კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეადგენს ქალების ხელფასი მამაკაცების ხელფასის 60 პროცენტს და რატომ იკავებენ საქართველოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებული ქალები მამაკაცებზე მაღალ თანამდებობებს

საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კარგა ხანია, სტაბილურად უცვლელია (600 000-ს ფარგლებში), რაც პენსიონერთა რაოდენობას, საშუალოდ, 200 000-თ ჩამორჩება (რაც საკმაოდ ცუდი ტენდენციაა). ქალებს, საშუალოდ, მამაკაცებზე გაცილებით ნაკლები ხელფასი აქვთ. მაგალითად, დაქირავებით დასაქმებული მამაკაცის საშუალო თვიური ანაზღაურება 1 070 ლარამდეა, ხოლო ქალის, სულ რაღაც, 640. ყველაზე მაღალ ანაზღაურებას საფინანსო სფეროში დასაქმებული მამაკაცები იღებენ – თვეში საშუალოდ 1 831 ლარს. თუმცა ყველაზე ნაკლები ანაზღაურება აქვთ პედაგოგ მამაკაცებს (ქალებს, მით უფრო).

რომელ სფეროებში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასი ჩვენს ქვეყანაში, რით განსხვავდება სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები და რა როლს ასრულებს დასაქმებასა და ხელფასის ოდენობაში დასაქმებულის სქესი? – ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას იოსებ არჩვაძის დახმარებით შევეცდებით.

 

– რომელ სფეროებშია ჩვენთან ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი სახელფასო ანაზღაურება?

– მართალია, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახორციელებს დაკვირვებას, მაგრამ ბოლო სრული მონაცემი ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა, გასული წლის მეოთხე კვარტლის მიხედვით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 875,5 ლარი იყო.

– გაზრდილა.

– საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ეს არ არის ზღვრული მაჩვენებელი, რადგან არის მთელი რიგი დარგები, სადაც საშუალო ხელფასი გაცილებით მაღალია. მაგალითად, საფინანსო სფეროში საშუალო ხელფასი 1 430 ლარია, სახელმწიფო მმართველობაში, თითქმის, 1 200 ლარი; სამთომოპოვებით მრეწველობაში –  1 006 ლარი; მშენებლობაშიც საკმაოდ მაღალი საშუალო ხელფასია –  1 168 ლარი; მაგალითად, წარმოებასა და განაწილებაში საშუალო ხელფასი 1 077 ლარია; ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში –  1 213 ლარი. თუმცა არის დარგები, სადაც საშუალო ხელფასი გაცილებით დაბალია. ანაზღაურების მხრივ, სოფლის მეურნეობის სფერო მნიშვნელოვნად ჩამორჩება საშუალო ხელფასის მაჩვენებელს: თითქმის 35 პროცენტით, მაგრამ „რეკორსდმენი“ მაინც განათლების სფეროა, სადაც საშუალო ხელფასი საშუალო ეროვნული ხელფასის მხოლოდ 54 პროცენტია.

– როდესაც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს ახსენებთ, რას გულისხმობთ, სად არიან ისინი დასაქმებულები: გადამამუშავებელ ქარხნებში თუ?

– სოფლის მეურნეობაში, ძირითადად, დასაქმებულები არიან ფერმერულ მეურნეობებში, მათი რიცხვი დიდი არ არის, თუმცა საშუალო ხელფასი 571 ლარია. მაშინ, როდესაც განათლების სფეროში საშუალო ხელფასი 476 ლარია.

– ისიც საშუალო მაჩვენებელი, რადგან პედაგოგების ხელფასი, როგორც წესი, ვერ აღწევს ამ 476 ლარს და საგრძნობლად ჩამორჩება სკოლის დირექციის ხელფასებს.

– რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება განათლების სფეროში ყველა დასაქმებულის საშუალო ხელფასი და ადმინისტრაციას ბევრად მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე პედაგოგებს. იგივე მდგომარეობაა სამეცნიერო ინსტიტუტებშიც.

– თუმცა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებს სკოლის პედაგოგებზე მეტი ხელფასი აქვთ.

– გაშუალებული ციფრია, თორემ პედაგოგების ხელფასი ჩამორჩება.

– ძალიან მცირედით ჩამორჩება ფინანსურ სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები. ეს კარგია თუ ცუდი? ისეთი მდიდარი სახელმწიფო ვართ, რომ ჩვენს ბიუჯეტსაც აქვს იმ ფუფუნების საშუალება, რაც კერძო ფინანსურ სექტორს?

