ვინ შეცვალა გია ხუხაშვილის ცხოვრება და რაში ჩათრევას ერიდება ის
მას შემდეგ, რაც აქტიურ ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდა და ძველ ამპლუაში დაბრუნებას ცდილობს, გია ხუხაშვილი ცხოვრების განსხვავებულ ეტაპს გადის. უკვე ექვსი თვეა, ახალი ამბების გასაგებად ტელევიზორსაც კი არ ეკარება და როგორც თავად ამბობს, იმის აღდგენას ცდილობს, რაც წელიწად-ნახევრის და ქართული პოლიტიკის წყალობით „დაკარგა”. ცოტა ხნის წინ ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი, ერთადერთი შვილისგან მიიღო, რამაც ახალი ამპლუა მოარგო და მისი ცხოვრება ყველაზე სასიკეთოდ შეცვალა.
გია ხუხაშვილი: მას შემდეგ, რაც აქტიურ პოლიტიკას ჩამოვშორდი, ჩემი ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ისეთი მშვიდად ვარ, როგორც ადრე ვიყავი. ის წელიწად-ნახევარი, რაც აქტიურად ვიყავი ჩართული პროცესებში, ჩემი ცხოვრების ძალიან რთული პერიოდი იყო. ვფიქრობ, გაუგებრობაში მოვყევი, ოღონდ არა ჩემი სურვილით. სულ ვამბობდი, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის-მეთქი და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, მაგრამ გარემოებებმა განაპირობა ასე. არასდროს თქვა, არასდროს – მართალი ყოფილა. ეს საკუთარ ტყავზე გამოვცადე. პოლიტიკაში შესვლა ადვილია, გამოსვლა ძალიან ძნელი – ესეც მეორე „გაკვეთილი”, რაც მივიღე პოლიტიკიდან. ის, რაც ჩემს თავს ხდებოდა ამ პერიოდში, ყველამ ვიცით. პოლიტიკას ახლავს ისიც, რომ თურმე, რისთვისაც ცხოვრობ, მაინცდამაინც ის დგება ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ. ჩემს შემთხვევაში, ეს იყო სახელი და ავტორიტეტი. სადაც შენი ყველაზე სუსტი წერტილია, ყველაზე მეტად იქ გირტყამენ. ესეც პოლიტიკის მკაცრი წესია.
– ძალიან ხმაურიანი იყო ის წელიწად-ნახევარი თქვენთან დაკავშირებით, რა მიიღეთ ამის „ფასად” გარდა ამ გაკვეთილების?
– იმის მიუხედავად, რომ ეს ჩემთვის აბსოლუტურად არადამახასიათებელი მოღვაწეობა იყო, მაინც არ ვნანობ. ვფიქრობ, ის, რასაც იმ პერიოდში ვაკეთებდი, აუცილებელი იყო. საბოლოო ჯამში, ამ პერიოდიდან მაინც დადებითი ბალანსი მაქვს. იმ პერიოდმა დამანახვა პოლიტიკოსის ნამდვილი სახე – მეცინება, ისეთი რაღაცეები აწუხებთ და სჭირდებათ მათ ბედნიერებისთვის. დღეს დისტანცირებული ვარ იმ პროცესებიდან, მაგრამ ვგრძნობ შინაგან პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ბევრი რამ მაწუხებს. არაფერში არ ვერევი, ერთგვარი „კარანტინი” მაქვს გამოცხადებული. უფრო მეტსაც გეტყვით, ხშირად პოლიტიკოსების ტელეფონსაც კი არ ვპასუხობ. თუმცა, მათგან ბევრი ჩემი მეგობარია. სიმართლე გითხრათ, მენატრებიან კიდეც, მაგრამ როგორც კი მათთან კომუნიკაციას დავიწყებ, ვიცი, რითაც დამთავრდება – ისევ ჩამითრევს პროცესები. მირჩევნია დისტანცირებული დავრჩე. მაქვს ჩემი სვეტი „კვირის პალიტრაში”. კვირაში ერთხელ ჩემს მოსაზრებებს საჯაროდ გამოვთქვამ.
– ისე აქტიური ვეღარ ხართ იმ ასპარეზზე, როგორც ადრე იყავით. ეს ტაბუები, როგორც ჩანს, იმ წელიწად-ნახევრის დამსახურებაა.
