ალჩუზე დასმის მოლოდინში
ძველი აღთქმის კვალდაკვალ
ის-ის იყო, გვეგონა, რომ კოჭი, როგორც იქნა, ნანატრ ალჩუზე გვიჯდებოდა, ჩვენი სულზე უტკბესი ოკეანისგაღმელი პარტნიორის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მსოფლიო საზოგადოებას აუწყა, რომ სექტემბერში ვერც უკრაინა და ვერც საქართველო „ნატოში“ ვერ გაწევრიანდებიან.
თუმცა ამის პარალელურად, ევროკავშირი გვპირდება, რომ ასოცირების შეთანხმებაზე ხელს ახლა უკვე ივნისამდე ან იმაზე უფრო ადრე მოგვაწერინებს. ერთი ისაა, რომ ჩვენი პოლიტსპექტრი ვერ შეთანხმებულა ხელმომწერის ვინაობაზე: პრემიერ-მინისტრი იქნება ეს, პრეზიდენტი თუ, სულაც, საგარეო საქმეთა მინისტრი. ადვილი მისახვედრია, რომ სამივეს სურს ისტორიის ფურცლებზე მოხვედრა საკუთარი გვარ-სახელის უკვდავსაყოფად (და მერე რა, რომ მთავარი ქვეყნის ბედია და არა კონკრეტული პერსონის იდენტიფიცირება – ), თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამ სამყაროში მოვლენები ელვის უსწრაფესად იცვლება, შეიძლება, ისეც მოხდეს, ბავშვი ჯერ არ დაბადებულიყო და აბრაამს არქმევდნენო.
აბრაამს თუ „ნატოს“, ყოველ შემთხვევაში, ის მაინც ვიცით დაზუსტებით, რომ „ნატოს“ გარეშე მოგვიწევს რფ-სთან ჭიდაობა (პათოსით: „ვირი ვარ თუ ვირის პატრონი“). თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყირიმის მიერთებამდე რფ-ის პრ. პუტინი გვარწმუნებდა, ყირიმში ჯარის შეყვანას არ ვაპირებო, რეალურად კი, ბაზებიდან საკუთარი ჯარიც გამოიყვანა და ყირიმიც თავისთან შეიყვანა, არ არის გამორიცხული, მისი ბლიც-კრიგი ობამამაც გაიმეოროს (გამოუსწორებელი ოპტიმისტის ლოგიკით).
მეორე მხრივ, თუ ბიბლიური სიბრძნით ვიმსჯელებთ (ხელს ის უშვებს, ვისაც უყვარს, თუმცა თავს ვერ დავდებ, რომ ძველი აღთქმა ბ-ნი ობამას სამაგიდო წიგნია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას), შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ამ უკანდახევით (როცა ორმხრივ სიგიჟეს კატასტროფა მოაქვს) რფ-ს აშშ-მა იმაზეც მიანიშნა, უკრაინასა და საქართველოს მეტს ნუღარ ავნებო (ისევ გამოუსწორებელი ოპტიმისტის ლოგიკიდან).