კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის შეიძინა ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ლეგენდარული მოედანი და რის გაკეთებას გეგმავს ის სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ

ყველასთვის გამორჩეულად საყვარელი და წარმატებული ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია, როგორც ყოველთვის, სასურველი რესპონდენტია. მისი გამოჩენა პრესასა და ტელევიზიაში, რა თქმა უნდა, არა მარტო საქართველოში, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. მიუხედავად გადატვირთული სპორტული რეჟიმისა, ის არასდროს აკლებს ოჯახს სათანადო ყურადღებას, არის კარგი მამა და მეუღლე. როგორ ცხოვრობს, რა გეგმები აქვს და ბავშვობის რა ოცნება აისრულა ზაზა ფაჩულიამ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. 

 

– ზაზა, როგორც ყოველთვის, ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვს, რა ხდება შენს სპორტულ ცხოვრებაში და სპორტის პარალელურად როგორ ახერხებ, რომ ოჯახსაც სათანადო ყურადღება დაუთმო?

– 78 თამაში უკვე ვითამაშეთ, წინ კიდევ 11 თამაში მაქვს. ხშირად მიწევს გასვლითი თამაშები, შესაბამისად, ისეც ხდება ხოლმე, რომ ოჯახის წევრებს ერთი კვირა ვერ ვნახულობ. ამ გრაფიკს შეგუებული ვარ და უკვე თიკაც შეეგუა, სხვა გზა არ აქვს. ბავშვები ჯერ პატარები არიან, მაგრამ, თიკას ძალიან კარგად ესმის, რომ კალათბურთი ჩემი ცხოვრებაა. შესაბამისად, ისიც ყოველთვის გვერდში მიდგას. კი, ძნელია ოჯახისგან ხშირად შორს ყოფნა, მაგრამ, ამასაც თავისი ხიბლი აქვს. ძალიან ხშირად გვენატრება ერთმანეთი, მაგრამ, სახლში რომ ვბრუნდები, მერე სულ ერთად ვართ მთელი ოჯახი და მონატრებას ასე ვიკლავთ.   

– ოჯახში მხოლოდ შენ კი არა, თიკაც ძალიან აქტიურად ვარჯიშობს. 

– ყველა აქტიურ სპორტზე გადავიყვანე. პირველ ყოვლისა, თიკას ძალიან სიამოვნებს სპორტი და უკვე ვეღარც წარმოუდგენია, ვარჯიშის გარეშე როგორ უნდა იყოს. უფრო ენერგიულია და კარგად გრძნობს თავს. როცა სადმე მივდივართ და ამის გამო ვარჯიშს აცდენს, ძალიან ნერვიულობს. 

– ცოტა ხნის წინ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ საქართველოში შენი სახელობის კალათბურთის აკადემიის გახსნას გეგმავ. წინა ინტერვიუებში კი გვისაუბრია იმის შესახებ, რომ ძალიან დიდი სურვილი გაქვს, აკადემია გახსნა, მაგრამ, ამ ეტაპზე რამდენად ახლოს არის ეს ყველაფერი რეალობასთან?

– ბავშვობიდან მქონდა სურვილი, რომ ჩემი სახელობის აკადემია გახსნილიყო საქართველოში, მაგრამ, გამოცდილებამ მიმიყვანა ერთ დასკვნამდე: ეს რომ განვახორციელო, საქართველოში უნდა ვიყო, თავად ვაკონტროლო და ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც სწორად მიმაჩნია. აქედან კი ამის გაკეთება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ღმერთმა ქნას, კიდევ დიდხანს ვითამაშო, თუმცა, რაც უფრო ვუახლოვდები კარიერის დასასრულს მით უფრო ბევრს ვფიქრობ ამაზე. უკვე ვემზადები აკადემიის გახსნისთვის. გაიგებდი, რომ სპორტული მოედანი შევიძინე (პარკეტი) და ესეც ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპია სპორტსკოლის გასახსნელად. თუ არ გავხსენი, მაშინ NBA-ს მოედანს საჩუქრად გადავცემ რომელიმე სკოლას. ძალიან კარგი იქნება, როცა საქართველოში NBA-ს ლეგენდარულ მოედანზე შეეძლებათ ვარჯიში. ძალიან ბევრ ვარსკვლავს აქვს ამ პარკეტზე ნათამაშები. სიმართლე გითხრა, ახლა კიდევ უფრო მეტად მინდა აკადემიის გახსნა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. ყველაფერს დრო გვიჩვენებს. 

– წლების წინ იმასაც ამბობდნენ, რომ კალათბურთის მანეჟის შეძენა გინდოდა, მაგრამ, უარი გითხრეს. ეს სიმართლეა?

– დეტალებზე არ ყოფილა მაშინ საუბარი, უბრალოდ, სურვილი გამოვთქვი, მაგრამ, როგორც მახსოვს, მაშინ იყიდებოდა. სიმართლე გითხრა, მაშინ მზად არც ვიყავი ამისთვის, ეს, უბრალოდ, სურვილის დონეზე იყო. ჩემი საკალათბურთო კარიერა სწორედ დიდუბის საკალათბურთო მანეჟში დაიწყო და ამიტომაც არის ეს ადგილი ჩემთვის განსაკუთრებული. გასულ წელს რომ ვიყავი ჩამოსული, გული ჩამეწვა, როცა ვნახე, ბავშვები რა პირობებში ვარჯიშობდნენ. ძალიან დამწყდა გული, რადგან, ქართველი ბავშვები უკეთესს იმსახურებენ. არ მინდა, პირობების არქონის გამო ჩვენი ახალგაზრდობა დაიჩაგროს. 

– პარკეტის ჩამოტანას როდის გეგმავ?

