კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაიწყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა 25 წლის ასაკში ყველაფერი თავიდან და როგორ მიაღწია მან თავბრუდამხვევ წარმატებებს

„ჩვენს საოპერო თეატრს უნდა მიეცეს საშუალება, უმაღლესი კლასის თეატრი გახდეს. ეს უნდა იყოს ქართველი ადამიანის სახე და ქვეყნის სავიზიტო ბარათი,” – ამბობს ოპერისა და ბალეტის ახლად არჩეული სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი. მან საქართველოში ყველაზე ახალგაზრდამ (26 წლის ასაკში) იდირიჟორა, ახლა კი გეგმავს, რომ ქვეყნაში უამრავი სიახლე შემოიტანოს და დანერგოს... დავით კინწურაშვილმა თავის განვლილ, ურთულეს გზას ჩვენთან ერთად გადაავლო თვალი...   

 

– დღეს ძალიან წარმატებული ხართ, მაგრამ, როგორც ვიცი, ძალიან ეკლიანი გზა გამოიარეთ, სანამ ამდენს მიაღწევდით...

– თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია დავამთავრე. ექვსი წელი ვსწავლობდი საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე და ამ წლების განმავლობაში სულ ვოცნებობდი, გერმანიაში წავსულიყავი. როგორიც გერმანიაა, ასეთი კულტურის ქვეყანაში შეიძლება საორკესტრო დირიჟორი გამოხვიდე. საქართველოში ამის ბაზა არ იყო და, ამიტომ ვფიქრობდი, გერმანიაში მოვხვედრილიყავი, მაგრამ, ამის არანაირი ფინანსური საშუალება არ არსებობდა. შემდეგ ელისაბეტ გასტის ფონდი დამეხმარა და გერმანიაში სწავლის საშუალება მომეცა, თუმცა, ადვილი არ იყო. 50 ადამიანი აბარებს და ერთი ადგილია მთელ ბავარიაში საორკესტრო დირიჟორის ფაკულტეტზე, ან, არ არის საერთოდ. ურთულეს კონკურსზე გამარჯვებაა საჭირო, რომ ელიტურ უნივერსიტეტში მოხვდე. გამიმართლა იმ მხრივ, რომ საქართველოში ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა. დირიჟორობას ვსწავლობდი ავთანდილ რევიშვილთან, რომელმაც ყველა „გასაღები” მომცა საგუნდო და, ასევე, საორკესტრო დირიჟორობისთვის. ფორტეპიანოს მასწავლიდა ნათელა ციმაკურიძე, რომელმაც ძალიან ბევრი საფორტეპიანო კონცერტი ჩამატარებინა საქართველოში. საორკესტრო დირიჟორისთვის აუცილებელია, კარგი პიანისტიც იყო... საორღანო კლასის პედაგოგმა, პროფესორმა ეთერ მგალობლიშვილმა მუსიკის მთელი გერმანული სტილისტიკა შემასწავლა. ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, ასევე, კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილს... ამ ადამიანებს ვუმადლი ამხელა ბარიერის განგრევა რომ შევძელი და ის ერთადერთი ადგილი მოვიპოვე, რომელიც ძალიან ძვირი უჯდება გერმანიის სახელმწიფოს... საქართველოდან მაგისტრატურის დიპლომით წავედი, მაგრამ, მიუნჰენში, ფაქტობრივად, ყველაფერი თავიდან დავიწყე და, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს 25 წლის ასაკში მოხდა. პერიოდულად ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტები მქონდა. ამის მერე კიდევ უფრო გამიმართლა – მიუნჰენის მუსიკის უმაღლეს სკოლაში ჩაბარების შემდეგ, გავიცანი ელისაბეტ გასტი და იმ დღიდან ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. მისი ფონდის წყალობით, როგორც სტუდენტს, საშუალება მომეცა, მთელი დრო სწავლისთვის დამეთმო. მანამდე კი ყველაფერი დამოუკიდებლად მოვაგვარე.

