კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ია სუხიტაშვილი ქალის მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში, რომელიც მაისში კანის ფესტივალზე წარდგება და რატომ არ დააქვს მას ბოღმა გულით

ია სუხიტაშვილი – ის არის ცნობილი და საინტერესო მსახიობი,  ცნობილი და საინტერესო ადამიანის მეუღლე და ემოციური და საინტერესო რესპონდენტი, – აი, ასე, მომინდა მისი დახასიათებისას ერთ წინადადებაში სამჯერ მეხმარა სიტყვა „საინტერესო”.

 

– ია, გავიგე სიახლეები გაქვთ კარიერაში. გვიამბობთ? 

– ჰო, ამაზე უფრო მიყვარს საუბარი, ვიდრე სხვა რამეზე, როგორც უყვარს ხოლმე ზოგიერთ ვარსკვლავს – გარდერობზე, სკანდალებზე... არც ვარ სკანდალური ტიპი. რაც შეეხება სიახლეებს, ირანელი რეჟისორი იყო ჩამოსული – მოჰსენ მაკმალბაფი. ის კანის, ვენეციის, „ბერლინარეს” ფესტივალების მრავალგზის გამარჯვებული რეჟისორია. ძალიან საინტერესო შემოქმედებითი ბიოგრაფია, ხედვა და სტილი აქვს. მის ფილმში მოვხვდი ძალიან სპონტანურად: 2013 წლის ოქტომბერში ლონდონში გაიმართა ქართული კინოს დღეები და მაკმალბაფი დაესწრო ამ ჩვენებას. ძალიან მოეწონა ჩვენი მსახიობები, ჩვენი ბუნება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ, სცენარი, რომელიც მას ჰქონდა გამზადებული გადაეღო საქართველოში, ქართველი მსახიობების მონაწილეობით.  

– რა ჰქვია ფილმს?

– „პრეზიდენტი”, ოღონდ, არავინ იფიქროს, რადგან საქართველოში ხდება გადაღება, ჩვენ გვეხება – არც ქვეყანა იქნება დაკონკრეტებული, არც პრეზიდენტი. ეს იქნება კლასიკური სიურეალიზმი, რაც ჩემთვის ყველაზე საინტერესო ჟანრია როგორც თეატრში, ასევე კინემატოგრაფიაში. მაკმალბაფის „პრეზიდენტი” მაისის ბოლოს კანის ფესტივალზე იქნება წარდგენილი.

– ამის შემდეგ კიდევ გადაგიღეს სხვა ფილმში?

– რუსიკო გლურჯიძის ფილმში. გადაღებები მიმდინარეობდა სოფელ დაგვაში, აჭარის ერთ-ერთ მთიან სოფელში. ეს ბერძნების მიტოვებული სოფელია, ძალიან ლამაზი ბუნებით. 

– ამ ფილმს რა ჰქვია?

– „სხვისი სახლი”. ჩემს როლს რაც შეეხება, აზიდა მქვია – უცნაური სახელია. აზიდა არის აფხაზეთიდან, ოღონდ არავის არ ეგონოს, რომ ფილმი აფხაზეთის ან, საერთოდ, პოლიტიკურ თემაზეა. არა, ეს არის ურთიერთობებზე აწყობილი ფილმი, ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე. რთულია სათამაშოდ, მაგრამ, კარგია. რაც უფრო გართულებულია ამოცანა, მით უფრო საინტერესოა და მიყვარს მისი განხორციელება.

– თეატრში რა ხდება?

– თითქოს ისეა აწყობილი, რომ, თუ თეატრში ხდება ჩემთვის რაღაცა საინტერესო, იმ მომენტში კინოში თითქოს არაფერი ხდება და პირიქით. ამჟამად ვთამაშობ სპექტაკლებში, მაქვს როლები, უბრალოდ, ჯერჯერობით თეატრში ახალ როლზე არ ვმუშაობ.

– სამაგიეროდ, ახალ პროექტზე მუშაობ ტელევიზიაში.

