როგორ დაკარგა რუსეთმა მართლდმადიდებელი იმპერიის ნიშა, რატომ არ აქვს მას იმპერიის აღდგენის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს კი სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა
ცნობილია, რომ ჩვენებურ სეპარატისტებს ჩვენი ოკუპანტებისვე მხარდაჭერით მეტად ნაყოფიერად აქვთ ათვისებული ინტერნეტსივრცის რუსულენოვანი ნაწილი, რომელშიც მათთვის სასურველ ინფორმაციას ყოველგვარი ოპონირების გარეშე ავრცელებენ. ამ ფარგლებში ქალაქ ცხინვალის ოფიციალური საიტიც შექმნეს, სადაც რუსული ენის მცოდნეებს, ბევრ სხვა ინფორმაციასთან ერთად, ცხინვალის ისტორიასაც აცნობენ. ის კი („კავკასიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი“), არც მეტი, არც ნაკლები, 262 წელს დაუარსებია მეფე ასფაგურს (და მათ, სულაც, არ უქმნის უხერხულობას ფაქტი, რომ ასფაგური იბერიის მეფე იყო). ცხინვალი კი, თავისთავად, თურმე, „აერთიანებს ოსური მიწის ყოველივე ღირსეულსა და საუკეთესოს.“ „ისტორიის გარიჟრაჟზე ცხინვალი იყო ერთ-ერთი მიგრაციული გზაჯვარედინი, რომელზეც გადიოდა სავაჭრო ქარავნები. შესაბამისად, მოსახლეობაც მრავალეთნიკური იყო: კოლორიტული ებრაული კვარტალი და სომხური ქუჩები სრულად გაანადგურეს ქართველმა აგრესორებმა. ჩვენი წინაპრები ისტორიულად კავკასიის მთავარი ქედის ორივე მხარეს სახლობდნენ… ვაჭრები მთელი სამხრეთ კავკასიიდან გაცხოველებით ვაჭრობდნენ ცხინვალში. საქართველომ რუსეთის ადმინისტრაციის დახმარებით ქალაქი გააქართველა, მიიტაცა მიწები და ხელს უშლიდა ოსებს, გადართულიყვნენ ცხოვრების ახალ წესზე, მაგრამ ცხინვალი სულ უფრო და უფრო იძენდა თავის ნაციონალურ სახეს, ხდებოდა რა გამავრცელებელი და სინთეზატორი ოსური ტრადიციებისა და კულტურისა, რომელიც ვრცელდებოდა და მდიდრდებოდა.“
ბუნებრივია, ამ ინფორმაციას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და არც მეცნიერებასთან, თუმცა, თუ იმ ჩაკეტილ სივრცეს გავიხსენებთ, რომელშიც ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაა, ამ „სიმართლეში“ მათი დაჯერება დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. ჩვენებური სეპარატიზმის პრობლემას ვახტანგ რჩეულიშვილთან ერთად მიმოვიხილავთ.
– ჩვენ ერთად ვადევნებთ თვალს იმ პროპაგანდისტულ ომს სოციალურ სივრცეში, თუმცა ინფორმაცია უსაფუძვლო და სასაცილოა, მაგრამ იზოლირებულობის გათვალისწინებით, ამან ძალიან უარყოფითი შედეგი შეიძლება, მოიტანოს. ქართველებს მომთაბარე ტომებად მოგვიხსენიებენ, ერისთავებს – ოსებად და ასე შემდეგ. სულ ბოლო „მარგალიტია“ ოსური ქალაქ ცხინვალის 262 წელს დაარსების ფაქტი.
– ისტორია საკმაოდ პოლიტიზებული მეცნიერებაა და დამოკიდებულია ავტორის პოლიტიკურ შეხედულებაზე. მათ შორის, არც საქართველოს ისტორიკოსები არიან გამონაკლისები. თუმცა ყველაზე ობიექტური მაინც ქართველი ავტორები არიან და რატომ: ყველაზე განვითარებული სახელმწიფო იყო კავკასიაში და რაც უფრო განვითარებულია სახელმწიფო, მით უფრო ცივილიზებული მეთოდებით მუშაობს. თუმცა აპოლოგეტები ჩვენთანაც იყვნენ.
– მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, შევუდაროთ ჩვენი ისტორიკოსების ნაშრომები სხვა, ჩვენდამი არცთუ კეთილად განწყობილი ქვეყნების ისტორიკოსების ნააზრევს და დავადგინოთ სიმართლე.
