კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლოგიკა იმარჯვებს

აივენჰოში ყველაზე მსხვილი და ერთადერთი კომპანიის – „ჯებსონ კომერშელ კომპანის“ სეიფი გაძარცვეს. მეორე დღეს თანამშრომლებისთვის ხელფასები უნდა დაერიგებინათ. სეიფში ას ორმოცდაათი ათასი დოლარი იდო. ვიღაცამ სიგნალიზაცია გამორთო და მოძველებული სეიფი ამოჭრა. გვერდითა ოთახში დარაჯს ღრმად ეძინა. სასწრაფოდ გამოიძახეს კომპანიის დანიშნული დირექტორი ფრენკ ბერნელი. კომპანიის ბუღალტერი რალფ ნესბიტი მრავალმნიშვნელოვნად დუმდა. მან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მოახსენა ახალ დირექტორს, რომ სეიფი მოძველდა და გამოცვლას საჭიროებდა, მაგრამ ბერნელი ხარჯებს მოერიდა – მხოლოდ დარაჯი აიყვანა და სეიფს ახალი სიგნალიზაცია დაუყენა. შეატყობინეს ჩიკაგოს მთავარ ოფისს, მივიდა კრიმინალური პოლიცია და, ბოლოს, ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს... 

ადვოკატ მეისონს უყვარდა უიმედო საქმეებზე ხელის მოკიდება. როცა გააფრთხილეს, „ჯებსონ კომერშელ კომპანის“ თანამშრომლის დაცვა შენს დიდებას ჩრდილს მიაყენებს, რადგან, დამნაშავეაო, პირიქით, აზარტი მოემატა და თავის მდივანს უთხრა, მისთვის ამ საქმის ყველა მასალა მიეწოდებინა.

პოლიციამ დააკავა ვინმე ჰარვი კორბინი, კომპანიის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ადრე ერთხელ უკვე იყო ნასამართლევი. სამუშაოდ რომ მიეღოთ, დამალა ეს ამბავი და, როცა ბერნელმა შემთხვევით გაიგო თანამშრომლის წარსულის შესახებ, მაშინვე გააგდო სამსახურიდან; უფრო მეტიც, მას ოჯახთან ერთად ქალაქის დატოვება მოსთხოვა. პოლიციამ მისი ბინის ჩხრეკისას სამი ცალი ოცდოლარიანი ამოიღო.  ბერნელი ამტკიცებდა, რომ ეს კუპიურები იმ ას ორმოცდაათი ათასი დოლარიდან იყო და, თუ რატომ იყო ამაში დარწმუნებული, ამას სასამართლოზე იტყოდა. ანუ, ნაპოვნი ფული მეტად საყურადღებო ნივთმტკიცებასაც წარმოადგენდა. მეისონს არც უფიქრია, უკან დაეხია. ის ადვოკატის რანგში შეხვდა კორბინს, მის ცოლსაც ელაპარაკა და დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა უდანაშაულო ადამიანის გასამართლებლად.

პროკურორმა დრეიკმა საქმის მოკლე ვითარება გააცნო მოსამართლეს. კორბინმა იცოდა, მათ დარაჯს დალევა რომ უყვარდა, დრო იხელთა და სასმელში ძილის წამალი შეურია – რადგან კომპანიიდან გააგდეს, კორბინს დასაკარგავი აღარაფერი ჰქონდა. ადვოკატმა გაარკვია, რომ, ერთადერთი სამხილი, რომელიც გამოძიებას კორბინის წინააღდეგ ჰქონდა, სამი ცალი ოცდოლარიანი იყო...

ადვოკატმა კომპანიის დირექტორის – ბრალდების მთავარი მოწმის ჯვარედინი დაკითხვა დაიწყო.

– მართალია, რომ ხელფასების თვეში ორჯერ გასაცემად კომპანიაში ფული „აივენჰო-სუნის“ ბანკიდან ტომრებით მოჰქონდათ?

– დიახ, მართალია, – დაუდასტურა ფრენკ ბერნელმა.

– თქვენ ჩაგაყენეს საქმის კურსში, რომ სეიფი არასაიმედო იყო?

– დიახ, მაგრამ, მე უსაფრთხოების ზომები მივიღე.

– ახალი სიგნალიზაცია დააყენეთ და დარაჯი დაიქირავეთ?

– მხოლოდ ეს არა, – არ დაეთანხმა ადვოკატს ბერნელი, – მე ბანკს შევუთანხმდი და, ჩემი თხოვნით, ისინი იწერდნენ ყველა იმ ოცდოლარიანი კუპიურის ნომრებს, რომლებსაც მიგზავნიდნენ სხვა ფულთან ერთად, ხოლო ეს ნომრები, ჩანაწერის სახით, ცალკე, დაბეჭდილი კონვერტით მეგზავნებოდა. შემიძლია, სასამართლოს ეს ჩანაწერი წარვუდგინო. სწორედ ამ სიაში, მერვე გვერდზე იპოვით იმ კუპიურების ნომრებს, რომლებიც პოლიციამ დაკავებულის ცოლს აღმოუჩინა.

