კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური შურისძიება

***

– გუგა?! – რაღაცნაირად ამოიხრიალა ნანიტამ და მუხლებში სისუსტე იგრძნო. შეეშინდა, არ წავიქცეო და ლიფტის კედელს ზურგით მიეყუდა. მთელი სხეულით კანკალებდა. უნდოდა, გაქცეულიყო, მაგრამ, ლიფტის ოთხ კედელს შუა მომწყვდეულს ფეხის გადადგმის საშუალება არ ჰქონდა. თუმცა, რომც ჰქონოდა, მაინც ვერ გაინძრეოდა, ისე აეტანა შიშს; შიშს კი არა, უფრო ელდას, შოკს. თითქოს ჯადო გაუკეთესო, იდგა გაქვავებული და გაფართოებული თვალებით შესცქეროდა მისთვის უკვე აბსოლუტურად უცხო მამაკაცს, რომელიც ოდესღაც უყვარდა და რომელიც მისი ქმარი უნდა გამხდარიყო, რომ არა...

გუგამ რომელიღაც ღილაკს დააჭირა თითი და ლიფტი სართულებს შორის გააჩერა, მერე კი ნანიტასკენ მიბრუნდა:

– ჰო, გუგა ვარ. რა იყო, მართლა ვერ მიცანი თუ ჩემი შეგეშინდა? – უთხრა ჩუმად და თმაზე ხელი გადაუსვა, – აი, შენ კი სულ არ შეცვლილხარ, ცოტა დაქალებულხარ, მეტი არაფერი, მაგრამ, გიხდება, გეფიცები... – გუგას მზერა გაუთბა და ხელი ოდნავ აუკანკალდა, – არადა, ხომ შეიძლებოდა, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო...

ნანიტას უნდოდა, ეკივლა, მაგრამ, ძალა არ ეყო, თან, შეეშინდა, მეზობლებმა არ გაიგონ და თავი არ მომეჭრასო და სფინქსივით გაქვავებული შესცქეროდა მოღიმარ გუგას, ოღონდ, მიუხედავად ასეთი შოკისა, მაინც დააფიქსირა, რომ მის ღიმილში რაღაცნაირი ცინიზმი და დიდი ტკივილი ერთად იყო შერწყმული. გუგა თვალებში ჩააშტერდა ქალს, რომელიც გველისგან დაჰიპნოზებულივით შეჰყურებდა და, ისე, რომ ამას თვითონაც არ მოელოდა, უხეშად და უხამსად ჰკითხა:

– დავიჯერო, ამ წლების განმავლობაში ერთხელაც არ გიფიქრია ჩემზე? უფრო სწორად, ჩემთან სექსზე? ორი წელი გვიყვარდა ერთმანეთი, ჩემი ცოლი უნდა გამხდარიყავი და არც კი იცოდი, როგორი პარტნიორი ვარ ლოგინში... ნუთუ არასდროს არ გინანია, ნეტავი გუგასთან ერთხელ მაინც დავწოლილიყავიო?! ვერ დავიჯერებ, რომ ეს არასდროს მომხდარა; თუნდაც იმიტომ ინანებდი, რომ ამით გულში მაინც გადაუხდიდი სამაგიეროს შენს პირუტყვ ქმარს, ათასი ჯურის ბოზებთან თუ რესპექტაბელურ ნაშებთან ღალატისა და მხეცური მოპყრობის გამო. შენ გგონია, არ ვიცი, რომ დიმიტრისთან ბედნიერი არ ხარ? მე კიდევ ბევრი სხვა რამეც ვიცი, მაგრამ ახლა ამის სათქმელად არ მოვსულვარ.

– წადი... ახლავე წადი... – ძლივს ამოიღო ხმა ნანიტამ და თვალები დახარა.

– მე კი ძალიან ბევრს ვფიქრობდი შენზე. ბევრს კი არა, ყოველდღე, დილიდან მეორე დილამდე, წლების განმავლობაში, მაშინაც კი, როცა კაიფში ვიყავი და მაშინაც როცა ლომკა მქონდა... – გუგამ თავისდაუნებურად შეწყვიტა ლაპარაკი, რადგან ვიღაცამ ლიფტი გამოიძახა და კაბინა სრიალით დაიძრა ზემოთ. ნანიტა შეშინებული მიიკუნჭა კუთხეში და გუგას ვედრებით შეხედა.

– თუ სახლში შემომიშვებ, გპირდები, რომ...

– არა! – შეჰყვირა ნანიტამ, – თავი დამანებე! წადი, მომშორდი, რა გინდა ჩემგან? არ გეყო, რაც შენი წყალობით დამემართა? – და უცებ ქალი მიხვდა, რომ რაღაც ზედმეტი წამოსცდა, – ის, რასაც ამდენი წლის განმავლობაში საკუთარ თავსაც უმალავდა თუ არ უმხელდა.

