თბილისის კამპუს ლაიონს კლუბმა დედაქალაქის მასშტაბით 35 საჯარო ბაღსა და 3 ბავშვთა სახლში „ლეგოს” სათამაშოების დარიგება დაიწყო
„კამპუს ლაიონს კლუბი თბილისი“ (CLCT) არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს ისეთი დიდი პარტნიორები, როგორებიცაა Danish Lions Club და LEGO toys. ჩვენი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით, 2014 წლის მარტში, დანიიდან თბილისში 33 000 ლარამდე ღირებულების 822 ყუთი „ლეგოს“ სათამაშო ჩამოვიდა.
სათამაშოების დისტრიბუციასა და შენახვაში „კამპუს ლაიონს კლუბ თბილისს“ მხარდაჭერა გამოუცხადა თბილისის მერიამ. პროექტის ფარგლებში, დედაქალაქის მასშტაბით, 35 საჯარო ბაღსა და 3 ბავშვთა სახლს – თბილისის ბავშვთა კრიზისულ ცენტრს, კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლსა და თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლს, დაურიგდებათ „ლეგოს” სათამაშოები. ამ ღონისძიებაში ბაღებისა და ბავშვთა სახლების ჩართვა მოხდა შერჩევითობის პრინციპზე დაყრდნობით.
მიუხედავად იმისა, რომ „კამპუს ლაიონს კლუბი თბილისი“ რამდენიმე თვეა, რაც დაარსდა, მისთვის ეს პროექტი რიგით მეოთხეა და გამოირჩევა თავისი მასშტაბურობით. აღსანიშნავია, რომ ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის დიდი როლი აკისრია სათამაშოებს. სწორედ ამ მიზნით, ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „ლეგოსთან” თანამშრომლობით გადაწყვიტა ევროპული სტანდარტების მქონე მაღალი ხარისხის სათამაშოების თბილისში ჩამოტანა და ბავშვების დასაჩუქრება. რამდენიმე კვირის წინ სასტუმრო „ამბასადორში” გაიმართა Lions Club International-ის კონფერენცია, სადაც მოხდა „კამპუს ლაიონს კლუბი თბილისის“ პრეზენტაცია და, აგრეთვე, შეიქმნა შავი ზღვის ქვეყნების კომიტეტი.
მარიამ დვალიშვილი (დამფუძნებელი): „კამპუს ლაიონს კლუბი თბილისი“ სტუდენტურ ბაზაზე დაფუძნებული საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია სწორედ მსგავსი პროექტების განხორციელება, მოსახლეობაში ქველმოქმედების პოპულარიზება და იმ ადამიანების დახმარება, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ. მე მჯერა, რომ ჩვენი ორგანიზაციის თითოეული წევრის აქტიური მონაწილეობით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით შევძლებთ, მივაღწიოთ ორგანიზაციის მთავარ მიზანს. მართალია, ორგანიზაცია ახლახან დაარსდა, მაგრამ, ის აქტიურად ცდილობს დაიმკვიდროს ადგილი ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ორგანიზაციის საერთაშორისო სტატუსი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევიძინოთ რაც შეიძლება მეტი უცხოელი პარტნიორი. ჩვენი კლუბის სათავო ოფისი გახლავთ ჩიკაგოში. Lions International, თავისი სიდიდითა და ბიუჯეტით, მსოფლიოს წამყვან საქველმოქმედო ორგანიზაციათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც 206 ქვეყანაში ფუნქციონირებს და მასში დაახლოებით მილიონზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. ეს გახლავთ ერთ-ერთი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გაეროს ასამბლეის სრულუფლებიანი წევრია. სწორედ მათ ფილიალს წარმოვადგენთ ჩვენ და ვგეგმავთ გაფართოებას.
საბა კარანაძე (დამფუძნებელი): „ლეგოს“ პროექტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა სრული პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენს თავზე და ამ პროექტის განხორციელებით მოვუწოდებთ სტუდენტებს, აქტიურად ჩაერთონ მსგავს ღონისძიებებში, რათა ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლება ადამიანების დასახმარებლად, გარემოს დასაცავად, მოსახლეობაში განათლების დონის ასამაღლებლად და სხვა საქველმოქმედო აქციების განსახორციელებლად. დღესდღეობით, „კამპუს ლაიონს კლუბი თბილისისთვის” „ლეგოს” პროექტი პრიორიტეტს წარმოადგენს. დისტრიბუციის ფარგლებში, კლუბის წევრები დასაჩუქრებულ ბავშვებს ასწავლიან სათამაშოების აწყობას და დანიშნულებისამებრ მათ მოხმარებას. აღსანიშნავია, რომ „ლეგოს“ სათამაშოები განსაზღვრულია ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის და ხელს უწყობს მათ გონებრივ განვითარებას, რადგან, ბავშვებს უწევთ ფიგურების აწყობა გარკვეული კანონზომიერების დაცვით. „რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა ლეგოს სათამაშო“ (იცინის). გასულ ორშაბათს „ლეგოს“ სხვადასხვა სახის სათამაშოები გადავეცით ავლაბარში არსებულ ბაღს, სადაც ირიცხებიან სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთა მეურვეობა იკისრა აღმზრდელმა ქალბატონმა ლია ტაბიძემ და შვილებივით უვლის მათ. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რამაც ჩვენც დიდი სტიმული მოგვცა შემდგომი საქველმოქმედო საქმიანობისთვის. „ლეგოს“ პროექტსა და სხვა საქველმოქმედო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ CLCT-ის „ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.