დეველოპერულმა კომპანიამ – „m2 უძრავი ქონება“ სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია და მის ფარგლებში განხორციელებული პირველი პროექტი წარადგინა
დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება,“ სამშენებლო პროექტების გარდა, სოციალურ პროექტებსაც წარმატებულად ახორციელებს. ამჯერად დეველოპერულმა კომპანიამ 126-ე საჯარო სკოლაში გაარემონტა და სრულად აღჭურვა კომპიუტერული კლასები, ბიბლიოთეკა, სამკითხველო, სპორტული მოედანი, სატრენაჟორო სივრცე. კომპანიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია გააცნეს და მის ფარგლებში განხორციელებული პირველი პროექტის პრეზენტაციაც მოაწყვეს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიზანია, ყველა მიმდინარე და სამომავლო დეველოპელური პროექტის ფარგლებში მშენებლობების მიმდებარედ იზრუნოს ადამიანებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. შემთხვევითი არ არის, რომ კომპანია აქცენტს სწორედ გარემოს დაცვაზე, ჯანსაღი გარემოს შექმნასა და საგანმანათლებლო კერების მხარდაჭერაზე აკეთებს. ეს პირველი პროექტია, რომელიც განათლების სფეროში კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ ნუცუბიძის ქუჩაზე სამშენებლო პროექტების მიმდებარედ, თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში განახორციელა. კომპიუტერული კლასების გარემონტება ავეჯით აღჭურვასათან ერთად, სამკითხველოსა და ბიბლიოთეკის საცავი, ხოლო სკოლის ეზოში სპორტული მოედანიც მოაწყო. აღსანიშნავია, რომ ბავშვები ყოველთვის აქცევენ ყურადღებას ხალისიან და კომფორტულ ინტერიერს. სწორედ მოსწავლეებისთვის შეიქმნა დიზაინი და გაფორმდა სამკითხველო.
ირაკლი ბურდილაძე („m2 უძრავი ქონების“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე): „m2-მა“ დაიწყო ახალი პროექტების განხორციელება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. პრიორიტეტი სამი მიმართულებაა, ესენია: ბუნების დაცვა, ბუნებაზე ზრუნვა, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა და ზრუნვა განათლებაზე. მინდა, წარმოგიდგინოთ ამ ფარგლებში განხორციელებული პირველი პროექტი, რომელიც 126-ე საჯარო სკოლაში გაკეთდა. აქ მოვაწყვეთ ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი; ბავშვებს, ასევე, მოვუწყვეთ სტადიონი და სატრენაჟორო სივრცე, სადაც ისინი ვარჯიშს შეძლებენ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სკოლას ახლად გახსნილი ბიბლიოთეკისთვის საჩუქრად გადავცეთ წიგნები.
მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ჩვენი სამშენებლო კომპლექსი აღჭურვილია პანდუსებით და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“.
ქეთევან აბულაძე (126-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი): „დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ ჩვენთან ძალიან კეთილშობილური მისიით შემობრძანდა – ავეჯით აღჭურვა ჩვენი ბიბლიოთეკა-სამკითხველო, გაგვიკეთა სტადიონი... ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსწავლეებისთვის – ისინი ესთეტიკურ გარემოში ისწავლიან, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში წიგნიერების ამაღლებას. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან წაადგება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვას. ჩვენ კი ამან დიდი სტიმული მოგვცა, განვახორციელოთ სხვადასხვა პროექტი, დავნერგოთ შემეცნებითი ღონისძიებები, სადაც წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაცია მოხდება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კომპანია „m2-ს“ დიდი მადლობა გადავუხადო როგორც ასეთი კეთილშობილური საქმის ინიციატორს და, იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება“.