– ალბათ, საკონცერტო მოღვაწეობაც ურთულესი იყო...

– საქართველოდან, ფაქტობრივად, გამოუცდელი ორკესტრის დირიჟორი წავედი. მხოლოდ ტელევიზიის ორკესტრთან გავიარე პრაქტიკა – გივი აზმაიფარაშვილთან. მიუნჰენში მესამე სემესტრიდან დავიწყე სწავლა და მაშინვე მომიხდა მიუნჰენის ცნობილი ორკესტრის – „მიუნჰენერ სიმფონიკერის” დირიჟორობა – ძალიან ცნობილი ფილმის კომპოზიტორების მუსიკა შევასრულეთ. კონცერტი ბავარიის რადიოს პირდაპირი ეთერის საშუალებით გადაიცემოდა. გამოუცდელი დირიჟორისთვის ეს ძალიან რთული იყო. ბევრი დრო არ მქონდა მოსამზადებლად, მაგრამ დღე და ღამე ვმეცადინეობდი. კონცერტზე ბევრი ნაწარმოები ვიდირიჟორე, მაგრამ, აღსანიშნავია კომპოზიტორ მარშელ ბარსოტის „საოცრება ბერნიდან”. ამ ფილმმა მაშინ „ოსკარი” მიიღო. კომპოზიტორი თავად ჩამოვიდა იტალიიდან და კონცერტს ესწრებოდა. ამ კონცერტის შემდეგ „ეგზოტიკური დირიჟორი” დამარქვეს. ალბათ, ჩემი ქცევების, განსხვავებული ენერგეტიკის გამო, სხვანაირი გამოვჩნდი გერმანელ დირიჟორებთან შედარებით.

– სვაროვსკის ფირმა რა შუაშია თქვენთან?

– სვაროვსკის ფირმაზე მცდარი ინფორმაციაა... ინტერვიუში ვთქვი, რომ გამიმართლა, რადგან, ბრუნო ვალის მოწაფე ვიყავი. ბრუნო ვალი ევროპაში წამყვანი დირიჟორია – ერთადერთი დირიჟორი, ვისაც ბოლო პერიოდში კარაიანის ასისტენტობა შეეძლო. კარაიანს ძალიან ბევრი ასისტენტი ჰყავდა, მაგრამ, როცა იგი ავად იყო, მის სპექტაკლებს მხოლოდ ბრუნო ვალი დირიჟორობდა... ჩვენ ევროპაში კარაიანის შვილიშვილებს გვეძახდნენ (სულ, მუსიკის უმაღლეს სკოლაში ვიყავით 7 დირიჟორი, რადგან ბრუნო ვალს წელიწადში ერთი დირიჟორი აჰყავდა). სწორედ პოპულარობის გამო გვიწოდეს ჟურნალისტებმა პრესაში „კარაიანის შვილიშვილები.” ბრუნო ვალი ამბობდა, რომ ეს მცდარი სახელწოდება იყო, რადგან, კარაიანის დრო და სტილი გარკვეულწილად წარსულს ჩაბარდა.  დღეს აბსოლუტურად ახალი ესთეტიკაა. ამ ახალი მიმართულების დამფუძნებელია კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე ვენაში და დირიჟორი – ჰანს სვაროვსკი. ეს გახლავთ დიდი თეორეტიკოსი მუსიკოსი; დირიჟორი, რომელმაც გაზარდა დღეისთვის ცნობილი ყველა დირიჟორი მუსიკოსი ევროპაში. ის არნოლდ შომბერგისა და მოგვიანებით ანტონ ვებერნის მოსწავლე და რიჰარდ შტრაუსის მეგობარი იყო. მისი აღზრდილი დირიჟორებიდან აღსანიშნავია: კლაუდიო აბადო, ჰარნონ კური, ზუბინ მეტა, პეტერ შნაიდერი და ბრუნო ვალი... ეს ერთი სკოლაა და ჩვენ ვამაყობთ, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ სვაროვსკის სკოლის წარმომადგენლები. ამიტომ აერიათ, რადგან, ფირმისა და დირიჟორ სვაროვსკის სახელი ორივე ავსტრიას უკავშირდება. სვაროვსკის სკოლა იმდენად ახალია, რომ ევროპაშიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო და, შეიძლება ითქვას, არის ძველი მუსიკის ახლებურად გაგება.