– სულ ათი წუთით შემოვალ, სერიოზული სალაპარაკო მაქვს შენთან და, თუ ამის შემდეგ შენი სურვილი იქნება, არათუ ვეღარასოდეს მნახავ, გპირდები, ჩემს სახელსაც ვერასდროს გაიგონებ, ვერც ავად და ვერც კარგად...

ლიფტი გაჩერდა და კარი გაიღო. ნანიტას ძალიან ეშინოდა, რომ ლიფტის კართან რომელიმე მეზობელი არ დახვედროდა, რადგან, თავის მართლების თუ ახსნა-განმარტების ნერვები არ ჰქონდა. მაგრამ, ამჯერად ბედმა გაუღიმა – სრულიად უცნობმა შუა ხნის მამაკაცმა მოწიწებით გადადგა გვერდზე ერთი ნაბიჯი და ნანიტას და გუგას ლიფტიდან გამოსვლა ადროვა, შემდეგ კი დინჯად შევიდა კაბინაში, რომელიც მაშინვე ჩაიკეტა და ქვემოთ დაიძრა.

ნანიტამ მხოლოდ ახლა შენიშნა, რომ ერთი სართულით ზემოთ ამოსულიყო და სასწრაფოდ კიბეებს მიაშურა – შეეშინდა, იმავე სართულზე მეგობართან სტუმრად მისული ნუცა არ გამოსულიყო და თავზე არ წასდგომოდა გაფითრებულ დედას, რომელსაც ვიღაც უცნობი კაცი მისდევდა უკან. ქალმა ლამის კისრისტეხით ჩაირბინა ერთი სართული და თავის ბინის კარს მიადგა. გუგა არ ნებდებოდა – ისიც კართან მივიდა და გაჩერდა. ნანიტამ აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. არაფრით არ უნდოდა გუგას სახლში შეშვება და საამისოდ ძალიან ბევრი მიზეზი ჰქონდა, ერთ-ერთი კი ის იყო, რომ მოულოდნელად შვილებს არ დაენახათ საკმაოდ საეჭვო გარეგნობის კაცთან ერთად, თანაც, საკუთარი ბინის კართან. ნუცას მოტყუებას კიდევ მოახერხებდა, მაგრამ თორნიკესთვის რა უნდა ეთქვა? უკვე დიდი ბიჭი იყო და რაღაცას მაინც იეჭვებდა, მით უფრო, რომ ნანიტას აბსოლუტურად არ ეხერხებოდა ყველაზე უმტკივნეულო ტყუილის თქმაც კი – მაშინვე სახეზე ეწერებოდა ყველაფერი და, ამიტომ, ცდილობდა, ეს არასდროს გაეკეთებინა, განსაკუთრებით – შვილებთან, რადგან, მაშინ აღარ ექნებოდა მორალური უფლება, ბავშვებისგან ყოველთვის სიმართლის თქმა მოეთხოვა. გარდა ამ ყველაფრისა, იმის შიშიც ჰქონდა, მოულოდნელად დიმიტრი არ დაბრუნებულიყო აგარაკიდან. ძლივს გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი მასთან ცხოვრების ამდენი წლის შემდეგ და, აღარ უნდოდა, რომ ეს ყველაფერი ჩაშლოდა, თანაც, ასე სულელურად; ან, თუ არ ჩაეშლებოდა, დამარცხებული არ დარჩენილიყო – დიმიტრი ხომ შანსს არ გაუშვებდა ხელიდან, მისთვის ღალატი დაებრალებინა, მიუხედავად იმისა, რომ ორიოდე დღის წინ, მათი ბოლო და არცთუ სასიამოვნო საუბრისას თვითონვე უთხრა ცოლს, მორალთან დაკავშირებით შენში ეჭვის შეტანა ნამდვილად არ შეიძლება, შენნაირი „მარალნა უსტოიჩივი“ ქალი მართლა არ შემხვედრიაო. მაგრამ, გუგა რომ აქ, თავის ბინაში კი არა, თავისი სახლიდან თუნდაც ორას მეტრში დაენახა, აუცილებლად გამოიყენებდა ამ მომენტს.

– წადი, გთხოვ... – ლამის ტირილით უთხრა და კარს მიეყრდნო.

– არა, სანამ ჩემს სათქმელს არ გეტყვი, არ წავალ. ძლივს გავბედე შენთან მოსვლა, ამას მეორედ ვეღარ შევძლებ. ამიტომ, რადგან მოვედი, ბოლომდე უნდა მივიყვანო საქმე და მერე სამუდამოდ წავალ. შემომიშვი.

– არა-მეთქი!

– სულ ათი წუთით, მაქსიმუმ – თხუთმეტით, მეტს არ გაგაცდენ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.

– რამდენი გინდა, მითხარი და მოგცემ, ოღონდ თავი დამანებე, – ქალმა ჯიბიდან საფულე ამოიღო.