– მე რომ მკითხო, ობიექტურობის თვალსაზრისით, ძალიან კარგია ქართლის ცხოვრების ქრონიკები. ჩვენ ყველანი საკუთარ წვენში ვიხარშებით. ქართველები ქართულ ისტორიას კითხულობენ, სომხები – სომხურ ისტორიას, ოსები – ოსურ ისტორიას და ყველას ჰგონია, რომ ამით იწყება და სრულდება ყველაფერი. მაგრამ ყველამ უნდა წაიკითხოს ბიბლია, ერის, ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით და მაშინ უფრო გასაგები გახდება ის პროცესები, რაც დღესაც მიმდინარეობს მსოფლიოში. თუ გააყოლებთ თვალს, დავითისა და თამარის პერიოდის ისტორია საქართველოში ძალიან ჰგავს დავით წინასწარმეტყველისა და მისი შვილის, სოლომონისდროინდელი ისრაელის ისტორიას. ისრაელის დამოკიდებულება ეგვიპტესთან და ბაბილონთან ძალიან ჰგავს დამოკიდებულებას სპარსეთსა და საბერძნეთს შორის, რომელთა დაპირისპირებაში საქართველოც იყო. შემდეგ საბერძნეთი შეცვალა ბიზანტიამ, ბიზანტია – თურქეთმა, თურქეთი – რუსეთმა, მაგრამ ანალოგიურია ორი დიდი იმპერიის ისრაელისთვის ჭიდაობა. როგორ გაიყო ამ ჭიდაობის შედეგად ისრაელი იუდეად და უშუალოდ ისრაელად, ანუ იმპერიების ზეგავლენის სფეროებად. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ისტორია იმართება ზოგადი კანონებით და ქართველები ვართ ერთი კერძო მაგალითი. ჩვენ ზუსტად იმ კანონებით ვვითარდებოდით, როგორც ბიბლიაშია მოცემული. არც ადამიანები შეცვლილან და არც ეროვნული სახელმწიფოსა და იმპერიების ზოგადი პრინციპები. მეორე მხრივ, არც გლობალიზაციაა ბოროტება და არც სეპარატიზმი, მაგრამ ორივე პროცესი არის შეზღუდული. იმპერია აუცილებელია რაღაც დონემდე, სანამ ვინმეს არ მოუნდება. გახდეს ერთადერთი. დღევანდელი არეული პერიოდი ამერიკის შეერთებული შტატების ბრალია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დადგა დემოკრატიის მოდელის საბოლოო გამარჯვების დრო. არადა, ბაბილონის გოდოლის ისტორიაში ჩადებულია ის კანონზომიერება, რომ არ შეიძლება, მრავალფეროვნება დაირღვეს, რადგან მრავალფეროვნება საჭიროა კონკურენციისთვის, რის გარეშეც სამყარო ვერ განვითარდება. ეს რაც შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებს.
მცირე სახელმწიფო არ არის საკმარისი ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერების განვითარებისთვის. იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, იქმნება იმპერიები. რომელიმე დიდი სახელმწიფო იღებს უსაფრთხოების ფუნქციის უზრუნველყოფას, დანარჩენი სუსტი სახელმწიფოები საგარეო ნაწილში თავიანთ სუვერენიტეტს უთმობენ მას, მაგრამ ვითარებიდან მეცნიერულად და კულტურულად. ამიტომ ისეთ იმპერიებსაც კი, რომლებსაც აუგად ვიხსენიებთ, მაგალითად, მონღოლების იმპერიას, უზარმაზარი დადებითი ფუნქცია ჰქონდათ. „ოქროს ურდო“ იყო ხიდი დასავლეთსა და ჩინეთს შორის. აზიაში შევიდა ევროპული ცივილიზაცია და პირიქით.
– რით გამოიხატება იმპერიების ბოროტება?
– როდესაც ძველ იმპერიას აღარ აქვს შესაძლებლობა, დაგიცვას, ის ჩანაცვლდება მეორე იმპერიული ძალით. როდის ხდება იმპერია ბოროტება? როდესაც იმპერიები აღარ იქნება, ახალი ტიპის იმპერია შეიქმნება. ასეთი ახალი ტიპის იმპერიაა დასავლეთი ორი ცენტრით: ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა და იმ ევროპაშიც რამდენიმე ცენტრია: საფრანგეთი, გერმანია და ინგლისი. ბევრს აკრიტიკებენ ევროპას, რომ არ შეუძლია სწრაფი გადაწყვეტილების მიღება საგარეო ურთიერთობებში, მაგრამ ეს დადებითია, რადგან კონკურენციას ყველაზე სწორ შედეგამდე მიჰყავს ისინი. რა განსხვავებაა ევროპულ და ევრაზიულ ცივილიზაციებს შორის? ის, რომ რუსეთს თავის სივრცეში კონკურენტი არ ჰყავს, ანუ რუსეთს შეუძლია ევრაზიაში გაერთიანება შემოგვთავაზოს ისევ ძველი იმპერიული მოდელით, რომელსაც აღარ აქვს პერსპექტივა.
– საბჭოთა კავშირს იმეორებენ და არც მალავენ, მათ შორის, არც ეკონომიკურ ნაწილში: რადგან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ეკონომისტები ვერ უწევს კონკურენციას დასავლურ პროდუქციას, სუსტები ერთად უნდა გაერთიანდნენ, რომ ერთმანეთს პროდუქცია გაუსაღონ.
– თუმცა რუსეთს აქვს გამოსავალი: ევრაზიის სფეროს გაცოცხლების ერთადერთი გზაა თურქეთის ჩართვა ამ სივრცეში.
– და თურქეთი არ გადაყლაპავს?
– არა, ძალები თანაბარია, მაგრამ რუსეთს ეშინია, რადგან წინასწარ უპირატესობა აღარ ექნება და კონკურენციის გზით უნდა იაროს. მაგალითად, მართალია, ჩინეთი ძალიან მაღალი ტემპებით ვითარდება, მაგრამ მაინც ვერ მოუგებს დასავლეთს, იმიტომ რომ კონკურენცია დაუშვეს მხოლოდ ეკონომიკაში. ამერიკელები და ევროპელები იგებენ ცხოვრების ხარისხით, ჩინეთს კი გაუჭირდება ამდენი ასეულობით მილიონი ადამიანის დაწევა ცხოვრების დასავლური დონისთვის და მეორე პრობლემაა ჩინური ენა: ჩინურ კულტურას დასჭირდება საუკუნები, რომ ის მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი იყოს.