– ცნობილია, რომ თქვენ ოთხი კონსერვატორია დაამთავრეთ...

– დიახ, სწორი ინფორმაციაა: თბილისის კონსერვატორია მაგისტრატურით, შემდეგ – მიუნჰენის უმაღლესი მუსიკისა და თეატრის აკადემია; შემდეგ – ჰამბურგში ვიყავი ერთდროულად ჰამბურგის კონსერვატორიის სტუდენტი და ჰამბურგის მუსიკის უმაღლეს სკოლაში სტუმარი-სტუდენტი; ჰამბურგის კონსერვატორიაშიც ვსწავლობდი და, ამავდროულად, ვმუშაობდი ძალიან საინტერესო პროექტებზე. პარალელურად, ვსწავლობდი რიგაში, ინტერნაციონალური კულტურისა და მედიის  მენეჯმენტის მაგისტრატურის ფაკულტეტზე. სამი მაგისტრი მაქვს, დანარჩენი დიპლომებია. დღეს ყველა მუსიკოსს ევროპაში აგენტი სჭირდება და მხოლოდ აგენტიც ვეღარ შველის საქმეს.

–  როგორც ვიცი, თქვენ ძალიან ახალგაზრდა ასაკში იდირიჟორეთ სპექტაკლი თბილისის ოპერაში.

– დიახ. გერმანიაში სწავლის პარალელურად, მომეცა საშუალება საქართველოში ოპერები მედირიჟორა. მე ვიყავი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი დირიჟორი, რომელსაც საშუალება, ჰქონდა, ოპერაში ედირიჟორა. 26 წლის ასაკში ვიდირიჟორე სპექტაკლი „აიდა”. ბედნიერი ვიყავი, ზაზა აზმაიფარაშვილი რომ მენდო... შემდეგ კიდევ არაერთი სპექტაკლი ვიდირიჟორე. 

 – თქვენი ყოველდღიური ცხოვრება როგორია ევროპაში?

– ძალიან მრავალფეროვანი და გადატვირთული. ურთიერთობა და შემოქმედებითი კავშირები მაქვს საორკესტრო, საოპერო და საგუნდო კოლექტივებთან; ასევე, ძალიან ინტენსიური ურთიერთობა მაქვს ქართველებთან. მიუნჰენში მყავს ქართველებისგან შემდგარი საკუთარი გუნდი. ყოველთვის მსურდა, ქართული კულტურა ევროპაში წარმომედგინა. გერმანიასა და შვეიცარიაში ლექციებს ვკითხულობდი ქართულ კულტურაზე, ქართულ სიმღერაზე, ქართული სიმღერის პოლიფონიურობაზე... როდესაც მიუნჰენში ჩავედი და სწავლა საორკესტრო ფაკულტეტზე დავიწყე, ძალიან მენატრებოდა ქართული სიმღერა და, საერთოდ, ქართველები. მიუნჰენში, წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში, ქართველთა გუნდი აღმოვაჩინე, მათ „დავეძგერე” და მათთან ერთად დავიწყე მუშაობა... 2008 წლიდან ქართულ გუნდად ჩამოვაყალიბეთ და „იბერისი” დავარქვით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უწმიდესის საგალობლებს ვმღერით. 

– რამდენიმე დღეა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნეთ. ძალიან რთული მდგომარეობაა დღეს თეატრში, არსებობს გარკვეული დაპირისპირებაც...

