მადაგახსნილები
„и тебя вылечем”
მას შემდეგ, რაც ყირიმის მიერთება ხახვივით შერჩა (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე და, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის შეიარღებულმა ძალებმა ჩვენი შეიარაღებული ძალების წონა და მნიშვნელობა ერთიორად აამაღლეს: 5 დღე მაინც იყო), აქა-იქ ცნობებიც გამოჩნდა, რომ რფ იქით – ალასკის დაბრუნებას გეგმავს, აქეთ – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისა და, ასევე, ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებისთვის ამა თუ იმ ნაგლეჯების წართმევას (ბუნებრივია, ვისაც მოერევა, თორემ, ჯერჯერობით რფ-ს ანგარიშზე მასზე გაცილებით სუსტების დაბეგვაა).
ამასობაში, ინტერნეტსივრცეში რუსეთის ელჩების: სერგეი ბახარევისა (იგი ზიმბაბვესა და მალავიში ეწევა დიპაქტივობას) და იგორ ჩუბაროვის (ერიტრეაში მოღვაწის) სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.
იმას გარდა, რომ რუსი დიპლომატები უცენზურო ლექსიკით მეტყველებენ, სამომავლო გეგმებზეც ოხუნჯობენ. კერძოდ, დიპლომატი ჩუბაროვი შენიშნავს: „ახლა მე უბრალო ამოცანა მაქვს. ევროკავშირის ელჩებს მხოლოდ ერთი მიმართულებით ვესაუბრო – ჩვენ ავიღეთ ყირიმი, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ახლა ავიღებთ თქვენს კატალონიას, ვენეციას, ასევე, შოტლანდიას ალასკით და ამ ეტაპზე დავწყნარდებით“.
ჯერჯერობით, არც რფ-ს საგარეო უწყებას გაუკეთებია რამე კომენტარი და არც იმ ქვეყნებს, რომელთა ნაწილების „აღებასაც“ გეგმავენ (არ დავმალავ, პირადად მე ზუსტად ისე მეწყინება, როგორც მათ იმცხეთეს ჩვენი ოკუპაცია), თუმცა, მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, „მე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ევროპას და აშშ-ს) რომ მესვრით, არ ხართ ის კაცები თქვენ“.
ხოლო, თუ დიპლომატთა ნაუბრის ბოლო ფრაზას გავიხსენებთ („და ამ ეტაპზე დავწყნარდებით“), სანამ თავად მოახერხებენ, დამაწყნარებელი პერანგით ხომ არ მიეღწიათ იმავე შედეგისთვის?!