კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გროვდება ადამიანის პერსონალური მონაცემები, სად ინახება ისინი და რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენივე მონაცემების ბოროტად გამოყენება

მართალია, საქართველოს მოქალაქეებმა ჯერაც ვერ შეიტყვეს, თუ რა ტიპის ინფორმაცია ინახება მათზე „სადაც ჯერ არს“ და არც ის იციან, კანონიერადაა ისინი მოპოვებული თუ უკანონოდ, თუმცა საქართველოს პარლამენტმა მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით ინსპექტორის აპარატიც შექმნა, კანონიც დაამტკიცა და პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორიც დაამტკიცა. უწყება თავად არ ფლობს არანაირ მონაცემს, მისი ფუნქცია იმის გაკონტროლებაა, თუ რამდენად კანონიერად გროვდება და მუშავდება მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები. რა ინფორმაციას ფლობენ ჩვენ შესახებ სახელმწიფო, საჯარო სტრუქტურები თუ კერძო და იურიდიული პირები და რა უფლებებს გვანიჭებს კანონი ჩვენივე საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვისთვის, თუმცა ჯერჯერობით ჩვენი პირადი ცხოვრება ბატკანივით დაუცველია. საკითხს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი განგვიმარტავს.

 

– რა ტიპის ინფორმაციას გულისხმობს ადამიანზე პერსონალური მონაცემები?

– პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი მონაცემი მოქალაქეზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ იძლევა ადამიანის იდენტიფიცირების შესაძლებლობას: სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, საბანკო ანგარიშის ნომერი, თანხის ოდენობა ამ ანგარიშზე, ავტობიოგრაფია, ფოტოები, ვიდეოჩანაწერები და ასე შემდეგ.

– ანუ ყველანაირი ინფორმაცია, რაც კი კერძო თუ სახელმწიფო უწყებაში დამიტოვებია ჩემ შესახებ?

– დიახ, ეს მონაცემები შეიძლება თავმოყრილი იყოს ერთად ან სხვადასხვა უწყებაში. არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, რითაც შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ეს მონაცემი უკავშირდება ადამიანს, არის პერსონალური მონაცემი. მთავარი ფოკუსია ადამიანი. პერსონალური მონაცემი აქვს ადამიანს, იურიდიულ პირს აქვს სხვა ტიპის მონაცემები. ჩვენი ერთადერთი მთავარი ფუნქციაა, გავუწიოთ ზედამხედველობა ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვასა და მათი დამუშავების კანონიერებას. ჩვენ არ ვართ მაკონტროლებელთა მაკონტროლებელი, ჩვენ ვიცავთ ადამიანის უფლებებს, თუ ადამიანები ჩათვლიან, რომ მათი მონაცემები სადღაც უკანონოდ ინახება, ვინმე მათ მოიპოვებს უკანონოდ, არაპროპორციულად და ასე შემდეგ.

– ვინ არიან ამ პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებლები?

– ყველა, ვინც ამუშავებს მონაცემებს: იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება ან ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს პირადი მიზანი. თქვენ გექნებათ თქვენი მეგობრების უამრავი ფოტო პირადი მოტივით.

– ჩვენ ვიცით, რომ არსებობს მონაცემთა ბაზები, სადაც მოქალაქეების შესახებ უამრავი ინფორმაციაა და ეს გასაგებია, რომ უკავშირდება სახელმწიფოს უსაფრთხოებას, სხვადასხვა დონის თანამდებობის პირს აქვს სხვადასხვა დონის წვდომა ამ მონაცემებთან. ვის და რა დოზით აქვს ამ მონაცემების გაცნობის უფლება?

– კანონი ამბობს, რომ მონაცემთა დამმუშავებელმა მონაცემები უნდა დაამუშაოს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც სჭირდება კანონით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და კანონის მიერ დადგენილი მოტივით. კანონი განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების დაახლოებით 12 საფუძველს, მათ შორის, თუკი მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია პირდაპირ კანონით, მაგალითად, საარჩევნო სიის შედგენისას. მეორე საფუძველია, თუ არსებობს ადამიანის თანხმობა, ვთქვათ, ატარებთ სოციოლოგიურ გამოკვლევას და მოქალაქე თავისი ნებით გაწვდით ამ მონაცემს. მონაცემთა დამუშავება შეიძლება, ასევე, მოქალაქისთვის მომსახურების გაწევისას: თუ თქვენ გინდათ პასპორტის გამოცვლა, თქვენი მონაცემები უნდა დამუშავდეს. ანუ კანონი განსაზღვრავს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის იმ ჩარჩოს, თუ როგორ და რა მოცულობით უნდა დამუშავდეს ადამიანის პერსონალური მონაცემები. მიზანი უნდა იყოს კანონიერი, სამართლიანი და არ უნდა იწვევდეს ადამიანის ღირსების შელახვას.

