“რუსთავი 2-ზე„ მუსიკალური შოუ “X-ფაქტორი„ იწყება
„რუსთავი 2-მა“ თავის საეთერო დრო კიდევ ერთ პოპულაურ შოუს – „X-ფაქტორს“ დაუთმო, რომლის პირველი შესარჩევი ტურის ჩაწერა 26 მარტს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ჟიურის წევრები პირველი დღით კმაყოფილები დარჩნენ. რაც მთავარია, შესარჩევი ტურების ჩაწერა კიდევ რამდენიმე ხანს გაგრძელდება, საბოლოოდ კი, კონკურსანტების გაცხრილვის შემდეგ, ცოცხალ კონცერტებს მაყურებელი უკვე 26 მაისიდან უყურებს. მანამდე, ანუ 14 აპრილიდან, ტელევიზიით შესარჩევი ტურის ჩანაწერები გავა. პირველივე ჩაწერას სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია, რამაც თავად ჟიურის წევრებიც გააკვირვა, რომლის შემადგენლობაც ასეთია: მუსიკალური პროდიუსერი სტეფანე მღებრიშვილი, საბერძნეთში მოღვაწე ქართველი პოპ-ვარსკვლავი თამთა გოდუაძე, მომღერალი და მუსიკოსი, ჯგუფ Eldrine-ს სოლისტი სოფო ტოროშელიძე და ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია. გადაცემის წამყვანები კი ია სუხიტაშვილი და გეგა ფალავანდიშვილი იქნებიან.
თამთა გოდუაძე: სიმართლე გითხრათ, მეგონა, უარესად გამომივიდოდა ჟიურის წევრის როლში ყოფნა, ვინაიდან, ქართული სიტყვების ისეთი მარაგი არ მაქვს, როგორიც მინდა, რომ მქონდეს. თუმცა, მგონი, ნელ-ნელა ავუღე ალღო.
პირადად მე, ვეძებ ისეთ შემსრულებლებს, რომლებსაც ექნებათ ყველაფერი ერთად, ანუ, იმიჯი, სითამამე, რაც სცენას აუცილებლად სჭირდება და, რა თქმა უნდა, კარგი ვოკალური მონაცემები. კონკურსანტები ცოტა შებოჭილები არიან, საკუთარი თავის რწმენა აკლიათ. ამიტომ, ვურჩევ, უფრო ამაყად, ღიმილით, თავდაჯერებულები გამოვიდნენ სცენაზე.
სტეფანე: ჯერ მონაწილეთა მხოლოდ მცირე ჯგუფი ვნახეთ და მათ შორის რამდენიმე ფანტასტიკური იყო. ეს ძალიან კარგია. ნებისმიერი ჟანრის შემსრულებელი საინტერესოა ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის. მთავარია, ჰქონდეთ ინდივიდუალიზმი”.