– შენ გგონია, ფულის სათხოვნელად მოვედი? – მწარედ გაეღიმა გუგას, – მართალია, ნარკომანი და ნაძირალა გავხდი, მაგრამ, თავმოყვარეობა ბოლომდე ჯერ კიდევ არ დამიკარგავს.

– მაშინ., წადი. არ მინდა, რომ სახლში შემოგიშვა, გესმის? არ მინდა! – ამოიხრიალა ნანიტამ.

– რატომ, ჩემი შეგეშინდა თუ ძველი გრძნობა ცდილობს გაღვიძებას? – ირონია გაერია ხმაში გუგას, – ან, იქნებ, შენი საყვარელი ქმრის გეშინია, ვაითუ, სახლში დაბრუნებულმა ერთად დაგვინახოს და იეჭვიანოს? – მიუხვდა ფიქრს და ხმამაღლა გაეცინა, – მაგაზე ნუ დარდობ, ჯერ არ აპირებს სახლში დაბრუნებას, ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში. ჯერ რაღაც საქმეები აქვს მოსაგვარებელი, თანაც ისეთ საზოგადოებაში ბრძანდება, ძნელად თუ შეელევა.

ნანიტამ უხერხულობა იგრძნო, რომ გუგამ მისი ფიქრები ამოიცნო, მისი ბოლო სიტყვებისთვის კი ყურადღებაც არ მიუქცევია, რადგან უკვე საერთოდ აღარ ადარდებდა ქმრის თავგადასავლები. მხოლოდ  ის გაუკვირდა, გუგამ საიდან იცოდა ეს ყველაფერი.

– გიკვირს, მე საიდან ვიცი, ახლა რას აკეთებს? – ისევ მიუხვდა გუგა, – თუ ძალიან გაინტერესებს, გეტყვი.

– არ მაინტერესებს, – მოკლედ და ცივად უთხრა ქალმა, თუმცა, ნამდვილად აინტერესებდა და, ამიტომ, მაშინვე ჰკითხა: – საიდან?

– აი, სწორედ მაგაზე მინდა შენთან ლაპარაკი.

– ანუ, მოხვედი იმიტომ, რომ ჩემს ქმარზე მეჭორაო?

– მთლად ზუსტად არ არის ნათქვამი, – შეიშმუშნა გუგა.

– მაშინ, ზუსტად გეტყვი – ენა უნდა მომიტანო? და, გგონია, რომ ამით იძიებ შურს ამდენი წლის შემდეგ?

– ბოლომდე ზუსტი ფორმულირება მაინც ვერ მოახერხე, – უხერხულად იგრძნო თავი გუგამ, – თუმცა, არ დაგიმალავ, რომ შურისძიების სურვილი მთელი ამ წლების განმავლობაში სულ თან მდევდა, მაგრამ...

– მაგრამ, ვაჟკაცობა არ გყოფნიდა? კი მაგრამ, ვისზე უნდა გეძია შური, საკუთარ თავზე ხომ არა? შენც რომ მიგიძღვის ამ ყველაფერში ლომის წილი, ამაზე თუ გიფიქრია?

– მაგაზეც მიფიქრია, მაგრამ, ამ შემთხვევაში ეს შურისძიება არ არის.

– მართალი ხარ, ქმარზე ცოლთან ენის მიტანა და ჭორიკნობა კაცური შურისძიება კი არ არის, არაკაცობა და ნაძირლობაა, – ხმას აუწია ნანიტამ.

– მერე, ვინ გითხრა, რომ არა ვარ არაკაცი და ნაძირალა? – მწარედ ჩაიცინა გუგამ, – მაგრამ, სახლში თუ შემომიშვებ...

– ათი თუ თხუთმეტი წუთი უკვე გავიდა, წადი! – უბრძანა ქალმა და ბინის კარი გააღო, – მალე ჩემი შვილები მოვლენ და არ მინდა, აქ გნახონ.

– ისინი ხომ არ მიცნობენ, რა იციან, ვინ ვარ?

ნანიტამ სიჩუმით უპასუხა.

– აა, გასაგებია... – მიუხვდა გუგა, – არ გინდა, რომ ასეთ კაცთან ერთად გნახონ – ცუდად ჩაცმულ-დახურულ ტიპთან, ნარკომანის სიფათით და, ზოგადად, საეჭვო გამომეტყველებით...

ნანიტას შერცხვა, რადგან, მართლა ასე გაიფიქრა და უცებ შეეცოდა გუგა; ისე შეეცოდა, თვალებზე ცრემლი მოადგა. ეს რომ დაემალა, ბინაში შევიდა და კარი აღარ მიუხურა, ჩუმად, მაგრამ, მტკიცედ უთხრა: – მხოლოდ ათი წუთი.

– მაქსიმუმ თხუთმეტი, – გაუხარდა გუგას და სასწრაფოდ შეჰყვა მასპინძელს იმის შიშით, არ გადაიფიქროსო.