– ვინ ამოწმებს არის თუ არა კანონიერი, სამართლიანი და მილახავს თუ არა ღირსებას?

– აი, სწორედ ეს არის ჩვენი ფუნქცია. სასამართლომაც შეიძლება, შეამოწმოს იგივე, მაგრამ დამატებითი მექანიზმი შექმნა ევროპულმა გამოცდილებამ და თქვა, რადგან სასამართლოში ბევრი საქმეა და აქ კი სისწრაფე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვით შესაძლოა, ბევრი ზიანი მოგადგეთ როგორც მატერიალური, ისე მორალური: საჭიროა დაცვის სხვა მექანიზმიც. ახლახან გაიხსნა კიბერდანაშაული, როდესაც მზადდებოდა ყალბი პლასტიკური ბარათები, რითაც მოქალაქეები იღებდნენ მატერიალურ ზარალს. ჩვენ დანაშაულს არ ვიძიებთ, მაგრამ შეგვიძლია, მოვახდინოთ ფაქტის იდენტიფიცირება თუ ამა თუ იმ მოქალაქის პერსონალური მონაცემები უკანონოდ გამოიყენეს, მოვახდინოთ სწრაფი რეაგირება და, თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, ვაცნობოთ სამართალდამცველ ორგანოებს. მეორე ასპექტია მორალური ზიანი: ჩვენ ვერ ავანაზღაურებთ მორალურ ზიანს, ეს სასამართლოს პრეროგატივაა, მაგრამ, თუ თქვენი მონაცემები გამჟღავნდა უკანონოდ და გინდათ, რომ ისინი წაიშალოს და განადგურდეს, მოგვმართავთ განცხადებით და ჩვენ ვახდენთ რეაგირებას. შემდეგ, შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება, სასამართლოს გზით მოითხოვოთ მორალური ზიანის კომპენსაცია.

– ვინ ადგენს, რა ტიპის პერსონალური ინფორმაციის გავრცელებაა აკრძალული?

– თავისი პერსონალური მონაცემების მესაკუთრე არის ის ადამიანი, რომელსაც ეკუთვნის ეს მონაცემები. ამდენად, მე უნდა განვსაზღვრო, რის გავრცელება მინდა და რის –  არა.

– ვთქვათ, გამოქვეყნდა წვეულების ამსახველი ვიდეო ან ფოტომასალა და მე არ მინდოდა, რომ გამჟღავნებულიყო ჩემი იმ წვეულებაზე ყოფნის ფაქტი?

– მთავარია, რომ თქვენ არ გინდოდათ, ეს გამხდარიყო საჯარო საგანი. ამას გარდა, არსებობს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებიც, რომლებიც დაცვის მაღალი ხარისხით სარგებლობს. მაგალითად, ჯანმრთელობის მონაცემები. თქვენ არ გინდოდათ, რომ თქვენი სამედიიცნო ისტორია გასცდენოდა სამედიცინო დაწესებულების ფარგლებს. იგივე ეხება ნასამართლობის შესახებ ინფორმაციასაც. თქვენ არ გინდათ, რომ თქვენმა დღევანდელმა დამსაქმებელმა იცოდეს, რომ ოდესღაც იყავით ნასამართლევი, მიუხედავად იმისა, რომ ნასამართლობა მოგეხსნათ. იგივე ეხება თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებსაც, რელიგიურ მრწამსსა და ეთნიკურ წარმომავლობას. თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე და, სულაც არ გინდათ, ვინმემ იცოდეს, წარსულში რა ხდებოდა. თქვენი გადასაწყვეტია, გინდათ თუ არა თქვენი ეთნიკური წარმომავლობის შესახებ მონაცემების გამჟღავნება, თუ არ ხართ საჯარო ფიგურა. იმიტომ რომ საჯარო სფერო გამონაკლისია. როდესაც ადამიანი არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, მას აქვს თმენის უფრო მაღალი ვალდებულება და მათ მიმართ ნაკლები შეზღუდვა მოქმედებს, მაგალითად, თქვენს ქონებას არავინ ეძიება, მაგრამ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები საჯაროა. ეს კანონი უფრო მეტად ორიენტირებულია რიგითი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, როგორ ეპყრობიან მათ მონაცემებს.

