როდის არ არის ქრისტიანისთვის შვიდგზის ზეთისცხებაში მონაწილეობა კარგი და რისთვის არის ხშირი ზიარება აუცილებელი
„წმიდა მხოლოდ და მხოლოდ ღმერთია, ჩვენ კი სიწმიდეს მისგან ვიღებთ მისივე სიწმიდეში მონაწილეობით. ეს, სხვა რამესთან ერთად, ევქარისტიის წყალობით ხდება, ხოლო ევქარისტიაში მონაწილეობის მთავარი პირობა – სინანულია“. როგორც ცნობილია, არსებობს შვიდი საეკლესიო საიდუმლო, რომელთა შორის ორი – ევქარისტიისა და ზეთისცხების საიდუმლოა, რომელთა შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ძველ დროს ქრისტიანები მარხვისას სიჩუმისა და დუმილის გარემოცვაში ცხოვრობდნენ, რაც მათ შინაგან ცხოვრებაზე სრული კონცენტრირების საშუალებას აძლევდა. თანამედროვე ქრისტიანებს განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებათ იმისთვის, რომ არსებითად აუცილებელი სიჩუმე და მდუმარება მოიპოვონ, რათა უზენაეს რეალობასთან კავშირი იგრძნონ. ადამიანის სული ლოცვით საზრდოობს, მაგრამ, საკვები გონებასაც სჭირდება. მამები გვირჩევენ, რომ მარხვის დროს სულიერი ძალისხმევა რაღაც წმინდა სულიერზე მივმართოთ. კარგი იქნებოდა, წინასწარ შეგვედგინა მარხვაში წასაკითხი სასარგებლო წიგნების სია. არ არის აუცილებელი, ყველა წიგნი რელიგიური შინაარსის იყოს – ყველას არ აქვს საღვთისმეტყველო მოწოდება; ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებშიც დიდი საღვთისმეტყველო ნიჭია ჩაქსოვილი. ის‚ რაც უფლისგან არის კურთხეული მისი მართებული აღქმის შემთხვევაში, სულიერ ღირებულებას იძენს. ზოგჯერ ადამიანები არ ინახავენ მარხვას ერთი მიზეზით, რომ თითქოს მარხვა ვნებს ჯანმრთელობას. მაგრამ, მარხვა არათუ არ ვნებს ჯანმრთელობას, არამედ, პირიქით, განამტკიცებს მას. რა თქმა უნდა‚ აქ საუბარია ზომიერ მარხვაზე. წმიდა თეოფანე შეყენებულის შეგონება ასეთია: „მარხვა პირქუში გეჩვენება თავიდან, ვიდრე არ შეუდგები მას, მაგრამ, დაიწყე და დაინახავ, რომ ის სინათლეა ბნელი ღამის შემდეგ. მარხვას უჯანყდება მხოლოდ ვნების მოყვარული სხეული, სულს კი უყვარს ის... როდესაც მოიპოვებ საღმრთო შეგონებას და პასუხისმგებლობას იგრძნობ ღვთის წინაშე, მაშინ უცნაური და სასაცილოც კი ჩანს ყველა ის დათმობა სხეულის მიმართ, რომლითაც ასე სავსეა ჩვეულებრივი ცხოვრება“.
– დიდმარხვაში ერთ-ერთი გამორჩეულია ზეთისცხების საიდუმლო, რომელიც მხოლოდ აღდგომის მარხვაში აღესრულება. ეს საიდუმლო სხვადასხვა ეკლესიაში სხვადასხვა დღეს ტარდება, რათა მორწმუნე მრევლმა მასში მონაწილეობის მიღება მოასწროს. თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ადამიანების დიდმა ნაწილმა დღემდე არ იცის ამ საიდუმლოს სწორი მნიშვნელობა.