– სად გირჩევნია საუბარი, სამზარეულოში თუ მისაღებში? – თავისდაუნებურად, ძალიან შინაურულად ჰკითხა და ამან ნანიტა თვითონვე შეაცბუნა.

– სამზარეულოში, – შინაურულადვე უპასუხა გუგამ და ორივეს ძალიან უცნაური შეგრძნება დაეუფლა – ორივემ ერთდროულად გაიფიქრა, ახლა თვალები რომ დავხუჭო, ეს ამდენი წელიწადი თვალსა და ხელს შუა გაქრება და ისევ ახალგაზრდები და ბედნიერები ვიქნებითო, მაგრამ, ნანიტამ სძლია თავს, თავის ნაძალადევ სტუმარს დაჯდომა შესთავაზა და ჰკითხა:

– ჩაის დალევ თუ ყავას?

– რამე უფრო მაგარი არ გაქვს? – კითხვა შეუბრუნა გუგამ და სამზარეულოს მაგიდასთან უხერხულად ჩამოჯდა, – ნამცხვარს აცხობ?

– ჰო, ბავშვებს შევპირდი. ცოტა კონიაკი უნდა იყოს სადღაც, ახლავე მოვიტან.

– კონიაკებსა და შამპანურებს გადავეჩვიე და არ დამცადოს. არაყი არ გაქვს?

ნანიტამ მაცივრიდან არაყი გამოიღო და მაგიდაზე ერთი სირჩა დადგა.

– შენ არ დალევ? – ჰკითხა გუგამ და არაყი მაშინვე დაისხა.

– არა, – მოკლედ უპასუხა ნანიტამ, მის წინ ჩამოჯდა, თამამად შეხედა თვალებში და საკმაოდ ცივად უთხრა: 

– გისმენ!

სანამ ხმას ამოიღებდა, გუგამ სამჯერ გადაკრა სასმელი, მერე კარგა ხანს ჩუმად იყო, მაგრამ ქალს თვალს არ აშორებდა, თითქოს მის სახეზე რაღაც ძალიან დიდი საიდუმლოს ამოკითხვა უნდოდა.

– გისმენ-მეთქი, დრო გადის, – შეახსენა მასპინძელმა.

– ნანიტა, ახლა ერთ რამეს გკითხავ და, ძალიან გთხოვ, მართალი მითხარი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, – თქვა გუგამ და სახე ორივე ხელით მოისრისა, რომ უხერხულობის თუ დაძაბულობის შეგრძნება მოეშორებინა.

– ვისთვის არის მნივშნელოვანი? – ირონიულად ჰკითხა ქალმა.

– ჩემთვის... და, შენთვისაც, – ირონია არც კი შეუნიშნავს, ისე უპასუხა გუგამ და კიდევ ერთი სირჩა გადაკრა. უცებ იგრძნო, როგორ მოედო ალკოჰოლი მთელ მის სხეულს, ტვინიდან ფეხის თითებამდე და შეეშინდა, ენა არ ამერიოსო, მაგრამ, ორიოდ წუთში სხეული სასიამოვნოდ მოუდუნდა, მზერაც შედარებით დაეწმინდა და მიხვდა, რომ მზად იყო იმის სათქმელად, რისთვისაც მოვიდა, თუმცა, მაინც „შემოვლითი“ გზა არჩია, პირდაპირ თვალებში შეხედა ყოფილ საცოლეს და რაღაცნაირი თანაგრძნობით ჰკითხა:

– ბედნიერი ხარ?

– ანუ? – ვერ მიხვდა ქალი.

– ზოგადად, როგორც ქალი, ბედნიერი ხარ, რაც გათხოვდი, მას შემდეგ? – დაუკონკრეტა და პასუხს დაელოდა.

ნანიტა ყველაფერს მოელოდა, ოღონდ არა ასეთ ტრაფარეტულ და ერთი შეხედვით უმტკივნეულო შეკითხვას, ამიტომ, პასუხი მაშინვე არ გაუცია.

– იცი, ჩემი აზრით, ბედნიერება ძალიან პირობითი ცნებაა, ისევე, როგორც წესიერება და პატიოსნება, – უთხრა ცოტა ხნის შემდეგ.

– ეგ, რაღაც, ვერ გავიგე, – ჩაფიქრდა უკვე კარგად შემთვრალი გუგა, – რა შუაშია პირობითობა? ან ხარ ბედნიერი, ან – არა; ან ხარ წესიერი და პატიოსანი, ან – არა...

– შუაში კი არა, თავშია, – ჩაილაპარაკა ნანიტამ და სიგარეტს მოუკიდა.

– მაგალითად? – დაინტერესდა გუგა.

– რისი მაგალითი გინდა, ბედნიერების, წესიერების თუ პატიოსნების? 

– სამივეს ცალ-ცალკე.

– შენ რა, ამის საკითხავად მოხვედი? – ისევ ირონია გაურია ხმაში ნანიტამ.

