კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

მართალია, ბესო ნოდია მაგარი მოჩალიჩე იყო და ქურდულიც კარგად ესმოდა, მაგრამ  არასოდეს მონდომებია კანონიერი ქურდობა, ყოველთვის სიმდიდრესა და კომფორტულ ცხოვრებაზე ოცნებობდა. ღარიბი ოჯახიდან იყო და ბევრი რამ აკლდა. ამიტომ, ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა დაგროვების „ჟილკა“, ცხოვრება რომ კომფორტულად მოეწყო. ნოკაუტაზე ვერ ვიტყვი, რომ ძუნწი და წუწკი იყო, მაგრამ ფულის ზედმეტი ხარჯვა არ უყვარდა და ნებისმიერი შემოსავლის ლომის წილს „აზაგაჟნიკებდა“. ხუჭუჭა ხშირად დასცინოდა ნოკაუტას,  „ძუნწ კარაპეტას“ ეძახდა და არცთუ ისე იშვიათად, წყობიდან გამოჰყავდა. თუმცა, ნოკაუტა არასდროს ამწვავებდა კონფლიქტს. ყოველთვის გაცლას ამჯობინებდა და ხუჭუჭას კამპანიაში ყოფნა არ უყვარდა. ძევიატკასი არ იყოს, ხუჭუჭას ნოკაუტაც ერიდებოდა და თუკი შორიდანვე მოკრავდა თვალს ქუჩაში, ერჩივნა, გვერდი აექცია მისთვის. ხუჭუჭამ კარგად იცოდა ეს. ამიტომ, მოულოდნელად აეტუზებოდა ხოლმე ცხვირწინ და მაშინ იწყებოდა ნოკაუტას წამება. ძალიან ხშირად, ნოკაუტა უახლოესი ადამიანის დაბადების დღეზე იმის გამო არ წასულა, რომ იქ ხუჭუჭაც იმყოფებოდა და მასთან შეხვედრა არ უნდოდა. ნოკაუტა, რა თქმა უნდა, არც „ჩმორი“ იყო, არც „ფარჩაკი“ და არც ენაბლუ, მაგრამ, ხუჭუჭას წინაშე თავს ისე გრძნობდა, როგორც მახრჩობელა გველის წინ მდგომი, მონუსხული ბაჭია – ყოველგვარ ქმედითუნარიანობას კარგავდა. ერთხელ, ნოკაუტამ მე და ყბედალოს შემოგვჩივლა:

– ძმებო, ხომ იცით, რომ არც ენაბლუ ვარ და არც ფარჩაკი. პასუხისთვის, რომ იტყვიან, „ჯიბეში არ ჩავძვრები“ (რუსული გამოთქმა) და შემიძლია, მარტო დავუხვდე მთელ ბატალიონს,  უკან ვერავინ დამახევინებს. აი, ხუჭუჭას კი ვერაფერი მოვუხერხე. სიმართლე გითხრათ, მასთან შეხვედრას ყოველთვის ვერიდები და რამდენიმეჯერ დავემალე კიდეც. ასეთი საქციელის გამო საკუთარი თავი მეზიზღება ხოლმე და დაბნეული ვარ, არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

– როგორ უნდა მოიქცე და ერთი აპერკოტი ამოჰკარი, – მშვიდად ურჩია ყბედალომ, – დაანოკაუტებ, ეცოდინება, რისი მაქნისიც ხარ.

– ვინ დავანოკაუტო, ხუჭუჭა? კარგი რა, ყბედალო, შენც დამცინი?

– დედას გეფიცები, არ დაგცინი, წყვიტე. იქნებ ტვინი სასიკეთოდ ამოუბრუნდეს, – მიუგო ყბედალომ.

ნოკაუტამ კოპები შეიკრა და მტკიცედ თქვა:

– მართალი ხარ. ვწყვიტავ.

ჩვენ ტყეში ვსაუბრობდით, ჩვენს ბირჟაზე და რუსები რომ იტყვიან: „პო ზაკონამ პოდლოსტი“, ანუ თითქოს განგებ, ამ დროს ხუჭუჭა გამოჩნდა – ფიჭვნარში მოაბიჯებდა და ჩვენკენ მოემართებოდა. სხვა დროს მის დანახვაზე ნოკაუტა გაფითრდებოდა. იმ მომენტში კი, კიდევ უფრო მეტად შეკრა კოპები. მე და ყბედალო მათ გასაშველებლად მოვემზადეთ, რომ ნოკაუტას მართლა არ დაენოკაუტებინა ხუჭუჭა.

– ძმებს გაუმარჯოს, – თქვა ხუჭუჭამ, ჯერ ყბედალო გადაკოცნა, შემდეგ მე, ბოლოს ნოკაუტა და ჰკითხა:

– როგორ ხარ, ბესო, სად დაიკარგე, რამდენი ხანია, არ გამოჩენილხარ.