– გასაგებია, რა ტიპის ინფორმაცია აქვს, ვთქვათ, იუსტიციის სახლს; ბანკს, რომელშიც მაქვს ანგარიშები, მერიცხება ხელფასი და ვსარგებლობ პლასტიკური ბარათით –  იცის, სად რა შევიძინე როგორ ფასად; პოლიციამ იცის, რა დავარღვიე და რამდენი გადავიხადე ჯარიმა; საბაჟომ –  რამდენჯერ გადავკვეთე საზღვარი; შესაბამისმა კომპანიებმა –  რამდენს ვიხდი კომუნალურ გადასახდელებში და ასე შემდეგ. ეს ინფორმაცია სად არის თავმოყრილი ერთიანად და ამას გარდა, რა ტიპის ინფორმაციაა კიდევ?

– არ მგონია, არსებობდეს ასეთი ერთიანი ბაზა, სადაც მოქალაქეების შესახებ ყველა მონაცემია. შეიძლება, კონკრეტული პიროვნებების შესახებ რაღაც კონკრეტული ინფორმაცია გროვდებოდეს კონკრეტული სტრუქტურების მიერ. შეიძლება, კონკრეტული ადამიანი გახდეს საგამოძიებო სტრუქტურების თვალთვალის ან ინფორმაციის შეკრების ობიექტი. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: ეს კანონი არ არეგულირებს ოპერატიულ-სამძებრო, საგამოძიებო საქმიანობისთვის, სასამართლოში წარდგენილ საქმეებზე და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მონაცემების დამუშავებას. ეს კანონი არეგულირებს სამოქალაქო სფეროს.

– ანუ, თუ შეხება მექნა საგამოძიებო ორგანოებთან, ეს კანონი ჩემს დამცველად ვერ გამოდგება?

– იქ სხვა კანონმა უნდა დაგიცვათ და საუბარია იმაზე, როგორ უნდა გაუმჯობესდეს იმ სფეროში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გარკვეული დოზით კონტროლი. განისაზღვროს ჩარჩო, რომ ძალიან დიდი აცდენა არ იყოს სამოქალაქო და არასამოქალაქო სექტორებს შორის.

– თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჩვენ უამრავ ინფორმაციას საკუთარი ნებით და სიხარულით გავცემთ ჩვენ შესახებ.

– ეს კიდევ ცალკე თემაა, რადგან საჯარო სფეროდან მონაცემთა დამუშავება ნებადართულია, თუმცა სხვა საკითხია, რომ ის, რასაც ეუბნებით თქვენს 200 მეგობარს, გინდათ თუ არა, რომ საჯაროდ გავრცელდეს. თუმცა ჩვენ თვითონ ძალიან დიდი დოზით ვასაჯაროებთ საკუთარ მონაცემებს. ამას წინათ საინტერესო ექსპერიმენტი ვნახე: ერთ-ერთი უცხოელი ჟურნალისტი შეხვდა რამდენიმე ადამიანს, რომელთა შესახებ ინფორმაცია ამოიკითხა სოციალურ ქსელებში და ისინი დაიბნენ, საიდან იცოდა უცხო ადამიანმა ამდენი რამ მათზე. ბუნებრივია, ტექნოლოგიების განვითარებას, გლობალიზაციას, სოციალური ქსელების ფართოდ გავრცელებას მოჰყვება გარკვეული საფრთხეები და, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ადამიანს არ უნდა, გახდეს დაკვირვების ობიექტი ყოფით ურთიერთობაში, იცოდეს, რა მინიმალური ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ უფრო მეტად დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და პირადი სფერო.

– და რა ნაბიჯები უნდა გადადგან საამისოდ?

– პირველი, რაც საჯარო და კერძო დაწესებულებების შემთხვევაშია მნიშვნელოვანი, არის თანხმობის თემა: მე უნდა ვიცოდე, რისთვის გაძლევთ ამ  ინფორმაციას. მეორე, რაც, ასევე, უნდა ვიცოდე მოქალაქემ, არის ის, რომ, როდესაც ვაძლევ თანხმობას მონაცემთა დამუშავებაზე, შემიძლია, ეს თანხმობა ნებისმიერ დროს გამოვიხმო უკან. ასევე, მე შემიძლია, ვიცოდე, ვის რა მონაცემები აქვს ჩემ შესახებ. დავუკავშირდე ამა თუ იმ ორგანიზაციას, რომლებსაც ვვარაუდობ, რომ აქვთ ჩემი მონაცემები და ვთხოვო, გამაცნონ, რა ინფორმაცია აქვთ ჩემ შესახებ. აგრეთვე, გაქვთ უფლება, თუ ჩავთვლით, რომ თქვენი მონაცემები მცდარია, უკანონოდაა მოპოვებული, მოითხოვოთ მათი წაშლა ან დაბლოკვა.