– მარტო ამის საკითხავად არა. ისე, ყველაფერი შენს პასუხებზეა დამოკიდებული. შეიძლება, კიდევ რამდენიმე შეკითხვა დაგისვა, რომ მთავარ სათქმელამდე მივიდე, – ისევ ვერ იგრძნო ირონია გუგამ.

– კარგი, გეტყვი. ბედნიერებით დავიწყებ, რადგან შენ კონკრეტულად ეს გაინტერესებს. მაგალითად, ადამიანი შეიძლება ბედნიერი იყოს სიყვარულში, მაგრამ, არ უმართლებდეს კარიერაში, მეგობრებში თუ სხვა ურთიერთობებში, ან – პირიქით, ყველაფერში წარმატებული იყოს და ვერ ააწყოს თავისი პირადი ცხოვრება; უფრო მეტიც, შეიძლება, იყოს ბედნიერი დედა, იმიტომ, რომ ჰყავს საღი, ჯანმრთელი და წესიერი შვილები, მაგრამ, პარალელურად, არ იყოს ბედნიერი ქალი, რადგან, ქმარს არ უყვარს სათანადოდ, არ ანებივრებს, ქალად არ აგრძნობინებს თავს...

– სწორედ ეგ გკითხე, – შეაწყვეტინა გუგამ, – ხარ თუ არა ბედნიერი ქალი? ბედნიერი დედა, წარმატებული ბიზნესლედი ან სასურველი მეგობარი კი არა, ბედნიერი ქალი... – და, ბოლო ორი სიტყვა ხაზგასმით და დამარცვლით წარმოთქვა.

– წესიერებისა და პატიოსნების შემთხვევაშიც დაახლოებით იგივე პრინციპია, – განაგრძო ნანიტამ, თითქოს გუგას დაკონკრეტებული კითხვა არ გაუგია, – ზოგადად, წესიერ ადამიანს უწოდებენ იმას, ვინც არ მოგპარავს, არ მოგატყუებს, არ „გადაგაგდებს“, მაგრამ, იქმნება ხოლმე ცხოვრებაში, ერთი შეხედვით, უმტკივნეულო სიტუაციები, როცა ეს ყველაზე წესიერი ადამიანი ყველაზე უზნეოდ იქცევა და კადრულობს იმას, რაც ჩვეულებრივმა უწესო ადამიანმა, შეიძლება, არ იკადროს.

– მაგალითად?

– მაგალითად, ჩემს ახალგაზრდობაში ჩვენს მეზობლად ძმები ცხოვრობდნენ მშობლებისეულ უზარმაზარ სახლში. არც ერთს ცოლ-შვილი არ ჰყავდა, უთავბოლო და უსაქმური ბიჭები იყვნენ, თუმცა, არც არაფერს აშავებდნენ. სხვათა შორის, ორივე ძმას წესიერი ბიჭის სახელი ჰქონდა სამეზობლოშიც და უბანშიც. მშობლები ადრე დაეხოცათ, უმცროსი და კი გათხოვილი ჰყავდათ. სანამ დას და სიძეს არ უჭირდათ, ორივეს თავიდან ბოლომდე არჩენდნენ, მაგრამ, მერე ისე მოხდა, რომ სიძე მოულოდნელად ავარიაში დაეღუპათ, დაქვრივებული ქალი კი ქმრის პარტნიორებმა ნულზე დასვეს და ორი მოზარდი შვილის რჩენა ძალიან გაუჭირდა საწყალ ქვრივს. ამ წესიერმა ძმებმა კი რა გააკეთეს? მარჩენალი სიძე რომ მოუკვდათ, დის ჩუმად ძალიან დიდ ფასად გაყიდეს მშობლებისეული სახლი, ცალ-ცალკე იყიდეს ბინები, მანქანები, ახალი ავეჯი; დარჩენილი ფულით ვალებიც გაისტუმრეს, კარგადაც იგრიალეს და მთელი წლის განმავლობაში ტელეფონით არ მოუკითხავთ პატარა დისშვილები, რომლებსაც საჭმელიც კი არ ჰქონდათ საკმარისი. ერთი ლარი არ მიუციათ დისთვის... – აი, ეს არის პირობითი წესიერება და პატიოსნება. ასეთ „წესიერებაზე“ რუსებს აქვთ ერთი კარგი გამოთქმა: – „ს ნიმ ვ რაზვედკუ ნე პოიდიოშ“ (მასთან ერთად დაზვერვაზე ვერ წახვალ).

– ეგ გამოთქმა, მგონი, ერთგულებას უფრო გულისხმობს.

– ერთგულებაც წესიერების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

– შენ მაინც არ უპასუხე ჩემს შეკითხვას.

– მე სხვა პასუხი არ მაქვს.

– კარგი. ყველაფერი გასაგებია. ახლა მეორე კითხვას დაგისვამ და ამაზე მაინც გამეცი პირდაპირი პასუხი.

