ყველა კაცი ერთნაირია
მე მქვია ქალი
– ჩვენ კონკრეტული სქესის არსებებად ვიბადებით, ანუ, რაღაც-რაღაცეები თავიდანვე გარკვეულია. თუმცა, მარტო ეს არ კმარა. უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ, იმისთვის, რათა შემდგომში სრულფასოვან ქალებად და მამაკაცებად ჩამოვყალიბდეთ, საკუთარ თავზე საკმაოდ ბევრი უნდა ვიმუშაოთ – გენდერული ტენდენციები ზოგჯერ ძალიან სახიფათოა.
ქალურობა არ არის ბუნების საჩუქარი, ის დაბადებიდან არ დაგვყვება. ბუნებისგან ჩვენ ვიღებთ მხოლოდ ინსტინქტებს, მაგალითად, ჩვენ ბუნებრივად და ნატურალურად მივილტვით მამაკაცისკენ. მაგრამ, ეს ფიზიოლოგიაა, სიყვარული კი აბსოლუტურად სხვა რამეა და ჩვენში თავად უნდა გავზარდოთ. როცა ეს გვესმის, სწორედ მაშინ გვერევა სიყვარული ინსტინქტიდან წამოსულ ლტოლვაში. სიყვარული დამოკიდებულებაა, მიჯაჭვულობაა, ურთიერთგაგება და პატივისცემაა; სითბო და სიამოვნებაა, მიღებული ურთიერთობით, მით უმეტეს, როცა საქმე მამრის მიმართ ქალის სიყვარულს ეხება. შეუძლებელია, გიყვარდეს კაცი და მასზე ზრუნვის სურვილი არ გაგიჩნდეს. მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია... – ნინი გაჩუმდა, რომ ცოტა სული მოეთქვა, თან განცვიფრებულ ლიზას ღიმილით შეხედა.
– უჰ, მგონი ძალიან ბევრს ვლაპარაკობ, – თქვა და ყავა მოსვა, – გაცივებულა ამასობაში.
– შენ ვინ ყოფილხარ?! ეს ფილოსოფიური ტრაქტატი სადმე წაიკითხე თუ თავად შეთხზე?
– ცოტა წავიკითხე, ცოტაც ნაფიქრ-ნააზრევია. რა იყო, არ არის სიმართლე?
ლიზამ მხრები აიჩეჩა:
– რა ვიცი, როცა მე გეუბნებოდი მაგას, არაო, – გაიძახოდი.
– მე გავიძახოდი „არას”?
– ჰო. ხომ გიხსნიდი, სიყვარული და ინსტინქტი, იგივე ფიზიოლოგია, სხვადასხვა რამეა-მეთქი?! მე ეს დიდი ხანია, ვიცი. შენ გერეოდა ზოგჯერ. კარგია, რომ მიმხვდარხარ. ისიც მაგარია, ქალებად კი არა, მხოლოდ მდედრებად რომ ვიბადებით და ქალად ქცევას სერიოზული ძალისხმევა სჭირდება.
ნინიმ ამოიოხრა:
– ჰოდა, მეც მანდ ვარ. რაღაც ისე არ არის.
– რას გულისხმობ?
– ჩემი და თომას ურთიერთობას...
ლიზამ მრავალმნიშვნელოვნად ასწია წარბები, თითქოს ეუბნებოდა, აბა, მე რას გაფრთხილებდიო. ნინიმ თავი გააქნია:
– არა, არა, შენ სხვა რამეს ფიქრობ, მაგრამ, მთლად მასეც არ არის საქმე. თომა მომწონს, თუმცა, რაღაც უცნაური ფორმა მიიღო ჩვენმა ურთიერთობამ: ის თითქოს მსხვერპლად მეწირება, მე კი ამ მსხვერპლს ვიღებ. არ შემიძლია ასე. ფსიქოლოგიური მომენტია, ხვდები?
– მე იმას ვხვდები, რომ მეტისმეტად ასერიოზულებ ყველაფერს. არ სჭირდება კაცის შებმას ფილოსოფია-ფსიქოლოგია. სწორედაც რომ, ინსტინქტით უნდა იმოქმედო.