– წლის ბოლოს იგეგმება მოედნის გამოგზავნა, რაც, რა თქმა უნდა, რთული პროცესია და დრო სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, ამ ზაფხულს მოგვარდება ეს ამბავი.  

– ერთმა ჩემმა რესპონდენტმა, რომელსაც ძალიან წარმატებული სპორტული კარიერა აქვს, თქვა, პატარა რომ ვიყავი, ვოცნებობდი, წარმატებული ვყოფილიყავი და ბევრი ცნობილი და წარმატებული ადამიანი გამეცნოო. ეს ოცნება მან წლების შემდეგ აიხდინა. შენ თუ გქონდა მსგავსი ოცნება ბავშვობაში?

– ბავშვობიდან ჩემი ერთადერთი ოცნება იყო NBA-ში მოხვედრა. სხვა მიზნებიც მქონდა, მაგრამ, ისევ სპორტის ფარგლებში. ჩემი კარიერის განმავლობაში მქონდა პატარა გადახვევები და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ, იმაზე მაგარ სიამოვნებას, რაც შეიძლება კალათბურთის თამაშის დროს მივიღო, სხვაგან ვერსად მივიღებდი. კალათბურთი და ოჯახი ჩემთვის უპირველესია. ყოველი წუთით, ყოველი ჩაგდებული ბურთით, თუნდაც მგზავრობითა და დატვირთული გრაფიკით, ვცდილობ, მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. დრო იმდენად სწრაფად მიდის, უკან მოხედვასაც ვერ ასწრებ. უკვე თერთმეტი წელია, NBA-ში ვარ. მთავარია ჯანმრთელობა, რომლის ფასიც არაფერია. რასაც არ უნდა აკეთებდე, მაქსიმალურად უნდა ისიამოვნო შენი საქმით. თუ შენი საქმე არ გიყვარს, არაფერი არ გამოვა. 

– სიმართლე გითხრა, ძალიან გამიკვირდა, როცა ამ დროს სოციალურ ქსელში შემთხვევით წაგაწყდი, რადგან ახლა ამერიკაში მოსახლეობის უმეტესობა ღრმა ძილშია. თავად რატომ არ გძინავს?

– თამაში მქონდა დღეს და, როგორც ყოველთვის, მერე ვერ ვიძინებ. როგორი თამაშიც არ უნდა იყოს, მოვიგებთ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, აჟიტირებული და ემოციებში ვარ. თამაშის დაწყებას მთელი დღე ველოდები, სულ კალათბურთზე ვფიქრობ. ჯერ ვარჯიში, მერე ვისვენებთ, საღამოს კი მივდივართ და ოთხ-ხუთ საათს დარბაზში ვატარებთ. კი ვიღლები ფიზიკურად, მაგრამ, ფსიქოლოგიურად მაინც იქ ვარ და მაინც რაღაცეები მიტრიალებს თავში. თამაშის ყველა დეტალზე ერთად ვფიქრობ: რა გავაკეთე კონკრეტული თამაშის მიმდინარეობის დროს, როგორ გავართვი თავი და ასე შემდეგ. ასე რომ, ჩემთვის თამაშის შემდეგ უძილო ღამე ჩვეულებრივი მდგომარეობაა.

– თამაში რა შედეგით დასრულდა?

– სამწუხაროდ, დღეს წავაგეთ. 

– ანუ, ხელი არ შემიშლია ინტერვიუს ჩაწერით.

– ნამდვილად არ შეგიშლია ხელი. თან, ახლა „ორი ვარსკვლავის” ჩანაწერს ვუყურებდი, ოღონდ, არ მითხრა, ვინ დატოვა პროექტი. თვალს ხშირად ვადევნებ საქართველოში მიმდინარე შოუ-პროგრამებს და სხვა გადაცემებს. თან, ამ პროექტში ჩემი რამდენიმე ახლობელიც მონაწილეობს და მათ ვგულშემატკივრობ. 

– ევროპის ჩემპიონატსა და საქართველოს ნაკრებს მინდა შევეხო. სამწუხაროდ, გასულ ზაფხულს, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ შეძელი საქართველოს ნაკრებში თამაში. წელს თუ იქნები შემადგენლობაში?

– შარშან ტრავმის გამო ვერ ვითამაშე, რასაც დღემდე ვერ ვინელებ. ვცდილობ, დრო მაქსიმალურად გამოვიყენო და არც ერთი თამაში არ ჩავაგდო, გასულ წელს კი მთელი ზაფხული ჩამივარდა. მართალია, თითქმის მთელი წელი გავიდა, მაგრამ, დღემდე გული მწყდება ამაზე, დროს კი უკან ვერ დააბრუნებ. რაც შეეხება ამ ზაფხულს, რა თქმა უნდა, სურვილიც მაქვს, ნაკრებს გვერდში დავუდგე, ეს ყველანაირად მინდა და გეგმაშიც მაქვს. უბრალოდ, ამაზე წინასწარ ბევრს არ ვილაპარაკებ – შარშან რომ ვილაპარაკე, ხომ ნახეთ, რაც მომივიდა. ცრურწმენის გამო კი არ ვამბობ ამას, უბრალოდ, ზაფხულამდე დიდი დროა. ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანია, აქ ეს სეზონი ჩავამთავრო და დარჩენილი 11 თამაში ვითამაშო. სეზონის დასრულების შემდეგ კი ზაფხულზე ვიწყებ ფიქრს. ასე რომ, ნაკრების თამაშებამდე ბევრი რაღაც მექნება გასაკეთებელი. ძალიან მიხარია, თბილისში ჩამოსვლის დრო რომ მოდის და ჩემს საყვარელ ხალხს ვნახავ. 

 

скачать dle 11.3