კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიხმარდნენ კაბის ქვეშ დამალულ დანას ქართველი ქალები და რატომ გადაწყვიტა ანი ცინცაძემ ქართული საბრძოლო ხელოვნების „შავფაროსნებში” დაუფლება

როცა შავფაროსნების საბრძოლო ხელოვნების დემონსტრირებას ადევნებთ თვალს, იფიქრებთ, ისტორიულ წარსულში მოვხვდიო. თითოეული მათგანის ყოველი მოძრაობა ისეთი ჰაეროვანი და თავისუფალია, შეიძლება, მიბაძვის სურვილიც კი გაგიჩნდეთ, მაგრამ, არ გირჩევთ – უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდოთ თავი...  ამ ყველაფერს კიდევ უფრო განსაკუთრებულ ეფექტს სძენს ქალი შავფაროსნის გამოჩენა – ეს, ერთი შეხედვით, სიფრიფანა გოგონა ისეთებს ჩადის... ფილმს რომ უყურებდეთ ტექნიკის მაღალ ხარისხს მიაწერდით მის დამსახურებებს, მაგრამ, გინდა იჩქმიტეთ, გინდა თვალები მოიფშვნიტეთ – ის ცოცხალია, რეალურია, მართლა არსებობს! სწორედ, ამ ქალი შავფაროსანის გაცნობის სურვილმა მიმიყვანა ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნებში”, სადაც შევიტყვე, რომ ეს გოგონა 26 წლის ანი ცინცაძე ყოფილა. ის ყველაფერთან ერთად, ძალიან საინტერესო რესპონდენტიც აღმოჩნდა. 

 

– „მოძრაობის თეატრის” მსახიობი ვარ, შავფაროსანი, “ადამიანთა რესურსების განვითარების ფონდის” ტრენერი. ბავშვობაში განსაკუთრებით მიყვარდა ცეკვა. სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სახის ცეკვებს ვსწავლობდი.

– „შავფაროსნებზე” და ადამიანთა რესურსების განვითარების ფონდზე რას მეტყვით? რა საქმიანობით არიან დაკავებული ეს ორგანიზაციები და თქვენ როგორ აღმოჩნდით მათთან?

– ფედერაცია „შავფაროსნები” ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილის – საბრძოლო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციას ახორციელებს. ჩემი მეუღლეც, ნიკოლოზ მურმანიშვილი, შავფაროსანია და ამასაც ჰქონდა გავლენა ჩემს გადაწყვეტილებაზე. ყოველთვის მომწონდა საბრძოლო ხელოვნებები, თუმცა, ქართული საბძოლო ხელოვნება ჩემთვის განსაკუთრებით ახლობელი აღმოჩნდა, რადგან, ქართველი ვარ. 

– პროფესიით ვინ ხართ?

– პროფესიით გახლავართ ფსიქოლოგი და „არგფოში” („ადამიანთა რესურსების განვითარების ფონდი”) ვარ ჩართული ერთ საინტერესო პროექტში, რომელსაც ჰქვია „აფლატუნი” (ბავშვთა და ახალგაზრდობის სოციალური და ფინანსური განათლება). ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მისიაა, ხელი შეუწყოს ადამიანებს  საკუთარი პოტენციალის მოვლენაში. მისი თავმჯდომარეა ბატონი ნოდარ სარჯველაძე.

– სანამ მომავალ მეუღლეს გაიცნობდით, საბრძოლო ხელოვნების რომელიმე დარგი თუ გიტაცებდათ?

– მომწონს და მაინტერესებს მოძრაობის ნებისმიერი სტილის დაუფლება, სხეულის ახლებურად ფლობა. თუმცა, ამას გარდა, შავფაროსნობა ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო თავისი ექსტრემალურობის გამო და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის მეხმარება ყოველდღიურად განვითარებასა და გაძლიერებაში როგორც სულიერად, ასევე – ფიზიკურად.

– მეუღლე როგორ გაიცანით? გასაგები ხდება, რომ ჯერ საბრძოლო ხელოვნებამ მოგხიბლათ და მერე – მომავალმა მეუღლემ.

