არტ კაფე „ტიფლის ბრანჩი“ – ადგილი, სადაც შეგიძლიათ თბილისში ყველაზე გემრიელი ყავის, ჩაის დალევა, საკუთარი ნამუშევრების გამოფენა და პრეზენტაციების მოწყობა
რამდენიმე დღის წინ, მეგობრებთან ერთად, თბილისის ძველ უბანში ფინჯან ყავაზე მყუდრო გარემოში სასაუბროდ, ლესელიძის ¹4-ში ცოტა ხნის წინ გახსნილ არტ კაფეს – „ტიფლის ბრანჩს“ ვესტუმრე. ეს გადაწყვეტილება კი მარტივად მივიღე, რადგან გაგებული მქონდა, თბილისში მხოლოდ ამ კაფეში თუ დალევ გამორჩეული გემოს, სურნელისა და განსაკუთრებული რეცეპტით მომზადებულ ჰოლანდიურ ყავას და ჩაისო. რაც მთავარია, მყუდრო გარემოში, გემოვნებით მოწყობილ ინტერიერში, წყნარი, სასიამოვნო მუსიკისა და კედლებზე გამოფენილი ახალგაზრდა, ნიჭიერი ხელოვანების მიერ გადაღებული ფოტოების ფონზე, მივირთმევდი უგემრიელეს ჩის-ქეიქსა და კიდევ სხვა გემრიელობებს. მათ დაგემოვნებას თქვენც ნამდვილად გირჩევთ. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა და რაც მთავარია, ჩემი პრეტენზიული მეგობრებიც კი კმაყოფილები დარჩნენ. იქვე, არაერთი გეგმა დავსახეთ: გადავწყვიტეთ, სამომავლოდ, ჩვენი ახალი იდეების ან მეგობრების ნამუშევრების, წიგნების პრეზენტაცია სწორედ „ტიფლის ბრანჩში“ მოვაწყოთ, სადაც ამ ყველაფრისთვის არაჩვეულებრივი გარემოა შექმნილი.
თალიკო ალავერდაშვილი: „ტიფლის ბრანჩის” გახსნისას ბევრი რამ გავითვალისწინეთ. რაც მთავარია, გვინდოდა შეგვექმნა განსხვავებული გარემო, ისეთი ინტერიერი, როგორსაც ყველაგან ვერ ნახავთ. ასევე, გვინდოდა, ეს ადგილი გადაქცეულიყო კულტურის ცენტრად და ამით ხელი შეგვეწყო ნიჭიერი, ახალგაზრდა ხელოვანებისთვის. შეუძლიათ, გამოფინონ საკუთარი ნამუშევრები და თუ სურვილი ექნებათ, გაყიდონ კიდეც. ასევე, მოაწყონ პრეზენტაციები, სხვადასხვა სახის საღამოები, რისთვისაც უსასყიდლოდ დავუთმობთ საგამოფენო სივრცეს. ასევე, შეუძლიათ, მოაწყონ პოეზიის საღამოები, დაპატიჟონ მეგობრები და ფინჯან ყავაზე, ჩაიზე მოუსმინონ ერთმანეთს. გვაქვს მონიტორი და შეუძლიათ, მოაწყონ პრეზენტაციები, ვიდეოარტები და გაუზიარონ მეგობრებს საკუთარი იდეები. შემოსასვლელში დგას კომპიუტერი და ვისაც სჭირდება ინტერნეტი, მეილების გაგზავნა, შეუძლიათ ისარგებლონ. რაც მთავარია, ახლო მომავალში ვაპირებთ გაფართოებას. გვერდით უკვე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და შემდეგში უფრო მეტი ხალხის დატევას მოვახერხებთ. ამ კაფეს რომ ვხსნიდი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, თბილისის ძველ უბანში, ქალაქის ცენტრში ყოფილიყო სულიერებისა და კულტურის ცენტრი. ეს, ერთი მხრივ, ითვალისწინებს მომსახურების კულტურის ამაღლებას და მეორე მხრივ, გვინდა მოქალაქეებს კაფეს ნამდვილი შინაარსი და სახე გავახსენოთ.
– არ შემიძლია, არ ავღნიშნო იმ ყავის საოცარი და ძალიან განსხვავებული გემო, რომელიც თქვენთან დავლიე.
– „სიმონ ლევენტი“ – ეს არის ორსაუკუნოვანი ჰოლანდიური ყავის კომპანია, რომელიც აწარმოებს ბიოლოგიურად სუფთა ყავას და ჩაის. ჩვენს კაფეში, მხოლოდ „სიმონ ლევენტის“ ყავას და ჩაის დალევთ, რომელთა ასოტრტიმენტი საკმაოდ ფართოა. დაახლოებით 20-ზე მეტი დასახელების ჩაი გვაქვს: თეთრი, ბროწეულის და ასე შემდეგ. ამის გარდა, გვაქვს ჩაის მაგიდა, სადაც ჩინური რიტუალით ვამზადებთ „სიმონ ლევენტის“ ჩაის. მას არაჩვეულებრივი გემო აქვს. რაც შეეხება ჩვენს მენიუს, გვაქვს მრავალფეროვანი სენდვიჩები, რომლებიც ადგილზევე, თქვენი გემოვნებით მზადდება. ასევე, ტოსტები, ბლინები, სუპები, პიცა, სხვადასხვა სახის სალათები, შეიკები, ჩის-ქეიქები. ანუ, ჩვენთან არის ოჯახური გარემო, რაც გულისხმობს, რომ კაფეს აქვს დღის მენიუ. გარდა ამისა, ადამიანი რომ „ტიფლის ბრანჩში შემოდის, მას ვთავაზობთ იმას, რაც გვაქვს – ძალიან „მოხერხებული დიასახლისი“ გვყავს და ნებისმიერი კატეგორიის, პრეტენზიის ადამიანის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს.