როგორ აღმოჩნდა 19 წლის ასაკში მაიკო ჭაფოძე სხვა სამყაროში და რა ემოცია არ ავიწყდება მას წლების შემდეგ
ჟურნალისტი მაიკო ჭაფოძე ექვსი წელია, „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო” ძირითადად კულტურულ მოვლენებს აშუქებს. ხალისიან, ენერგიულ, პოზიტიურ მაიკოს სამსახურში მისვლა განსაკუთრებულად უხარია და ფიქრობს, გაუმართლა, ასეთ კარგ, პროფესიონალურ გუნდთან ერთად რომ აკეთებს იმ საქმეს, რომელიც ძალიან უყვარს.
მაიკო ჭაფოძე: პროფესიით ჟურნალისტი ვარ, დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ბავშვობიდან მინდოდა, ჟურნალისტი ვყოფილიყავი და, მიხარია, რომ ავიხდინე ეს ოცნება.
– თავიდანვე ტელევიზიაში გინდოდა მუშაობა?
– რომ გითხრათ, სარკის წინ ვიდექი, ისე მინდოდა, ტელევიზორში გამოვჩენილიყავი-მეთქი, მოგატყუებთ. უბრალოდ, მეცხრე კლასიდან მივხვდი, რომ ჰუმანიტარული საგნები უფრო მაინტერესებდა. ამიტომ, ერთ-ერთ კოლეჯში განვაგრძე სწავლა, სადაც ჟურნალისტიკის საფუძვლებს ვსწავლობდი. ზოგადად, ძალიან მიყვარდა წერაც, ლაპარაკიც, ყველაფერი. რაღაც ეტაპზე, ანუ სტუდენტობის პერიოდში, ერთ-ერთ ინტერნეტ-გამოცემაში ვმუშაობდი სტაჟიორად და ყველაფერზე ვწერდი, რასაც მავალებდნენ. ბედნიერი ვიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი. საერთოდ, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. მით უმეტეს, ახლა, როცა ისეთ გუნდში მუშაობ, როგორიც „რუსთავი 2-ის“ „დილაა”, პასუხიმგებლობის გრძნობა პირველ ადგილზე დგას.
– როგორ დაიწყე „რუსთავი 2-ში“ მუშაობა?
– მეოთხე კურსზე ვიყავი, როდესაც მეგობარმა მიმიყვანა დილის გადაცემაში სტაჟიორად. ექვსი თვის შემდეგ, სრულიად შემთხვევით, აღმოვჩდი შტატში. ახლაც ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, რაც მაშინ დამეუფლა. მახსოვს, დიდ საკონცერტო დარბაზში ვიყავი. ამ დროს ნინო არაზაშვილმა დამირეკა და მითხრა: მაიკო, შემდეგი თვიდან ჩვენი ჯგუფის სრულფასოვანი წევრი იქნები, გილოცავ, პირველი ხელფასიც დაგენიშნებაო. კარგად მახსოვს ჩემი პირველი ნიუსიც და პირველი სიუჟეტიც. როცა მივედი, გამაცნეს მთავარი პროდიუსერი, გუნდი. ნინო არაზაშვილმა მკითხა: „იცი, რა არის კადრ-სინქრონი?” საშინლად დავიბენი და მივხვდი, რომ სხვა სამყაროში მოვხვდი. ნინომ სპეციფიკა ამიხსნა და გამიშვეს გადაღებაზე, ოღონდ, გამოცდილ ჟურნალისტთან ერთად. ამის მერე, რამდენიმე დღე დავდიოდი ჟურნალისტთან ერთად, მერე კი მარტოს მომქონდა ნიუსები და ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიყავი. მახსოვს, პირველი რეპორტაჟის დროს ხმის დადებაც მე მომიწია. რეპორტაჟის დალაგება გვიანობამდე გამიგრძელდა, არავინ აღარ იყო, ამიტომ, მითხრეს, ჩემი ხმა ჩამეწერა, რადგან, დილის ეთერში უნდა გასულიყო. დავადე ხმა და, მერე, სამსახურში რომ შემაქეს – კარგი რეპორტაჟი იყო, ყოჩაღ კარგი გოგო ხარო, რა ემოციაც მაშინ დამეუფლა, დღემდე არ მავიწყდება.
– რა იყო ამ ექვს წელიწადში შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი?
– ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ის, რომ ყოველდღიურად ვგრძნობდი, როგორ ვიზრდებოდი. რა თქმა უნდა, ბევრი რამ გამიკეთებია ცუდად, არ გამომსვლია ის, რაც მდომებია, მაგრამ, დავსხდებოდით ხოლმე და მეუბნებოდნენ: ეს ასე კი არ უნდა გაგეკეთებინა, არამედ – ასე. ეს ყველაფერი იმისთვის არის საჭირო, რომ გაიზარდო. ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, ალბათ, ის იყო, როცა პირველად დავდექი ჩართვაზე – სულ სხვა ემოცია, გრძნობა დამეუფლა. განსაკუთრებულია ის ბოლო რამდენიმე წამი, ჟრუანტელი რომ დაგივლის მთელ ტანში. პირველი ჩართვის შემდეგაც შექება დავიმსახურე და ეს დღე არასდროს დამავიწყდება: მუშტაიდში ვიყავი ჩართვაზე, გამოპრანჭული, თავზე მატარებლის გამცილებლის ქუდი დამახურეს, გადასაფარი კადრებიც კი გამზადებული მქონდა. ჩემდა გასაკვირად, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. სასიამოვნო განცდაა, როცა კარგ რეპორტაჟს დადებ; ასევე, სასიამოვნოა, როდესაც კარგ ჩართვას გააკეთებ. პირდაპირი ეთერის რეჟიმში მუშაობა ცოტა რთულია, რადგან ბევრ რამეზე გიწევს ფიქრი, მაგრამ, სამაგიეროდ, ძალიან დიდი აზარტია.
– როგორი რეჟიმი გაქვს?
– „დილა მშვიდობისა საქართველო“ მუშაობას შუადღის სამი საათიდან იწყებს. ის, რაც ხდება მთელი ღამის განმავლობაში (კულტურულ მოვლენებს ვგულისხმობ), ეს არის ჩვენი გადაცემის მთავარი თემა, ანუ, ჩვენი „ლუკმა“ და ამიტომ გვიწევს ღამით მუშაობა. როცა ჩართვა მაქვს, აი, მაშინ მიწევს ადრე გაღვიძება – ასე, დილის 6 საათისთვის უკვე სამსახურში ვარ. ამ გრაფიკს მიჩვეული ვარ, ხანდახან, შეიძლება, ღამის 2 საათამდეც მომიწიოს მუშაობა, ხანდახან – სამამდე. მაგრამ, როცა კარგი რეპორტაჟი გამოგდის, ბედნიერი ხარ და ერთი სული გაქვს, როდის დაიწყება. დილის გადაცემას აკეთებს ის გუნდი, რომელსაც შეუძლია ერთმანეთის გვერდში დგომა. თუ რაღაც ხდება, ერთმანეთის თემებს ისე ვინაწილებთ, ვერავინ ვერაფერს ხვდება. სამსახურის კარს რომ შეაღებ, უკვე ყველა პოზიტიურად არის განწყობილი, ყველა კარგ ხასიათზეა, შეკრული გუნდია, ამიტომაც ვაკეთებთ ასე რეიტინგულ გადაცემას.
– 19 წლის იყავი, მუშაობა რომ დაიწყე. მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა. ეს წლები, ალბათ, ბევრ გამოცდილებას შეგძენდა და გარკვეულ თვისებებსაც ჩამოგიყალიბებდა.
– ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, მათ შორის – ადამიანებთან ურთიერთობა. ადამიანებს უკვე განვასხვავებ ერთმანეთისგან და ვიცი, ვის როგორ უნდა მივუდგე. იმისთვის, რომ საჭირო ინფორმაცია მოიპოვო, ადამიანს ბოლომდე უნდა ჩაწვდე. შევხედავ თუ არა, უკვე ვხვდები, როგორ უნდა მივუდგე ადამიანს – საყვარლად თუ მკაცრად. ვისწავლე კითხვის დასმის ფორმა, რაშიც დიდი წვილილი მიუძღვის ნინო არაზაშვილსა და სხვა თანამშრომლებს. უნივერსიტეტიდან პირდაპირ რომ მიხვალ იმხელა კომპანიაში, როგორიცაა „რუსთავი 2“ და, სადაც „მხეცები“ მუშაობენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეს სერიოზული გამართლება და დიდი გამოცდილებაა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ იქ ვიმუშავებდი. ნინოსთვის არაერთხელ მითქვამს, რომ, როდესაც კოლეჯს ვამთავრებდი, დილით სახლიდან გასვლამდე ვრთავდი ტელევიზორს – ნინო არაზაშვილი გამოდიოდა ბედნიერი სახით და წარმატებულ დილას გვისურვებდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ მეც ამ გუნდის ნაწილი გავხდებოდი, მათთან ერთად მომიწევდა ცხოვრება.