– ჩემს მოსვლას ოპერაში წინ ძალიან დიდი მოსამზადებელი სამუშაო უძღვის. 2005 წლიდან თბილისის ოპერაში ყველა სეზონზე ვდირიჟორობ, როგორც სტუმარი-დირიჟორი. ამ ათი წლის განმავლობაში კარგად ვიცი საქართველოში განვითარებული მოვლენები. თავადაც ვიღებდი მონაწილეობას ყველა იმ მოვლენაში, რაც აქ მუსიკალურ სფეროში ხდებოდა. ვიცი, როგორ ხდება მართვა, დაგეგმარება, განსაკუთრებით – მენეჯმენტის მიმართულებით. როგორც კი საშუალება მომეცემოდა, დახმარებას ვცდილობდი... უცხოეთიდან ჩამოვიყვანე გამოცდილი მენეჯერები და მუსიკოსები. ამას კეთილი ნებით ვაკეთებდი, რადგან, მსურდა, აქაური საშემსრულებლო დონე აწეულიყო. როდესაც შევისწავლე კულტურისა და მედიის მენეჯმენტი, კიდევ უფრო დავინახე საქართველოში ჩემი გამოცდილების საჭიროება... ბედნიერი ვარ, რომ მეძლევა საშუალება, საქართველოსთვის დავიხარჯო, რადგან, თავადაც ქართველი ვარ და კარგად ვიცი ქართველების ფსიქოლოგია, ამბიცია.. ძალიან ემოციურები ვართ, რასაც მივესალმები. ამ ემოციას მუსიკისკენ მივმართავ და არა ერთმანეთთან ბრძოლისკენ. კონფლიქტი ძალიან კარგი რამ არის. შემდეგ წელს კონსერვატორიაში „კონფლიქტის მენეჯმენტის” კურსები მექნება. თუ რას ნიშნავს კონფლიქტი, კონფლიქტის მართვა და ასე შემდეგ... კონფლიქტი არ არის ცუდი რამ, მთავარია, მართვა შეგვეძლოს – ამის შემდეგ იბადება საღი აზრი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ კონფლიქტი, მაგრამ, არა ჩვენეული, ემოციური, არამედ, ის კონფლიქტი გვაქვს სასწავლი, რომელიც საღ აზრამდე მიგვიყვანს.  

– იკლო ინტერესმა მთელი მსოფლიოს კლასიკური მუსიკის მიმართ და ევროპაში ხალხის მისაზიდად ვულგარულ სპექტაკლებს დგამენ. თქვენ როგორ აპირებთ მაყურებლის მოზიდვას? 

– მსოფლიოში სხვადასხვა ტიპის ტენდენციებია, ჩვენ კონკრეტული ტრადიციები გვაქვს. ჩვენს საოპერო თეატრს უნდა მიეცეს საშუალება, უმაღლესი კლასის თეატრი გახდეს. ეს უნდა იყოს ქართველი ადამიანის სახე და ქვეყნის სავიზიტო ბარათი. როდესაც დედაქალაქს ასეთი საუკეთესო თეატრი აქვს, მას აქვს ტრადიციების გაგრძელების უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. ძალიან ფრთხილი პროცესი იქნება, რასაც კი მსმენელს შევთავაზებთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყო სკანდალებზე გათვლილი, ისე, როგორც ახლა ევროპაშია. არანაირი პრობლემა არ გავქვს იმის, რომ ხალხს ვერ მოვიყვანთ. ქართველი ადამიანის თეატრში მოყვანა საკმაოდ ადვილია, უბრალოდ ჩვენთან მარკეტინგი არ იყო სწორად გათვლილი. დარწმუნებული ვარ, თეატრი ყოველთვის გადაჭედილი იქნება მაყურებლით, რადგან, ყოველთვის მართალ პროდუქციას შევთავაზებთ. 

– საუბრის დასასრულს, თუ შეიძლება, პირად ცხოვრებაზეც გკითხოთ...

– პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება... დასაოჯახებელი ვარ. ამ 13 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ სწავლით ვიყავი დაკავებული და პირადი ცხოვრებისთვის არც მეცალა. სავარაუდოდ, ვერც ამ წლებში მოვიცლი, წინ იმდენი საქმე მელოდება... 

 

скачать dle 11.3