სხვა დროს ხუჭუჭა ნოკაუტას ეტყოდა – „ძუნწ კარაპეტას“ ვახლავარო და დაცინვას დაუწყებდა. მაგრამ, ასე რომ არ მოხდა, მე და ყბედალომ ერთმანეთს გაოცებულებმა შევხედეთ, ნოკაუტამ კი მიუგო:

– რა ვიცი, ხან სად, ხან სად. შენ როგორ ხარ, ხუჭუჭ?

– უხასიათოდ, – მხრები აიჩეჩა ხუჭუჭამ.

– რატომ, მოხდა რამე?

– ისეთი არაფერი.

– მაინც, მაინც რა მოხდა, – არ მოეშვა ნოკაუტა.

– შენ მაინც ვერ დამეხმარები და თქმას რა აზრი აქვს.

– რა იცი, რომ ვერ დაგეხმარები. თქვი, რა გიჭირს და იქნებ დაგეხმარო.

– მაყუთი მჭირდება, სამასი მანეთი, – თქვა ხუჭუჭამ. 

ნოკაუტას გაეცინა. ჯიბიდან ფულის დასტა ამოიღო, სამასი მანეთი გადათვალა, ხუჭუჭას მიაწოდა და უთხრა:

– აი, გამომართვი.

ხუჭუჭას არ გაჰკვირვებია ნოკაუტას საქციელი. მან ჯერ ჩვენ გადმოგვხედა, შემდეგ შუბლგახსნილ ნოკაუტას მიუბრუნდა და უთხრა:

– მადლობელი ვარ, მაგრამ არ მინდა.

– ახლა არ თქვი, სამასი მანეთი მჭირდებაო?  აი, გაძლევ, გამომართვი.

– გეხუმრე. არ მჭირდება.

– მეხუმრე?

– კი.

– რატომ?

– იმიტომ, რომ კოპებშეკრული იყავი.

– კოპებშეკრული? – ვერ მიხვდა ნოკაუტა.

– ჰო, კოპებშეკრული, – გაუმეორა ხუჭუჭამ და – ქვევიდანვე შეგნიშნე, რომ ცუდ ხასიათზე იყავი და შემეშინდა, არ დამანოკაუტოს-მეთქი.

„დანოკაუტების“ ხსენებაზე ნოკაუტა შეცბა და ხუჭუჭას უთხრა:

– ეგ რა შუაშია?

– შენთვის რომ ძუნწი კარაპეტა დამეძახა, რას მიზამდი, აპერკოტს არ ამომკრავდი? – უთხრა ხუჭუჭამ და იმ მომენტში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხუჭუჭას ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოცნობის დიდი ნიჭი ჰქონდა.

– რა აპერკოტს, ხუჭუჭ, რას ამბობ?! – აღმოხდა ნოკაუტას.

– ახლა უკვე აღარ, მაგრამ წეღან რომ ძველებური კლიჩკა დამეძახა შენთვის, ნამდვილად მუშტს მივიღებდი ყბაში. შენი მუშტი კი მტერს მოხვდა. ამათმა გითხრეს ხომ, უფრო სწორად კი, ყბედალომ.

მე და ნოკაუტას ხმა არ ამოგვიღია, ყბედალომ კი უპასუხა:

– როგორ გამოიცანი, შე ჩემა. მართლა მე ვუთხარი, დაანოკაუტე-მეთქი.

– მოხარშულს გიცნობთ და ისე, – უდიდესი თვითკმაყოფილებით თქვა ხუჭუჭამ, – შემდეგ კი ნოკაუტას მხარზე ხელი დაჰკრა.

– ჯიგარი ხარ, ძმაო. არანაირი ძუნწი კარაპეტა არ ხარ. ნამდვილი ნოკაუტა ხარ, რადგან შენმა საქციელმა უმუშტოდ ჩამაგდო ნოკაუტში.