– ზეთისცხების საიდუმლო სათავეს იღებს წმიდა წერილიდან, კერძოდ კი – იაკობ მოციქულის ეპისტოლედან. აი, რა წერია იაკობის ეპისტოლეს მეხუთე თავის მე-14 და მე-15 მუხლებში: „თუ იყოს თქვენ შორის ვინმე ავად, მოუხმონ ეკლესიის ხუცესს, ილოცონ მასზე, სცხონ ზეთი უფლის სახელით და რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამე ცოდვა ჩაუდენია, მიეტევება“. აქ საუბარია არა ეკლესიის გარეთ მყოფ, არამედ, ეკლესიის შიგნით მყოფ ადამიანზე, რომელიც არის ეკლესიის წევრი, მართლმადიდებელი ქრისტიანი. როდესაც ადამიანი გახდება ცუდად, მისმა ახლობლებმა უნდა მოუხმონ ეკლესიის ხუცესს, ნებისმიერ მოძღვარს, რომელიც მასთან მიბრძანდება, წაუკითხავს ზეთისცხების ლოცვებს და ის სარწმუნოებით განიკურნება. ეკლესიამ განაჩინა, რომ დიდმარხვაში, როდესაც მორწმუნეები არიან სინანულში და მარხულობენ, ეკლესიაში ერთიანი ლოცვით იღებენ ზეთისცხებაში მონაწილეობას. იდეალური ვარიანტია, როდესაც შვიდი მოძღვარი სცხებს ზეთს, მაგრამ, შეიძლება, ეს საიდუმლო ერთმა სასულიერო პირმაც აღასრულოს. ჯერ კიდევ მეოთხე-მეხუთე საუკუნეებში, თუ ადამიანი ავად იყო, კვირეულის შვიდი დღის განმავლობაში შვიდი მოძღვარი მიდიოდა მასთან, უკითხავდა ლოცვებს და სცხებდა ზეთს. დღეს, შეიძლება, შვიდივე მოძღვარი ერთ დღეს შეიკრიბოს და სცხონ ღვინოში გარეული ზეთი. ხშირად ქრისტიანები ამ საიდუმლოში რამდენჯერმე იღებენ მონაწილეობას: ჯერ ერთ ეკლესიაში იცხებენ ზეთს, მერე მეორე ეკლესიაში. ბუნებრივია, არავინ უკრძალავს მათ ამ საიდუმლოში მონაწილეობას, მაგრამ, ძველად, გამოცდილი მოძღვრები ზეთს ერთხელ სცხებდნენ, რადგან, საკმარისია, ღვთის ნება ერთხელ გამჟღავნდეს. თუ ერთხელ იცხე ზეთი და არ განიკურნე, ესე იგი, ჯერჯერობით არ არის უფლისგან დაშვებული შენი განკურნება, ამიტომ, მეორედ და მესამედ ზეთისცხებაზე მისვლა ნიშნავს უფლის გამოცდას, ეჭვის შეტანას ღვთის განგებულებაში. ამიტომ, სასურველია, ერთხელ მივიღოთ ამ საიდუმლოში მონაწილეობა რწმენით, მარხვითა და ლოცვით და არა ურწმუნოებით ან მცირედმორწმუნეობით, სინანულის გარეშე. პრაქტიკაში ცნობილია, რომ, ტაძართან, რომელიც გზასთან ახლოს მდებარეობს, ჩერდება სამარშრუტო ტაქსი ან ავტობუსი, ჩამოდის ხალხი, რომელსაც არ უმარხულია, არ ულოცია, არ ჰყავს მოძღვარი, მაგრამ, ხედავენ ტაძარში ხალხმრავლობას და იგებენ, რომ იქ „რაღაც“ ზეთისცხება ხდება, რომელიც კარგია ადამიანის სულის განსაკურნებლად. მიდიან და ყოველგვარი კურთხევის გარეშე იცხებენ ზეთს. რა თქმა უნდა, ეკლესია ამ შემთხვევაშიც არ გვეუბნება უარს, მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გაუცნობიერებელმა ზეთისცხებამ, შეიძლება, ცუდი შედეგი გამოიწვიოს. ბევრი ქრისტიანი დიდ საიდუმლოებებში მაგიურად, გაუცნობიერებლად, ლოცვის გარეშე იღებს მონაწილეობას, რაც, შეიძლება, მისთვის სავალალო აღმოჩნდეს. ყველას არ ვურჩევთ ამ საიდუმლოში მონაწილეობის მიღებას. ვინც მარხულობენ, აღსარებას ამბობენ და ეზიარებიან, მათ უნდა მიიღონ ზეთისცხების საიდუმლოში მონაწილეობა, რადგან, როგორც ევქარისტიული კანონი დამოკიდებულია სინანულის საიდუმლოზე, აღსარებაზე, ისე