რა ორი არჩევნის წინ დგას საქართველო და რატომ არის ერთი მეორეზე უარესი
მართალია, „ნატოზე“ უარი გვითხრეს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე (თუმცა წევრობის სურვილი ჩვენი მხრიდან ისევ ძალაშია), მაგრამ, სამაგიეროდ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერას ივნისამდე ან უფრო ადრეც გვპირდებიან. ასეა თუ ისე, მაგალითად, რუსეთში სომეხთა დიასპორის პრეზიდენტი აგასი არაბიანი აცხადებს, რომ, თუკი საქართველო აირჩევს „ნატოსა“ და ევროკავშირს, რათა ჩვენს იდენტობას საფრთხე არ შეექმნას, ჯავახეთს კულტურულ-ეკონომიკური ავტონომია უნდა მიენიჭოსო. მეორე მხრივ, რუსულ პრესაში აქტიურად ჩნდება ინფორმაცია საქართველოს მომავალი ფრაგმენტაციის შესახებ, რისი საფრთხეც, თურმე, ევროსტრუქტურებში გაწევრიანების სურვილის პირდაპირპროპორციულია. ამის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს სულ უფრო და უფრო ბევრი მოქალაქე იღებს რუსეთის ფედერაციის პასპორტებს, ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ რუსეთის მოქალაქე ნიშნავს რუსეთის ჯარის შემოსვლას, როცა იმ მოქალაქეს მოუნდება ან მოანდომებენ, საფრთხის მასშტაბი ადვილად წარმოსადგენია. აქვე გეტყვით, რომ რუსეთის მოქალაქეობის სინდრომი გავრცელებულია არა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოსა და საქართველოს სხვა ნაწილებშიც არ უჩივიან მის სიმწირეს. საიდან უნდა ველოდოთ ვითარების გართულებას, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მამუკა არეშიძესთან ერთად შევეცდებით.
– რა მიმართულებებით იმოქმედებს რუსეთი ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერამდე?
– ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, განსაკუთრებული გართულება არ იქნება, მით უმეტეს, როდესაც ტიგრან სარგისიანი, სომხეთის პრემიერი, აცხადებს, რომ სომხეთი ევროკავშირთან ასოცირების პოლიტიკურ ნაწილს მოაწერს ხელს.
– და ფიქრობთ, რომ სომხეთი ამას შეძლებს? საყოველთაოდაა ცნობილი, რომ სომხეთის სახელმწიფოებრიობა საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია, იმას გარდა, მოინდომებს თუ არა ევროკავშირი საბაჟო კავშირის მსურველთან ასეთი შეთანხმების გაფორმებას?
– ეს მეორე თემაა. ასე დავსვათ საკითხი, ივლის თუ არა ამ გზით სომხეთი? შეიძლება, ვაჭრობისთვის გამოიყენოს და ბოლოში გაჩერდეს, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა, მაგრამ, იურიდიული თვალსაზრისით, შეძლებს. დავუბრუნდეთ იმას, თუ რა ტიპის საფრთხეები არსებობს საქართველოში რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით: ჩვენ გვაქვს ასეთი ეჭვის უფლება, რადგან რუსეთმა თამაშის ისეთი წესი შემოიღო, როდესაც ის რუსეთის მოქალაქეებს იცავს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე. ეს ნიშნავს, რომ იცავს, როცა უნდა. რადგან, მაგალითად, აფხაზეთში რუსეთის 4 000 მოქალაქე ითხოვს სამართლიანობის აღდგენას, რომლებიც აფხაზებმა ბინებიდან გამოყარეს, მაგრამ იქ ეს კანონი არ მუშაობს. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რუსულ-აფხაზური შერეული კომისია ამ საკითხების მოსაგვარებლად ძალიან ცოტა რამ გაკეთდა. რამდენიმე ადამიანის საქმე გადაგზავნეს სასამართლოში განხილულებიდან, ყველას საქმე განხილულიც კი არ არის. ამდენად, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, რუსეთს შეუძლია, მალაიზიაშიც დაიცვას კონკრეტული რუსი მოქალაქეების უფლებები, თუ ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ. სხვათა შორის, რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქე ცხოვრობს მაიამიში და ამ კანონით, რუსეთს მაიამის მიერთებაც შეუძლია. ერთი სიტყვით, სადაც დასჭირდება, იქ გამოიყენებს და ამიტომ არიან შეშფოთებულები ბალტიისპირეთის ქვეყნები. იცით, რომ ლატვიის დედაქალაქ რიგის მოსახლეობის ერთი ნაწილი არ არის ლატვიის მოქალქე, არიან რუსეთის მოქალაქეები. რუსეთის მოქალაქეები კი იმიტომ არიან, ლატვიამ არ მოინდომა ასე, თუმცა ახლა ხვდებიან, რა შეცდომაც დაუშვეს. რუსეთის ხელისუფლებამ მომგებიანი პოლიტიკური ფორმატი შექმნა, როდესაც თავის მოქალაქეებს იცავს იარაღით და არმიით.
