კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იწვევს შაქრიანი დიაბეტის და პანკრეატიტის დაავადების განვითარებას

რა იწვევს შაქრიანი დიაბეტის და პანკრეატიტის დაავადების განვითარებას

პანკრეასი, ანუ კუჭქვეშა ჯირკვალი, ენდოკრინულ სისტემას ეკუთვნის. ის გამოყოფს ჰორმონ ინსულინსა და მის საწინააღმდეგო გლუკაგონს. აქვს მეტად მნიშვნელოვანი გარეგანი სეკრეციის ფუნქცია, კერძოდ, მის მიერ გამოიყოფა საჭმლის მონელებაში მონაწილე ფერმენტების:  ტრიფსინის, ლიპაზისა და ამილაზის შემცველი წვენი. პანკრეასის წვენის უკმარისობის დროს ძნელდება ცხიმების მონელება. 

პანკრეასის ინსულარული აპარატის დაზიანება იწვევს შაქრიან დიაბეტს, ფერმენტული ნაწილის ანთება კი – პანკრეატიტს. პანკრეატიტი, შესაძლოა, იყოს მწვავე ან ქრონიკული მიმდინარეობის. ეს იმ ადამიანებს უვითარდებათ, ვისაც აქვთ ნაღველკენჭოვანი დაავადება, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი და ასე შემდეგ. დაავადების მაპროვოცირებელ ფაქტორად ითვლება დიეტის დარღვევა, მწარე და ცხიმიანი საჭმლის, ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით მიღება, არასრულფასოვანი კვება და ასე შემდეგ. პანკრეატიტის განვითარების მექანიზმი დაკავშირებულია ნაწლავებში მისი წვენისა და ნაღვლის გადასვლის პროცესის დარღვევასთან, რასაც შედეგად მოჰყვება პანკრეასის ქსოვილის თვითმონელება. 

მწვავე პანკრეატიტი მუცლის შეტევითი, მწვავე ტკივილით იწყება. ავადმყოფს აღენიშნება ხშირი ღებინება. ამ დროს მდგომარეობა ძალიან რთულია და სერიოზული. ეს ყველაფერი, შესაძლოა, ნაწლავთა გაუვალობის მიზეზიც კი გახდეს. 

დღეს მეტად ხშირია ქრონიკული პანკრეატიტის შემთხვევები. ადამიანს ამ დროს აწუხებს მუცლის შებერვა, ბოყინი, შეკრულობა, ან, პირიქით – ფაღარათი; აღინიშნება ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში და მარჯვენა ფერდქვეშ. თუ ქრონიკული პროცესი გამწვავდა და ადამიანმა დროულად არ უშველა თავს, შესაძლოა, განვითარდეს მწვავე პანკრეატიტი. 

ქრონიკული პანკრეატიტის მკურნალობის ძირითადი პრინციპი სათანადო დიეტის დაცვაა. ამ დროს საკვები უნდა იყოს ნაკლებად ცხიმიანი, მაგრამ, ცილებით გაჯერებული; ასევე, ის უნდა შეიცავდეს ვიტამინებსა და ნახშირწყლებს. 

ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნაღველკენჭოვანი დაავადებისა და ქოლეცისტიტის სათანადო მკურნალობის კურსის ჩატარებას. ცხიმიანი და ცხიმში შემწვარი პროდუქტები იწვევენ დაავადების გამწვავებას. ამიტომ, გირჩევთ, მოერიდოთ მსგავსი საკვების მიღებას. თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ და მოგიწიათ მათი ჭამა, სასწრაფოდ დააყოლეთ ფერმენტული პრეპარატი, რათა მოხდეს ცხიმის დროული ნეიტრალიზაცია. ქრონიკული პანკრეატიტი, სათანადო დიეტისა და ექიმის მითითებების დაცვის შემთხვევაში დუნედ, ხანგრძლივად მიმდინარეობს და ამ დროს სერიოზული გართულებები მოსალოდნელი არ არის.

 

ენის კუნთების გაძლიერება საჭმლის უკეთ ათვისებაში დაგეხმარებათ 

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი პირის ღრუდან იწყება – სწორედ აქ ხდება საჭმლის დაქუცმაცება, ნერწყვით დასველება და დაგემოვნება. ორგანიზმის მიერ საკვების ათვისება ბევრადაა დამოკიდებული პირის ღრუს სწორ მუშაობასა და საკვების გადასამუშავებელი სისტემის მდგომარეობაზე, რაც პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან. ენის ზედა მხარეს, ფუძესთან ახლოს, მკვდარი ეპითელიუმის ნაწილაკები გროვდება, რომლებიც პირის ღრუში საკვების ნარჩენებსა და მავნე ნივთიერებებს აყოვნებს. გახრწნის პროცესში ეს უკანასკნელი გამოყოფს ტოქსინებს, რაც სისხლში შეიწოვება და ჯანმრთელობისთვის საშიში და საზიანოა და, ასევე, ხდება პირის ღრუში ცუდი სუნის მიზეზი. ამიტომ, საჭიროა სისტემატურად მოიშოროთ ენიდან ნადები. ენის გაწმენდა შეიძლება ჩაის კოვზითაც. გაწმენდის შემდეგ კი ენაზე მზესუმზირის ზეთი წაისვით. ენა დილა-საღამოს უნდა გაიწმინდოთ, კბილების გახეხვის შემდეგ.

