სად მიაგნო ნათია მიქიაშვილმა სრულ იდილიას და როგორ ცხოვრობდა ის „იატაკქვეშეთში“
მისი ჟურნალისტური კარიერა ორ ნაწილად ნოემბრის ცნობილმა მოვლენებმა გაყო, რამაც არა მხოლოდ მისი პროფესიული გზა, არამედ, მისი პირადი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალა. ნათია მიქიაშვილს ოპოზიციური ჟურნალისტის იარლიყი სწორედ მაშინ „მიაკრეს” და საკმაოდ დიდხანს მოუწია საყვარელი საქმის „იატაკქვეშეთში” კეთება. დღეს, მის მიერ დაარსებული სტუდიის პროდუქცია „ტვ 3-ზე” გადის, ძალიან მალე თავადაც ახალ ამპლუაში წარდგება მაყურებლის წინაშე, თუმცა, ამ თემას დროებით სიურპრიზად ტოვებს და იმაზე გვიამბობს, რაც მის ცხოვრებაში „კადრს მიღმა” იყო და დღემდე ღირებულად რჩება.
– ნათია, იმ ჟურნალისტთა შორის ხარ, ვინც „დისლოკაციის” ადგილს ხშირად იცვლის, რატომ ამ ეტაპზე ტელეკომპანია „ტვ 3,” რომელიც არცთუ დიდ სივრცეს ფარავს?
– მეც, ალბათ, „მოგზაურ” ჟურნალისტთა შორის ვარ. ყოველთვის ვცდილობ, ვიყო იქ, სადაც საჭირო ვარ. არასდროს მიჭირს, ადამიანებს შევთავაზო საკუთარი პროდუქტი, არასდროს მიჭირს ადამიანებთან კომუნიკაცია, შესაბამისად, სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობა ჩემთვის ბუნებრივი ფორმაა. სტუდია „ანატომიას”, სადაც ცხრა ადამიანი მყავს დასაქმებული, თავისი პროდუქტი შეუძლია შესთავაზოს ნებისმიერ არხს, ეს არის საუკეთესო საშუალება იმ დროს, როცა 21-ე საუკუნის წამყვანი ტელევიზიები ძირითადად გადასულია აუთდორზე, გარე წარმოებაზე. არც ერთ წამყვან ტელევიზიას, გარდა საინფორმაციო სამსახურებისა, შიდა წარმოებაში უკვე არაფერი აღარ აქვს. ეს ურთიერთობის ბევრად მოსახერხებელი ფორმაა მათთვისაც და იმ კომპანიებისთვისაც, ვის მიერ წარმოებულ პროდუქტსაც ისინი ყიდულობენ. რაც შეეხება „ტვ 3-ს”, შესაძლოა, ამ ტელევიზიის რეიტინგი ნაკლები იყოს სხვა ტელევიზიებთან შედარებით, მაგრამ, ეს არის სტაბილური რეიტინგი და, იმ ახალი პროექტებით, რომლებიც ამ ტელევიზიაში დაიწყება ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გუნდი, რომელიც ამ ტელევიზიაში დამხვდა. მათ შორის არიან ის ადამიანები, ვისთან ერთადაც მე ვმუშაობდი „მეცხრე არხზე”, რომელიც მოულოდნელად დაიხურა. იმ დროს ამ ტელევიზიაში მუშაობდა ინგა გრიგოლია, რომელიც ჩემი ახლო მეგობარია და შემიწყო ხელი, რომ გადავსულიყავი „ტვ 3-ში”. ძალიან დავუმეგობრდი კახა ბაინდურაშვილს, რომელიც იყო ამ ტელევიზიის დირექტორი, როცა მე იქ მივედი. სხვათა შორის, კახა იყო ერთადერთი მინისტრი მიშა სააკაშვილის ხელისუფლებიდან, რომელზეც „ანატომია” არ მქონდა გაკეთებული. ფანტასტიკური ადამიანია გრიგოლ ბაიბურთი, რომელთანაც ძალიან კომფორტული ურთიერთობა მაქვს. როდესაც ურთიერთობა გიწევს ჯანმრთელ ადამიანებთან, რისი დიდი დეფიციტიც არის ქართულ სატელევიზიო სივრცეში, ეს დიდი ფუფუნებაა, რომელზეც უარს ვერ ვიტყვი.