– ფინანსურ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა დიდი არ არის. აქ შეიძლება ორი მომენტი ვიგულისხმოთ: 2003 წლამდე საშუალო ჩინოვნიკური ხელფასი ძალიან დაბალი იყო, ეს პრობლემა გადაიჭრა, მაგრამ მეორე უკიდურესობისკენ წავიდა პროცესი. რადგან საშუალო ხელფასი ეკონომიკასა და მმართველობის სფეროში იმაზე მაღალია, ვიდრე ამის ეკონომიკური რესურსი შეიძლება, გააჩნდეს ჩვენნაირ ქვეყანას. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკონომიკური განვითარებით, დაახლოებით, 10-ჯერ ჩამოვრჩებით, მაგრამ საშუალო ხელფასის მაჩვენებლით ამერიკის საშუალო ხელფასის 14 პროცენტის დონეზე ვართ. ანუ ჩვენი საშუალო ხელფასის ჩამორჩენა უფრო ნაკლებია, ვიდრე ეკონომიკური ჩამორჩენა.

– უადგილო ყოფილა ჩემი შენიშვნა. გამოდის, უფრო ნაკლებსაც იხდიან, ვიდრე უნდა გადაგვიხადონ.

– ამიტომ, როდესაც სახელწიფო მოხელეებზეა საუბარი, მხოლოდ ქვეყნის შიდა მდგომარეობიდან კი არ უნდა ამოვიდეთ, არამედ იმითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, თუ როგორი ხელფასებია ანალოგიური თანამდებობებისთვის სხვა ქვეყნებში. ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს კი არ უნდა შევუდაროთ, არამედ, იმავე რანგის თანამდებობის პირის ხელფასსაც სხვა ქვეყანაში.

– მეორე მხრივ, თუ სახელმწიფო სექტორი დასაქმებულთა ხელფასი ჩამორჩება კერძო სექტორში არსებულ საშუალო ხელფასს, მაშინ კვალიფიციური კადრების გადინება კერძო სექტორში გარდაუვალია და სახელმწიფო უბრალოდ კვალიფიციური კადრების გარეშე დარჩება.

– არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი, დაახლოებით, 14-15 პროცენტით უფრო მაღალია, ვიდრე სახელმწიფო სექტორში. ეს არც ისეთი დიდი სხვაობაა, იმიტომ რომ სახელმწიფო სექტორს აქვს თავისი პრივილეგიები, მომხიბვლელობა, სოციალური დაცულობის შედარებით მაღალი დონე, ამიტომაც არის, რომ საზოგადოებისთვის უფრო მეტი მოწონებით სარგებლობს სახელმწიფო სექტორში დასაქმება, ვიდრე არასახელმწიფო, კერძო სექტორში.

– ისევ სტაბილურად 600 000-ს ფარგლებშია დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა?

– 700 000-მდე მერყეობს, თუმცა ზუსტი მონაცემები გვექნება მაისის ბოლოს, სამწუხაროდ, რადიკალური გარღვევა არ მომხდარა.

– რომელ სფეროშია ყველაზე მეტი დაქირავებით დასაქმებული?

– თუ მარტო დასაქმებულებს ავიღებთ, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობაა უპირობო ლიდერი. ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 850 000-ზე მეტია.

– ოღონდ ისინი არ არიან დაქირავებით დასაქმებულები?

– ყველაზე მეტი დაქირავებით დასაქმებული მრეწველობაშია, დაახლოებით, 120 000-ა და ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა. როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა იყო, მრეწველობაში დაქირავებით დასაქმებული 450 000 ადამიანი იყო, ანუ დღეს თითქმის 4-ჯერ ნაკლებია. 100 000-ზე მეტია დასაქმებული განათლების სფეროში: ამ რაოდენობაში იგულისხმება 70 000-მდე პედაგოგი და 30 000-35 000 უმაღლესი სასწავლებლების პერსონალი. მრავალრიცხოვანია მმართველობით სფეროში დასაქმებულთა კონტინგენტი –  200 000-ზე მეტი. აქ შედიან პოლიციელები, სამხედრო ოფიცრები.

– ქალებისა და მამაკაცების დასაქმების მაჩვენებელი როგორია?

– საკმაოდ დიდია გენდერული ნიშნით დასაქმებულთა მაჩვენებელი: ქალები შეადგენენ 60 პროცენტს, მამაკაცები –  40 პროცენტს, თუმცა ქალის ხელფასი მამაკაცის ხელფასის 60 პროცენტს შეადგენს.

– ქალებს ნაკლებს უხდიან?

– უფრო მოკრძალებულია ქალების მონაწილეობა იმ თანამდებობებზე, სადაც მაღალი ხელფასია. პირობითად, ეს იმითაც ჩანს, თუ რამდენი მინისტრია ქალი და რამდენი –  მამაკაცი.

– თუმცა ქალების რაოდენობამ შეუდარებლად მოიმატა საქართველოს პარლამენტში, თუკი წინა მოწვევის პარლამენტში სულ 7 დეპუტატი ქალი იყო, ახლა მათი რაოდენობა გაორმაგდა.