რაც შეეხება საქართველოს; საქართველოში რუსეთის მოქალაქეები გაფანტულები არიან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე: აჭარა, სამეგრელო, ყაზბეგის რაიონი, თბილისი, ქვემო ქართლი და ჯავახეთი. მაგრამ, პოლიტიკური კონიუნქტურის თვალსაზრისით, რუსეთისთვის მომგებიანია ჯავახეთი და ყაზბეგის რაიონი.
– ყაზბეგელების იმედი არ გვაქვს?
– ეს სხვა საკითხია: ეს არის კოდის ქვაბულისა და თრუსოს ხეობის საკითხი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების ნაწილს მჭიდროდ ეკვრის ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორია. სოფელ მლეთის ბოლო სახლიდან 20 მეტრია „სამხრეთ ოსეთის“ „საზღვრამდე“. ეს საბჭოთა დროს განსაზღვრული ადმინისტრაციული საზღვარია. ქედზე კი არ გაიყვანეს, არამედ – ფერდობზე. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, რუსეთს შეუძლია ვარირება სხვადასხვა ადგილას. რატომ არ შეუძლია აჭარაში ან სამეგრელოში, თუ მოინდომა?!
– აჭარაში ნაკლებად მგონია, თუნდაც იმიტომ რომ თურქეთს თავისი ინტერესი აქვს.
– ყარსის ხელშეკრულებით ასე მარტივად არ არის, კარგად უნდა გადახედოთ ყარსის ხელშეკრულებას, რომელსაც, სხვათა შორის, 2021 წელს გასდის ვადა. ამბობენ, გააგრძელა სააკაშვილმაო, მაგრამ მე ის დოკუმენტი არ მინახავს. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით კი 2021 წელს იწურება მისი მოქმედების ვადა.
– და ავტონომიას გავაუქმებთ?
– ავტონომიის გაუქმება ისედაც შეიძლება, თუ ხალხმა მოითხოვა და რეფერენდუმი ჩაატარა.
– მერედა, ჩავატაროთ. მგონია, რომ ყარსის ხელშეკრულება კარგად მაქვს წაკითხული: ავტონომიის გასაუქმებლად საჭიროა 5-ვე ხელმომწერი სუბიექტის თანხმობა და თურქეთს აქვს მთელი რიგი სავაჭრო უპირატესობები, რაც მას აქამდე არ გამოუყენებია.
– აბსოლუტურად მართალი ხართ, იურიდიული თვალსაზრისით, ავტონომიის გაუქმება შეუძლიათ გარანტორებს, მაგრამ ხალხის ნება-სურვილით; რაღაც დროის გასვლის შემდეგ იურიდიული დოკუმენტი ძალას კარგავს. წარმოიდგინეთ, მოსახლეობის 80-მა პროცენტმა რომ მოითხოვოს ავტონომიის გაუქმება?! ერთი სიტყვით, რუსეთს ყველგან შეუძლია ამის გაკეთება, გგონიათ, თბილისში არ შეუძლია?!
– და რას გააკეთებს მერე თბილისში? შემოვა და რა?!
– დაიცავს თავისი მოქალაქეების უფლებებს.
– და იმ ქართველებისა თუ არაქართველების, რომლებსაც აქვთ რუსული პასპორტები, საცხოვრებელ სახლებს მიიერთებს?
– საქართველოს ფრაგმენტაცია თუ მოხდება, ამაში მთავარი დამნაშავე იქნებიან ქართველები და არა ვინმე სხვა. არ არის საქმე სომხებში: ქართულმა ისტორიოგრაფიამ შემოინახა, რომ არარატიანცმა კარი გააღო და ის მართლაც ცნობილი ჯაშუში იყო, მაგრამ ამასობაში დაგვავიწყდა თბილისის ამქარი, რომელთა შორის ბევრი თბილისელი სომეხი იყო, რომლებიც კრწანისის ბრძოლაში ქართველებთან ერთად დაიღუპნენ. თუ საქართველოს ფრაგმენტაცია შედგება, პირველი გამყიდველი იქნება ქართველი. ორჯონიკიძე არ იყო ქართველი, ფილიპე მახარაძე თუ მიხა ცხაკაია?! მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ არ შეიძლება ერთ ეთნოსზე კონცენტრირება და დავიწყება იმ დანაშაულის, რომლებიც ქართველებმა ჩაიდინეს და კიდევ ჩაიდენენ, საქმეს ისე ეტყობა. რაც შეეხება რუსეთის გეგმებს: ჩავთვალოთ, რუსულ პოლიტიკაში არსებობს საქართველოს ფრაგმენტაციის რამდენიმე ვარიანტი. აი, ამ კონტექსტშია ჯავახეთისა და თრიალეთის საკითხი.