– (იცინის) საბრძოლო ხელოვნება მანამდეც მომწონდა, თუმცა, ნიკამ გაცნობის პირველივე დღეს მომხიბლა. ერთობლივი ღონისძიება გვქონდა „მოძრაობის თეატრსა” და „შავფაროსნებს” თელავში, სადაც გავიცანით ერთმანეთი მე და ნიკამ. ის უკვე 14 წელია, ამ საქმით არის დაკავებული.

– წარმომიდგენია, როგორი საინტერესო დიალოგები გექნებოდათ... მალევე დაქორწინდით?

– მიუხედავად იმისა, რომ, ფაქტობრივად, ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი, საკმაოდ დიდი ხნის მერე დავქორწინდით.

– „შავფაროსნებს” როდის შეუერთდით, ეს ნიკას იდეა იყო თუ...

– ერთი წელია, რაც „შავფაროსნებს” შევუერთდი. იდეა ამ ფედერაციაში გაერთიანებისა ჩემი იყო, ნიკასაც ძალიან გაუხარდა.

– ალბათ, კარგია, როცა ცოლ-ქმარს საერთო ინტერესები აქვს.

– კი, ნამდვილად. ეს, ალბათ, უფრო გვაახლოებს. 

– როგორი კონტრასტია: ასეთი ნაზი, სიფრიფანა ხართ და საბრძოლო ხელოვნებას ეუფლებით... სხვა გოგონებიც არიან „შავფაროსნებს” შორის?

– არც ისეთი ნაზი ვარ (იცინის). ჩემმა გამოჩენამ „შავფაროსნებში” დიდი ინტერესი აღძრა გოგონებს შორის და ბევრს გაუჩნდა ჩვენთან შემოერთების სურვილი. რამდენიმემ უკვე დაიწყო ვარჯიში, რაც ძალიან სასიხარულოა.

– გამოდის, პირველი ქალი შავფაროსანი ხართ? 

– კი, პირველი ქალი ვარ, რომელმაც ვარჯიში და ბრძოლა დაიწყო. მანამდეც იყო რამდენიმე გოგო ადმინიტრაციული კუთხით ჩართული „შავფაროსნების” საქმიანობაში. 

– რომელი ილეთი მოგწონთ ყველაზე მეტად?

– განსაკუთრებით მომწონს თუშური ფარიკაობა, რომელსაც ჩემს მეუღლესთან ერთად ვეუფლები. ამ სახეობაში გამოიყენება ორი ორლესული ხმალი და მოითხოვს ორივე ხელით იარაღის სრულყოფილ ფლობას, ძალიან მრავალფეროვანია ხმლის და სხეულის მოძრაობის ტრაექტორიებით. განსაკუთრებით იმიტომ მომწონს, რომ სხეულისა და გონების სისხარტესა და მოქნილობას ანვითარებს.

– ცოლ-ქმარი შავფაროსანი ფარიკაობის დროს... „მისტერ და მისის სმიტების” ქართულ ვარიანტს მაგონებს...

– (იცინის) კი, ეს ასოციაცია ხშირად უჩნდებათ ჩვენს მეგობრებსაც.

– საინტერესოა, ისტორიულად, თუ ფლობდნენ ქართველი ქალები საბრძოლო ხელოვნებას?

– პირველი ცნობები ქართველი მებრძოლი ქალის შესახებ გვხვდება ისტორიულ ნარკვევებში, რომლებიც ასახავს პომპეუსის ლაშქრობას ქართლში ძველი წელთაღრიცხვით 65 წელს. კერძოდ, აქ ასახულია ქართველი ქალების ბრძოლა, რომლებიც კაცებთან ერთად მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ დამპყრობლის ლაშქარს არმაზციხესთან; არის თქმულებები მეთვრამეტე საუკუნის მებრძოლ ქალებზე, მაგალითად: თამარ ვაშლოვნელი, მაია წყნეთელი, თინა წავკისელი; ასევე, სულხან-საბა ორბელიანი თავის ნაშრომში „ლექსიკონი ქართული” („სიტყვის კონა”) განმარტავს და აღწერს როგორც ვაჟის, ასევე ქალის საბრძოლო ვარჯიშს საკუთრივ სახელებით, რაც გვაფიქრებინებს ქართველი ქალის აქტიურ ჩართულობას საბრძოლო ვარჯიშებში და, აქედან გამომდინარე, საბრძოლო მოქმედებებშიც; არის სპეციალური ცნობები საბრძოლო იარაღის, კერძოდ, დანის შესახებ, რომელსაც ქართველი ქალი იყენებდა და განკუთვნილი იყო კაბის ქვეშ სატარებლად. ყოველივე ეს ქმნის საერთო სურათს, რაც საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ ქართველი მებრძოლი ქალის ისტორიულ არსებობაზე საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში.