– რა თქმა უნდა, მაქვს გარკვეული ტაბუ. იმდენი რამ ხდება ირგვლივ, გინდა თუ არა, პოლემიკაში მოგიწევს შესვლა. იქიდან გამომდინარე, რომ ძნელია, ადამიანმა შანსი არ მისცე საკუთარ შვილს და ხმალამოღებულმა ებრძოლო მას. რა თქმა უნდა, მეც მაქვს ტაბუ, თუმცა ვცდილობ, პოზიტიური კრიტიკა მაინც გამოვხატო. შემიძლია პირდაპირ ვუთხრა ადამიანებს ის, რასაც გამოვხატავ საჯაროდ, საგაზეთო ფურცლებზე. საზოგადოებრივ სექტორში გადასვლა და ჩემი რეალური ამპლუის დაბრუნება, ნიშნავს, რომ ჩემი ყველა მოსაზრება საჯარო იყოს. მეტსაც გეტყვით, ხშირ შემთხვევაში, პოზიციას ვარბილებ, მაინც სუბიექტური ვარ და ამას არც ვმალავ. მე ამ პოზიციას მაშინაც გამოვხატავდი, როცა პოლიტიკაში ვიყავი. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი დისკომფორტი, რაც პრაქტიკულად, ძალიან ბევრს ჰქონდა. საქართველოში უამრავი ინტერესჯგუფია, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, რომელთაც ბევრ დისკომფორტს ვუქმნიდი. შესაძლოა, დღესაც ასეა, მე ვარ „საფრთხობელა” გარკვეული ბიზნესწრეების ბოსტანში. დღეს ეს ტენდენცია ნაკლებადაა, მაგრამ მაინც მიდის ინერციით. შიშს დიდი თვალები აქვს და ამ მხრივ, ერთი-ორი კინკილა ძველი მეთოდებით კიდევ ფართხალებს ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ ეს უკვე აბსურდამდეა მისული. შიგნით ბევრად უფრო მწვავე და რადიკალური ვიყავი, გამომდინარე ჩემი ბუნებიდან. სულ ვამბობ, პოლიტიკურ დისიდენტად ჩამოვყალიბდი-მეთქი. ეს ალბათ, ჩემი მაქსიმალიზმიდან გამომდინარე მოხდა. მინდა, იდეალურად იყოს ყველაფერი, რაც ბუნებაში არ არსებობს.
– დღეს თქვენც და ყოფილი პრემიერიც სამოქალაქო სექტორში ხართ. როგორია თქვენი ურთიერთობები?
– ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რაზედაც მასაც უსაუბრია. ჩვენ შორის არ არის საქმიანი ურთიერთობა, თუმცა ის და მისი ოჯახის წევრები ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან. ვფიქრობ, არც ბიძინა ივანიშვილისთვის ვარ სულერთი. პირადი ურთიერთობები ჩვენი პრივატული თემაა და ამაზე მირჩევნია, ნაკლები ვისაუბრო. ჩვენ იმდენი გამოვიარეთ, ამას ვერ გავხდი სალაპარაკოდ. თუმცა, იმას გეტყვით, რომ სულ ახლახან, დაბადების დღე ჰქონდა და მივულოცე. მე ის არ მაინტერესებს, როგორც ბიზნესმენი. ეს ზღვარი გადავიარე. არ მაინტერესებს, როგორც მდიდარი ადამიანი, არ მაინტერესებს, როგორც პოლიტიკოსი, ის მაინტერესებს, როგორც ადამიანი, ამ ყველაფრის მიღმა. ის, რომ დღეს საქმიანი ურთიერთობები შეჩერებული გვაქვს, ესეც ჩემი ხასიათიდან გამომდინარეობს. მე ვიყავი ინდივიდუალისტი, ჯგუფურ თამაშებს არავისთან ვეწეოდი და დღეს მაქვს კომფორტი, დავრჩე ინდივიდუალისტად. გუნდური თამაშის დროს, არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც ყველას ეწყება ჩემი დისკომფორტი. ჩემი ცოლი „ოთარაანთ ქვრივს” მეძახის. ჩემთან საქმიანი ურთიერთობა ძნელია, ისევ და ისევ ჩემი მაქსიმალიზმიდან გამომდინარე. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მეც ვუშვებ შეცდომებს. ჩემი მოსაზრებაც არაა ყოველთვის სწორი, თუმცა ერთი კარგი თვისება მაქვს – თუ რამე მეშლება, ბოდიშის მოხდაც ვიცი. აი, ამითაც განვსხვავდები პოლიტიკოსებისგან. ისინი არა თუ ბოდიშს იხდიან, შეუძლიათ, ნებისმიერი გადაწყვეტილება ახსნან. რამდენიმე მათგანს ვურჩიე კიდეც, რომ ქართველი საზოგადოება ბოდიშს კარგად იღებს და იქნებ სცადოთ-მეთქი, მაგრამ შინაგანი ბარიერი აქვთ, რის გამოც ეს არ გამოსდით.