– ხარ ისეთი იღბლიანი ადამიანი, რომელსაც ხშირად უმართლებს?
– ვერ ვიტყვი, რომ უიღბლო ვარ ან, ძალიან იღბლიანი, სადღაც შუაში ვარ. არის სიტუაცია, როცა ძალიან მიმართლებს, ან, შეიძლება, საერთოდ არ გამიმართლოს. ბევრი რამ შენზეა დამოკიდებული – საჭირო დროს საჭირო ადგილზე უნდა აღმოჩნდე და შენი მაქსიმუმი გამოავლინო. ის, რაც მაქვს, ალბათ, ჩემი აქტიური და კარგი ხასიათის დამსახურებაა და ეს ბევრ რამეში მეხმარება – თუნდაც, მეგობრებთან, რესპონდენტებთან ურთიერთობაში; იმაში, რომ დღე კარგად, ხალისიანად დავიწყო. თუმცა, როგორც ყველას ცხოვრებაში, ჩემთანაც ხდება ზოგჯერ ცუდი რაღაცეები. ასეთ დროს, როცა ღამით ვწვები და საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, შეიძლება ვიტირო კიდეც, ცუდად ვიყო, გული დამწყდეს რაღაცეებზე, მაგრამ, როგორც კი გავიღვიძებ, სახლის კარს დავხურავ და გარეთ გამოვალ, მაშინვე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვხდები, მით უმეტეს, თუ კარგი ამინდი და მზეა.
– შენი ოჯახის წევრები და მეგობრები ეგუებიან შენს გრაფიკს?
– მეგობრებს თავიდან ჰქონდათ პროტესტი, დედაჩემიც სულ მოლოდინის რეჟიმში იყო, ახლა კი ყველა შეეჩვია. თუ შუადღეს ორი-სამი საათი თავისუფალი დრო მაქვს, აუცილებლად ვნახულობ ჩემს მეგობრებს. თუ კარგი ფილმი გამოდის, აუცილებლად მივდივართ საპრემიერო ჩვენებაზე და შემდეგ ფინჯან ყავაზე განვიხილავთ ამ ფილმს. მეგობრებს ასეთი ტრადიცია გვაქვს – პარასკევი საღამო არის ჩვენი. ნათქვამიც გვაქვს, რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, პარასკევი საღამო მხოლოდ ჩვენია. ხუთი-ექვსი მეგობარი მივდივართ ღამის კლუბში, ცოტას ვსვამთ, ვცეკვავთ, ვმღერით და ერთმანეთს ვუზიარებთ მთელი კვირის შთაბეჭდილებებს.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– არაფერი არ ხდება, პაუზა მაქვს აღებული. თუმცა, ეს არ მიქმნის ამ ეტაპზე დისკომფორტს, კარგად ვგრძნობ თავს. როცა მიყვარს, სულ სხვანაირი ვხდები – დავფრინავ, გაგიჟებული ვარ, არაადეკვატური. ეს ზოგჯერ საქმეზეც აისახება და ასეთ დროს არაერთხელ უკითხავთ: ჭაფოძე, შეყვარებული ხომ არ ხარ? ახლა არ ვარ შეყვარებული. სულ ორჯერ მიყვარდა. სამწუხაროდ, ორივე სიყვარული წარუმატებლად დასრულდა.
– კრიტერიუმები და მოთხოვნები გეცვლება ნელ-ნელა?
– წინა ორს თუ გადავხედავთ, მეორე პირველზე უკეთესი იყო და, იმედი მაქვს, მეორეზე უკეთესი იქნება მესამე. ზოგადად, ურთიერთობებში ადამიანი ბევრ რამეს სწავლობს, შემდეგ ხდება გადაფასებები. როცა იმ ადამიანში რაღაც არ მოგწონს და იმას სხვაში დაინახავ, უკვე ითვალისწინებ. ეს ურთიერთობებიც ისევ ჩვენი კეთილდღეობისთვის არის, რომ უფრო მეტად ბედნიერები ვიყოთ.