– ჰო, ეს პროექტია „X-ფაქტორი.” ყველას ძალიან გაუკვირდა, ისეთი სუფთა კლასიკური მუსიკალური პროექტია, ოღონდ, ერთი დატვირთვით: გარდა იმისა, რომ უნდა გქონდეს ძლიერი  და საინტერესო მუსიკალური მონაცემები, ასევე თვითონ უნდა იყო განსხვავებული და ინდივიდუალური შენი იმიჯით, თავის წარდგენით, კარგი პლასტიკით, მსახიობური მონაცემებით და ასე შემდეგ. ვეძებთ „X-ფაქტორს” და ამ ძიებაში მე და ჩემი თანაწამყვანი გეგა ფალავანდიშვილიც ვართ ჩართულები. გეგა ძალიან კარგი პარტნიორი აღმოჩნდა, ყველაფერთან ერთად, მას ძალიან კარგი მუსიკალური განათლებაც აქვს.  მე შვიდწლედი მაქვს დამთავრებული ფორტეპიანოს განხრით. გუნდშიც ვმღეროდი ამის შემდეგ, ოღონდ, დილის 10 საათზე გვქონდა გაკვეთილები და მე სულ ვაგვიანებდი. პედაგოგი არც ამიყვანდა, სმენა და ხმა რომ არ მქონოდა, სმენის გარეშე შვიდწლედსაც ვერ დავამთავრებდი, მაგრამ, ეტყობა, ჩემი დაგვიანებებით ძალიან გამოვიყვანე პედაგოგი მდგომარეობიდან და, ერთ-ერთ მისვლაზე კატეგორიულად მოითხოვა, აღარ მივსულიყავი მასთან, მით უმეტეს, რომ ისედაც არ მქონდა სიმღერის მონაცემები.  ამის შემდეგ ძალიან დიდხანს, გულშიც აღარ მიმღერია. დიდი დაღი დამასვა. თეატრალურ ინსტიტუტში რომ ვაბარებდი, ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ გვემღერა, რასაც მშვენივრად გავართვი თავი. ვერ ვიტყვი, რომ ვერ ვმღერი, მაგრამ, არასდროს მივცემ თავს უფლებას, რომელიმე მუსიკალურ კონკურსში მივიღო მონაწილეობა. 

– შემოქმედებითი ცხოვრებიდან დროებით ოჯახურ ცხოვრებაში გადმოვინაცვლოთ. ამბობენ, რთულია ერთ ოჯახში ორი ვარსკვლავის ცხოვრებაო. ეთანხმები?

– რატომ არის რთული? ვინ მოიგონა, საიდან, რა კვლევები ჩატარდა? მე როცა მიშას მივყვებოდი ცოლად, არ მიფიქრია იმაზე, ჩვენ, ორი მსახიობი, როგორ ვიქნებოდით ერთად. იმ მომენტში საერთოდაც არ მიფიქრია იმაზე, თუ რა პროფესიის წარმომადგენლები ვართ. მახსოვს, სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავით და არ ჩაისვა ერთი კითხვა.

– კითხვა რაში მდგომარეობდა?

– ჩვენ გვეგონა, რომ თქვენ ძალიან მალე დაშორდებოდით ერთმანეთსო. აღარ ვკითხე,  „გამაზეთ-მეთქი”?! თუ ადამიანები ვერ ეწყობიან ერთმანეთს, პროფესია არაფერ შუაშია. „ქალი ვიცი კუხნაში” – ხომ არის ასეთი ფენომენი ჩამოყალიბებული. ძალიანაც სიამოვნებს ჩემს მეუღლეს, როდესაც სახლში ვარ, მაგრამ, არანაირად არ აპროტესტებს იმას, როცა არ ვარ, იმიტომ რომ, იცის, რატომ არ ვარ – იცის, რომ სპექტაკლი მაქვს, რეპეტიცია მაქვს, გადაღება მაქვს, თუნდაც ახლა, ინტერვიუზე ვარ. ერთი რამ არ მესმის: ცოლად მოდელი მოჰყავთ, მერე კი ანებებინებენ თავს და სახლში სვამენ. ჩემი აზრით, ძალიან ბევრი კარგი და ლამაზი მოდელი რომ გვყავდა ქართველებს და უცბად დაიკარგნენ, სწორედ ამიტომ. ეს ოხერი, რომ მოგყავს იმის გამო, რომ მოგეწონა პოდიუმზე, მოგეწონა ფოტოებიდან, ჟურნალებიდან, რატომ გინდა, რომ იდაყვებამდე ფქვილში ჰქონდეს ხელები?! ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მოდელები ყოველთვის მდიდარ კაცებს მიჰყვებიან ცოლად. ბავშვს კი აჩენენ, მაგრამ, ზუსტად ვიცით, რომ არ აქვთ ძიძის აყვანის პრობლემა, მაგრამ, უნდა, რომ სახლში იჯდეს – ჩემთვის მინდაო! რას ჰქვია, „ჩემთვის მინდა”! შენია ისედაც, არავინ გართმევს. ამას ვერ ვხსნი და ძალიან ვბრაზობ. 

მეორე მომენტიცაა, გინდა მსახიობი აიღე, გინდა მოდელი, ასეთი პროფესიებში ქალები მაინც შეზღუდული ვართ დროში.

– რას გულისხმობთ?

