რამდენი სამუშაო ადგილი შეიცვალა გიორგი თევდორაძის მეუღლემ ქმრის ჩინოვნიკობის პერიოდში
საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი გიორგი თევდორაძე, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით მოხვდა, 1975 წელსაა დაბადებული ქუთაისში. უმაღლესი განათლება ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო და ნატურალური და ქიმიური ბოჭკოების დართვის სპეციალისტია. მიუხედავად ამისა, მისი შრომითი ბიოგრაფია 2003 წელს იწყება ქუთაისის მერიაში, სადაც მან 2004 წლამდე მერის მრჩევლად იმუშავა (სავარაუდოდ, მისი რჩევები ნაკლებად ეხებოდა ნატურალური და ქიმიური დართვის პროცესს). 2004 წელს იმერეთის გუბერნატორის მოადგილედ დააწინაურეს, მაგრამ ამ თანამდებობაზე მხოლოდ 2007 წლამდე დაჰყო. შემდეგ სამუშაო სტაჟის 2-წლიანი წყვეტა ჰქონდა, თუმცა 2009 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე ქუთაისის მერად მუშაობდა, 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან კი მის შრომით მიღწევებს პარლამენტარობაც დაემატა.
რაკი სტაჟიანი ჩინოვნიკია, ბ-ნი თევდორაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2004 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც იმერეთის რწმუნებულის მოადგილემ და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე – 1975 წელს დაბადებული მაკა ხეცურიანი, ორი შვილი – კონსტანტინე და ტატა, მშობლები – იუზა თევდორაძე და ტატიანა ცაგარელი და ორი ძმა – დავითი და ბექა. იმხანად გიორგი თევდორაძის საკუთრებას წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინა ქუთაისში – 25 000 ლარის ღირებულების, იუზა თევდორაძეს კი ეკუთვნოდა იმავე ღირებულების საცხოვრებელი ბინა ქუთაისში და საცხოვრებელი ბინა სამტრედიის რაიონში (10 000 ლარი). მაშინ, როდესაც გიორგი თევდორაძე რწმუნებულის მოადგილედ მუშაობდა, იუზა თევდორაძე ქუთაისის შალის კომბინატის ინჟინერი იყო, ხოლო ქ-ნი ტატიანა – ქუთაისის 35-ე სკოლის პედაგოგი. დეკლარაციაში მათი შემოსავლები მითითებული არ არის.
გიორგი თევდორაძემ 2006 წელსაც იმავე ამპლუაში შეავსო დეკლარაცია, თუმცა მისი ოჯახი უკვე ცალკე ცხოვრობს და მათ ქონებრივ ანგარიშზე მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ბინაღაა ქუთაისში. ოღონდ მაკა ხეცურიანს შპს „საქექსპერტსერვისი“ დაუარსებია და ამიერკავკასიის გარემოსდაცვითი ცენტრის ქუთაისის კოორდინატორად დასაქმებულა, ანაზღაურების სახით კი წლის განმავლობაში 7 000 ლარი აუღია, მაშინ, როდესაც მისი მეუღლის, რწმუნებულის მოადგილის წლიური ხელფასი 6 264 ლარი იყო.
2008 წელს გიორგი თევდორაძემ დეკლარცია შეავსო, როგორც ყოფილმა ჩინოვნიკმა. ჩვენ არ ვიცით, იგივე ბინაა თუ არა, მაგრამ ამჯერად ქუთაისში მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ფასად 90 000 ლარია მითითებული, ასევე, გიორგი თევდორაძეს უკვე ჰყავს 26 000-ლარიანი „მერსედესი“. რაც შეეხება შემოსავლებს: 2007 წლის განმავლობაში გიორგი თევდორაძეს 9 600 ლარი, მის მეუღლეს კი 12 000 ლარი აუღია.
გიორგი თევდორაძემ 2010 წელსაც ყოფილი ჩინოვნიკის რანგში შეავსო დეკლარაცია, ოღონდ ამჯერად, როგორც ქუთაისის ყოფილმა მერმა. მისი უძრავ-მოძრავი ქონების მდგომარეობა უცვლელია. მართალია, მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში მითითებული არ არის, მაგრამ 2009 წელს ყოფილი ჩინოვნიკი შპს „დაიკაში“ ყოფილა დასაქმებული და მის წლიურ ანაზღაურებას 18 000 ლარიც შეუდგენია. სამუშაო ადგილი შეუცვლია მის მეუღლესაც – მაკა ხეცურიანი იმხანად ჯანდაცვის სამინისტროს ქუთაისის სუბსიდიების სააგენტოს დირექტორის მოადგილედ მუშაობდა და წლიურ ანაზღაურებად 5 000 ლარი მიუღია.
2011 წელს გიორგი თევდორაძემ კვლავ ქუთაისის მერის ამპლუაში შეავსო ქონებრივი დეკლარაცია. ოჯახის ქონების ნაწილში ის ცვლილებაა, რომ ატომანქანა მაკა ხეცურიანსაც შეუძენია – toyota vitz-ი. ქუთაისის მერის წლიურ ხელფასს 33 976 ლარი შეუდგენია, ხოლო მაკა ხეცურიანს კიდევ ერთხელ შეუცვლია სამუშაო ადგილი და, როგორც აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტს, 3 600 ლარი მიუღია.
მართალია, 2012 წელსაც ყოფილი მერის ამპლუაშია შევსებული დეკლარაცია, თუმცა 2011 წლის განმავლობაში გიორგი თევდორაძემ, როგორც ქუთაისის მერმა, 44 640 ლარი აიღო, ხოლო მაკა ხეცურიანმა ძველ თანამდებობაზე, სულ რაღაც, 4 426 ლარი. გიორგი თევდორაძემ 2011 წელს „ვი თი ბი ბანკიდან“ 18 000 ლარის ოდენობს სესხი აიღო, რომლის მომსახურებაზეც 7 674 ლარი დახარჯა. იმ წელს სხვა ხარჯიც ჰქონდა, კერძოდ, შვილის სწავლის გადასახადი – 3 477 ლარი. 2012 წლის განმავლობაში გიორგი თევდორაძემ, როგორც ქუთაისის მერმა, 30 960 ლარი აიღო, ხოლო, როგორც პარლამენტის წევრმა, სამ თვეში – 13 134 ლარი; მისმა მეუღლემ, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა – 4 426 ლარი. სესხის მომსახურებაზე კვლავაც 7 674 ლარი დაუხარჯავთ, შვილის სწავლის გადასახადშიც ისევ – 3 477 ლარი.