– გისმენ, ოღონდ, დროზე, უკვე ნახევარი საათი გავიდა, – უცბად აფორიაქდა ნანიტა, თუმცა, რაღაცნაირად, სიამოვნებდა ამ თემებზე საუბარი.

– ქმარი რომ ყოველ ნაბიჯზე  გღალატობდა, ცხადია, იცოდი...

– ჰო, თბილისში არაფერი იმალება, – მწარედ გაეღიმა ქალს.

– ალბათ, არც იმას უარყოფ, რომ საკმაოდ ცუდადაც გექცეოდა, მე მაგის დედაც... – შეიგინა გუგამ.

– ყოველთვის არა, – შეაწყვეტინა ნანიტამ და უცებ მიხვდა, რომ ამ სიტყვებით დიმიტრი კი არა, თავისი ათასჯერ შელახული და დამცირებული ქალური თავმოყვარეობა დაიცვა, თუმცა, საკმაოდ უსუსურად, – თანაც, გიკრძალავ ჩემს სახლში გინებას!

– სიხშირეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს... ბოდიშს გიხდი, თავი ვეღარ შევიკავე. ახლა მთავარ კითხვამდე მივედით: არასდროს გაგჩენია სურვილი, სამაგიეროს გადახდის მიზნით, შენც გეღალატა ქმრისთვის?

ნანიტა ისე დააბნია ამ კითხვამ, პასუხის გაცემა ვერ მოახერხა, ისიც კი ვერ უთხრა, ამას როგორ მიბედავო. რამდენიმე წუთს ჩუმად იჯდა. მერე უცებ იგრძნო, რომ კიდევ ერთხელ დაამცირეს, თუმცა, რატომ იყო ეს შეკითხვა დამცირება, ჯერ ბოლომდე ვერ აცნობიერებდა და სწორედ ამ რამდენიმე წუთში გაიღვიძა მასში ქალურმა ცინიზმმა, თამამად შეხედა გუგას თვალებში და ძალიან მშვიდად უთხრა:

– შენ წარმოიდგინე, არა და, იცი, რატომ? არც ერთი მამაკაცი, ვისაც ვიცნობ, არაფრით არ არის დიმიტრიზე უკეთესი. ცოლმა ქმრის ღალატი რომ გადაწყვიტოს, მასზე უკეთესთან უნდა უღალატოს...

– აი, ეგ კი ნამდვილად არ არის ქალური ლოგიკა. თუ ქალს ქმრის გამწარება უნდა, პირიქით, მასზე უარესთან უნდა დაწვეს, ყველაზე „დახადიაკ“ ტიპთან და ამით უთხრას, შენ ყველა გჯობიაო.

– მე ასეთ „დახადიაკებს“ არ ვიცნობ...

– იცნობ, მაგრამ, რატომღაც, ვერ იხსენებ.

– იქნებ, დამდო პატივი და შენ შემახსენო? – დაცინვით უთხრა ნანიტამ და, რატომღაც, ცუდის მოლოდინში დაიძაბა.

– ის ახლა შენ წინ ზის და გესაუბრება, – თქვა გუგამ, ისევ შეივსო სირჩა არყით და სულმოუთქმელად გადაკრა.

ნანიტა უცბად მიხვდა გუგას მოსვლის მიზეზს და აღშფოთებულმა მიახალა:

– ესე იგი, იმისთვის მოხვედი, რომ შენთან სექსი შემომთავაზო?!

ეს კითხვა ისე პირდაპირ იყო დასმული, რომ გუგა თვითონვე შეცბა, მერე გამბედაობა მოიკრიბა და, არყით გათამამებულმა უპასუხა:

– ჰო, პრინციპში, დაახლოებით ასეა...

– ნუთუ ამ დონეზე დაეშვი, ნუთუ ასეთი საზიზღარი და არარაობა გახდი? – საკუთარ ყურებსა და თვალებს არ უჯერებდა ნანიტა, – ნუთუ შეიძლება, რომ, ადამიანი, რომელიც ღმერთმა თავმოყვარე და პატივსაცემ მამაკაცად გააჩინა, ასეთ ნაძირალად იქცეს?! – მერე სული მოითქვა და შეუტია: – ახლავე აორთქლდი აქედან, შე არაკაცო, თორემ, დიმიტრი თუ მოვიდა, ნახავ, რაც დაგემართება!

– ვინ?! რომელი დიმიტრი, შენი ქმარი ხომ არა? – ხმამაღლა ახარხარდა უკვე ძალიან მთვრალი გუგა, – ტყუილად გაქვს მისი იმედი, ჩემო ლამაზო! რომც მოვიდეს, ხმასაც არ გამცემს, რადგან... – გუგა უცბად გაჩუმდა, რადგან, ბოლო მომენტში მაინც გაუჭირდა, მთავარი სათქმელი ეთქვა.