– ლიზა, მე სერიოზულად გელაპარაკები, – წყენით გააპროტესტა ნინიმ.
– მეც სერიოზულად გისმენ და გპასუხობ. გინდა, გითხრა, რა პრობლემა გაქვს?
ნინიმ თავი დაუქნია.
– შენ არ გიყვარს თომა, არ გაგაჩნია სურვილი მასზე ზრუნვისა, მაგრამ, გონება გკარნახობს, რომ, შეიძლება, კარგი ქმარი იყოს. ამიტომაც ხარ ახლა ორ წყალს შუა გაჩხერილი და გადაწყვეტილებას ვერ იღებ. მითხარი, ასეა?
ნინიმ ერთბაშად არაფერი უპასუხა.
– რადგან დუმხარ, ესე იგი, ასეა, – დაასკვნა ლიზამ.
– პრინციპში, სიმართლესთან ახლოს არის, – ყოყმანით დაეთანხმა ნინი, – მასზე გათხოვებაზე ვფიქრობ... ვუყვარვარ...
– მაგრამ, შენ არ გიყვარს...
– მერე რა! როცა მიყვარდა, რა მომიტანა ამან? ვინერვიეულე, ვინერვიულე და... წონაშიც დავიკელი.
– ეგ ცუდი არ იყო. ნერვიულობა კი შენი ბრალია, გენაცვალე – საკუთარ თავს ეწინააღმდეგები. იცი, ეგ ყველაფერი ვისი ბრალია? – ჩვენი დედების.
– რაო?! დედაჩემი რაღა შუაშია?
– თავშია, სიხარულო, თავში. ისინი მთელი ცხოვრება სოციუმზე იყვნენ ორიენტირებულები და არა პირადულზე – ქმარი, ოჯახი, სამსახური და საზოგადოებრივი აზრი... ჰოდა, შენც ამ ყველაფრის გავლენის ქვეშ ხარ. მოეშვი ამ სისულელეებს, ძალიან გთხოვ. ეგ თომაც დაიკიდე.
– რას ნიშნავს, დავიკიდო? – აღშფოთდა ნინი, – ვუყვარვარ-მეთქი ადამიანს და იმედიც აქვს, რომ ცოლად გავყვები.
– გამაგიჟებ მე შენ! მაშინ, რაღა განერვიულებს?
ნინიმ ამოიოხრა:
– არ ვიცი.
– ნინი, შენ, მგონი, ისევ ბავშვობაში ჩარჩი. წეღან არ ამბობდი, ქალად რომ იქცე, საკუთარ თავზე ბევრი უნდა იმუშაოო. რატომ არ მუშაობ? იცი, რა დაგემართება, თუ ასე გააგრძელებ?
– არა.
– მუშა ცხენივით მოიქცევი ოჯახში. ციყვი რომ დარბის ბორბალში, გინახავს? აი, ჩაკეტილ წრეში რომ ბრუნავს და ბრუნავს: ოჯახი, ბაზარი, შვილები, სახლი, ქმარი – თავისი ჭუჭყიანი პერანგებით და წინდებით...
– მერე, ეგ ცუდია?
– როგორ გითხრა. ჩემთვის ცუდია. მაგრამ, შენ თუ ასეთი ცხოვრება გხიბლავს და გინდა, მაშინ პრობლემას ვერ ვხედავ, თუმცა, ვფიქრობ, რომ მოგწყინდება, თანაც, ძალიან მალე. გეგმით, ერთფეროვნად ცხოვრება მაგარი რუტინულია და ვერ გაუძლებ.
– ისეთ მუქ ფერებში დამიხატე ოჯახური ცხოვრება, შემეშინდა.
– რეალობა ეგაა და რა ვქნა! გინახავს ახალგაზრდა ასაკშივე დაბერებული ქალები? მე არ მინდა, რომ ეს დაგემართოს, იმიტომ, რომ მეგობრად მიგიჩნევ. იცი, მე ქალი ვარ და ამის თამამად თქმის უფლება ყოველთვის, ყველა სიტუაციაში და ნებისმიერ ასაკში უნდა მქონდეს.
