რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: ვარ დამწყები მძღოლი და მაინტერესებს, „ოფროუდისთვის” რა განსხვავებაა დიზელისა და ბენზინის ძრავებს შორის და რომელი ჯობია?
პასუხი: ჯერ ერთი, გააჩნია, რა ტიპის „ოფროუდისთვის” უნდა გამოიყენოთ – უგზოობაში სასიარულოდ თუ შეჯიბრებისთვის. ორივე ტიპის ძრავას აქვს თავისი პლუსი და მინუსი. მაგალითისთვის, ბენზინის ძრავა, მით უმეტეს, ხუთიდან ზემოთ ასაკის ავტომობილის შემთხვევაში, გაცილებით მძლავრია, ვიდრე დიზელის ძრავები. თანამედროვე მოდელებში კი ეს მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და დიზელის ძრავა ბენზინის დაწევას ცდილობს. თუმცა, სიმძლავრით მაინც ბენზინის ძრავა სჯობნის, რაც „ოფროუდისთვის” ძალიან დაგჭირდებათ – იქნება ეს რთულ აღმართზე ასვლა, ლაფში გავლა, დიდ თოვლში გასვლა თუ სხვა. განსხვავებები დეტალებში ძალიან ბევრია, მაგრამ, ამ პასუხში აქცენტს ყველაზე მსხვილ განსხვავებაზე ვაკეთებ. ასე რომ, გეტყვით, დიზელს თავისი პლუსები აქვს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მას წყალში გავლის არ ეშინია; მთავარია, დააზღვიოთ საჰაერო მილი, საიდანაც ძრავა ჰაერს იღებს, რომ წყალი არ შევიდეს. სხვა შემთხვევაში, დიზელს წყალში ბოლომდე ჩაყვინთავაც კი შეუძლია.
კითხვა: გთხოვთ, ამიხსნათ, რა განსხვავებაა გადაცემათა კოლოფებში ვარიატორსა და მართვის ავტომატურ კოლოფს შორის; რას ნიშნავს ვარიატორი და რომელი მართვის სისტემით აღჭურვილი ავტომობილის ყიდვას მირჩევთ, ანუ, რომელი უფრო გამძლე და უკეთ შესანახია? ვარ ახალგაზრდა მძღოლი და ვაპირებ „ჰონდა ჰაშერვეს” შეძენას. წავიკითხე, რომ თქვენც დადებითი აზრის ხართ მასზე. რა არის მისი მთავარი სისუსტე და რას მივაქციო ძირითადად ყურადღება?
პასუხი: ვარიატორსა და ავტომატურ კოლოფს შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ, ავტომატიკის შემთხვევაში, ხდება სიჩქარეებში გადართვა სპეციალური ავტომატური მოწყობილობით, ვარიატორის შემთხვევაში კი, ბრუნთა რიცხვის მომატებასთან ერთად, იზრდება სპეციალური ხელსაწყოს გარშემოწერილობა, რომელსაც ძრავას ბრუნები ბორბალთან მიაქვს, ანუ, არ ხდება გადართვა. წარმოიდგინეთ სფერო, რომელიც პატარა იყო და ბრუნების მომატებასთან ერთად გადიდდა. მასზე გადადებული ღვედი, ერთსა და იმავე ბრუნზე, იმის გამო, რომ სხვადასხვა გარშემოწერილობა აქვს, ავტომობილის თვალს სხვადასხვა სიჩქარით აბრუნებს. ვარიატორი მოიგონეს სრული კომფორტისა და ეკონომიურობისთვის – ძრავა ზუსტად იმდენ ბრუნს აკეთებს, რამდენი სიჩქარეც იმ მომენტში სჭირდება. ანუ, კოლოფების არსებული სისტემებიდან ყველაზე ეკონომიურია და აჩქარებისას ძრავას ოპტიმალურ ბრუნებს იყენებს. ვინაიდან სისტემა შედარებით ახალია, მას მინუსებიც აღმოაჩნდა: საჭიროებს ზედმიწევნით ხარისხიან და დროში ზუსტ სერვისს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც არ არის ბოლომდე დაზღვეული, რომ მწყობრიდან არ გამოვიდეს. კარგი იქნება, თუ ყოველ ორმოცი ათას კილომეტრზე კოლოფის ზეთს გამოცვლით და ხარისხიან ზეთს ჩაასხამთ.