იმ დღის შემდეგ ხუჭუჭას ნოკაუტასთვის ძუნწი კარაპეტა აღარ დაუძახია. ან ბესოთი მიმართავდა ან ნოკაუტათი. ბესო ნოდიამ თავისი ბავშვობის ოცნება სრულად განახორციელა და სკოლის დამთავრებისთანავე, მოსკოვში გაემგზავრა. იქ ის ჯერ ჯიბგირობდა, შემდეგ კი ცეხავიკობა დაიწყო, ბოლოს მსხვილი ბიზნესმენი გახდა. ძალიან დიდი ქონება დააგროვა და დღეს რუსეთში საკმაო გავლენით სარგებლობს. ამას წინათ თბილისში საქმეზე იყო ჩამოსული და ჩემი მასპინძელი იმიტომ მთავაზობდა მასთან დაკავშირებას, რომ ნოკაუტას არალეგალურად გავეყვანე საქართველოდან. მას დიპლომატიური პასპორტი აქვს და ჩემს დახმარებაზეც არ დაიხევდა უკან, მაგრამ ძალიან სარისკო საქმე იყო და უარიც ამიტომ ვთქვი. ჩემი აზრით, აქედან ჩემი გაყვანა ყველაზე მეტად ხუჭუჭას შეუძლია და იმაზე უკეთ ვერავინ გააკეთებს ამას. თუმცა, მე არა მარტო საქართველოში მემუქრება საფრთხე, არამედ ყველგან. იმიტომ რომ, მე სერგოს სამიზნე ვარ. მას კი იმდენი გავლენა და ფული აქვს, თავისუფლად შეუძლია, მკვლელი დედამიწის ნებისმიერ წერტილში მომიგზავნოს. ნურავინ იფიქრებს, რომ სიკვდილის შიშით საბნის ქვეშ შევძვერი და ვკანკალებ. მაგრამ, არც შეწირული ცხვარივით ვაპირებ ვინმეს სამსხვერპლოზე მორჩილად გავყვე – ბევრს უკან გავიყოლებ... მე არც ტერორისტი ვარ და არც სპეციალურად მომზადებული სუპერმენი, მაგრამ იმდენს მაინც მოვახერხებ, ჩემს მოსაკლავად გამოგზავნილი „შაკლები“ ნაკუწებად ვაქციო. თუ როგორ მოვახერხებ ამას, მე ვიცი, მაგრამ ყველა ჩემმა მტერმა გაიგოს, რომ ამას მე ნამდვილად შევძლებ. მართალია, ასეთ მდგომარეობაში პირველად ვიმყოფები, მაგრამ ადრეც ვიცოდი, თუ რა არის ეს. ერთხელ ურალის მკაცრი რეჟიმის ზონაში შემასახლეს, რომელშიც რვაასი ადამიანი იხდიდა სასჯელს და „ბესპრეძელშჩიკური პალაჟენია“ სუფევდა. იქ მე ერთადერთი ქურდი ვიყავი. იყვნენ ქურდული „მასტებიც“, მაგრამ „გალავარეზები“ სჭარბობდნენ და თითქმის ყოველდღე ხდებოდა შეტაკებები. მართალია, ჩვენ არ გვერჩოდნენ, მაგრამ ძალიან მცირე გავლენა მქონდა და ბესპრეძელშჩიკებისთვის რეალურ საფრთხეს არ წარმოვადგენდი. თუმცა, ნელ-ნელა ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ზონა გამეშავებინა. ერთ მშვენიერ დღეს ზონაში დიმა კოროლიოვი, მეტსახელად „ბარსი“ შემოასახლეს. ის ცნობილი ლენინგრადელი ბანდიტი და მძარცველი იყო და შავ სამყაროში პატივს სცემდნენ. ბარსს კარგად ვიცნობდი. ის პირდაპირ ჩემთან მოვიდა, გადამეხვია და მითხრა:

– კობრა, ძმაო, როგორ ხარ?

– კარგად. შენ?

– ცუდად. ჩემი საქმე ტრაკისკენაა, მაგრამ ამ ბოზებს ასე იოლად არ დავნებდები, ორ-სამ ბოზს მაინც გავიყოლებ უკან.

ბარსი რომ არ მცნობოდა, ვიფიქრებდი, შეშლილს ველაპარაკები-მეთქი. დიმას თვალები გაფართოვებოდა და ჩახმახზე შეყენებულ თოფს ჰგავდა, რომელმაც შეიძლება, ყოველ წამს დუპლეტი გაისროლოს. იმავდროულად, ყველა პატიმართან ორმეტრიანი დისტანცია ეკავა და ჩემ გარდა არავის იკარებდა. ეს ყველაფერი რომ დავაფიქსირე, დიმას ვკითხე:

– დალაგებულად მითხარი, რა გჭირს?

– რა და ცოცხალი სამიზნე ვარ.

– ცოცხალი სამიზნე?

– კი.

– რატომ?

– მილიციის მაიორი დავბრიდე და იმიტომ.

– დახვრეტას როგორ გადაურჩი? პერესტრელკისას შემოგაკვდა?

– პერესტრელკაშიც რომ მომეკლა, მაინც დახვრეტას მომისჯიდნენ. მე კი მას ჩავუსაფრდი და წინასწარი განზრახვით მოვკალი.

– მით უმეტეს. ასეთი საქციელი პირდაპირ დახვრეტას ითვალისწინებს და როგორ გადარჩი?

– აბაროტი ავუღე. მან ჩემი უდანაშაულო ძმა მოკლა, მართლაც შემთხვევით, რადგან მე ვეგონე. მე კი შური ვიძიე და ეს პირდაპირ განვაცხადე სასამართლოზე, რაც გაითვალისწინეს და თხუთმეტი წელი მომისაჯეს. მაგრამ, რად გინდა? აქ იმიტომ გამომიშვეს, რომ პატიმრების ხელით დამბრიდონ. მაიორის ძმაკაცები დამემუქრნენ, არ გაცოცხლებთო და აი, აქ ვარ.

