მიტარბი – კიდევ ერთი კურორტი და უნიკალური მინერალური წყლის საბადო
თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე შეფენილი სოფელი მიტარბი ის ადგილია, რომელიც თავის დროზე მთელს საქართველოში ცნობილი იყო უნიკალური მინერალური წყლის საბადოთი. უკვე რამდენიმე ათეული წელია, არსად შეგვხვედრია ბოთლი, ოდესღაც ყველასათვის კარგად ნაცნობი ეტიკეტით, კარგა ხანია, არავის უთქვამს, რომ შვებულების გატარებას მიტარბში აპირებს, ადამიანებს ამ ადგილთან აღარც ძვირფასი მოგონებები და არც სამომავლო გეგმები აღარ აკავშირებთ, არადა ერთ დროს ეს ადგილი ბორჯომის რაიონის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მიმართულება იყო ნებისმიერი დამსვენებლისთვის.
დღეს, როცა საქართველოს კურორტები ერთი მეორეს მიყოლებით ცოცხლდება, როცა ძველ დიდებას იბრუნებს ბორჯომის წყალი და მასთან პირდაპირ დაკავშირებული კურორტი ბორჯომი, საჭიროდ მივიჩნევთ საზოგადოებას შევახსენოთ მიტარბი – ადგილი და წყალიც, რომლის გემოც წყლის ექსპერტთა გარდა აღარავის ახსოვს.
გვახსოვს კი „მიტარბი“? ან რა გვახსოვს მის შესახებ?
უფროსი თაობის ადამიანებს დიახაც ახსოვთ მინერალური წყალი, რომელიც სამკურნალოდაც შესანიშნავი იყო და ნებისმიერ სუფრასაც ამშვენებდა. ახალ თაობას კი მხოლოდ ყურმოკვრით გაუგია ადგილ მიტარბისა და იქ მოპოვებული მარგებელი წყლის შესახებ. ვიცით, რომ სოფელი მიტარბი სადღაც ბორჯომ-ბაკურიანის რეგიონში მდებარეობს და მთელი ამ დალოცვილი მხარის მსგავსად, ალბათ, ლამაზი ადგილი უნდა იყოს, შერეული წიწვოვან-ფოთლოვანი უღრანი ტყეებით დაფარული ფერდობებით, თვალწარმტაცი პეიზაჟებით და თავისთავად სამკურნალო ჰაერით...
მივიწყებული კურორტი მართლაც ასეთია. ოღონდ მიტარბი ორია. მდინარე გუჯარეთის ხეობაში მდებარე ორი ძალიან ლამაზი სოფელი – დიდი და პატარა მიტარბი, რომლებიც ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში აღწერა ვახუშტი ბატონიშვილმა და დღეს უკვე თითქმის გაუკაცურებულ გუჯარეთის ხეობის თვრამეტ სოფელს შორის დაასახელა. სოფლები დღესაც იმ ადგილებზე მდებარეობს, რომლებიც გეოგრაფმა აღწერა. გარდასულ დროთა უტყვ მოწმეებად სოფლებში ისევ დგას ისტორიულ ნაგებობათა – მეცხრე-მეათე საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიის, მეათე-მეთერთმეტე საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესიის და იმავე დასახელების ადრე შუასაუკუნეების საყდრის – ნანგრევები.
კურორტი, უფრო სწორად კი, ყოფილი კურორტი, ზღვის დონიდან 1 480 მეტრზე მდებარეობს. იქაურობისთვის კონტინენტური კლიმატი, ზომიერად გრილი ზაფხული და მკაცრი უხვთოვლიანი ზამთარია დამახასიათებელი. გუჯარეთის და მისი მარცხენა შენაკადის მდინარე მიტარბულას ხეობები ძალიან ლამაზია. ტყეები ნადირ-ფრინველითაა სავსე. როგორც მთელი რეგიონი, მიტარბის შემოგარენიც მსხვილი ძუძუმწოვრების პოპულაციებითაა განთქმული. შველი, ფოცხვერი, მგელი, დათვი და კეთილშობილი ირემი აქაური ტყის მკვიდრები არიან. გაზაფხულ-ზაფხულში მიტარბის გარშემო მდელოები ყვავილების ნამდვილი ხალიჩითაა დაფარული. თუმცა, ყველაზე ლამაზი დრო, ალბათ, მაინც შემოდგომაა, როცა წითელ-ყვითელი ფოთლოვანი ტყე მარადმწვანე ნაძვებთან და კავკასიურ კედართან ერთად სუნთქვის შემკვრელ ფერთა პალიტრას ქმნის. ზამთარში აქ თეთრი მდუმარება სუფევს, მხოლოდ იშვიათად მოქნეული ცულის ხმა არღვევს მყუდროებას. სოფლებსაც მხოლოდ აქა-იქ ასდის კვამლი და დათოვლილ ხეობებს ეფინება. ოდესღაც დიდი სოფლები – დიდი და პატარა მიტარბი – მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში თითქმის სულ დაცარიელდა. 2002 წლის მონაცემებით, ორივე მიტარბში მხოლოდ 64 ადამიანი ცხოვრობდა. დღეისათვის შეიძლება კიდევ უფრო ნაკლები ცხოვრობს... სადღაც აქვე კი სიცოცხლე სწორედ ზამთარში ჩქეფს – მიტარბს და განთქმულ სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანს მხოლოდ შვიდი კილომეტრი აშორებს.
აქაურობას აქვს პოტენციალი შეინახოს საკუთარი თავი და მნიშვნელოვან კურორტად იქცეს. მინერალური წყლის საბადო ხომ არსად წასულა. ნახშირორჟანგიანი და კაჟმჟავიანი ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი სამკურნალო და სუფრის მინერალური წყალი, რომელიც ძალიან მსუბუქია და სასიამოვნო გემო აქვს ისევ მოიპოვება სოფლის სიახლოვეს, ექსპერტები, ჰიდროგეოლოგები და კურორტოლოგები კარგად იცნობენ როგორც ამ წყალს, ასევე კურორტს. საჭიროა, შევახსენოთ მოსახლეობას, რომ წყალი „მიტარბი“ ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ქრონიკული კოლიტისა და ენტეროკოლიტის, ჰეპატიტების და ღვიძლის ფუნქციის გადახრების უებარი წამალი და ამ დაავადებათა პრევენციის კარგი საშუალებაა.
ვფიქრობთ, კურორტ მიტარბს და იქაურ მინერალურ წყალს აქვს მომავალი. საქართველო წიაღისეულით ღარიბი ქვეყანაა. მინერალური წყლის რესურსები კი ჩვენი ნამდვილი საგანძურია – იმგვარი წიაღისეული, რომლის მოპოვება, საბედნიეროდ, გარემოს დამახინჯების და დაბინძურების გარეშე შეიძლება. ხოლო მოპოვებული პროდუქტი სნეულებს კურნავს და ჯანმრთელებსაც რგებს. ამ რესურსის სწორად მოპოვებას და გამოყენებას კი ბევრი რამის შეცვლა შეუძლია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე მთელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.