– დღეს როგორ იქმნება პროდუქტი, რომელზეც სტუდია „ანატომია” მუშაობს?
– დღეს ბევრად უფრო მარტივია ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობა, ვიდრე იყო მაშინ, როცა მე არალეგალურად, „იატაკქვეშეთიდან” მიწევდა მუშაობა. დღეს ბევრად უფრო იოლია ურთიერთობა სხვადასხვა უწყების პრესსამსახურებთან. ადრე ვინ შემიშვებდა ან პროკურატურაში, ან შინაგან საქმეთა სამინისტროში?! ჩემთვის ყველა კარი ჩარაზული იყო, იქ შეღწევა და ინფორმაციის მოპოვება ფანტასტიკის სფერო იყო. იყო შემთხვევები, როდესაც გადაცემის მომზადებისთვის მჭირდებოდა თვე-ნახევარი, ერთი თვე. ეს დრო ძირითადად მიჰქონდა დოკუმენტების, მტკიცებულებების მოგროვებას, რაც აუცილებელია, როცა ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობ. ის წლები, რომლებიც ნამდვილად ჯოჯოხეთურ პირობებში გავატარე, ადამიანურადაც უმძიმესი იყო.
– დღეს შენთვის ბევრად იოლი იქნება ინფორმაციის მიღება, ვიდრე სხვისთვის. ოპონენტები გსაყვედურობენ ხოლმე, რომ მხოლოდ ექსჩინოვნიკებს ეძღვნებათ „ანატომია”.
– არც მასე არაა. ხომ იცი შინაური მღვდლის ამბავი (იცინის), დღეს მთავარი ისაა, რომ არ მიწევს „ჭიდაობა” თემებზე, იმ დოკუმენტების მიღებაზე, რაც საჯაროა და გავრცელებას ექვემდებარება. რაც შეეხება ექსჩინოვნიკების თემას, მაგალითს მოცემული ვითარებიდან მოვიყვან: მიხელ სააკაშვილი პროკურატურაში დაიბარეს დაკითხვაზე, არ გავაკეთო ეს თემა?! ეს ადამიანები ხომ საკუთარი სიტყვებით აკეთებენ პროვოცირებას, რომ მათზე იმუშაო?! რაც შეეხება ახლა მოქმედ ჩინოვნიკებს, მოდი, ჯერ ვაცალოთ, გააფუჭებენ თუ არა რამეს, რაშიც ეჭვი ძალიან მეპარება და, მერე მესაუბრონ ოპონენტები „ანატომიის” პერსონაჟებზე. ვინ-ვინ და, ძალიან კარგად ვიცი, რა ხდებოდა იმ უწყებებში, სადაც მე ცხრა წელი არავინ მიშვებდა. მე ხომ, მათი გაგებით, ვიყავი ოპოზიციური ჟურნალისტი, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ვიყავი ობიექტური იმ მოვლენებთან მიმართებაში, რაც იმ წლებში ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა.
– ნოემბრის მოვლენებმა შენი პროფესიული კარიერა ორ ნაწილად გაყო.
– მე თავადაც ასე მაქვს გაყოფილი: „წიგნის” ერთი ნაწილი დაიხურა ნოემბრის მოვლენების დროს და დაიწყო მეორე. ხშირად ვხუმრობ ხოლმე, რომ „იმედის” პერიოდი იყო ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის „რენესანსი.” მე იქ ჩამოვყალიბდი იმ ჟურნალისტად, როგორც მიცნობს საზოგადოება. იმის მიუხედავად, რომ ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ჩემს პროფესიულ საქმიანობაში, ხშირად მენატრება რეპორტიორობა, ნიუსი. „ახალი ამბები” ჩემთვის არის მუდმივი უკმარისობა; მიმაჩნია, რომ რეპორტიორობა არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ადამიანმა გამოიაროს თავის ცხოვრებაში – ეს ძალიან დიდ პროფესიულ გამოცდილებას აძლევს ჟურნალისტს. დღეს, ასევე, ძალიან კარგად მახსოვს „მაესტროს” პერიოდი. ამ ტელევიზიამ ძალიან ბევრი სატელევიზიო კადრი გადაარჩინა. საუბარი არ იყო ფინანსურ დაინტერესებაზე, ეს იყო საკუთარი თავის, პროფესიის გადარჩენის გზა, რაშიც ძალიან დიდი წვილილი მიუძღვის მამუკა ღლონტს – ერთ-ერთი „სმარტ ტვინის” პატრონს და არაჩვეულებრივ ადამიანს.