– ჰო, აქ საშინელი ბესპრეძელია. ყოველდღე სტიჩკები ხდება და კაცის მოკვლის ორგანიზება რთული არაა.

– იმიტომაც არავის ვენდობი და ორ მეტრზე ახლოს არავის ვიკარებ შენ გარდა.

– მარტო ეს ვერ გიშველის.

– აი, – მითხრა ბარსმა და პირიდან ბრიტვა გამოიღო, ქამრიდან კი ალესილი ფოლადის ნაჭერი ამოაცურა. მერე ისევ უკან დააბრუნა და თქვა, – ესენიც მაქვს.

– ვერც ეგენი გიშველის.

– ვიცი, მაგრამ რამდენიმე კაცს ხომ მაინც გავიყოლებ თან.

– სხვა გზა უნდა ეძებო.

– რა სხვა გზა?

– უნდა გაიქცე.

– აქედან?

– სხვაგვარად დაგბრიდავენ. ასე, აქ დიდხანს ვერ გაძლებ. რადგან ძაღლებმა მეტკა დაგადეს, არ მოისვენებენ და თუ თავის გადარჩენა გინდა, უნდა გარისკო. მაინც ცოცხალი სამიზნე ხარ და რისკმა შეიძლება, გაგიმართლოს.

– ახლავე დავიწყებ ჩალიჩს.

– მალე იჩალიჩე. დრო არ ითმენს და შეიძლება, ყოველ წამს მოგიწყონ პროვოკაცია, – ვუთხარი ბარსს და მართალიც აღმოვჩნდი.

დიმა კოროლოვი სულ რაღაც სამი დღის მოყვანილი იყო ზონაში, ათამდე პატიმარი რომ დაესხა თავს. ბარსი მამაცურად იბრძოდა – მისი „შტირი“ ყველამ იგემა და ბრიტვაც აამოქმედა. საბოლოო ჯამში, ორი თავდამსხმელი გარდაიცვალა, სამი მძიმედ დაიჭრა, დანარჩენებმა კი, სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღეს. თავად ბარსი თორმეტ ადგილზე იყო „დაშტირული“ და ძალიან მძიმე მდგომარეობაში წაიყვანეს საავადმყოფოში. არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა, მაგრამ ცოცხალი დარჩა, სამი თვის შემდეგ კი საავადმყოფოდან გაიქცა, თავს უშველა. დიმა კოროლიოვის ისტორია ამით არ დასრულებულა. მან ლენინგრადში შემნახველი სალაროს ინკასატორი გაძარცვა და დიდი ფული გაიტაცა. შემდეგ ერთ-ერთი მილიციელიც მოკლა, რომელმაც ზონაში მისი მკვლელობა შეუკვეთა. ბარსი დღესაც ცოცხალია, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ციხეში ზის და ბანკის შეიარაღებული ძარცვისთვის ოცდაათწლიან სასჯელს იხდის... მართალია, ბარსი თავისუფალი არ არის, მაგრამ შეიძლება ითქვას, გაუმართლა. თუმცა, პირიქითაც ხდება და ზოგჯერ ბედისწერა სხვაგვარად განკარგავს ადამიანის ბედს.

მრავალი წლის წინ, როცა ორთაჭალის ციხეში ვიჯექი და სასამართლოს განაჩენს ველოდებოდი, ჩვენს საკანში ვახო ასათიანი შემოასახლეს. ვახო მძარცველი იყო და თბილისში, ინკასატორზე თავდასხმის გამო დააპატიმრეს. ძარცვის დროს ინკასატორი დაიღუპა. ამ გახმაურებულ საქმეში ვახო მარტო მოქმედებდა და დიდი კუშიც აიღო, რომელსაც მილიციამ ვერ მიაგნო. ვახო მოგვიანებით დააპატიმრეს და ინკასატორის მკვლელობასაც მას აბრალებდნენ. სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა და „აძინოჩკაში“ გადაიყვანეს – სარდაფში მდებარე დასახვრეტთა კორპუსში გაამწესეს. გასვლის წინ ვახო ყველას გამოგვემშვიდობა, მე კი მითხრა:

– მშვიდობით კობრა. ალბათ, იმქვეყნად შევხვდებით. ახლა მე უკვე სამიზნე ვარ.