– ეგ რას ნიშნავს?
– იმას, რომ არ ვიტყვი უარს საკუთარ პატივისცემაზე.
– ანუ, მე საკუთარ თავს პატივს არ ვცემ?
– ეგ არ მითქვამს. თუმცა, ტენდენცია შეიმჩნევა ცუდი, – კარგი, გაჰყევი ცოლად თომას. მერე? შენ ხომ არასოდეს გააკეთებ იმას, რომ, თუ მასთან სექსში არ გაგიმართლებს, ქალური მოთხოვნილება სხვასთან დაიკმაყოფილო?
– გაგიჟდი? რა სისულელეს მეუბნები!
– სულაც არ გახლავთ სისულელე, ქალბატონო ნინი. მითხარი, თომასთან რომ ხარ, მისი მოფერების, ჩახუტების სურვილი გიჩნდება? უფრო ღრმა და სერიოზულ ალერსზე აღარაფერს ვამბობ.
ნინი ცოტა დაფიქრდა:
– არა.
– აჰა, მეც მანდ ვარ. გოგო, ცოლად უნდა გაჰყვე კაცს, რომელთან სექსის სურვილიც არ გაქვს? ნორმალური გგონია ეს?
– არ მგონია ნორმალური, მაგრამ, რა ვქნა?
– ზოგადად, სექსის სურვილი გაქვს?
ნინი გაწითლდა:
– რა შეკითხვაა ახლა ეს? რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ, თომას ვერ განვიხილავ ინტიმურ ურთიერთობაში.
– სამაგიეროდ, იმ გიგის განიხილავ... – მოურიდებლად მიახალა ლიზამ.
– როგორი შეუბრალებელი ხარ ზოგჯერ, – თვალები აუწყლიანდა ნინის, – ასე რანაირად შეგიძლია?!
– არ მოგეწონა სიმართლე? სამაგიეროდ, საკუთარ თავს აღარ მოატყუებ.
– არც ვცდილობ.
– არა, ცდილობ! ყველა საშუალებით ცდილობ და ნერვებიც გეშლება. გიგი გენატრება და ამ მონატრებისგან გაქცევა გინდა თომაზე გათხოვებით.
– იცი, რაშია საქმე? მე გიგის გარდა არავინ მყოლია. ჩემს სხეულს ენატრება, მე კი არა. ანუ, იმისი თქმა გინდა, რომ ეს მხოლოდ ინსტინქტია?
– ინსტინქტები მართავენ ჩვენს ცხოვრებას. ეტყობა, ეს არც ისე ცუდია, იმიტომ, რომ მამაკაცები თავს მშვენივრად გრძნობენ. „დაინახა ქალი, მოეწონა – დაწვა მასთან და მორჩა!“ რად უნდა ამას ფიქრი და სინდისთან ბრძოლა?
– კარგი კაცი არ არის ასე.
– ყველა ასეა, დამიჯერე. არც ის შენი თომაა გამონაკლისი. უბრალოდ, სულელი არ არის და ხვდება, რომ ასე მარტივად შენთან დაწოლა არ გამოუვა, ამიტომაც გელაპარაკება ქორწინებაზე.
– ლიზა, შენ რომ გისმენ, არავისი და აღარაფრის აღარ მჯერა. გულს ისე გაუტეხავ ადამიანს, წარბს არ შეიხრი.
– ვაიმე, ნინი, პირიქით, ვცდილობ, რომ დაგამშვიდო, საღ აზრზე მოგიყვანო, მიგახვედრო, სად უშვებ შეცდომას... თუ ფიქრობ თომაზე გათხოვებას, მაშინ, რაღაც-რაღაცეების უფლება მიეცი მასაც და საკუთარ თავსაც.
– არა, არ შემიძლია.