– ბევრი კოლეგის მსგავსად, შენ არ აღმოჩნდი სახელმწიფო სამსახურში.
– მე არ მიყვარს სახელმწიფო სამსახური, შინაგანად არ ვარ საჯარო მოხელე და ჩინოვნიკი. შემიძლია, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში გავუწიო დახმარება ადამიანებს, თუნდაც დილის ექვსი საათი იყოს, მაგრამ, ჩარჩოებში ვერ მოვექცევი. როცა ჩემს საქმეს სჭირდებოდა, ღამეებს ვათენებდი „ანატომიაში”, ცხრა თვის ფეხმძიმეც კი. ეს ჩვეულებრივი რამ იყო იმ პერიოდში. ჩემთვის თავისუფლება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ საჯარო სამსახურზე არ გავცვლი. მე არ მაქვს სუბორდინაციის პრობლემა, არასდროს არავისთან არ ვარღვევ სუბორდინაციას, რადგან, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავს ვცემ პატივს, მაგრამ, რა ვქნა, ისეთი თავისუფლებისმოყვარე ვარ, ჩინოვნიკურ საქმიანობას ვერასდროს შევეგუები (იცინის). არ გეგონოთ, რომ ეს თვისება პროფესიულად გამიმძაფრდა, არა, დაბადებიდან ასეთი ვარ. ეს, უპირველესად, ჩემი მშობლების დამსახურებაა – ჩვენს ოჯახში ყველა თანასწორი იყო, ჯერ კიდევ 8-9 წლის ასაკში ხმის ისეთივე უფლებით ვსარგებლობდი, როგორც დედა და მამა.
– მამაზე მინდა გკითხო, რომელიც როგორც ვიცი, იარაღის საწარმოს მფლობელი და ავტომატ „ივერიას” ერთ-ერთი ავტორი იყო. როგორ მოხვდა ის ამ სფეროში?
– ოო, მამა ძალიან საინტერესო ადამიანი იყო – ნიჭიერი, ცნობისმოყვარე. ერთნაირი წარმატებით საუბრობდა მეტაფიზიკაზე, თეოლოგიაზე და, დავუშვათ, დურგლობაზე. ყველაფერში შეეძლო ადამიანის დეტალურად გარკვევა. პროფესიით ინჟინერ-არქიტექტორი იყო, მაგრამ, ყველაფერი გამოსდიოდა ხელიდან. ამბობდნენ, რეზო ქვაზე რომ დასვა, მაინც იშოვის ფულსო. კომუნისტების დროს ჰქონდა საკუთარი ბენზინგასამართი სადგურები, ჰყავდა „ჯიპი“ „ვრანგლერი”, რაც მაშინ იშვიათობა იყო. მამა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, იყო აპოლიტიკური ადამიანი და არასდროს ყოფილა მაღალჩინოსანი, მას ჰქონდა ბიზნესის ნიჭი. ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა ურთიერთობა ბადრი პატარკაციშვილთან, როცა ის „ლადას” უფროსი იყო. მამა 1991 წელს გარდაიცვალა სამოქალაქო ომში, რომელშიც, იმის მიუხედავად, რომ ათასობით ჩემნაირი ბავშვი არსებობს, ომად არ არის აღიარებული. მამა დაიღუპა მაშინდელი მთავრობის სახლში, პარლამენტის შენობაში – მას ხელში აუფეთქდა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი. როდესაც მამას ოთახში შეუტანეს ეს ჭურვი – ჩვენ ვერაფერი გავუგეთ და, იქნებ, გაგვარკვიოო, მან ჭურვს მოხსნა ხრახნი, რომელიც, წესით, არ უნდა აფეთქებულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ჭურვი სიძველისგან იყო გაფუჭებული და დაიწყო წიკწიკი. ათი წამი ჰქონდათ დრო. ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს, მიჭირს. ოთახში დაახლოებით 11 კაცი იყო. მამამ მხოლოდ იმის დაყვირება მოასწრო – მერაბ, ვფეთქდებითო და ეს ჭურვი ჩაიხუტა. მის გვერდით მდგარი არაჩვეულებრივი ბიჭი, მამუკა ნიკოლეიშვილიც მასთან ერთად დაიღუპა. მახსოვს, სახლში მამას ბათიკნები მოიტანეს – მისგან არაფერი დარჩა. მამას ჰქონდა ქარხანა, სადაც კეთდებოდა ერთტარიანი ავტომატი „ივერია”. მას ჰყავდა ძალიან კარგი მეგობრები გერმანიაში, ისინი ჩამოვიდნენ თბილისში, ჩამოიტანეს ჩარხები და დაიწყეს ამ იარაღის წარმოება. მის გარდაცვალებას მე მაინც ამ საქმეს ვაბრალებ: როცა იარაღთან გაქვს საქმე, ან პოტენციური მკვლელი ხარ, ან – მკვდარი, რაც, საბოლოოდ, ასეც მოხდა. როცა მამა გარდაიცვალა, „მხედრიონმა” ძალიან ბევრი იარაღი გაიტანა ქარხნიდან.
– იარაღთან არც შენ არ ხარ მწყრალად?
– 10 წლის ვიყავი, როცა ავტომატს ვშლიდი და ვაწყობდი. მამას პირველი ქორწინებიდან ორი ბიჭი ჰყავდა, ანუ, მე ორი უფროსი ძმა მყავს და ვგიჟდები მათზე. წარმოიდგინეთ, ბიჭებში გაზრდილი გოგო ავტომატს ვერ დავშლიდი?! მამასგან გენეტიკურად გამომყვა ესეც და ხასიათის ბევრი სხვა თვისებაც – მოუწესრიგებლობა, ქაოტურობა. სულ არეული ვარ დროში (იცინის) დედა ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა დაქვრივდა და 10 წლის ბავშვთან ერთად აღმოჩნდა მარტო, უამრავი პრობლემის წინაშე. მაგრამ, „იკაცა” – ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კარგი განათლება მიმეღო, რაც საკმაოდ მძიმე იყო იმ პირობებში. ყველას ეგონა, რომ გვქონდა ძალიან ბევრი ფული. მამაჩემის სიკვდილის შემდეგ ჩვენს სახლში მოვიდა ერთი პიროვნება, რომელმაც გატეხა მამას სეიფი იმ იმედით, რომ იქ ბევრი ფული იქნებოდა. სეიფში დახვდა ერთი ავტომატი და ერთი მაკაროვის სისტემის პისტოლეტი. მერე დადგა პერიოდი, როცა ძალიან გაგვიჭირდა. იყო დრო, როცა მე და დედა სოფლიდან გამოგზავნილ ვაშლსა და თაფლზე ვცხოვრობდით – ალბათ, მეტი არაფერი ჰქონდათ. ვაშლი და თაფლი იმიტომაც მეზიზღება (იცინის). ტყუილად არაა ნათქვამი – „ნეტ ხუდა ბეზ დობრა”. დედამ ყველაფერი გაყიდა, რომ კარგი განათლება მიმეღო, 14 წლის ვიყავი, როცა მუშაობა დავიწყე ამერიკის კვლევით სამეცნიერო გაცვლების საბჭოში – „აირექსში” და სასწავლებლად გადავედი ზურა ოშხნელის საყმაწვილო სატელევიზიო სტუდიაში, რასაც ჩემი მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
– „პირად ანატომიაზე” გკითხავ: როგორ ცხოვრობ დღეს, ორი ბიჭის დედა?