– 1998 წელს ქალის საშუალო ხელფასი მამაკაცის ხელფასთან შედარებით 52 პროცენტი იყო, დღეს 60 პროცენტამდეა, მაგრამ უფრო მეტია ქალთა დასაქმების მაჩვენებელი. მაგალითად, საბჭოთა დროს ქალის ხელფასი მამაკაცის ხელფასის 72 პროცენტის დონეზე იყო, დღეს, როგორც გითხარით, 60 პროცენტია. მაგრამ არის ერთი საინტერესო დეტალი: საერთაშორისო ორგნიზაციებში დასაქმებული ქალების ხელფასი უფრო მაღალია, ვიდრე იმავე ორგანიზაციებში დასაქმებული მამაკაცების.

– რატომ?

– მამაკაცები უფრო ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებენ: დამხმარე პერსონალი, მძღოლები და ასე შემდეგ. ქალების პოსტები უფრო მაღალია.

– ესე იგი, სახელდობრ, ქართულ სამუშაო ადგილებზე ქალებისთვის თანამდებობები ნაკლებად ხელმისაწვდომია, ამიტომ დაბალი ანაზღაურება აქვთ, ხოლო უცხოელების მიერ შექმნილ სამუშაო სივრცეში ქალები უფრო მაღალ თანამდებობებს იკავებენ, ვიდრე მამაკაცები?

– უბრალოდ საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულ მამაკაცებს შედარებით დაბალი ხელფასი აქვთ.

– მაგრამ ხელფასი ხომ შესრულებული სამუშაოს ხარისხის ადეკვატურია? საერთაშორისო ორგანიზაციებში ქალების მიერ შესრულებული სამუშაო უფრო ხარისხიანად მიიჩნევა?

– ასეც შეიძლება, ითქვას.

– უცხოეთშიც ჩამორჩება ქალების ხელფასები მამაკაცების ხელფასს?

– გენდერული საკითხი ყველა ქვეყანას აწუხებს და ეს პრობლემა საქართველოში არ დაწყებულა, თუმცა დასავლეთს შემუშავებული აქვს მთელი რიგი ნორმატიული აქტები და დოკუმენტები, რაც საშუალებას იძლევა ამ განსხვავების თავიდან აცილებას. მაგალითად, არის შეღავათები დიასახლისებისთვის, სკანდინავიის ქვეყნებში სავალდებულოა, რომ დეკრეტული შვებულების ნაწილით მამაკაცებმა აუცილებლად უნდა ისარგებლონ. იქ ქალებს აქვთ საშუალება, უკეთ მოახდინონ საკუთარი უნარებისა და პოტენციალის რეალიზება, თუმცა ბოლომდე ეს პრობლემა არსად არის გადაჭრილი და თანამედროვეობის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს.

– როგორია დასაქმებულთა ასაკი?

– ყველაზე მაღალი დასაქმება არის 25-დან 50-წლამდე ასაკის მოსახლეობაში. თუ შევადარებთ, დასაქმების საერთო დონეში დაქირავებით დასაქმებულთა წილობრივი მონაწილეობა 25-დან 35-წლამდე უფრო მაღალია, ვიდრე საშუალოდ ეკონომიკაში დასაქმებულთა რაოდენობა. ანუ იმ ასაკში, როდესაც ყველაზე მეტად ხდება ცოდნის, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვვევების გამომუშავება და მათი რეალიზაცია, დასაქმების მეტი პირობაა შექმნილი. თუმცა 25-დან 35-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში დასაქმების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ყველა დანარჩენ ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით.

– ეს ჯანსაღი სქემაა?

– ეს ერთგვარად იმ დისკრიმინაციული მიდგომის შედეგია, როდესაც 35 წლის ზემოთ ადამიანებს სამსახურში უბრალოდ აღარ იღებდნენ.

– ხომ შეჩერდა ეს ტენდენცია?

– რადგან 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ უარი თქვა ძველი კადრების ჩამოცილებაზე, გამოდის, რომ ისევ ისინი დარჩნენ სამუშაო ადგილებზე ინერციით, რაც ინარჩუნებს ნეპოტიზმის ნიშნებს.

– და ახალი ნეპოტიზმიც დაემატაო.

–  ძველ დამწვარზე ახალი მდუღარეც დაესხა.

– 21-ე საუკუნე არის ტექნოლოგიებისა და კრეატიულობის ეპოქა. თუ უნარების მიხედვით არ დაწინაურდნენ ადამიანები, ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა უბრალოდ კონკურენტუნაირიანი ვერ იქნება და, საბოლოოდ, დამუხრუჭდება. თქვენი აზრით, ნეპოტიზმს რა უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი აქვს?

– აქ ორი მომენტია გრძელვადიანი და მოკლევადიანი ეფექტი. როდესაც ნეპოტიზმით ან სხვა ნიშნით ინიშნება ადამიანი, მას მოკლევადიანი გეგმები აქვს და მისი მოქმედება არ არის გათვლილი გრძელვადიან შედეგზე, ამიტომ ცდილობენ, მოკლევადიანი გეგმები შეასრულონ.

 

скачать dle 11.3