– ოსები ხომ არ ცხოვრობენ თრიალეთში?
– არა, მაგრამ, ისინი გააძევეს გამსახურდიას დროს. ამავე კონტექსტშია მეგრელებისა და სვანების არაქართველობის საკითხი, აჭარის საკითხი, რომელიც ფაქიზი თემაა. ქვემო ქართლის საკითხი და კიდევ ერთი სერიოზული პაკეტი, რომ საქართველოს ამ ფორმით ბოლო ექვსი საუკუნის განმავლობაში არ უარსებია და ეს ჩვენ შევქმენითო.
– ხშირად მომისმენია რუსი პოლიტოლოგებისგან, დაგტოვებთ ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიით, როგორც მიგიღეთ გეორგიევსკის ტრაქტატითო.
– ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ ნიკო დადიანმა თავისი უფლებები სამეგრელოზე ერთ მილიონ მანეთად გადასცა რუსეთის იმპერატორს; რომ აფხაზეთი ცალკე შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, გურია – ცალკე, სოლომონი აიძულეს, მაგრამ იმერეთიც ცალკე შევიდა. სამცხე-ჯავახეთი და აჭარა ჩვენ დავუბრუნეთ საქართველოსო, რაშიც ვერ იტყვი, რომ არ არიან მართლები. თუ საერთაშორისო დოკუმენტებზე მიდგა საქმე, ასე იქნებაო.
– ჩვენც ვიბრძოდით აჭარისა და სამცხის დასაბრუნებლად და საერთოდაც, საზღვარი იქ გადის თურქეთთან, სადამდეც ჩვენი ჯარი მივიდა იმ დღეს, როცა ზავი დაიდო.
– ჩვენც კი არა, ჩვენ ვიბრძოდით, თუ ვიბრძოდით და უამრავი ადამიანი შეაწყდა ახალციხის აღებას. მაგრამ ეს ყველაფერი არის ისტორიული კამათის თემა. როცა იწყებენ მუჰაჯირობაზე ლაპარაკს, კავკასიელებს არ ესმით, რომ მუჰაჯირობა დაიწყო საქართველოდან და არა ჩრდილო კავკასიიდან, როდესაც 1828-1829 წლებში ოსმალეთის იმპერიაში გაასახლეს მუსლიმანი ქართველები. ეს კამათის თემაა, უბრალოდ, მათ მოჰყავთ ასეთი არგუმენტი. ესეც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ისინი ასე არ ელაპარაკებიან, მაგალითად, ყაზახეთს, სადაც არსებობს სემირეჩინსკის რაიონი, რომელიც არასდროს ყოფილა ყაზახეთის კონტროლის ქვეშ ფეოდალურ დონეზეც კი. ეს იყო კაზაკებით დასახლებული ძირძველი რუსული რაიონი, რომელზეც მანამდე არაყაზახური ტომები მომთაბარეობდნენ. არაფერს ეუბნებიან უზბეკებს, ყირგიზებს, თურქმენებს, რომლებსაც თვითონ შეუქმნეს სახელმწიფოები. ელაპარაკებიან მათ, ვისთანაც პრობლემები აქვთ. რა არის პრობლემა ჩვენს შემთხვევაში? რუსეთი ამბობს, რომ საქართველო არ უნდა იყოს „ნატოს“ წევრი. თუ საქართველო არ იქნება „ნატოს“ წევრი, მაშინ ვინ დაგვიცავს, ვინ აღადგენს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას? ამაზე პასუხი მოსკოვში არ აქვთ.
– რატომ? მე მომისმენია ჩემი რუსი რესპონდენტებისგან, რომ ევრაზიულ კავშირში არ იქნება საზღვრები, ერთიან დიდ ოჯახად ვიცხოვრებთ, სადაც ცხინვალის რეგიონიც იქნება და აფხაზეთიცო.
– მაგრამ ეს პასუხი არ არის. ეს არის თავის არიდება პასუხისგან. პასუხი იქნებოდა, თუ იტყოდნენ, დაიწყეთ ევრაზიულ კავშირში შესვლის დოკუმენტზე ხელმოწერა, მაშინვე ხელს ავიღებთ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მხარდაჭერაზე და თქვენ თვითონ მოაგვარეთ ეს საკითხი. აღადგინეთ კონსტიტუციური წესრიგი, ოღონდ ისე, რომ არ მოაწყოთ ეთნოწმენდა და გენოციდი. აი, ეს იქნებოდა პასუხი.