– ვერ წარმომიდგენია, როგორ ვცხოვრობდი და რას ვაკეთებდი, სანამ შვილები მეყოლებოდა. ზუსტად ისევე ვარ შერყეული ამ ბავშვების განათლებაზე, როგორც დედა იყო ჩემზე. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ჩემზე ნაკლები იწვალონ, მე კი იმდენი მოვასწო, რომ ისინი ჩემსავით არ გახდნენ იძულებულები, 14 წლის ასაკში დაიწყონ მუშაობა. სანდრიკა ჩემი ცხოვრების ძალიან რთულ პერიოდში დაიბადა და მის მიმართ განსაკუთრებული ემოციები მაქვს. ალბათ, მან უფრო გამიადვილა იმ პერიოდის გადატანა. სანდრო, ფაქტობრივად, „მაესტროში” გაიზარდა. „კალიასკით” მიმყავდა ხოლმე და იქ ეძინა; ხან ვინ დაათრევდა, ხან – ვინ. სანდრო უცნაური ბიჭია, სახლში რომ შევალ, მეტყვის: „დე, დღეს ძალიან დავიღალე!“ თუ მძიმე დღე მაქვს, ამას ხვდება და ისე იქცევა, როგორც დიდი კაცი. უკვე სკოლაშიც დადის და დილის 7 საათზე უწევს ადგომა, რის გამოც ჩვენს სახლში გაუთავებელი ომია (იცინის). რომ არა დედაჩემი, რომელიც, თავისი მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, მაინც ძალიან მეხმარება ბავშვების გაზრდაში, ჩემთან სახლში კატასტროფა იქნებოდა. მეხმარება ჩემი მული, რომელიც ჩემზე ადრე ბრუნდება სახლში და ჩვენი ძიძა. დემეტრეს იმდენი მომვლელი სჭირდება, აბა, რა გითხრათ. წლინახევრისაა, ყველაფერს ყრის, ამტვრევს, ქოთნებიდან ყვავილების მიწას იპარავს და ჭამს, მოკლედ, ბიჭებს სახლში დიდი დავიდარაბა აქვთ.
– როცა გათხოვდი, ისე გაასაიდუმლოე შენი რჩეულის ვინაობა, მისი სახელის გასაგებად ლამის ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებდნენ.
– ჩემი ქმარი პოლიციელია და, მისი პროფესიიდან გამომდინარე, არ უყვარს აფიშირება. შესაბამისად, მის ამ „მოთხოვნას” ყოველთვის ვუფრთილდებოდი. მე თვითონაც ძალიან მომბეზრდა „ხელისგულზე” ცხოვრება. სანდრო 2 თვის იყო და ჟურნალებში იბეჭდებოდა უკვე. ეს ჩემთვის უკვე გავლილი ეტაპია. ჩემი მეუღლე აჭარაში მუშაობს, რეგიონს ვერ ტოვებს და თბილისში იშვიათად ახერხებს ჩამოსვლას. შაბათ-კვირას გვაქვს პაემნები თბილისი-ბათუმს შორის, სამტრედიაში, სადაც ჩემი დედამთილ-მამამთილი და სოსოს ბაბუა ცხოვრობენ. ვგიჟდები სამტრედიაზე, ამ ადამიანებზე, რომლებიც თავისი პროგრესულობით 21-ე საუკუნის შვილები არიან. ამ სახლში არის ბევრი წიგნი და სრული იდილია. სულ ვოცნებობ, ისეთი პერიოდი დამიდგეს, როცა შევძლებ, ერთი კვირა ჩავიდე იქ და ადამიანურად, მშვიდად ვიცხოვრო.
– დისტანციურად ოჯახური ცხოვრება რთული არაა?
– რთულია, მაგრამ, თავისებური ხიბლიც აქვს. 500 კილომეტრი სიყვარულს ვერაფერს აკლებს (იცინის). როცა ერთმანეთი ძალიან მოგვენატრება, ჩავისვამ ხოლმე ჩემს ბიჭებს, ავავსებ მანქანას მათი „ატრიბუტიკით” და ყველა ერთად ორი დღით მივდივართ სამტრედიაში. როცა ვინმე ვერ მპოულობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მე იქით ვარ, სიმშვიდეში – თბილისურ შფოთსა და აურზაურს გარიდებული და „დამალული” (იცინის).