სსრკ-სკენ: ნაბიჯით იარ!
ხალასი რუსული ყურების დასაცავად
გასულ კვირას ყირიმში რუსმა ექიმებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ჩამოუარეს და საგულდაგულოდაც გასინჯეს (ვისაც თავისი ფეხით შეუძლია სიარული, მათ ამბულატორიებში მოემსახურნენ). „ვრემიამ“ სიუჟეტი საბჭოთა სტილში გააშუქა – ვიშ, რა ბედნიერი ცხოვრება დაიწყო ყირიმში დედა-რფ-სთან შერწყმის შემდეგო. მეორე მხრივ, რუსული ესტრადის ვარსკვლავებმა სიმფეროპოლში დისლოცირებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეზღვაურები მოინახულეს – აღლუმს თვით იოსიფ კობზონი ხელმძღვანელობდა.
ამის პარალელურად კი, რაკი რფ-ს დანარჩენი მოსახლეობა არცთუ კმაყოფილია კიდევ ერთი დოტაციური რეგიონის შემოერთებით (თუმცა, გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა 74 პროცენტი მხარს დაუჭერდა უკრაინასთან ომს), „ედინაია როსიამ“ ახალი კანონპროექტი გამოაცხო, რის მიხედვითაც, რფ-ელ მომხმარებლებს უცხოური დომენების ზონაში არსებული საიტების მონახულება აეკრძალებათ (ბუნებრივია, იმ „კეთილშობილური“ მოტივით, რომ ხალასმა რუსულმა ყურებმა მათთვის უსიამოვნო და შემაშფოთებელი ინფო არ მიიღონ საზიზღარი კაპიტალისტებისგან).
ასეა თუ ისე, კანონპროექტის კანონად ქცევისთანავე რუსეთის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ეწვიონ მხოლოდ ru, su და რფ ზონებს. კანონპროექტის ავტორი, „დუმელი“ დეპუტატი, გვარად შპეგელი, აცხადებს, რომ „ყირიმის რუსეთში დაბრუნებამ დასავლეთის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და მათ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის გაყინვა გადაწყვიტეს.“ ჰოდა, რაკი ასეა, თავად შპეგელმა თავისი პირადი ანგარიშები გააუქმა უცხოურ სოციალურ ქსელებში და მხოლოდ „ოდნოკლასნიკებში“ დარჩა (იმავეს მოუწოდებს თავის დანარჩენ თანამოქალაქეებსაც).
თუმცა ეს „დუმელის“ ნააზრევის სრული თაიგული არ არის, მას სხვა ინიციატივაც აღელვებს. კერძოდ, მისი აზრით, რუსეთის მასშტაბით ამერიკული ფილმების ჩვენებაც უნდა შეიზღუდოს (ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების დიადი მიზნით), რადგან კინოგაქირავების დიდი ნაწილი ოკეანისგაღმურ ფილმებს უჭირავსო. ჯერჯერობით თანახმაა, რომ ამერიკული წარმოების ფილმები ფილმების საერთო რაოდენობაში 50 პროცენტს იკავებდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, იდავითებს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ისტალინებს) თუ არა პატარა კახი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვლ. პუტინი), მაგრამ საბჭოეთის აღდგენის, რაღა მცდელობის, უკვე პირველი ნაბიჯები აშკარაა.
პრეზიდენტი ისევ ინგლისურად ლაპარაკობს, პრემიერს უკან უდგანან სტუდენტები, ეს ცუდია, სხვა ფორმა მოიფიქრეთ, ბატონებო, თორემ დეჟავუა!