– რაღაც ასაკის შემდეგ ცოტა უხერხულია მოდელის პოდიუმზე გამოსვლა. რამდენიმე მოდელია საქართველოში, მარაზმში არიან გადასულები, უკვე დაბერდნენ და მაინც პოდიუმზე გამოდიან. მსახიობ ქალს რაც შეეხება, 45 წლამდე გაქვს დრო, რადგან, თუ იწერება სცენარები, პიესები, ქალის როლი ყოველთვის ცოტაა და, თუ არის, უფრო ახალგაზრდებისთვის. მერე, რაც უფრო გემატება ასაკი, მით უფრო ცოტავდება როლები და, კიდევ რომ დაგიშლიან და კარში გადაგიდგებიან, არ მესმის. ამის გამო უფრო ინგრევა ოჯახები. თუ ადამიანს უნდა, რომ გავიდეს პოდიუმზე ან სცენაზე, ეს სურვილი ღრღნის მას და ბოლოს ანგრევს კიდეც ოჯახს. როდესაც არის ურთიერთგაგების მომენტი, ის ოჯახი ძლიერი და მყარია.

– მიგაჩნია, რომ გაგიმართლა ამ მხრივ?

– რა თქმა უნდა, გამიმართლა: მიყვარს ჩემი მეუღლე და მასაც ვუყვარვარ; მიყვარს ჩემი საქმე და, ასევე, ჩემს მეუღლესაც უყვარს თავისი საქმე. 

– მარტო ცხოვრობთ?

– არა, ჩემს დედამთილთან ერთად ვცხოვრობთ.

– შენ და მიშა პროფესიულ რჩევებს თუ აძლევთ ერთმანეთს?

– ჩემი აზრით, გარდა იმისა, რომ მიშა ძალიან მაგარი მსახიობია, თან, ასპროცენტიანი გემოვნება აქვს და, თანაც, იცის როგორ გირჩიოს. ამ მხრივ მართლა ძალიან დიდი კომფორტია, როდესაც დაკავებული ხარ ხელოვნების სფეროში და გვერდით გყავს ადამიანი, რომლის გემოვნებასაც ენდობი, მის რჩევებს ითვალისწინებ. რაც მთავარია, ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა გყავს ერთი-ორი ისეთი ადამიანი, რომლებიც არასდროს მოგატყუებენ. ტყუილში იმას ვგულისხმობ, რომ, არ დაგიმალავს, კარგად ითამაშე თუ ცუდად, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განვითარდე. რადგან, შეცდომებზე სწავლობ და ითვალისწინებ, რომ იგივე არ გაიმეორო. მსახიობები ხომ ვიზრდებით ფილმიდან ფილმამდე, სპექტაკლიდან სპექტაკლამდე – ეს ბუნებრივია, ორგანულია და ასეც უნდა ხდებოდეს – ერთ ადგილზე ხომ არ იქნები გაყინული! მე ბევრს ვატყობ, რომ ეპირფერებიან და მერე იყინება ის ადამიანი, იმიტომ რომ, არ ჰყავს გვერდში ისეთი ერთგული, რომელიც ეტყვის: დღეს შენ იყავი ძალიან ცუდი, ან – საშუალო... საბედნიეროდ, მე მაქვს ეს ფუფუნება.

შესაძლოა, ძალიან ვარდისფრად დავხატე ყველაფერი – ცხადია, კონფლიქტები ყოველთვის არის ოჯახში და, თავისთავად, არის რაღაცეები, რაზეც არ მეთანხმება ან არ ვეთანხმები, მაგრამ ეს ძალიან ნორმალურად მიმაჩნია. ისე არაა, რომ ვთქვა: „ჩვენ არაფერზე ვკამათობთ, სულ ასე ტკბილად და თბილად...” კიდევ ვიმეორებ არის პერიოდები, როცა რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით, რაღაც მაღიზიანებს ან, პირიქით, რაღაცაზე არ მეთანხმება.

– ამ დროს ხომ არ იბუტებით ხოლმე?

– არა, მეზიზღება, კაცი რომ იბუტება.

– შენ?

– მწყინს, მაგრამ, გამივლის ხოლმე. ბოღმას ვერ ვიდებ გულში, იმ მომენტში გამოვხატავ და მერე მეხსნება. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ოჯახურ წყვილებს აქვთ დაჯდომის და რაღაცეების ნორმალურად და ცივილურად გადაწყვეტის უნარი. ზოგი გარბის ძმაკაცთან და იმას უყვება, ზოგი – დაქალთან. მიმაჩნია, რომ ორი ადამიანი თავის პრობლემებს სხვების გარეშე ყველაზე კარგად გადაწყვეტს.

 

скачать dle 11.3