ენის კუნთების გასაძლიერებლად და სისხლის უკეთ ცირკულაციისთვის კარგია სპეციალური ვარჯიშის შესრულება: ენა მაქსიმალურად  ასწიეთ ზემოთ და ძლიერად მიაჭირეთ სასას, შემდეგ კი მოადუნეთ (გაიმეორეთ რამდენჯერმე); ასევე, დახარეთ თავი და ენა მაქსიმალურად გამოყავით გარეთ, შემდეგ კი მოდუნდით და თავი მაღლა ასწიეთ.

სასას ისევე ესაჭიროება გასუფთავება, როგორც ენას. ორგანიზმში მოხვედრილი საკვების შეწოვის პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. სასა კბილებისა და ენის გაწმენდის შემდეგ უნდა გაისუფთაოთ. გამოსავლებად კარგია კალენდულას სპირტხსნარი, მუხის ქერქის, სალბისა და გვირილის ნაყენი.

 

როგორ შევიმსუბუქოთ გაზაფხულზე მცენარის მტვერზე ალერგია

მცენარეების ყვავილობის დაწყებასთან ერთად, ალერგიულ ადამიანებს დისკომფორტი ეწყებათ. პოლინოზი მცენარეთა მტვრის მიმართ ალერგიული რეაქციაა. მისი სიმპტომებია: სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, სურდო, თვალის ჩასისხლიანება და წვა, ყელის ტკივილი, ხველა. ავადმყოფის რეაქცია, სამწუხაროდ, ამით არ ამოიწურება. ზოგ შემთხვევაში ვითარდება ჭინჭრის ციება, ქსოვილის შეშუპება, ასთმა, ხშირად კი, შესაძლოა, პოლინოზი სერიოზულ ქრონიკულ დაავადებაში გადაიზარდოს.

ნებისმიერი ალერგია იმუნური სისტემის რეაქციაა ამა თუ იმ ალერგენის მიმართ. იმუნიტეტი კი ადამიანის ორგანიზმს იცავს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან. ის, ასევე, მკვეთრად რეაგირებს ნებისმიერ გამღიზიანებელზე. როცა ადამიანი ალერგენებთან კონტაქტს ამყარებს, იმუნური სისტემა ამზადებს ანტისხეულს, კერძოდ, E იმუნოგლობულინს, რომელიც აიძულებს უჯრედებს, გამოიმუშაონ ჰისტამინი და სხვა ნივთიერებები, რაც ალერგიულ სიმპტომებს იწვევს. თუ ჰისტამინი ცხვირის ქსოვილში გამოიყოფა, იწყება სურდო; თუ ფილტვებსა და ბრონქებში – ასთმა; კანის ქსოვილში ჰისტამინის გამოყოფის დროს – ჭინჭრის ციება, ნაწლავებში კი – კვებითი ალერგია.

ზოგადად, ალერგიას იწვევს ცილა, რომელიც მტვრის შემადგენლობაშიც შედის. ეს ცილა კვების პროდუქტებშიც გვხვდება, ამიტომ, პოლინოზი ხშირად კვებით ალერგიასთანაა კავშირში. განსაკუთრებით აქტიური კვებითი ალერგენებია: კაკაო, კვერცხი, შოკოლადი, ყავა, რძე, თევზი, ბანანი, თაფლი, ჰალვა, ციტრუსები, მიწის თხილი, მარწყვი და ასე შემდეგ.

ალბათობა იმისა, რომ ყვავილთა მტვრის ან კვებითი პროდუქტების მიმართ ალერგია დროთა განმავლობაში გაივლის, ილუზიაა. შორს წასული და უყურადღებოდ დატოვებული პოლინოზი, ზოგ შემთხვევაში, ახალი სიმპტომებით ვლინდება – ყალიბდება ასთმა, ამიტომ, მისი მკურნალობა დროულად და შესაბამის სპეციალისტთან უნდა მოხდეს.

 

რატომ უნდა ჭამოთ ხშირად პომიდორი და  ყოველდღე სვათ მისი წვენი

პომიდორი C, B, B1, B12, PP და D ვიტამინებს, ასევე, ფოლის მჟავას, მინერალურ მარილებსა და ორგანიზმისთვის საჭირო სხვა ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს.

ყოველდღე ერთი ჩაის ჭიქა პომიდვრის წვენის დალევით თქვენ A ვიტამინის დეფიციტს შეივსებთ. დაახლოებით 200 მილილიტრი პომიდვრის წვენი 1 მილიგრამ კაროტინს შეიცავს, რომლის დღიური ნორმა სამი მილიგრამია. კაროტინი ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება.