სასამართლომ მოისმინა ბანკის მთავარი მოლარის განაცხადი, რომ ის ნამდვილად უგზავნიდა მისტერ ბერნელს ფულის ოცდოლარიანი კუპიურების ნომრებს, პირადი ხელმოწერით – ამით კომპანია თავს იზღვევდა შესაძლო ქურდობისგან.

– ვინ იცოდა, რომ თქვენ ყველა ოცდოლარიანი კუპიურის ნომერი ჩაწერილი გქონდათ?

– მხოლოდ მე და ბანკის მთავარმა მოლარემ, – განაცხადა ბერნელმა, – ეს კომპანიის უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო და კონფიდენციალურობას ვიცავდით.

– არ შეიძლებოდა, ის ავბედითი ოცდოლარიანები იმ ფულს შორის აღმოჩენილიყო, რომელიც თქვენ გადაუხადეთ თქვენს თანამშრომელს, სანამ მას სამსახურიდან დაითხოვდით? ხომ მიეცით მას კუთვნილი გასამრჯელო?

– რა თქმა უნდა, მაგრამ, ეს სეიფიდან ფულის გატაცებამდე ერთი დღით ადრე მოხდა. ფული მხოლოდ შუადღის შემდეგ მოიტანეს და, ჩვენი მთავარი ფინანსისტიც დამემოწმება, რომ ტომრები დაბეჭდილი იყო.

ადვოკატმა ერთი საათი შესვენება ითხოვა.

მოსამართლემ შესაბრალისი ღიმილით გააცილა – ისიც, როგორც პროკურორი, დარწმუნებული იყო, რომ ადვოკატმა საქმე წააგო...

ერთი საათის შემდეგ პროცესი განახლდა. მეისონმა მოწმედ ქალაქის მთავარი დამსუფთავებელი, ანუ, მენაგვე გამოიძახა. მას უცნაურ კაცად იცნობდნენ...

ადვოკატმა შეკითხვა დაუსვა:

– ბატონო ჩემო, მართალია, რომ თქვენ ოცდოლარიან კუპიურებს ინახავთ და არ ხარჯავთ?

– დიახ, მიყვარს ფულის დაგროვება, ოცდოლარიანები კი ძალიან კომფორტულია ამ მხრივ.

– მე გთხოვეთ, წინა თვის ხელფასის ოცდოლარიანები წამოგეღოთ. თუ შეიძლება, წარუდგინეთ ისინი მოსამართლეს.

მოწმე უკმაყოფილოდ აბუზღუნდა, მაგრამ ოცდოლარიანები მაინც დაუწყო წინ გაოგნებულ მოსამართლეს.

– ახლა კი, ბატონო მოსამართლევ, მინდა ნახოთ, ხომ არ არის ამ ოცდოლარიანების ნომრები იმ სიაში, რომელიც მისტერ ბერნელმა წარმოადგინა?

მოსამართლემ სია ჩაიკითხა და გაოცების შეძახილი აღმოხდა:

– დიახ, არის! კი მაგრამ, როგორ?

– ახლავე მოგახსენებთ, თქვენო ღირსებავ: სეიფის ქურდი თავად კომპანიის დირექტორი ბერნელია. მან ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმა. ალბათ, როგორღაც შეიტყო, მთავარ ოფისში რომ არ სწყალობდნენ. ფული კი ძალიან უყვარს. ბერნელმა უფრო ადრე იცოდა კორბინის ნასამართლეობის შესახებ, მაგრამ, დუმდა. მას ის თავისი გეგმის განსახორციელებლად სჭირდებოდა. სწორედ ამიტომაც ამჯობინა სეიფის გაძარცვის უცნაური შეთანხმება ბანკის მთავარ მოლარესთან. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი შრომატევადია ყველა ოცდოლარიანი კუპიურის ნომრის ჩაწერა, თანაც, თვეში ორჯერ. მერე საქმე გაცილებით მარტივად იყო – დარაჯს სასმელში დასაძინებელი ფხვნილი შეურია, ძველ სიაში კი ერთი გვერდი შეცვალა, ანუ, წინა თვის კუპიურების ნუმერაცია ახალ სიაში ჩადო. ასე აღმოჩნდა ამ პატიოსანი მოწმის ხელფასი დაკარგული ოცდოლარიანების ნუმეროლოგიაში. დაკავებულსაც ის კუპიურები უპოვეს, რომლებიც წინა თვის გასაცემი ხელფასის ანგარიშიდან იყო. მგონი, ყველაფერი ნათელია... – ადვოკატმა კმაყოფილებით მოიფშვნიტა ხელები.

დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა. მისტერ ბერნელი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა, რაც მისი მხრიდან დანაშაულის აღიარებას უდრიდა.

 

 

скачать dle 11.3