– რადგან რა? – გულმა ცუდი უგრძნო ნანიტას, მაგრამ, ქალურმა თუ, ჩვეულებრივმა ადამიანურმა ცნობისმოყვარეობამ სძლია და იქით „მიაწვა“: – თუ კაცობის ნატამალი შეგრჩენია, ბოლომდე თქვი, რაც დაიწყე!

– მერე, ვინ გითხრა, რომ შემრჩენია? შენ მართალი ხარ, მე ნამდვილი ნაძირალა, არაკაცი და არარაობა ვარ, მაგრამ, არც არაფერზე ვდებ თავს და ამ ყველაფერს ვაღიარებ; აი, შენი ქმარი კი კარგ ტიპობაზე დებს თავს, რესპექტაბელურ, ნაღდ ქალაქელ, მაღალ წრეში გასულ, ინტელექტუალურ კაცობაზე, მაგრამ, ფანტაზია არ გეყოფა იმის წარმოსადგენად, სინამდვილეში რა ნაგავია...

– დაასრულე-მეთქი ფრაზა, რომელიც წეღან შუაზე შეწყვიტე! – უბრძანა ნანიტამ.

– რომელი ფრაზა? – დრო გაწელა გუგამ, რომ რამე „გამოსაძრომი“ მოეფიქრებინა.

– შენ თქვი, დიმიტრი რომც მოვიდეს, არაფერს მეტყვისო. დაასრულე, რატომ არ გეტყვის არაფერს, შენისთანა ჩანჩურასი შეეშინდება?

სიტყვა „ჩანჩურამ“ გუგას დიდი ხნის წინ ჩამკვდარი მამაკაცური თავმოყვარეობა თუ პატივმოყვარეობა გაუღვიძა და, გამწარებულმა, ისე, რომ აღარც კი ფიქრობდა, რას ამბობდა და რას აკეთებდა, იყვირა:

– ჰო, არაფერს მეტყვის, უფრო სწორად, ვერაფერს მეტყვის, რადგან, თვითონ დამრთო ნება, შენთან ამ შემოთავაზებით მოვსულიყავი! ახლა დაწყნარდი? ახლა გაიგე, ვისი ცოლი ხარ ან ვისი საცოლე იყავი?!

გაოგნებულ ნანიტას ჯერ კინაღამ გული გაუჩერდა, შემდეგ კი უჩვეულო სიმშვიდე იგრძნო. მერე თვალებში შეხედა გუგას და ჩუმად უთხრა:

– არა მჯერა...

– რა არა გჯერა? – ვერ მიხვდა გუგა.

– რაც შენ მითხარი დიმიტრიზე. ჩემი ქმარი ნაძირალაა, მაგრამ, ასეთი?! – არა მგონია...

– სულ ტყუილად! – ისევ იყვირა გუგამ, – მაგრამ, მე უფრო მეტად ნაძირალა ვარ, ამაზე რომ დავთანხმდი, რადგან...

– ისევ ეს „რადგან“... –  წყნარად თქვა ნანიტამ, – რადგან, რა?

– რადგან, დღემდე მიყვარხარ... – ჩურჩულით თქვა გუგამ, მერე ჯიბიდან წინასწარ მომზადებული ფურცელი ამოიღო და მაგიდაზე დადო: – აქ ჩემი ტელეფონის ნომერია. რა იცი, რაში დაგჭირდე... – და კარისკენ გაემართა. მერე სანახევროდ მობრუნდა ქალისკენ და გულწრფელი ვედრებით მიმართა: – თუ შეგიძლია, მაპატიე, – და კარი ჩუმად გაიხურა.

ნანიტა ჭკუაზე არ იყო. ვერ აცნობიერებდა, ეს ყველაფერი მართლა მოხდა თუ კოშმარულ სიზმარში ნახა. გუგა ისე იყო დეგრადირებული, მისგან ნამდვილად არ იყო გასაკვირი ყველაზე საშინელი ან ყველაზე იდიოტური ტყუილიც კი, მაგრამ ნანიტა ქალური ალღოთი გრძნობდა, რომ გუგა არ ტყუოდა, თუმცა, არ უნდოდა, მარტო ალღოს მინდობოდა და, ამიტომ, გადაწყვიტა, მეორე დღესვე გაერკვია ყველაფერი.

***

ორმა დღე-ღამემ ისე გაიარა, ნანიტა მექანიკური თოჯინასავით ემსახურებოდა შვილებს,  პასუხობდა მათ შეკითხვებს, აკეთებდა სახლის საქმეებს, მაგრამ, პარალელურად სულ იმაზე ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო. შვილებთან ცდილობდა, მხიარულად თუ არა, მშვიდად მაინც ეჩვენებინა თავი და ყველაზე მეტად ეს უჭირდა, მაგრამ, სხვა გზა არ ჰქონდა. განსაკუთრებით იმის ეშინოდა, თოკოს არ აეღო რამეზე ეჭვი, თორემ, მერე უკვე ძალიან გაუჭირდებოდა ბიჭის გადარწმუნება ან შეჩერება.