– მაშინ, ნუ წუწუნებ და გულხელდაკრეფილი ნუ ზიხარ. მოძებნე გიგი და შეურიგდი.
– რა?! – ნინიმ მოულოდნელობისგან წამოიკივლა.
– ჰო, რა იყო? ასეთი რა გითხარი? რადგან ვერაფრით შეელიე და ლამის ერთგულების ქამარიც შემოირტყა წელზე, ჯობია, მასთან იყო.
– რომ ისევ დავიტანჯო?
– ეგ უკვე შენი არჩევანი იქნება, საყვარელო.
– შენც ხომ არ გიყვარს ლევანი, როგორ ცხოვრობ მასთან? – მოულოდნელად ჰკითხა ნინიმ. ლიზამ თვალები ფართოდ გაახილა და გულიანად აკისკისდა.
– რა გაცინებს? – ეწყინა ნინის.
– შენი გულუბრყვილობა მაცინებს. თომა ლევანს როგორ შეადარე? – ეს ერთი და, მერეც, ლევანი ის კაცია, რომელიც მჭირდება. შენ ასე არ ფიქრობ თომაზე. ისიც ვერ გააკეთებს ვერაფერს ისეთს, საპირისპიროში დაგარწმუნოს. სხვათა შორის, გიგიში რაღაც არის.
ნინი შეხტა:
– შენ რა იცი გიგი?
– ოღონდ ახლა არ დამიწყო, რა და როგორო. უბრალოდ, რაღაც-რაღაცეები ერთმანეთს დავუკავშირე და მივხვდი, რომ ის არის, ვინც ჩემს ქმართან შეკვეთებზე მუშაობს.
– ახლა მეუბნები ამას?
– რა მნიშვნელობა ჰქონდა, როდის გეტყოდი? მთავარია, რომ გითხარი.
– არა, შენ საერთოდ არ აპირებდი თქმას. სიტყვას რომ არ მოეტანა, ხმას საერთოდ არ ამოიღებდი. არადა, მეგობარი ვარ შენიო, მიმტკიცებდი.
– ვარ მეგობარი, ვარ. აუცილებლად გეტყოდი. უბრალოდ, არ მინდოდა, ზედმეტად ამეფორიაქებინე.
– გიგიმ ჩემზე რამე გითხრა?
– არა, – თავი გააქნია ლიზამ, – მგონი, ვერ მიხვდა, მე ვინ ვარ. პრინციპში, შენთან როგორ დამაკავშირებდა, როცა ერთად ნანახიც არ ვყავართ. მეც მოგვიანებით ვიცანი.
– რანაირად?
– ერთხელ ხომ დამანახვე ფანჯრიდან, აღარ გახსოვს?
ნინი დაფიქრდა:
– მგონი, ჰო... წესიერად აღარც მახსოვს. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას. ესე იგი, გიგი რომ სარეკლამო კომპანიაში მუშაობს, იმათი კლიენტია ლევანი?
– რა პატარაა ეს თბილისი, არა?!
– რაზე ელაპარაკე? – დადარაჯებულივით ჩააცივდა ნინი, – ყველაფერი უნდა მითხრა, იცოდე.
– გეუბნები – შენზე არ გვილაპარაკია საერთოდ... უფრო მნიშვნელოვან საკითხს ვიხილავდით.
– მაგალითად?
ლიზა გაჩუმდა.
– მითხარი, რა, რატომ მაწვალებ?
– არ გაწვალებ. შენ ეს თითქმის არ გეხება და რისთვის გჭირდება?
– როგორ თუ არ მეხება, ხომ თქვი, მასში რაღაც არისო?
– ეს ისე ვთქვი. რაც ვიგრძენი, ის გითხარი, მეტი არაფერი.
– ლიზა! არ მოგეშვები, იცოდე!
– ოჰ, როგორი ჯიუტი ხარ... კარგი, გეტყვი – ზუკაზე ვლაპარაკობდით. მეგობრები არიან.
ნინი ერთბაშად ვერ მიხვდა:
– მოიცა, შენი ზუკა და ჩემი გიგი...
