NBA-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავები
ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა” „ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავებისგან შემდგარი რეიტინგი გამოაქვეყნა. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ლიგა დღემaდე მიიჩნევა ყველაზე შემოსავლიან პროექტად სპორტის სამყაროში.
კობე ბრაიანტი
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” – შემოსავალი: 64,5 მილიონი დოლარი
„ლეიკერსის” ცოცხალი ლეგენდა კონტრაქტის მიხედვით ბოლო სეზონს ატარებს ლიგაში. მაიკლ ჯორდანის შემდეგ კობე ბრაიანტი პირველი კალათბურთელია, რომელიც სეზონში 30 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს; ამას ემატება სარეკლამო კონტრაქტებისგან მიღებული თანხა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, ბრაიანტთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გახანგრძლივდება, რაც მას დამატებით 48 მილიონ დოლარს მოუტანს. სარეკლამო კონტრაქტები ბრაიანტს გაფორმებული აქვს მსოფლიოს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: „თურქიშ ეირლაინსი”, „ლენოვო”, „ნაიკი”, „პანინი” და საათების გიგანტი კომპანია „ჰუბლოტი”.
ლებრონ ჯეიმსი
„მაიამი ჰითი” – შემოსავალი: 61,1 მილიონი დოლარი
„მეფე ჯეიმსი” რამდენიმე მილიონით ჩამორჩება კობე ბრაიანტს. ჯეიმსს კონტრაქტები აქვს „მაკდონალდსთან”, „კოკა-კოლასთან”, „სამსუნგთან”, „ნაიკთან” და სხვა. კომერციული თვალსაზრისით, ლებრონ ჯეიმსი ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოთამაშედ ითვლება.
დერიკ როუზი
„ჩიკაგო ბულსი” – შემოსავალი: 38,6 მილიონი დოლარი
2010-2011 წლების სეზონის უძვირფასესი მოთამაშე ბოლო დროს ტრავმებისგან იტანჯება. ამის მიუხედავად, ის შემოსავლის მხრივ, ტოპ-სამეულის წევრია. როუზს 13 წლით აქვს გაფორმებული სარეკლამო კონტრაქტი „ადიდასთან”, გარდა ამისა, იგი თანამშრომლობს „ჯორდანოსთან”, „უილსონთან” და „ფაუერეიდთან”.
კევინ დიურანტი
„სიეტლ სუპერსონიქსი” – შემოსავალი: 31,8 მილიონი დოლარი
„ლიგის სნაიპერის” ტიტულის სამგზის მფლობელი კევინ დიურანტი NBA-ს პირველი კალათბურთელია, რომელიც რეპერ ჯეი-ზის სააგენტო „როკნეიშენ სპორტის” სარეკლამო სააგენტოს კლიენტი გახდა.
დუეინ უეიდი
„მაიამი ჰითი” - შემოსავალი: 30,7 მილიონი დოლარი
დუეინ უეიდი სპორტულ წარმატებებს ასევე წარმატებულ სარეკლამო საქმიანობას უთავსებს. ის „ჰუბლოტის”, „დავის”, „გეთორეიდისა” და „ლი-ნინგის” სარეკლამო სახეა და, ასევე, თავად აწარმოებს ჰალსტუხებსა და ბაფთებს.
კარმელო ენტონი
„ნიუ-იორკ ნიქსი” – შემოსავალი: 30,4 მილიონი დოლარი
„ნიქსის” ვარსკვლავური ფორვარდი, 2014 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, ახალ კონტრაქტს გააფორმებს კლუბთან. მისი ძირითადი სარეკლამო კონტრაქტი კი „ნაიკს” უკავშირდება.
ამარე სტადმაიერი
„ნიუ-იორკ ნიქსი” – შემოსავალი: 28,2 მილიონი დოლარი
ყველა ვარსკვლავის მატჩის 6-გზის მონაწილე სტადმაიერს „ნიქსთან” ოთხწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ხოლო სარეკლამო სფეროდან მისი ძირითადი შემოსავალი „ნაიკია”.
დუაიტ ჰოვარდი
„ჰიუსტონ როკიტსი” – შემოსავალი: 26,5 მილიონი დოლარი
„ლეიკერსში” ტრავმების თანხლებით გატარებული სეზონის შემდეგ ჰოვარდი თავისუფალი აგენტის სტატუსით ჰიუსტონელებს დაუკავშირდა კონტრაქტით. „ადიდასთან” გაფორმებული კონტრაქტის გარდა ჰოვარდი ხელფასის სახით 88 მილიონ დოლარამდე აიღებს.
დირკ ნოვიცკი
„დალას მავერიქსი” – 23,2 მილიონი დოლარი
35 წლის გერმანელი კალათბურთელი „მავერიქსის” ერთ-ერთ ლიდერად და მთლიანად ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. ნოვიცკის ბრაიანტის შემდეგ საუკეთესო სახელფასო კონტრაქტი აქვს, ხოლო სარეკლამო სფეროში იგი „ნაიკთან” თანამშრომლობს. ცნობისთვის ნოვიცკის არ ჰყავს საკუთარი სარეკლამო აგენტი.
კრის პოლი
„ლოს-ანჯელეს კლიპერსი” – შემოსავალი: 22,7 მილიონი დოლარი
2013 წელს კრის პოლმა „კლიპერსთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ ხნის მანძილზე იგი ხელფასის სახით 107 მილიონ დოლარს მიიღებს. გარდა ამისა კრის პოლი გასული სეზონის უძვირფასესი მოთამაშე გახდა და ასევე NBA-ს მოთამაშეთა პროფკავშირის თავმჯდომარე გახდა.