველოს. თუმცა, როცა ენაბრგვილობაზე ვსაუბრობთ, მინდა, ყველა გავაფრთხილო, პრობლემა დაკავშირებულია იმასთან, თუ რა არის შიშის მიზეზი, რისგან არის გამოწვეული ენაბრგვილობა. თუ შიშის მიზეზი, ვთქვათ, არის კენჭები, ღვიძლის დაავადება, ვიღაცისგან თავდასხმა, სტრესი, ავადმყოფობა, ანუ უამრავი თუ... ამ ყველა „თუს” მიხედვით გიშერს თავისი ადგილები აქვს. ამიტომ, ვიდრე გიშერს სადმე დაიდებს ადამიანი, ჯერ მიზეზი უნდა გამოიკვლიოს. ასევე, შეიძლება, გიშრის დაფხვნა და მას ამ დროს ძალიან ბევრი სამკურნალო თვისება გააჩნია. გიშრის სამკურნალი თვისებები ზოგიერთ კატეგორიაში კიდევ უფრო მაღალია, თუ ის დაფხვნილია. გიშრის უკან დგას ქართველი ერის დიდი ისტორია ტრადიციებით – ჩვენი ქვეცნობიერებაც ხომ იქიდან მოდის. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენმა ქვეცნობიერმა რაღაც იგრძნო, მაგრამ მე არ მაქვს საშუალება, ეს ჩემს სამეტყველო დიაპაზონში აღმოვაცენო, მისი ნამდვილი არსი გავიგო, ამაში კი მეხმარება გიშერი და იცი, როგორ? – მან თავი გასწირა, გასკდა...