კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოდენობის წყლის ექსპორტი იგეგმება საქართველოდან ირანში და როგორია საქართველო-სომხეთის გავლით ირანული გაზის ევროპისკენ ტრანსპორტირების პერსპექტივა

ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ირანსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვას 200 მილიონი დოლარისთვის მიუღწევია და შესაძლოა, ეს მაჩვენებელი 3-4 მილიარდ დოლარამდეც კი გაიზარდოს. ჯერჯერობით იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლები შემდეგნაირია: ირან-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ გაიზარდა და 2013 წელს იმპორტმა 129 მილიონ 344 ათასი, ხოლო ექსპორტმა 47 მილიონ 190 ათასი დოლარი შეადგინა. თუმცა მთავარი ის არის, რომ სამთავრობოთაშორისო შეთანხმებით, საქართველოდან ირანში წყლის ექსპორტი, ხოლო ირანიდან გაზის იმპორტი იგეგმება. მართალია, დიდად არ გახმაურებულა, თუმცა იანვრის ბოლოს ირანის ენერგორესურსებს ემბარგო მოეხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსულ გაზს მსოფლიო ბაზარზე ფრიად წონიანი კონკურენტი გამოუჩნდა.

უკვე დაფუძნდა საქართველო-ირანის გაერთიანებული სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ირანელი დიპლომატის, იბრაჰიმ რაჰიმპოუერის, განმარტებით, პირველ ეტაპზე ორი ძირითადი პროექტის განხორციელება იგეგმება: საქართველოდან ირანში სასმელი წყალი გავა, ირანიდან კი გაზის იმპორტი განხორციელდება. იმ მარტივი მიზეზით, რომ საქართველო ირანს არ ესაზღვრება, ირანული გაზი ან სომხეთის გავლით უნდა შემოვიდეს, ან აზერბაიჯანის და გასაგებია, რომ საბოლოო  წერტილი ევროპაა. რამდენად რეალურია ირანიდან საქართველოს გავლით ენერგომატარებლების ევროპაში ტრანსპორტირება, მისცემს თუ არა რუსეთი თავის სატელიტ სომხეთს ირანული გაზის გატარების უფლებას, დარჩება თუ არა აზერბაიჯანი თამაშგარეთ და როგორ შეცვლის ახალი პროექტი ძალთა ბალანსს ამიერკავკასიაში? –  თემას სანდრო თვალჭრელიძე განგვიმარტავს.

 

– რა სტადიაშია ირანიდან გაზის ევროპისკენ ტრანსპორტირების პროექტი და რამდენად რეალურია ის?

– დავიწყოთ იმით, რომ ირანის გაზის რესურსი უფრო მეტია, ვიდრე რუსეთის. მათ შორის, ირანი მოიპოვებს მხოლოდ იმდენ გაზს, რაც თვითონ სჭირდება, რადგან ის ემბარგოს გამო მოკლებული იყო გაზის ექსპორტის შესაძლებლობას.

– მეზობლებსაც კი არ აწვდიდა?

– მათ შორის, პაკისტანშიც კი თურქმენული გაზი გადის, თუმცა ირანის გავლით. ირანი ფლობს ნავთობისა და გაზის უზარმაზარ რესურსებს, მაგრამ ვერაფერს აკეთებს. ემბარგოს მოხსნა ხსნის პერსპექტივებს, მათ შორის, ნაბუქოს დავიწყებული პროექტის, რომელიც ილჰამ ალიევის არასწორი პოზიციის გამო დაიბლოკა. მას ეგონა, რომ უალტერნატივოა, მაგრამ ნაბუქოს პროექტს შეიძლება, მიეცეს მეორე სუნთქვა, თუმცა აქ გამოყენებული იქნება არა აზერბაიჯანის, არამედ –  სომხეთის მარშრუტი. მარტივად რომ ვთქვათ, ნაბუქოს კონცეფცია არის მცირე და შუა აზიიდან გაზის მიწოდება ევროპისკენ. ამასთან, ნუ დავივიწყებთ, რომ ამ პროექტში ჩართულია ეგვიპტური გაზიც.

– ეგვიპტის გაზის მარაგი როგორია?