– კიდევ ერთ ექსმეგობარზე მინდა გკითხოთ. ლაშა ნაცვლიშვილისა და თქვენს „თავზე” შავი ღრუბლები ერთდროულად გაჩნდა.
– ჩემთვის ექსმეგობრები არ არსებობენ. ლაშას, რა თქმა უნდა, მეგობრად მივიჩნევ და ჩვენ შორის არაფერი შეცვლილა. ჩემთვის ძვირფასია მისი ოჯახი, მეუღლე, ბავშვები. ჩემთვის მეგობრობა არ ემყარება საზოგადოებრივ, ან სხვა ტიპის მდგომარეობას. ლაშა დიდი ხანია, არ მინახავს, თუმცა ეს ჩვენს ურთიერთობას ვერაფერს აკლებს. ზოგადად მე, დღემდე არ მესმის, რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს ხელისუფლებაში ყოფნა. დღემდე გაუგებარია ჩემთვის, რა ხიბლი აქვს ხელისუფლებას. ძალაუფლებაში არაფერი ყრია, ეს მე ვნახე. ნორმალური ადამიანისთვის, ვისაც პასუხისმგებლობა და სურვილი აქვს, შექმნას რაიმე კარგი, ძალაუფლების ტვირთის ტარება ძნელია. მატერიალურად მე დღესაც იმაზე მეტი შემოსავლი მაქვს, ვიდრე უმაღლესი რანგის ჩინოვნიკი რომ ვყოფილიყავი. იმის მიუხედავად, რომ ჩემს შემოსავლებზე მაშინ ლეგენდები დადიოდა, ფული არასდროს ყოფილა ჩემთვის ასე მნიშვნელოვანი. დღეს ვარ მრჩეველი ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, ვმუშაობ წიგნზე.
– თქვენც დაიწყეთ „მემუარები?”
– ეს არაა მემუარები. წიგნის დაწერას პუბლიცისტურ ჟანრში ვაპირებდი, მაგრამ ახლა გადავწყვიტე, უფრო მხატვრული მიმართულება მივცე. ეს იქნება წიგნი საქართველოს უახლოეს ისტორიაზე. რატომღაც მომინდა, რომ საკუთარი ფანტაზიის ნაყოფიც ჩამედო, რაც პუბლიცისტიკას არ უხდება. ჯერ არ ვიცი, რა გამოვა ჩემი ჩანაფიქრიდან, მაგრამ მაინც მოვსინჯავ. ვიღაცას შეიძლება, გაეცინოს. ამ კაცმა ყველაფერი როგორ იცისო, მაგრამ მე მაინც ვცდი. ერთი წიგნი უკვე მაქვს გამოცემული – „რა ღირს საქართველო,” რომელიც მოიცავს პერიოდს 2003 წლის ნოემბრიდან 2007 წლის ნოემბრამდე. ეს წმინდა პოლიტიკური ესსეს ჟანრია, ახლა სხვა მიმართულებით გამოვცდი თავს. ამ მხრივ საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ სამაგიეროდ, მაქვს, საღად აზროვნების უნარი. ამას გარდა, ახლა დროც ბევრი მაქვს. დაახლოებით ექვსი თვეა, არ მინახავს საინფორმაციო გადაცემა. ინფორმაციას ვიღებ სააგენტოებიდან და გაზეთებიდან, ტელევიზორში ძირითადად ვუყურებ გასართობ გადაცემებს, არანაირი პოლიტიკური თოქ-შოუ. ცხოვრების იმ ტემპს, რომლითაც ახლა ვცხოვრობ, ეს აღარ სჭირდება. დღეს ის ამოცანები აღარ მაქვს, რაც მქონდა, შესაბამისად შემიძლია თავს უფლება მივცე, რომ არ ვუყურო საინფორმაციო გადაცემებს. ჩაატარეთ ერთკვირიანი ექსპერიმენტი და ნახავთ, როგორი ბედნიერი იქნებით (იცინის).
– დღეს თქვენი ცხოვრების რეჟიმი პასიურია?
– დღეს არ მაქვს ისეთი აქტიური ცხოვრება, მაგრამ მე მაინც ვერ ვჩერდები. დილას ადრე ვდგები, საქმე რომც არ მქონდეს, მაინც ვმოძრაობ, ისე ვერ ვჩერდები – მაგალითად, მანქანით ა წერტილიდან ბ წერტილში წავალ და გზაში ვიფიქრებ, რომ ბ წერტილში მივდივარ (იცინ-ის). ძალიან რთულია, როცა ადამიანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს იცვლის, სხვა რიტმზე გადასვლა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე აღარ ვარ პატარა ბიჭი, და ვიცი, როგორ მოვახდინო ადაპტირება, რეჟიმის შეცვლა მაინცდამაინც არ მიჭირს. მე გამიჭირდა და დღემდე ჯერ კიდევ არ მაქვს აღდგენილი ჩემი რეალური სტატუსი, ოღონდ არა კარიერული, უფრო იმიჯს ვგულისხმობ, რაც ჩემზე განხორციელებული მასირებული შეტევის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.
