რატომ არასდროს უსაუბრია სექსზე სახალხოდ ხატია შამუგიას და ადამიანთა რა კატეგორიას არ მიეკუთვნება ის
ხატია შამუგიას სახელი, უპირველესად, სუნამოებთან და რადიოსთან ასოცირდება. ჩვენი რესპონდენტი პოპულარული წლების წინ გახდა, რის შემდეგაც, დღემდე აქტუალურია. მართალია, ის არასდროს იყენებს ამა თუ იმ ხერხს თავის გამოსაჩენად და ხალხის ყურადღების მოსაპოვებლად, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ის ამის გარეშეც ახერხებს, იყოს ყოველთვის საზოგადოების ყურადღების არეალში. რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით თავად ხატია და რა არის მისი პოპულარობის საიდუმლო, მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ყოველთვის, სადაც არ უნდა გამოჩნდე, კარგი განწყობა და პოზიტივი შეგაქვს...
– ძალიან მიხარია, ამას რომ მეუბნებიან, რადგან ამ დაძაბულ გარემოსა და ატმოსფეროში, ეს ძალიან რთულია. თუ პოზიტივს კიდევ ვინარჩუნებ, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ვჭირდები საზოგადოებას.
– ქალი პოზიტივი ხარ.
– ღიმილსა და პოზიტივზე კარგს, მგონი, მეგობრები ერთმანეთს ვერაფერს ვაჩუქებთ. ამის ხელოვნურად შექმნა, წარმოუდგენელია. ეს ადამიანის შინაგანი მდგომარეობიდან მომდინარეობს. მე მიყვარს ადამიანები და მხოლოდ მათ ვეკონტაქტები, ვისთანაც მსიამოვნებს ურთიერთობა. ამიტომაც გამოდის, რომ პოზიტიური ვარ.
– ხარ პოპულარული, შენით ყველა ინტერესდება. ხარ სასურველი რესპონდენტი, მაგრამ, არსებობს ერთი მაგრამ... ამისთვის შენ ხელოვნურად არაფერს აკეთებ. ანუ, არც გაგიხდია, არც „ლიფის” გარეშე გივლია...
– არასდროს.
– ამას გარდა, არც სექსზე გისაუბრია სახალხოდ და არც სხვა რამ მოგიგონებია ყურადღების მისაქცევად. მოდი, მითხარი, როგორ ახერხებ ამ ყველაფერის მიუხედავად, მაინც სულ პოპულარული და ყველასთვის საინტერესო იყო?
– ვფიქრობ, პოპულარობისთვის რაღაც განსაკუთრებული ფინტის მოგონება, საჭირო არ არის. თუმცა, ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ, ვისაც ეს შეუძლია და განსაკუთრებულად სთავაზობს თავს მაყურებელს, მსმენელს თუ საერთოდ, საზოგადოებას. ვისაც რა შეუძლია, იმას აკეთებს, ალბათ. ვფიქრობ, ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა ნიშა უნდა დაისაკუთროს საზოგადოებაში. საზოგადოება კი ამას ან იღებს, ან – არა: თავად ფილტრავს ყველაფერს და იმ ადგილს მიუჩენს, რასაც იმსახურებ. აქედან გამომდინარე, არ დამჭირვებია სხვადასხვა ფინტის გამოყენება პოპულარობის მისაღწევად. ჯერ ერთი, არც მქონია ისეთი გარეგნული მონაცემები, შიშველს რომ მევლო. ვფიქრობ, შიშველი თუ დადიხარ, ნაომი კემპბელი მაინც უნდა იყო, მინიმუმ. თან, არც სექსზე მისაუბრია არასოდეს. ალბათ, უფრო კომპეტენტური ადამიანებიც არიან, ვინც ამ თემაზე ხმამაღლა ბედავს საუბარს. მე უფრო სხვა თემებზე შემიძლია საუბარი, რაზეც მიწვევენ ტელევიზიებსა თუ რადიო ეთერში და ეს აბსოლუტურად მაკმაყოფილებს. ძალიან დიდი მადლობა იმათ, ვინც მისმენს და აინტერესებს ჩემი აზრი ამა თუ იმ სფეროზე. სექსზე საუბარი ნამდვილად არ არის ჩემი პრეროგატივა, ისევე როგორც, პოლიტიკაზე. ჩემგან, ალბათ, უფრო სიახლეები აინტერესებთ და არა მარტო პარფიუმერიაში. სექსზე საუბარი ჩემი პრეროგატივა არ არის. ჩემი აზრით, ამ თემაზე მაინც პროფესიონალები უნდა საუბრობდნენ – ვგულისხმობ, ფსიქოლოგებს, სექსოლოგებს, ექიმებს და ასე შემდეგ. თუმცა, დილეტანტები, რომლებიც მაინც ბედავენ ხმამაღლა ილაპარაკონ ამ თემებზე, მათაც მივესალმები. ყველას თავის ცხოვრება აქვს, ვერავის გავაკრიტიკებ და გავკიცხავ. ვფიქრობ, ისინი ჩემი გასაკიცხი არ არიან. არ მინდა, ადამიანს ისე ვატკინო გული, მერე ჩემი ნახვა არ ესიამოვნოს. ამიტომ, ყველას ვულოცავ თავის წარმატებას.