– საშუალო, ალჟირის უფრო მაღალია. ირანიდან გაზის ტრანსპორტირების შემთხვევაში, მილსადენი მისაერთებელია საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ შაჰ-დენიზის მილსადენთან, ოღონდ მისი ტევადობა უნდა გაიზარდოს. ირანული გაზი ძალიან მაღალი ხარისხისაა, მაღალკალორიულიცაა, ცოტაა მასში გოგირდი და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, სულ 350 კილომეტრი სიგრძის მილსადენია გასაყვანი. მისი ნაწილი უკვე არსებობს, რომელიც ირანს სომხეთთან აკავშირებს, მაგრამ კვეთი არ ვარგა, 700 მილიმეტრია, 1 050 მილიმეტრი მაინც უნდა იყოს. პროექტი ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ გაზსადენი არ არის საკმარისი, აუცილებელია ნავთობსადენის გაყვანაც, რადგან ირანი მდიდარია როგორც გაზის, ისე ნავთობის მარაგით. თუმცა პრობლემა ის არის, რომ მხოლოდ სპარსეთის ყურეში აქვს ტერმინალები, რაც ცუდია და აუცილებლად უნდა გავიდეს ხმელთაშუა ზღვაში. სპარსეთის ყურე კონფლიქტური ადგილია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება, დაიკეტოს, ამიტომ რამდენიმე ალტერნატიული ტერმინალი უნდა იყოს. თავის დროზე საუდის არაბეთმა გააკეთა მეორე ნავთობსადენი, ეგრეთ წოდებული პეტროლაინის ქსელი, რომ საფრთხეებს არიდებოდა. იგივეა გასაკეთებელი ირანისთვის. მეჩვენება, რომ ირანი ნელ-ნელა შეუერთდება განვითარებულ მსოფლიოს. მე ხშირად დავდივარ ირანში, ჩვენ ვთანამშრომლობთ ირანის ხელისუფლებასთან, ვეხმარებით ბევრ რამეში, იქ ქართული ინვესტიციებიც ხორციელდება.

– რა სფეროში?

– სამთო სფეროში. ირანში დღეს ის პროცესები მიმდინარეობს, რაც ჩვენ 20 წლის წინათ გავიარეთ „პერესტროიკის“ დროს. სოციალისტური ქვეყანაა, აქვთ ხუთწლიანი გეგმები, ოღონდ კომუნისტური პარტიის მაგივრად თავზე ასხედან ისლამისტები, მაგრამ ქვეყანა ვერ იტანს მათ. ჩვენ სხვადასხვა სფეროს ადამიანებს ვხვდებით –  უბრალო ხალხით დაწყებული უმაღლესი დონის ჩინოვნიკებით დამთავრებული და ვერავინ ვერ იტანს რევოლუციის დარაჯებს. ამიტომ მგონია, რომ ძალიან მალე ირანი დემოკრატიზაციის გზას დაადგება. ჰომეინის პრობლემაა, როგორც კი გარდაიცვლება, ირანში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება.

– ფიქრობთ, რომ თურქეთი ჩაერთვება ამ პროექტში?

– რა თქმა უნდა, თურქეთსა და ირანს შორის ნორმალური ურთიერთობაა.

– თურქეთი თუ ჩაერთვება, ირანს პირდაპირ ესაზღვრება, ჩვენ რატომ უნდა დავჭირდეთ?

– ხომ არ გგონიათ, რომ საზღვარი თურქეთსა და ირანს შორის ტრიალი მინდორია? ეს არის უმაღლესი მწვერვალები და 12-ბალიანი მიწისძვრების ზონა. იქ მარშრუტის გაყვანა შეუძლებელია.

– ვიცით, რატომ ჩაიშალა ნაბუქო, რუსეთმა შეუშალა ხელი ცენტრალური აზიიდან გაზის ტრანსპორტირებას, რადგან თავად ყიდულობს თურქმენეთისგან და შემდეგ ევროპაში ეწევა მის ტრანზიტს.

– ნაბუქო ვერ შედგა, იმიტომ რომ ტრანსკასპიური მაგისტრალი უნდა აშენდეს, რაც არ აშენებულა.

– იმიტომ რომ რუსეთი უშლის ხელს.

– შუა აზია დიდად კმაყოფილი არ არის, იმიტომ რომ, დღეს რუსეთი თურქმენეთისგან 160 დოლარად ყიდულობს გაზს და 350 დოლარად აწვდის ევროპას. იცით, რომ რუსეთს არ ჰყოფნის საკუთარი გაზი ევროპის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. 

– სომხეთში არის რუსეთის ბაზა, მათ შორის არსებობს სამხედრო შეთანხმება, სომხეთის მთავრობას მთლიანად აკონტროლებს რუსეთი. ამ ფონზე რეალურად გეჩვენებათ ირანიდან გაზის ტრანსპორტირება ევროპისთვის?

– თქვენი აზრით, ეს რამდენხნიანი პროექტია? 100-წლიანი მაინც, ამ პერიოდში კი რუსეთი თავის ფედერალურ საზღვრებში ვეღარ იარსებებს. ვითომ სასაცილოა ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ თანდათან გახისტდება და ნავთობზე ფასის დაკლებაც დაემატება.

– ელოდებით ამას?

– წლის ბოლოსკენ, გაისად. ეს იქნება ძალიან ხისტი პოლიტიკა, ოღონდ თანდათანობითი, ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე არა, როდესაც ბუშმა ერთ თვეში 140 დოლარიდან 35 დოლარამდე დააგდო ნავთობის ფასი, რამაც ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ნავთობზე ფასის კლება გაიწელება დროში, რაც წლების განმავლობაში დააკლებს რუსეთს შემოსავლებს. ახლა ამას ისე გააკეთებენ, რომ ეკონომიკური კრიზისი არ მოხდეს. ამასთან, ბარაქ ობამამ თქვა, რომ აშშ-ს შეუძლია, ევროპას უფრო მეტი გაზი მიაწოდოს, ვიდრე რუსეთი აწვდის და უფრო კარგ ფასად.

– ამერიკული გაზის მიწოდების მარშრუტი ავუხსნათ მკითხველს.

– ეს გათხევადებული გაზია, მიმღები ტერმინალების სიმძლავრეები არ ჰყოფნის, მაგრამ ბევრნაირად შეიძლება, გაკეთდეს. ბევრი მარშრუტია, შეიძლება, ჩაიტანონ ალჟირში, იქ გაიზარდოს საექსპორტო მილსადენი და სარდინიის გავლით შევიდეს იტალიაში. იტალიამ უკვე თქვა უარი რუსულ გაზზე.

– თუმცა რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებსო.

– იტალია მოიქცევა ისე, როგორც ევროკავშირი დაადგენს. იტალია ჩართულია ერთიანი განაწილების ქსელში. საერთოდ, ევროპა ყველაზე გაზიფიცირებული რეგიონია მსოფლიოში. იქ უფრო ხშირია გაზგანაწილების ქსელი, ვიდრე აშშ-ში. ამდენად, გაზის ეს ალტერნატიული წყაროები ძალიან მნიშვნელოვანი და მომგებიანია რუსეთის გარდა,  ყველასთვის: ევროპისთვის, ირანისთვის, ჩვენთვის.

– რუსეთს აქვს ამ ირანიდან გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირების პროექტების ჩაშლის ბერკეტი?

– არანაირი ბერკეტი არ აქვს. რუსეთსა და ირანს გაუფუჭდათ ურთიერთობა, რუსებს, ფაქტობრივად, აღარ იღებენ ირანში, სავიზო რეჟიმი დაუწესეს, იმიტომ რომ, რუსეთმა ირანი მოატყუა ბირთვული პროგრამის ფარგლებში. რუსების მხრიდან აფერა იყო, ბირთვულ ტექნოლოგიებს მოგცემთო, რაც, ბუნებრივია, არ გააკეთეს, მაგრამ ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის გაფუჭება მთლიანად რესეთის სინდისზეა. ამას მიხვდა ირანის ახალი პრეზიდენტი და მკვეთრად გააუარესა რუსეთთან ურთიერთობა.

– მაგრამ, სანამ რუსეთს შეუძლია სომხეთის მართვა და დაბლოკვა, ის ხომ ამას გააკეთებს?

– არ შეუძლია. როგორ შეუძლია?!

– მთლიანად მართავს სომხეთს როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად.

– არ მგონია, რომ ეს ქმედითი ზომები იყოს. სომხები იდიოტები არ არიან, ძალიან დიდი სომხური ლობია ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათ იციან, თუ ეს გაზსადენი გავა, ეს იქნება სომხეთის უსაფრთხოების გარანტია, იმიტომ რომ, აზერბაიჯანს არ მისცემენ სომხეთის დაპყრობის ნებას და სომხეთი ამ კარტს ძალიან კარგად გაითამაშებს. სომხეთი რუსეთს ემოკავშირება, რადგან სხვა გარანტია არ აქვს, რომ აზერბაიჯანს ომს მოუგებს. თუმცა ძალიან კარგად ესმის, რომ ეს კავშირი  არის არამდგრადი და მყიფე. როგორც კი გაუჩნდება ევროპული ალტერნატივა, მაშინვე გაყიდის რუსეთს.