– „შავფაროსნები” რატომ გქვიათ?

– მტრის შემოსევის დროს, როდესაც ქართველთა მცირერიცხოვანი ჯარი ურიცხვ მტერთან პირდაპირ შებმას ერიდებოდა, პატარ-პატარა ჯგუფებს მტერზე იერიში ძირითადად ღამით მიჰქონდათ. რაზმის წევრები ფარებს შავად ფერავდნენ, რათა მთვარის შუქი არ არეკლილიყო და მტრისთვის შეუმჩნევლები დარჩენილიყვნენ. ამიტომაც, მათ „შავფაროსნებად” მოიხსენიებდნენ. სწორედ შავფაროსნები იყვნენ ის მებრძოლები, რომლებიც მტერს ყველაზე დიდ ზიანს აყენებდნენ და უნიკალური საბრძოლო ოსტატობით გამოირჩეოდნენ.

– ქართულ საბრძოლო ხელოვნებას თუ აქვს სხვა რომელიმე ქვეყნის საბრძოლო ხელოვნებასთან საერთო ან განმასხვავებელი ნიშნები?

– ყველა საბრძოლო ხელოვნებას აქვს ბევრი საერთო, თუმცა, ქართულ საბრძოლო ხელოვნებას გააჩნია თავისებურებები, რითაც ის გამოირჩევა სხვადასხვა ქვეყნის საბრძოლო ხელოვნებებისგან. ამას განაპირობებს მისი თვითმყოფადობა, ადგილმდებარეობა, ხასიათი, დრო და ისტორია. ასევე, ჩვენ გვაქვს ჩვენი მრწამსი: სიბრძნე, სიმართლე და ძალა.

– რა იარაღებით იბრძოდნენ „შავფაროსნები“?

– „შავფაროსნებისთვის“ ძირითადად დამახასიათებელი იარაღი იყო პატარა ფარი და ხმალი, ასევე, სხვადასხვა ტიპის ხელშუბი, ხანჯალი. ისტორიის სხვადასხვა პერიოდში იმ დროისათვის არსებული იარაღი გამოიყენებოდა.

– ინტერესდებიან თუ არა კარატეთი, ტაიკვანდოთი ან უშუთი დაინტერესებული ახალგაზრდები ქართული საბრძოლო ხელოვნებით?

– ყოველთვის ძალიან სასიხარულოა, როდესაც ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ და სრულყოფისკენ სწრაფვა ამოძრავებთ. ამჟამად მრავალი ახალგაზრდაა ჩართული „შავფაროსნებში” მთელი საქართველოს მასშტაბით და მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქართველი საკუთარი კულტურის ფესვებს უბრუნდება, რაც ყველაზე სასიხარულოა. 

– როგორი ემოცია აქვს ხოლმე მაყურებელს, როდესაც საბრძოლო ხელოვნების დემონსტრირების დროს გიყურებთ?

– საკმაოდ ემოციური. ჩემი პირველი საჩვენებელი ბრძოლის შემდეგ პატარა ბავშვი მომვარდა და მეკითხებოდა: „მოუგე? ხომ მოუგე?”  სხვადასხვანაირ გრძნობას იწვევს მაყურებელში ჩემი გამოსვლის ნახვა. ძირითადად, ძალიან უკვირთ, თან, მოსწონთ. მერე იხსენებენ მაია წყნეთელს და მას მადარებენ (იცინის).

– რომელიმე ფილმში თუ ჩაგიტარებიათ ქართული საბრძოლო ხელოვნების დემონსტრირება, ან, თუ გაქვთ ამგვარი შემოთავაზება?

– ჯერ არა, მაგრამ, იმედია, მომავალში კარგ ისტორიულ ფილმში მივიღებ მონაწილეობას.

 

скачать dle 11.3