როდის იჩენს პრეტენზიებს ლიზი წიგნაძე და როგორ ბიჭებთან ურთიერთობა არის მისთვის მიუღებელი
რამდენიმე წელია, 18 წლის ლიზი წიგნაძე მოდელია და ამჟამად სამოდელო კარიერას სააგეტნო „ბესტ მოდელში“ განაგრძობს, სამომავლოდ კი იურიდიულ ფაკულტეტზე აპირებს ჩაბარებას.
ლიზი წიგნაძე: მსახიობობა მომწონს, მაგრამ, ალბათ, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარებ. მხიარული ადამიანი ვარ, თუმცა, ზოგადად, სერიოზული და მკაცრი ხასიათიც მაქვს, რომელიც მომავალ პროფესიაში აუცილებლად დამეხმარება.
– ვის მიმართ იჩენ ძირითადად სიმკაცრეს?
– ბიჭების მიმართაც და გოგონებისაც. სიმკაცრეს, ძირითადად, ქცევით გამოვხატავ. მაგალითად, ასეთ დროს ბიჭს საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, იგნორს ვუკეთებ.
– როგორი ბიჭები მოგწონს?
– ადამიანი, პირველ ყოვლისა, გარეგნობით ფასდება; მით უმეტეს, როცა ბიჭია, თავიდან რაღაცით ხომ უნდა მიიქციოს ყურადღება. სიმპათიური უნდა იყოს და არა ძალიან ქართული ტიპაჟი. უცხო გარეგნობა უნდა ჰქონდეს: ქერა უნდა იყოს, ცისფერ ან მწვანეთვალება. მაღალი, სპორტული აღნაგობის. ფეხბურთი და რაგბი არ მიყვარს, ამიტომ, არც ფეხბურთელები და არც რაგბისტები. კალათბურთი უფრო მომწონს. ბიჭი ნავარჯიშევი უნდა იყოს და ეს გარეგნულად უნდა ეტყობოდეს, სუსტი ბიჭები არ მომწონს, თუმცა, არც ბოდი-ბილდერი არ უნდა იყოს. იშვიათია ტიპაჟი, ვისზეც შემიძლია, ვთქვა, რა კარგი ბიჭია-მეთქი. ძალიან პრეტენზიული ვარ და ორ წუთში შემიძლია, ადამიანს ნაკლი ვუპოვო; ასევე, ორ წუთში გეტყვი, როგორი ხასიათის არის.
– როგორი ხასიათის უნდა იყოს?
– უპირველეს ყოვლისა, უნდა მიგებდეს, მხიარული უნდა იყოს, არ მიყვარს ძალიან სერიოზული ბიჭები. კაცური ტიპაჟი უნდა იყოს და არა ისეთი, დღეს რომ არიან. როდესაც ადამიანთან ურთიერთობა გაქვს და შეყვარებული ჰქვია, მან შენ შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეს და შენც უნდა იცოდე მის შესახებ. მაგრამ, ასეთ დროს სიმკაცრის გამოჩენა – შენ იქ არ წახვალ, ან აქ არ წახვალ – ჩემთვის მიუღებელია. ასეთი მკაცრი არ უნდა იყოს. აკრძალვები საშინლად არ მომეწონება.
– მოგწონს ეჭვიანი ბიჭები?
– არა, ეჭვიანი ბიჭი საშინელებაა. მეც არ ვარ ეჭვიანი, დაქალზე კი მიეჭვიანია, მაგრამ, ისეთი არაფერი. პირდაპირი ადამიანი ვარ და, როდესაც რამე არ მომწონს, პირდაპირ მიყვარს ამის თქმა, არასდროს არ ვმალავ. მირჩევნია, პირდაპირ პირში ვუთხრა, ვიდრე გულში დავმალო ან ზურგს უკან ვილაპარაკო. ჩემი პირდაპირობის გამო, ბევრი მეგობარი არ მყავს. კი ვმეგობრობ ბევრთან, მაგრამ, ისე ხდება, რომ მერე სადღაც „ფეხი დაუცდებათ” ხოლმე ჩემს, ასე ვთქვათ, დაქალებს. როდესაც ადამიანს ერთხელ დაუცდება ფეხი, მეორედაც, მაშინ, ჯობია, თავისთვის იყოს, ცალკე. ამიტომ, მხოლოდ საუკეთესო მეგობრები მყავს.
– როცა ბიჭებს ეშლებათ შენთან ურთიერთობაში რაღაცეები, მაშინ როგორ იქცევი?
– არ მაქვს ბიჭებთან ასეთი ახლო ურთიერთობა. როცა არ მომწონს ადამიანი, პირდაპირ ვეუბნები, რომ მასთან არ მინდა ურთიერთობა. მიმაჩნია, რომ დღეს ბიჭების უმეტესობა არ არის კარგი ადამიანი, სხვანაირები არიან, ამიტომ, პირდაპირ ვიშორებ თავიდან.
– რა უნდა გააკეთოს ბიჭმა, რომ თავი მოგაწონოს?
– სიურპრიზებიც უნდა იყოს და ყურადღებაც. კარგი ქცევებით უნდა მომაწონოს თავი, არ მიყვარს ქუჩური, ძველი ტიპები. უნდა იყოს კარგი, კეთილი ადამიანი, ცოტა მკაცრი და კარგი ხასიათის; გაწონასწორებული, რომელიც სიმკაცრის დროსაც სიმშვიდეს ინარჩუნებს. ყურადღებაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია – ყურადღების გარეშე, არ მგონია, რამე გამოვიდეს. მეც მიყვარს სიურპრიზების კეთება მეგობრებისთვის.
– როდის დაიწყე მოდელობა?
– პატარაობისას და იმის მერე აღარ გავჩერებულვარ. პატარა რომ ვიყავი, დედას ქუსლიან, 13-სანტიმეტრიან ფეხსაცმელებზე ვდგებოდი და ისე დავდიოდი. მერე ქუჩაში ერთ-ერთი სააგენტოს ხელმძღვანელმა დამინახა და დედას შესთავაზა სააგენტოში ჩემი მიყვანა. მას მერე სულ ვმოდელობ, სხვადასხვა კონკურსებშიც მიმიღია მონაწილეობა. ახლა ვაპირებ, უფრო სერიოზულად მივუდგე ამ საქმეს. ეს პროფესია თავის წარმოჩენაში მეხმარება. პოდიუმზე რომ დგები, პოდიუმი შენი მომავალი ცხოვრების გზა გგონია და ამ დროს ძალიან თავდაჯერებული ხარ. ახლა „ბესტ მოდელი“ აპირებს კონკურსის – „მის თბილისის“ ჩატარებას და, მინდა, მონაწილეობა მივიღო. ასევე, ვმონაწილეობდი სარეკლამო გადაღებებში, ჩვენებებში და ამ მხრივ „ბესტ მოდელი“ ძალიან მეხმარება, გვერდში მიდგას. თან, ჩემი გარეგნობაც ბევრ რამეში მეხმარება, ასეთი გარეგნობა რომ არ მქონდეს, ამბიციაც არ მექნებოდა.