– ხშირად პოდიუმს და რეალურ ცხოვრებას ერთმანეთში ურევენ. ალბათ ყველა სამოსი, რომელსაც მოდელები პოდიუმზე წარადგენენ, შეუძლებელია, ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოიტანო და ისე შემოსილმა იარო.
– მსოფლიო პოდიუმის გაიგივება რეალურ ცხოვრებასთან, ცოტა არ იყოს ფანტაზიის ნაყოფი უფროა. თუმცა, რა ვიცი, თუ მოსწონთ, იარონ – ვერაფერს ვიტყვი.
– ბოლო დროს სოციალური ქსელით უამრავმა ადამიანმა გაითქვა სახელი და მაგალითად, „ფეისბუქი“ საკუთარი პიარისთვის გამოიყენა. თუმცა, შენს კედელზე არასდროს მინახავს სკანდალური სტატუსი, რომელიც შემდეგ ამა თუ იმ საიტზე მოხვდება. უამრავი ცნობილი სახე ამას უკვე შეგნებულად აკეთებს.
– სკანდალური სტატუსი არც არასდროს გამომიქვეყნებია „ფეისბუქზე“ და ვერც ნახავთ ვერასდროს. მე ჩემს „ფეისბუქს“ ორი რამისთვის ვიყენებ: პირველი – მეგობრებს ვეკონტაქტო, მეორეც – ვიყენებ საქმისთვის. მისი საშუალებით ძალიან ბევრ საქმეს ვაგვარებ. არიან ადამიანები, რომლებსაც უცებ ვერ ვპოულობ, ან ტელეფონის ნომერი აღარ მაქვს მათი. ამიტომ, საჭირო ინფორმაციას „ინბოქსში” ვწერ. „ფეისბუქის“ საშუალებით, ასევე, ვწერ: თუ რა სუნამო გამოვიდა, რა არის აქტუალური, რა აქციებია „ისი-პარიში” და ასე შემდეგ. იმის გამო, რომ ვიღაც გავაკრიტიკო, ან რაღაც მსგავსი, „ფეისბუქს“ ამისთვის ნამდვილად არ ვიყენებ. ყოველთვის ვერიდები, არ მინდა, ვინმეს გული ვატკინო. თან, ეს არაფრის მთქმელი, ცაში გასროლილი სიტყვები ვიღაცის გასაკრიტიკებლად, მე მაინც მგონია, რომ არ არის მიზანშეწონილი. არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო იმის გამო, რომ ის გამოვიდა შიშველი, ან რაღაც თქვა სექსზე. ეს მისი საქმეა და მე ხომ არაფერი დამიშავა ამით.
– „ფეისბუქზე“ დამოკიდებული თუ ხარ?
– „ფეისბუქის“ აქტიური მომხმარებელი კი ვარ, მაგრამ არც ისეთი, რომ მასზე დამოკიდებული ვიყო. შაბათ-კვირას საერთოდ არ შევდივარ-ხოლმე, რადგან დასვენების დღეები მხოლოდ საკუთარი თავისა და ჩემი შვილისთვის მაქვს დათმობილი. „ფეისბუქზე“ არა, მაგრამ ერთადერთი, რაზეც დამოკიდებული ვარ, ეს ყავაა.
– ბოლო დროს ახალი ამპლუა მოირგე.
– ლექციებს ვკითხულობ „კაპ ბიზნესლაბორატორიში,” რომელიც ოთარ ქირიამ და მისმა პარტნიორებმა დააარსეს. ფეშენ მარკეტინგის კუთხით ვკითხულობ ლექციებს. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი ჩემთვის.
– ხატია, წლები მუშაობდი რადიოში და სწორედ რადიოს საშუალებით გაგიცნო ხალხმა. არ მოგენატრა იქ მუშაობა?
– კი, ძალიან მომენატრა რადიო, ყურსასმენი, მიკროფონი და ის ინტიმი, რომელიც მსმენელსა და წამყვანს შორის მყარდება. სხვათა შორის, თუ ქართველ წამყვანებს გადახედავთ, მათგან 95 პროცენტს რადიოსკოლა აქვს გავლილი. მიმაჩნია, რომ რადიო საუკეთესო გამოცდილებაა. ის არის ძალიან დიდი ფილტრი ტელევიზიამდე. როცა რადიოსკოლა გაქვს გავლილი, ტელეეთერში უკვე აღარაფერი გეშლება.
– ხომ არ გაქვს სურვილი, რადიოში გადაცემის გაკეთების?
– გადაცემასთან დაკავშირებით გეგმა ნამდვილად მაქვს. ასე რომ, გამორიცხული ნამდვილად არ არის.
– ვისარგებლებ შემთხვევით და გკითხავ როგორც კომპეტენტურ პირს ამ საკითხში, რომელ არომატზეა დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნა და მიიჩნევა მოდურად?
– ყველაზე პოპულარული და მოდური არომატიც სიახლეა. დღეს კი ყველაზე აქტუალური არის კარტიეს „ლა პანტერ,” რომელიც ძალიან მიმზიდველი და სასიამოვნოა. თან, ამ სიახლეს ქართველი ქალბატონები ორი კვირით ადრე ეზიარნენ, ვიდრე მსოფლიოში შედგებოდა მისი პრეზენტაცია. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მაგრები ვართ ქართველები. ეს პრიორიტეტი კი „ისი პარიმ” მოიპოვა.