ვახომ ორი თვე გაატარა სიკვდილმისჯილთა საკანში და მისი ადვოკატის მიერ დაწერილ შეწყალების განცხადებასაც მოაწერა ხელი. ორი თვის შემდეგ, ერთ დილას ვახო ასათიანის საკანთან ციხის უფროსი, მისი ადვოკატი და ზედამხედველი მივიდნენ. ზედამხედველმა „კარმუშკა“ გააღო და პატიმარი იხმო. ვახო ასათიანმა კი ზედამხედველს კალმისტარი შეარჭო ბოლომდე მარცხენა თვალში და ადგილზევე მოკლა... არა და, ეს ხალხი იმიტომ მივიდა ვახო ასათიანთან, რომ მისთვის ეთქვათ, შეგიწყალესო... ვახო ორ დღეში გაასამართლეს და დახვრიტეს. მას უკვე ვეღარაფერი უშველიდა, მაგრამ მეტი ნებისყოფა რომ გამოეჩინა, ცოცხალი გადარჩებოდა... შავი სამყარო, ექსტრემალური გარემოა და თუკი მაგარი ნერვები და ნათელი გონება არ გაქვს, იქ თავის გატანა, მით უმეტეს, ავტორიტეტის მოპოვება, შეუძლებელია.

შეიძლება, ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს ჩემი ნათქვამი, მაგრამ, ვფიქრობ, ქურდი ან შავი სამყაროს ნებისმიერი გამორჩეული წევრი, არა ნაკლებად ძლიერი პიროვნებაა, ვიდრე მტრის ზურგში მომუშავე მოუხელთებელი მზვერავი. ორივე არალეგალია, ორივე მუდმივი ძებნისა და მეთვალყურეობის ქვეშაა და უფსკრულის პირას დადის. ორივე კარგად ორგანიზებულ სტრუქტურებს უპირისპირდება და მათ ცხვირწინ უწევს „ჩალიჩი“ – მუდმივი სტრესისა და ჩავარდნის საფრთხის წინაშეა. ჩემი აზრით, შავი სამყაროს წევრი ბევრად ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე მზვერავი, რადგან, მზვერავს ათასი დამზღვევი და ხელის შემწყობი ჰყავს, რომლებსაც სახელმწიფო უგზავნის. შავი სამყაროს წევრს კი არავინ აზღვევს და ყველა პლუსის მოპოვება მას თითქმის მარტო უწევს. მართალია, ჩვენი არალეგალური, საიდუმლო კავშირები და სტრუქტურა ქურდებსაც გაგვაჩნია, მაგრამ ბევრად მეტი ძალისხმევაა საჭირო. ამიტომ, ნებისმიერი მოუხელთებელი „პრისტუპნიკი“ ძლიერი პიროვნებაა. ამას საკუთარი თავის შესაქებად არ ვამბობ: „რა მაგარი ვარ-მეთქი“, არა... ჩემზე მაგრები და მოუხელთებლებიც არიან და მე, უბრალოდ, ფაქტს ვუსვამ ხაზს. ყველაფერ ამას ისიც ემატება, რომ მზვერავს დიდი ხნის განმავლობაში სპეციალური პროგრამით ამზადებენ. ჩვენ კი, თვითონ ვამზადებთ საკუთარ თავს და მომზადებას ქუჩასა და საპყრობილეებში გავდივართ. ანუ, პრისტუპნიკის მხოლოდ პრაქტიკულ მომზადებას გადის და ყველაფერი საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი.

ციხე და ზონა – აი, ჩვენი სასწავლო დაწესებულებები და ჩვენს სამყაროში რომ ფეხი მოიკიდო, სრული „სასწავლო კურსი“ უნდა გქონდეს გავლილი. მართალია, ბოლო დროს ისეთი ქურდებიც მომრავლდნენ, გისოსებს მიღმა ერთი საათიც რომ არ გაუტარებიათ, მაგრამ ქურდებად იწოდებიან და საკმაოდ დიდი ამბიციებიც გააჩნიათ. ჩემი აზრით, მათ კრიმინალური განათლება აკლიათ, ყალბი დიპლომები აქვთ და ტყუილად გვედრებიან... თავს არ ვიქებ, მაგრამ, სანამ ქურდი გავხდებოდი, ორი „სროკი“ გავატარე ციხეში „ოტ ზვანკა, დო ზვანკა“. მანამდე კი ქურდულ ხელობას დავეუფლე, საქმეებს ვაკეთებდი და გამოცდილებას ვიძენდი. ერთხელ, რუსთავის ზონაში ერთ ძალიან ცნობილ ქურდთან ახალმოყვანილი პატიმარი მივიდა და უთხრა:

– მე ქურდობა მინდა და საქმის კურსში უნდა ჩაგაყენო.

ქურდმა ყურადღებით შეათვალიერა ახალმოსული, რომელიც საკმაოდ თამამი ჩანდა და ჰკითხა:

– რა გქვია?

– ზაურა, – მიუგო ქურდს ახალმოსულმა.

– რამდენი წლის ხარ?

– ოცდაათის.

– ცოტა გვიან კი მაყენებ საქმის კურსში, მაგრამ ეგ არაფერი. მთავარია, ქურდული მასტი იყო. რისთვის ზიხარ და რამდენი მოგისაჯეს?