– ვინ მიდასტურებს ეჭვს, რომ უკანონოდაა მოპოვებული?

– ეს უკვე ჩვენი ფუნქციაა. თქვენი განაცხადისა თუ მედიიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ თვითონაც შეგვიძლია, შევაფასოთ, იყო თუ არა კანონიერად მოპოვებული ესა თუ ის ინფორმაცია. ამავე დროს, ჩვენი ფუნქციაა კონსულტაციის გაწევაც შესაბამისი ორგანოებისთვის, რადგან ჩვენთან არ არსებობს სხვისი პერსონალური მონაცემების დაცვის ტრადიცია. მეორე მხრივ, პერსონალური მონაცემების დამუშავება შეიძლება ემსახურებოდეს ძალიან კარგ მიზნებს: მომსახურების გაუმჯობესებას, ახალი პროგრამების, ხარისხიანი პროდუქტის შექმნას. ამას ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს, მაგრამ ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ეს არ ხდება მათი უფლებების შელახვის ხარჯზე.

– ეს მოსაბეზრებელი სატელეფონო გზავნილები როდის შეწყდება მობილურ ტელეფონებზე?

– ამ თვალსაზრისით, არსებობს საკანონმდებლო პრობლემაც. ისეა დაწერილი კანონი პირდაპირი მარკეტინგის შესახებ, რომ, არ გვაძლევს ინსპექტირების საშუალებას, შევამოწმოთ და დავადგინოთ, საიდან მოხვდა თქვენი მობილურის ნომერი მათთან.

– მაგრამ შემიძლია, მივმართო და ვიკითხო, საიდან აქვთ ჩემი ნომერი?

– დიახ, მაგალითად, ზოგიერთმა კომპანიამ დაამატა თავისი ნომერი, რომელზეც შეგიძლიათ, დარეკოთ, თქვენი მობილურის ნომერს ამოიღებენ და აღარ მოგივათ შემოთავაზება მობილურ ტელეფონზე. მაგრამ საკანონმდებლო პრობლემა რჩება. ჩვენ უკვე მოვამზადეთ პროექტი და, ალბათ, მთავრობა მოახდენს მის ინიცირებას პარლამენტში. როგორც კი გადაიჭრება საკანონმდებლო პრობლემა, მოგვარდება ინსპექტირების პრობლემაც.

– თუ მოგმართეს უკვე მოქალაქეებმა და, ძირითადად, რას უჩივიან?

– მიღებული გვაქვს 12 განაცხადი და ძალიან ბევრი გვიკავშირდება კონსულტაციისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროება. მოქალაქეები მოითხოვენ, შეწყდეს მათი მონაცემების დამუშავება, მოხდეს საჯაროდ განთავსებული მათი მონაცემების წაშლა. ზოგიერთს აქვს ეჭვი, რამდენად კანონიერი იყო ის ვიდეოჩანაწერი, რომელიც მათ ეხებოდათ. კანონი სპეციფიკურად არეგულირებს იმავე ვიდეოთვალთვალის პროცესს. უნდა იყოს განსაზღვრული, რამდენად მიზანშეწონილია ამ მეთოდის გამოყენება.

– გარშემო არის უამრავი ვიდეოკამერა კერძო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულებებზე, ქუჩაში. ეს ძალიან კარგია უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაგრამ გასცემს ინფორმაციას ჩემი გადაადგილების შესახებაც.

– როდესაც შევდივარ ვიდეოკონტროლირებად ტერიტორიაზე, მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია.

– მაქვს, მაგრამ, ვთქვათ, მოვიტყუე ყოფით ურთიერთობაში, რომ არ ვიყავი აფთიაქში, ამ დროს კი ვიყავი.

– ვიდეოჩანაწერი უნდა ინახებოდეს იმ ვადით, რა ვადითაც არის მიზანშეწონილი. თუ მიზანი ობიექტის უსაფრთხოებაა, იმ დღეს კი არაფერი დაკარგულა, ისე დაიხურა ოფისი, ეს მონაცემები უნდა წაიშალოს. კანონი ადგენს, რამდენ ხანს უნდა ინახებოდეს ჩანაწერი, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. იმავდროულად, მონაცემები შეიძლება იყოს დეპერსონალიზებული: თუ თქვენი ვინაობა არ არის მითითებული და იდენტიფიცირება შეუძლებელია, არანაირი პრობლემა არ არის არც ამ მონაცემების დამუშავება და არც უვადოდ შენახვა.

 

скачать dle 11.3