ნანიტა საკუთარ თავს ებრძოდა. ყველაფრის გაგების ორი გზა არსებობდა: ან დიმიტრისთვის უნდა ეკითხა, რა ხდებოდა, ან ისევ გუგას უნდა შეხვედროდა და ის გამოეტეხა ბოლომდე. პრინციპში, დიმიტრისგან არაფრის თქმას არ მოელოდა, მით უმეტეს, სულ რამდენიმე დღის წინ თვითონვე უთხრა გადაწვეტით, გშორდებიო და, ამაზე გაბრაზებული ქმარი, მით უფრო – ქართველი ქმარი, ცოლს ნამდვილად არ დაუწყებს „თქვენობით“ და ბოდიშებით ლაპარაკს; პირიქით, კარგად შეუკურთხებს, შეიძლება, ხელითაც შეეხოს და, რომც არაფერი იყოს მომხდარი, მაინც ათას სიბილწესა და სიბინძურეს მოუგონებს. ნანიტამ ეს ყველაფერი კარგად რომ გაიაზრა, დარწმუნდა, რომ ერთადერთი გზა ისევ გუგასთან შეხვედრა იყო, მაგრამ, ისე უჭირდა ამის გაკეთება, ცდილობდა, გადაედო, რომ დრო ჰქონდა რაიმე უკეთესი გამოსავლის მოსაძებნად.

... გუგას ვიზიტიდან ერთი კვირის შემდეგ, შაბათ საღამოს, ნანიტა მარტო იყო სახლში. ბავშვებმა დარეკეს, ბებოსთან ვრჩებითო და ნანიტა მშვიდად უყურებდა ტელევიზორს. ისე დაიღალა ამდენი ნერვიულობისგან, რომ, არაფერზე ფიქრის თავი აღარ ჰქონდა. ის იყო, ცოტათი ჩათვლიმა, რომ უცებ შემოსასვლელი კარი ხმაურით შემოანგრია ვიღაცამ და მხიარულად იყვირა:

– შემოდით, თქვენ გენაცვალეთ, ჩემო ჩიტუნიებო! როგორც საკუთარ სახლში, ისე იგრძენით თავი! რაც აგარაკზე დაგაკელით, აქ უნდა აგინაზღაუროთ! დათკა, მიმიხედე გოგოებს, მე სინათლეს ავანთებ! – სასმლისგან გამხიარულებულმა დიმიტრიმ ძლივს იპოვა ჩამრთველი და თითი მიაჭირა. ოთახი უცებ აბრდღვიალდა და, შუქისგან ოდნავ გამოფხიზლებულმა, გაოცებით შეხედა ტახტზე მშვიდად მჯდარ ცოლს, რომელიც ირონიული ღიმილით, უფრო სწორად, დამცინავად უყურებდა და ხმას არ იღებდა.

– ადექი, სტუმრებს მიმიხედე! – იხტიბარი არ გაიტეხა დიმიტრიმ, – ხომ იცი, ჩემს გოგოებს განსაკუთრებული პატივისცემა უყვართ! 

ნანიტამ პასუხი არ გასცა, ადგა და თავის ოთახში შევიდა. დიმიტრი გაბრაზდა, როგორ თუ ჩემი ბრძანება არ შეასრულაო და საძინებელში შეუვარდა უშვერი გინებით:

– აკი გეყრები და უნდა წავიდეო?! რას აგდიხარ ჩემს სახლში, რატომ დამხვდი აქ?

დათკა მიხვდა, რომ, შეიძლებოდა, რამე უბედურება დატრიალებულიყო, ამიტომ, „ჩიტუნიებს“ ფული გადაუხადა და სასწრაფოდ გაისტუმრა, თვითონ კი დიმიტრის მოჰკიდა ხელი და გარეთ გაათრია, თან გზადაგზა ლანძღავდა და აგინებდა:

– შე ჩემა, მარტო ვარ სახლშიო, რომ გვეუბნებოდი, ვის ატყუებდი? სულ გამოსირდი ამხელა კაცი, ბოზები სახლში რომ მიიყვანე?

– შენ მეუბნები მაგას?! – გაეცინა დიმიტრის, – შეენ?!

– მე თუ მიმყავს, მხოლოდ მაშინ, როცა ასიანი ვიცი, რომ ჩემები თავზე არ დამადგებიან და, პრინციპში, როცა ვფხიზლდები, ვხვდები, რომ ეგეც ტეხავს – სადაც შენი ცოლ-შვილი ცხოვრობს, იქ პრასტიტუტკა არ უნდა გააჭაჭანო, გაიგე?

– მორალის მამა! – დასცინა დიმიტრიმ.

– ყოველ შემთხვევაში, შენ მაინც გჯობივარ, შენი დედაც! – გაბრაზდა უცებ დათო, ძმაკაცს მთელი ძალით უთავაზა ყბაში მუშტი და ასფალტზე გაშხლართული მიატოვა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3