პომიდორში მცირე რაოდენობით გვხვდება ცილები, გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, ორგანული მჟავები, სხვათა შორის, ვაშლისა და ლიმონის მჟავაც. რაც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ამცირებს ნაწლავური ბაქტერიების ზრდას. სწორედ ამ თვისებების გამო, პომიდორი კარგი სამკურნალო და პროფილაქტიკური პროდუქტია.

პომიდორი განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გაცხიმოვნებისა და მარილოვანი ცვლის დარღვევის დროს. კალციუმისა და C ვიტამინის შემცველობის გამო, ის აუცილებელია ორსულებისთვის.

პომიდვრის რბილობი კი უებარი საშუალებაა ჩირქოვანი იარების მოსაშუშებლად. 

 

ოხრახუში სამკურნალო

 მწვანილია

ოხრახუში, თავისი უნიკალური თვისებების გამო, ოდითგანვე გამოიყენება ხალხურ მედიცინაში როგორც სამკურნალო მცენარე. ის ეხმარება სისხლის შედედებას, ასევე, მისი მიღება აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას.

შეშუპების დროს, 1 ჭიქა ოხრახუშის დაჭრილ ფოთლებსა და ფესვებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში მთელი ღამით, დილით კი გადაწურეთ და დაამატეთ 1 ლიმონის წვენი. დალიეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 5-6-ჯერ. ორი დღის შემდეგ შეისვენეთ და 3 დღის შემდეგ კვლავ გაიმეორეთ.

ჰემოგლობინის ასამაღლებლად საჭიროა ოხრახუშის ქორფა ფოთლებისა და ფესვების მიღება. ის მოქმედებს როგორც უებარი საშუალება.

ოხრახუშის წვენს არაერთი დაავადების დროს იღებენ, მათ შორის: თირკმლის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გასასუფთავებლად.

200 გრამ ოხრახუშს დაასხით 2 ბოთლი ბორჯომი და წამოადუღეთ. მიღებული ნახარში დალიეთ ათი დღის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ოხრახუშს ჭამენ კენჭოვანი დაავადებების შემთხვევაში, როგორც შარდმდენ საშუალებას; ასევე, ისეთი ინფექციური დაავადებების დროს, როგორიცაა წითელა, ჩუტყვავილა და ქუნთრუშა.

თუ გსურთ, თირკმელები გაიწმინდოთ, 1-2 სადილის კოვზ დაჭრილ ოხრახუშს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ცოტა ხნით. სვით მთელი დღის განმავლობაში, როცა მოგწყურდებათ.

 

გაზაფხულზე აუცილებლად

ჭამეთ შოკოლადი, ვაშლი, ბანანი და კივი

გაზაფხულზე მთავარი საკვები შოკოლადია, თანაც, მწარე და არა თეთრი ან რძიანი. ის საგრძნობლად აუმჯობესებს გუნება-განწყობას და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. შოკოლადი შეიცავს თეობრომინს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სეროტონინის გამომუშავებაში; ზრდის იმუნიტეტს და შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ასე რომ, თუ ზომიერად ჭამთ შოკოლადს, ჯანმრთელობას ნამდვილად კეთილ სამსახურს გაუწევთ. შოკოლადი, აგრეთვე, ამაგრებს იმუნიტეტს და დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე.

იმუნური უჯრედების დაახლოებით 60-70 პროცენტი ნაწლავებშია თავმოყრილი და, ამიტომ, გვჭირდება ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ეხმარება მას სწორად მუშაობაში. აუცილებელია, მივიღოთ ბიფიდოკეფირები, ბოსტნეული და ხილი, რომელიც შეიცავს უჯრედისს.

გაზაფხულზე დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 2 ციტრუსი, 2 ვაშლი, 2 ბანანი და 2 კივი. თუ გრძნობთ, რომ გაციებული ხართ, დალიეთ დარიჩინიანი ჩაი.

ნაწლავების ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს მისი არასწორი მუშაობა, ნერვული სტრესი, დისბაქტერიოზი და, რასაკვირველია, არასწორი კვება. ამიტომ, ნაწლავების ნორმალური მუშაობისთვის აუცილებლად ჩაიტარეთ პროფილაქტიკა დისბაქტერიოზზე. გაზაფხულზე მიირთვით ბევრი ბოსტნეული, ყოველდღიურად მიიღეთ რძის პროდუქტები, ორ ლიტრამდე სითხე. ასევე, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ ჰაერზე და მეტი ივარჯიშეთ.

სისხლძარღვების გასამაგრებლად საჭიროა 3 ცალი ლიმონი, 250-300 გრამი ნატურალური თაფლი და სამი კბილი ნიორი. ეს პროდუქტები ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოათავსეთ ქილაში, კარგად, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და შედგით მაცივარში. მიირთვით ყოველდღე, უზმოზე, 1 სადილის კოვზი და დააყოლეთ ერთი ჩაის ჭიქა ცივი წყალი, ოღონდ, აუცილებლად ანადუღარი. ეს კურსი ორი თვე გრძელდება.

მომატებული მჟავიანობის დროს კი მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა გადადუღებულ წყალში გახსნილი 2 სადილის კოვზი თაფლი, ჭამამდე ერთი საათით ადრე.

скачать dle 11.3