– რომელსაც არ ამბობენ.
– და რადგან არ ამბობენ, ბუნებრივია, ვინც უკეთეს პირობებს გთავაზობს, მასთან მიდიხარ. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილი ამ ეტაპზე ჩვენთვის უკეთესი ვარიანტი არ არის.
– მაგრამ არც კოლიბაქტერიებიანი პროდუქციის ჭამა მინდა და არც ამ კოლიბაქტერიებიან გარემოში ცხოვრება, ოდესმე ხომ უნდა დავიწყოთ ამის გამოსწორება?
– რასაკვირველია, ეკლოგიურად მომზადებული პროდუქცია იქნება პრიორიტეტი და ჩვენ გვაქვს ღვინის გამოცდილება, სანამ არ აკრძალა რუსეთმა, ღვინის ხარისხი არ გამოვასწორეთ, მანამდე ვუშვებდით მთხლეს.
– ახლა მივირთმევთ მთხლეს, თუმცა გემრიელს.
– დიახ და ასოცირების ხელშეკრულება გვაიძულებს, ის რესურსი გამოიყენოთ და პროდუქტი გამოვასწოროთ, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა დღეს არ არის მზად ევროკავშირთან თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობისთვის. უკრაინამ რატომ არ მოაწერა ხელი ეკონომიკურ ნაწილს? იმიტომ რომ ეს გამოიწვევდა უამრავი ფაბრიკა-ქარხნის დახურვას. ჩვენთან არაფერი არ გაკეთებულა და იძულებულები გავხდებით, გავაღოთ უცხოური პროდუქციისთვის კარი და არაფერი ვაწარმოოთ ჩვენ თვითონ. ყოველთვის მომყავს ხოლმე რუმინეთისა და სლოვენიის მაგალითი. რუმინეთი წავიდა ასეთი გზით: თავისი არაფერი, ყველაფერი სხვისი, ამიტომაც რუმინეთი დაქცეულია. სლოვენიამ კი ჯერ წელში გაამაგრა თავისი ეკონომიკა, მერე შევიდა ევროკავშირში და შესანიშნავი ქვეყანაა. ევროკავშირის პლუსები გამოიყენა და თავისი პლუსები დაამატა. რუმინეთმა თავის მინუსებს ევროკავშირის მინუსები დაამატა. თუმცა აქ არის მეორე საკითხი. გვაქვს შემდეგი ვარიანტები: რუსეთი არ იძლევა გარანტიას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება; ამ გარანტიას არ იძლევა არც დასავლეთი; აბა, რა უნდა ვქნათ? ვარიანტი გვაქვს შემდეგი: ან წავიდეთ დასავლური გზით და დაველოდოთ რუსეთის ეკონომიკურ დაჩაჩანაკებას, ან ჩავყვეთ რუსეთს ამ ეკონომიკურ დაჩაჩანაკებაში. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რომელ გზას აირჩევს.
– ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილის ხელმოწერა არის ერთგვარი დაცვის გარანტია?
– არა, ეს არ არის იმ ტიპის დოკუმენტი, რომელიც დაგიცავს. დღევანდელ მსოფლიოში დაგიცავს მხოლოდ კარგად შეიარაღებული არმია.
– „ნატოს“ ამბავი გაირკვა: სექტემბერში მაფს არ მოგვცემენ; თეორიულ ვერსიას ვიტყვი: შესაძლებელია, ამერიკის სამხედრო ბაზები რომ განთავსდეს ზუგდიდსა და გორში, ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია?
– უსაფრთხოების გარანტია არის მხოლოდ „ნატო“. უსაფრთხოების ორი სისტემა არსებობს: „ნატო“ და „ოდეკაბე“ და, მესამე – ნეიტრალიტეტი.
– ოღონდ ამაზე ისინი უნდა შეთანხმდნენ.
– შენი ნეიტრალიტეტის გარანტები უნდა იყვნენ დიდი სახელმწიფოები.
– რომლებიც იოლად ხევენ ამ გარანტიებს.
– სხვათა შორის, ტრადიციული ნეიტრალიტეტის მქონე ქვეყანა შვეიცარია ევროპაში ყველაზე მილიტარიზებულია. 600 000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავთ. 100 000 არის მუდმივ ჯარში, 500 000 – მუდმივ რეზერვში, ისე, რომ იარაღი სახლში აქვთ, არა მხოლოდ მსუბუქი, არამედ საბრძოლო მანქანებიც კი. რადგან იციან, რომ მათი ნეიტრალიტეტი ვერ იქნება აბსოლუტური.