ზეთისცხების საიდუმლოში მონაწილეობის უფლება აქვს იმ ქრისტიანს, რომელიც მარხულობს და გააჩნია სინანული. დღეს ასეთი შეხედულება, სწავლება არსებობს, რომ, თითქოს, ადამიანს დავიწყებული ცოდვები ამ დროს ეპატიება. ეს არ არის ეკლესიური სწავლება, ეს ხალხური გადმოცემაა. როგორ შეიძლება, ადამიანს რაღაც დაავიწყდეს და ის ეპატიოს?! თუ ქრისტიანმა გააზრებულად არ აღიარა თავისი ცოდვები, მას შენდობა არ ექნება. ამიტომ, მინდა, ყველას ვუთხრა: როდესაც ისინი ამა თუ იმ საიდუმლოში იღებენ მონაწილეობას, მოემზადონ სათანადოდ, ჰყავდეთ მოძღვარი, თქვან აღსარება და შემდეგ მიიღონ ლოცვა-კურთხევა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საიდუმლო ერთმანეთისგან გამომდინარეობს, რადგან, თუ ნათელღებული არ ხარ, მაშინ სინანულში ვერ იქნები; თუ სინანულში არ ხარ, ზიარებას ვერ მიიღებ; თუ სინანული და ზიარება არ გაქვს მიღებული, მაშინ, ბუნებრივია, ვერც ზეთისცხების საიდუმლოში მიიღებ მონაწილეობას და, რაც მთავარია, ცხონებაზე პრეტენზია ვეღარ გექნება. ყველა ეს საიდუმლო დადგენილია ცხონებისთვის, განახლებისთვის.
– ქრისტიანების გარკვეული ნაწილი მხოლოდ მარხვის დროს მონაწილეობს ზიარების საიდუმლოში, სხვა დროს კი ისინი უარს აცხადებენ ევქარისტიაში მონაწილეობაზე და ხშირად ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ, რადგან იმ დროს წელიწადში ოთხი მარხვიდან არც ერთი არ არის, ამიტომ, არ არიან ღირსი უფლის სისხლთან და ხორცთან ზიარებისა.
– ევქარისტია ორი ნაწილისგან შედგება: პურისა და ღვინის გადაქცევა უფლის ხორცად და სისხლად და ამ წმიდა ძღვენის ზიარება. სწორედ ამიტომაც ეწოდება მას საიდუმლო, უფლის სერობა, უფლის ტრაპეზი. ამ საიდუმლოში, ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეწოდება „ზეციური პური და სასმელი სიცოცხლისა,” „უსისხლო მსხვერპლი.” ეს უდიდესი საიდუმლო ქრისტემ მანამდე აღუთქვა ადამიანებს, სანამ პირველად აღასრულებდა მას საიდუმლო სერობაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ვინც გულწრფელად, სათნოებით, უფლის მცნებების დაცვით ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ექნება საუკუნო ცხოვრება და ბოლო ჟამს აღდგება დიდების სასუფევლისთვის. წმიდა ნიკოდიმოსი კარგად პასუხობს თქვენს კითხვას თავის წიგნში – „ქრისტეს ყოვლაწმიდა საიდუმლოთა ხშირი ზიარებისთვის“: ადამიანი მხოლოდ ზიარებით ხდება ზიარების ღირსი, რადგანაც, ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღების გარეშე არ ძალგვიძს‚ ვძლიოთ ჩვენსავე ვნებებს და სული განვიწმიდოთ მისგან. ამგვარად‚ ის, ვინც გამუდმებით არ ეზიარება, კარგავს ყოველივე ზეციურ და საღმრთო სიკეთეს. მოციქულთა მერვე და მეცხრე კანონები, რომლებიც მეექვსე მსოფლიო კრებამ დაადასტურა, გვაუწყებენ და ამტკიცებენ ხშირი ზიარების აუცილებლობას. „ზიარებისას მღვდელს ერისკაცთაგან და მონაზონთაგან სხვა არაფერი განასხვავებს, გარდა იმისა, რომ მღვდელი აზიარებს, ერისკაცი კი ეზიარება. ის მღვდლები, რომლებიც არ აზიარებენ საღმრთო ზიარების შიშითა და სარწმუნოებით მიახლებულ ქრისტიანებს, განისჯებიან ღმრთისგან, როგორც მკვლელები“.