– თურქეთი ისეთივე მოკავშირეა აზერბაიჯანისთვის, როგორც რუსეთი –  სომხეთისთვის. ფიქრობთ, რომ თურქეთი ჩაერთვება ამ პროექტში აზერბაიჯანის ინტერესების საზიანოდ?

– თურქეთს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან, მაგრამ თურქეთი თავის  ინტერესებზე გაცილებით მეტს ზრუნავს, ვიდრე აზერბაიჯანზე და თუკი ამ პროექტის განხორციელება თურქეთისთვის უფრო მომგებიანი იქნება და ეს მას გზას გაუხსნის ევროპასთან დაახლოებისკენ, თურქეთი ამაზე წავა.

– საერთო საზღვარი აქვთ სომხეთსა და თურქეთსაც.

– ჩვენ ღმერთმა შეგვიწყო ხელი, რომ შემოვლითი გზა საქართველოს გავლით აუცილებელია რელიეფიდან გამომდინარე, თორემ ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტიდანაც ამოგვაგდებდნენ, სხვანაირად გაყვანა რომ ყოფილიყო შესაძლებელი, გაიყვანდნენ.

– ჩვენ სანაცვალოდ წყალი უნდა მივაწოდოთ ირანსო. ანუ წყალსადენიც ასაშენებელია და ისიც სომხეთის გავლით?

– წყალი მისაწოდებელია, იმიტომ რომ, ირანს წყლის პრობლემა აქვს. ოღონდ ამას პროფესიულად უნდა გაკეთება, რომ არ დავაზიანოთ არტეზიული აუზები. სამწუხაროდ, მთავრობაში არ მეგულება წყლის კარგი სპეციალისტი. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენი მტკნარი არტეზიული წყლის მარაგი 1,5-ჯერ მეტია, ვიდრე მთელი ევროპის. ჩვენ ახლავე შეგვიძლია, მოვიპოვოთ 6 მილიონი კუბური მეტრი მტკნარი წყალი ისე, რომ არაფერი დავაზიანოთ. დაახლობით, ამ რაოდენობის წყალს მოიხმარს მთელი ევროპა. მილსადენი გასაყვანი იქნება და ისიც სომხეთის გავლით.

– მეუცნაურა, გაზის სანაცვლოდ მივაწვდით წყალსო. როგორც ცნობილია, გაზი გვრჩება ტრანზიტის საფასურად, წყალი რა შუაშია?

– ირანი გაზსადენითაა მიბმული სომხეთზე, რომელიც ერევნამდე მიდის, ერევნამდე არსებულ გაზსადენს ვერ გამოვიყენებთ, რადგან იქ მხოლოდ ერთი მიმართულებით  –  ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მოძრაობს გაზი. ამიტომ ახალია ასაგები, რომელიც გაზს სამხრეთიდან გაატარებს ჩრდილოეთისკენ. ფაქტობრივად, ერევნიდან გარდაბნამდე მონაკვეთია ასაშენებელი.

– აზერბაიჯანის ჩართვა გამორიცხულია ამ პროექტში?

– შეიძლება, თუკი ბატონი ილჰამ ალიევი შეიცვლის მენტალიტეტს. ირანსა და აზერბაიჯანს შორის ძალიან დაძაბული ურთიერთობაა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ირანში, დაახლოებით, 30 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს და ისინიც საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილნი აზერბაიჯანის მიმართ.

– თუ აზერბაიჯანი გაეთიშება ამ პროექტს, მაშინ ახლა უკვე ის დარჩება იზოლირებული რეგიონული პროექტებისგან, ისევე, როგორც დღეს სომხეთია იზოლირებული.

– ალბათ, ორივე პროექტი გაკეთდება, მაგრამ სომხეთზე გამავალი უფრო იაფია, თუმცა ჩვენზე, ნებისმიერ შემთხვევაში, გაივლის. რეგიონული გაზგამანაწილებელი ხაზი გაივლის საქართველოზე. რამდენიმე წელი დასჭირდება ამის განხორციელებას: ორი წელი მოსამზადებელ სამუშაოებს, 5 წელი –  მშენებლობას… ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობის კაპიტალიზაცია. მადლობა ღმერთს, ეს ესმის ამ მთავრობას და რაც შეუძლია, აკეთებს, თუმცა ვისურვებდი ცოტა უფრო მეტ პროფესიონალიზმს ამ პროექტებში.

 

скачать dle 11.3