– რვა წელი ამკიდეს სახელმწიფო ქონების გაფლანგვისთვის, – ამაყად მიუგო ქურდობის მსურველმა და მისი პასუხიდან უკვე ყველაფერი ნათელი იყო. ქურდს გაეცინა და უთხრა:

– დააკონკრეტე. ზუსტად მოყევი ყველაფერი.

– კაროჩე, უნივერმაღში ვმუშაობდი საქონელმცოდნედ და ლიფებზე გავიჭედე... ოცდაათი ათასის ფრანგული ლიფი ლევად გავატანე ერთ ბარიგას სურამში. იმას კი ძაღლები ასხდნენ კუდზე და რომ დაიჭირეს, მეც ჩამიშვა. ერთი სიტყვით, ბოზმა გამიჩალიჩა, – მიუგო ქურდს ახალმოსულმა.

ქურდმა თვალი ჩაგვიკრა, ქურდობის მსურველს კი ჰკითხა:

– შენ რა, ჩვენება დაწერე? რა უთხარი ძაღლებს, ლიფები ვისიაო?

– რომ მეთქვა, ჩემი არ არისო, არ დამიჯერებდნენ. ამიტომ, ვუთხარი, ჩვენი საწყობისაა, მაგრამ მომპარეს და კიდევ კარგი, იპოვეთ-მეთქი.

– მერე, დაგიჯერეს?

– რომ დაეჯერებინათ, ახლაც ხომ საწყობში ვიმუშავებდი, – ნაღვლიანად თქვა ქურდობის მსურველმა – იცი, რა მაყუთს ვღუნავდი?

– ბევრს შოულობდი?

– საკმაოდ.

– ქურდობა რად გინდა, სროკს რომ ჩაათავებ, ისევ ძველი პროფესიით დაიწყე მუშაობა.

– არ გამოვა. ხუთი წლით პროფესიით მუშაობა სასამართლომ ამიკრძალა. ან, სად ვიშოვი ასეთ ადგილს. მაინც რვა წელი უნდა ვიჯდე ციხეში და ჯობია, ქურდი გავხდე.

ქურდობის ტიტულის მაძიებელი დაუნი ნამდვილად არ ჩანდა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, ვიღაცამ მაგრად დააბოლა და დააგოიმა. სავარაუდოდ, ეს პატიმრებმა გააკეთეს ციხეში და ქურდმა მას ჰკითხა:

– ქურდობა ვინმემ გირჩია თუ თვითონ მიხვედი ამ გადაწყვეტილებამდე?

ზაურამ თავი გვერდზე გადასწია და მიუგო:

– რა თქმა უნდა, ბოლო სიტყვა ჩემზე იყო, თუმცა ციხეში ბიჭებმა მირჩიეს ეს. „ბენდერა“ გაგიგია?

ბენდერა ნახალოვკელი აფერისტი იყო და ზაურამ რომ ის ახსენა, ნათელი იყო, საქონელმცოდნე მან დააბოლა. ამიტომ ქურდს გაეღიმა და უთხრა:

– როგორ არა, ვიცნობ.

– ჰო და, ბენდერამ მირჩია, ქურდობაზე იჩალიჩეო. ყველაფერი ზუსტად ამიხსნა და გზაზე დამაყენა. მოკლედ, გადაწყვეტილი მაქვს და უნდა დამეხმარო.

ზაურას ზურგს უკან მდგომი პატიმრები ქურდს ანიშნებდნენ, ეკაიფეო. ქურდს კი ზაურა შეეცოდა და უთხრა:

– არა, ძმაო, ეგ საქმე არ გამოვა და ვერც მე დაგეხმარები. ქურდი შენგან არ გამოვა. ისე კი, შეგიძლია, ჩვენთან იყო და ჩვენთან იახლობლო.

– ქურდი რატომ არ გამოვა ჩემგან?

– ზაურ, ძმაო, ბენდერა ჩათლახი აფერისტია და გეკაიფებოდა. ქურდი რომ გახდე, არც ჯარში უნდა იყო ნამყოფი, არც სადმე ნამუშევარი და უნდა ქურდობდე, ქურდულად ცხოვრობდე. შენ კი საქონელმცოდნედ მუშაობ. 

– გასაგებია, – ნაღვლიანად თქვა ზაურამ და გასასვლელისკენ წავიდა. ქურდმა კი უთხრა:

– ჩვენთან იცხოვრე და იძმაკაცე, არ გინდა?

– მერე, შეიძლება?

– რა თქმა უნდა, – გაუღიმა ზაურას ქურდმა და კოიკაზე მიუთითა, – აი, ეგ იქნება შენი ადგილი და მოეწყვე.