– როგორც ვიცი, სიახლე გაქვთ ოჯახში, დაქორწინდა თქვენი ერთადერთი შვილი. როგორ მოირგეთ მამამთილის ამპლუა?
– ვფიქრობ, არ ვარ ურიგო მამამთილი. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც ამ ბოლო პერიოდში მოხდა ჩვენს ცხოვრებაში. ერთი შვილი გვყავს, ჩემი სამყარო თითქმის მთლიანად მასშია კონცენტრირებული. ჩემი აზრით, სამშობლო, პრინციპში, არის შვილი. ყველაზე მეტად, ასოციაციურად, სამშობლო და პატრიოტიზმი შვილთან არის მიბმული და დაკავშირებული. ყველაზე ახლოს ერთმანეთთან ეს ორი სიყვარული დგას. ლუკამ სიურპრიზი მოგვიწყო და ძალიან მოულოდნელად გამოგვიცხადა, რომ დაოჯახებას აპირებდა. მე და ჩემი მეუღლე დიდები ვიყავით, როცა დავოჯახდით. ლუკამ 22 წლის ასაკში მიიღო ეს გადაწყვეტილება, რასაც მეც და მელანოც დიდი სიხარულით შევხვდით. ვიცოდი, რომ მოსწონდა გოგონა, რომელიც ისე, „შორიდან” გამაცნო კიდეც, ვითომ შემთხვევით. ყველა ეტაპი და პროცედურა გაიარა – ხელის თხოვნა, ნიშნობა. შევთავაზე, მე მივალ ნონას დედასთან, დაველაპარაკები-მეთქი. არაო, თვითონ დაელაპარაკა „წესების დაცვით.” ძალიან კარგი რძალი გვყავს. მე მგავს, რაც ძალიან მახარებს. ქორწილი ჯერ არ გვქონია, ახლა ვაპირებთ, თუმცა გრანდიოზული ქორწილი არ იქნება. არ ვარ პომპეზურობის მომხრე. ისეთ უბანში ვცხოვრობ, სადაც ძალიან ხშირად არის ხოლმე ფოიერვერკი. მე ვფიქრობ, ჩვენ ჯერ არ გვაქვს უფლება, ფოიერვერკებითა და ტუსოვკებით ვიცხოვროთ, ჩვენ ჯერ ეს არ დაგვიმსახურებია, უპირველესად კი, მე არ დამიმსახურებია. იმას, რომ მოვიხსნა პასუხისმგებლობის ტვირთი და ვიყო თავისუფალი, როგორც ჩანს, კიდევ დიდი დრო დასჭირდება.
– შვილთან და რძალთან ერთად ცხოვრობთ?
– არა, მე და ჩემი მეუღლე ცალკე ვართ, ლუკა და ნონა – ცალკე ცხოვრობენ. ახლა დროებით, მათ ბინაში ვარ შეხიზნული, რადგან ჩემმა ცოლმა სახლში დიდი „უბორკა” წამოიწყო, რის გამოც ემიგრაციაში ვარ (იცინის). ნონამ უკეთესობისკენ შეცვალა ჩვენი ცხოვრება, ერთ ოჯახად ჩამოვყალიბდით. ნონას არ ჰყავს მამა და იმედი მაქვს, ჩემი სახით მამა ეყოლება. რაც მთავარია, ჩემს შვილს და მას უკვე ერთმანეთისგან აღარ ვარჩევ.
– ერთადერთი შვილი საქორწინო მოგზაურობაში საჩხერეში რატომ გაუშვით?
– ეს მათი გადაწყვეტილება იყო. ლუკა სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობს და იმ პერიოდში, როცა ცოლი მოიყვანა, პრაქტიკებს გადიოდა საჩხერის საავადმყოფოში. ეგრეთ წოდებული საქორწინო მოგზაურობა არ ჰქონიათ, მაგრამ თაფლობის თვე კი ნამდვილად გაატარეს საავადმყოფოს საერთო საცხოვრებელში. იქიდან ჩამოიყვანეს ეზოს ძაღლი, რომელიც, საბოლოო ჯამში, ისევ ჩემი და ჩემი მეუღლის მოსავლელი გახდა.