– ოჰ, ოჰ, ძალიან ხმამაღალი ნათქვამია – „შენი ზუკა“ და „ჩემი გიგი“... კი ბატონო, თუკი ასე ძალიან გინდა, იყოს გიგი შენი, მაგრამ, ის ზუკა არაფერში მჭირდება.
ნინიმ მკერდზე მიიდო ხელი:
– ვაიმე, ახლა ცუდად გავხდები.
***
– ქეთი თითქმის არ ელაპარაკებოდა ნატოს, მხოლოდ ლელას თუ გაესაუბრებოდა და ისიც საქმეზე. წყენამ არ გაუარა და ამის დაძლევას არც ცდილობდა. შეწუხებულმა ნატომ ცოტა ხანს უარა გარშემო, იწრიალა, იწრიალა და ლელას მიადგა:
– რას ჰგავს ახლა ეს, რანაირად იქცევა?
– გაბრაზებულია შენზე და როგორ მოიქცევა? ეტყობა, გუშინაც მაგიტომ არ მოვიდა სამსახურში. მეც მიბღვერს, ვერ ხედავ?
– ვხედავ და მაგიტომაც გეუბნები, ასე რატომ იქცევა-მეთქი. გამოვიდა, რომ ჩვენ მისთვის ცუდი გვდომებია. არადა, პირიქით, როგორ განვიცდიდით, ქმართან პრობლემები რომ ჰქონდა.
– ეტყობა, ისე არ განვიცდიდით, როგორც საჭირო იყო და იმიტომაც გამოვიდა, რაც გამოვიდა, – წარბშეკვრით მიუგო ლელამ, – სხვათა შორის, მე გაფრთხილებდი და ახლა ნუღარ მეწუწუნები.
– არ შემირიგდება? სულ ასე უნდა ვიყოთ? მე ასე არ შემიძლია... – აბუზღუნდა ნატო.
– რა გიყო? მიდი და დაელაპარაკე, თუ გინდა. მე ვერაფრით დაგეხმარები.
– რომ მეჩხუბოს?
– არ ვიცი, შენი გადასაწყვეტია, რას გააკეთებ. ოღონდ, გაითვალისწინე, ახლა თქვენი გაშველების არც თავი მაქვს და არც ნერვები. ისე კი, რაღაც მომენტში, ქეთი მართალია. ქალები ვართ და ნებისმიერ შემთხვევაში მისი მხარე უნდა დაგვეჭირა. საყვარელიც რომ გაეჩინა, რა ჩვენი საქმე იყო?!
– რას ამბობ, მეხუმრები?
– სულაც არა. ვნანობ, უფლება რომ მოგეცი, მაშინ ვახოსთვის დაგერეკა. ძალიან ცუდად მოვიქეცით, ძალიან.
– აუ, გადამრევ მე შენ. ჩვენ ისე მოვიქეცით, როგორც ჩვენმა სინდისმა და მორალმა გვიკარნახა.
– არა, შენ მოიქეცი ასე. თანაც, სინდისი და მორალი ცოტა სადავო თემაა.
– იცი, რას გეტყვი? ახლა ჩემს მორალურობაშიც ნუ შეგეპარება ეჭვი, ეს უკვე მეტისმეტია.
– ფაქტია, რომ ქეთი ჩვენზე სერიოზულად არის გაბრაზებული და, შეიძლება, სულაც წავიდეს ამ კლინიკიდან. ახლა კი მიდი, კარი გააღე, ვიღაც მოვიდა.
ნატომ ფეხი აითრია და კარი ზლაზვნით გააღო. ზღურბლზე თომა იდგა და იღიმებოდა. ნატომ ძალიან გვიან ამოიცნო მასში ბიჭი, რომელიც ქეთისთან ერთად დაინახა და ფერი ეცვალა.
– ვინ გნებავთ? – ჰკითხა მკაცრად.
– მე ქეთი მინდოდა, ქეთი ექიმი. უთხარით, რომ თომაა მასთან მოსული...
გაგრძელება შემდეგ ნომერში