ქურდი, რომელზეც მე ვლაპარაკობ, არცთუ ისე დიდი ხნის წინ მოკლეს ერთი ახალი ფორმაციის ქურდის შეკვეთით, რადგან მისთვის ტიტულის ჩამორთმევას აპირებდა და სხოდკა უნდა შეეკრიბა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, იმ ქურდს მოსკოვში შევხვდი და მითხრა:

– სინდისს ვფიცავ, ზაურა უფრო იმსახურებდა ქურდობას, ვიდრე ზოგიერთი ძალად ჩვენი ძმა. წარმოგიდგენია, კობრა, როგორ იქცევიან? ქურდები არიან თუ ვაჭრები, ვერ გაიგებ. უფრო სწორად კი ქურდები არ არიან და სულ მალე მათ ყურებს ავუწევთ და ტრაკში პანღურებს ამოვცხებთო...

სამწუხაროდ, როგორც უკვე ვთქვი, ჩემი ნეპმანელი კოლეგა ქილერის ტყვიამ შეიწირა და თავისი ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოასწრო. თუმცა, არც მისი მკვლელობის შემკვეთს დაადგა კარგი დღე. ის მოსკოვის მახლობლად მდებარე ტყეში თავმოკვეთილი აღმოაჩინა მილიციამ, ოთხ პირად მცველთან ერთად. მსგავსი თავბრუდამხვევი სიუჟეტი, ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვითარდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საბჭოთა სივრცის კრიმინალურ ავტორიტეტებს ხან ნიუ-იორკში კლავენ, ხან ლონდონში, ხან პარიზში და ყველაზე ხშირად, რა თქმა უნდა, მოსკოვსა და ლენინგრადში. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მკვლელის ტყვიას შეეწირა ორასზე მეტი უავტორიტეტულესი ქურდი, ანუ, შავი სამყაროს ელიტა და მხოლოდ ამის მერე შესძლეს ახალი ფორმაციის ქურდულმა კლანებმა დიდი გავლენის მოპოვება უზარმაზარ სივრცეზე. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, თანამედროვე ქურდულ კლანებში ძალიან გამოცდილი, ავტორიტეტული, წარსულში ნეპმანური ყაიდის ქურდებიც არიან გაერთიანებულები და ძირითადად მათზე დგას ეს გაერთიანებები. უმეტესი მათგანი კავკასიური წარმოშობისაა და მათი უმრავლესობა ქართველი ან საქართველოში დაბადებული და გაზრდილია.

ამას წინათ, ურთიერთდაპირისპირებას ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ქურდის სიცოცხლე შეეწირა, რომელიც მანქანაში ჩაცხრილეს. მისმა მკვლელობამ კი უფრო მეტი სისხლი მოიტანა და კიდევ ექვსი ქურდი მოკლეს. ჩაცხრილული ქურდის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ და პირობითად მას ელდარს ვუწოდებ... ჰოდა, ეს ელდარი, კომუნისტების პერიოდში გახდა ძალიან გავლენიანი ფიგურა და უკვე მაშინ მოიპოვა დიდი ავტორიტეტი. მას ლამის ვასია ბრილიანტის, ცალხელასა და ზურას გვერდით აყენებდნენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ეს წინასწარმეტყველება ახდა და ელდარი ძალიან ცნობილი, გავლენიანი გახდა. მაგრამ, ძირითად ქურდულ პრინციპებს არღვევდა, ნარკობიზნესში იყო ჩართული და არალეგალურ ფულს ლეგალური ბიზნესით ათეთრებდა. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ელდარა გაბარიგდებოდა, თანაც ნარკოტიკებს გაყიდდა?! საბჭოთა კავშირის დროს ქურდული სამყარო ცალსახად უარყოფითად იყო განწყობილი ნარკომოვაჭრეების მიმართ და მათ უკიდურესად ჩაშვებულ, ნაძირალა არსებებად თვლიდნენ. ამ კატეგორიის ადამიანებს „პრისტუპნი მირში“ ყოვლად შეუბრალებლად, სასტიკად ეპყრობოდნენ და ქათმებთან იყვნენ გათანაბრებულები. მახსოვს, ერთხელ ციხეში ცნობილი ნარკობარიგა, ვინმე „მორფინა“ მოიყვანეს. ამ მეტსახელს მას პირობითად ვუწოდებ და მის ნამდვილ ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან მისი შთამომავლები დღემდე თბილისში ცხოვრობენ. მორფინა ძალიან ცნობილი ბარიგა იყო, მილიციასთან შეკრული და არავინ იჭერდა. ის თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ცხოვრობდა, მისი სახლი ციტადელს ჰგავდა და ახლოსაც კი ვერ მიეკარებოდი. მე და ბერძენას მისი ბაითის გაქურდვის გეგმა ჯერ კიდევ ჩვენი ქურდად კურთხევამდე გვქონდა შემუშავებული და იმიტომ ვერ განვახორციელეთ, რომ ორივე სხვა საქმეზე დაგვიჭირეს. ერთი სიტყვით, ეს ხელშეუხებელი ნაძირალა იმის გამო დააპატიმრეს, რომ მისი წამლით ერთი კომუნისტი მაღალჩინოსნის შვილი გარდაიცვალა. ის საცოდავი კაიფში გაიპარა. მილიციამ საქმე აღძრა. იძულებულები იყვნენ, ობიექტური გამოძიება ჩაეტარებინათ და მორფინა დააპატიმრეს, გაასამართლეს და ციხეში გაამწესეს. როდესაც ის კორპუსზე შემოიყვანეს, მთელი ციხე ბობოქრობდა. ამიტომ, ადმინისტრაცია იძულებული გახდა, მორფინა სიკვდილმისჯილებში ჩაეყვანა და „აძინოჩკაში“ გამოემწყვდია. ეს ამბავი რომ „გაიასნდა“, კვლავ მთელი ციხე აბობოქრდა და ერთხმად ვყვიროდით: „სა-ქათ-მე-ში, სა-ქათ-მე-ში!...“ ადმინისტრაცია იმდენად შეაშინა ბუნტმა, რომ ჩვენს ნებას დაჰყვა და ცნობილი ნარკობარიგა საქათმეში შეაგდეს. იქ კი მას შესაბამისად მოექცნენ, იმაზე მეტად დაამცირეს, ვიდრე ამას რიგით ქათმებს უშვებოდნენ. ამიტომ მორფინას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა და რესპუბლიკური საავადამყოფოს შესაბამის განყოფილებაში გადაიყვანეს ქალაქში. დროთა განმავლობაში, მორფინა ყველას დაავიწყდა და ის ჯერ რუსეთში გაუშვეს ეტაპით, იქ კი დიდი ფული გადაიხადა და პატიმრობიდან გათავისუფლდა. ყველაზე ტრაგიკომიკური ფაქტი კი ისაა, რომ მორფინა მოგვიანებით პოლიტიკოსად მოევლინა ქვეყანას და საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, მთელი რიგი თანამდებობებიც კი ეკავა მთავრობაში. სხვათა შორის, ციხის „შუმოკი” მორფინას წინააღმდეგ ელდარას მოწყობილი იყო და ელდარა სწორად მოქმედებდა. მოგვიანებით კი, როდესაც ელდარა თავად გახდა ნარკობარიგა, ერთ-ერთმა ქურდმა მას უთხრა:

– ელდარ, ძმაო, მორფინას ამბავი გახსოვს?

– მერე? – კითხვითვე მიუგო ელდარამ.

– რაღა მერე. თუ ის ბაითიდან ბარიგობდა წამლით, შენ მთელ პარტიებს კრიშავ და, რა განსხვავებაა ჩვენ შორის?

ეს სიტყვები ელდარასთვის უდიდესი შეურაცხყოფა იყო, რაც დაუყოვნებლივ მოითხოვდა პასუხს. ამიტომ, არც აცია, არც აცხელა, „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი გააძრო, შეურაცხმყოფელს მთელი მჭიდი დააცალა და კბილებში გამოსცრა:

– მე ქურდი ვარ, ის – ქათამი, შენ კი – ტრუპი. აი, რა განსხვავებაა...

დაცხრილულ ქურდს სული ამოსდიოდა და, სანამ მოკვდებოდა, თქვა:

– ელდარ, შე ბოზო! შენი დედაც. შენც მალე ჩაძაღლდებიო...

ელდარამ მკვლელობის საქმე ფულით მოაგვარა – მილიციაც მოისყიდა და შემთხვევის ადგილზე მყოფი ადამიანებიც, რომელთა შორის ორი ქურდი იყო. ელდარამ ის ქურდები ჯერ თავის ბიზნესში ჩართო და ფული აშოვნინა, შემდეგ კი თავიდან მოიშორა და ქილერს მოაკვლევინა. აი, ასეთი ვერაგული, მაფიოზური მეთოდებით მოქმედებენ გადაგვარებული ქურდები და, ჰგონიათ, რომ ყველაფერი შერჩებათ. მართალია, მსოფლიო იცვლება და პროგრესი თავისას მოითხოვს, მაგრამ, ვერაგობა, სიხარბე, ღალატი და სხვა მსგავსი სისაძაგლეები ნამდვილად ვერ ჩაითვლება პროგრესად და სულაც არ ამართლებს ახალი ფორმაციის ქურდების საქციელს.

საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობდა, მაგრამ, უკვე ყველასთვის ნათელი იყო, რომ დაიშლებოდა და სწორედ იმ პერიოდში ვიმყოფებოდი როსტოვში ვასია ბრილიანტთან და ძია ვასიამ მოულოდნელად მითხრა:

– კობრა, ძმაო, არ გინდა, ახლა ბავშვი იყო და სადმე ლურჯი ზღვის სანაპიროზე იწვე და ოცნებობდე?

– ეეჰ, ძია ვასია, რა დროს ჩემი ბავშვობაა. ის დრო წავიდა, გაქრა და არასდროს  დაბრუნდება, – მივუგე ბრილიანტს, მან კი თქვა:

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3