რის მიხედვით არჩევს მონაწილეებს ნოე სულაბერიძე თავისი პროექტებისთვის და რა პასუხი აქვს მას „ორი ვარსკვლავით“ აღშფოთებულ მაყურებელზე
„ორი ვარსკვლავი“ – პროექტი, რომელსაც არა აზრთა სხვადასხვაობა, არამედ, კრიტიკის ცუნამი დაატყდა თავს პირველივე გადაცემის შემდეგ. როგორც პროექტის გენერალური პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე ყვება, მაყურებელთა დიდმა ნაწილმა გადაცემის არსი არასწორად გაიგო – ეს არ არის სასიმღერო კონკურსი, როგორსაც მიჩვეულები ვართ, ეს არ არის ტალანტ-შოუ. ეს გასართობი პროექტია, სადაც უნდა დაუმესიჯო იმას, ვინც უფრო მეტად პროგრესირებს და უფრო გართობს. როგორც ჩანს, ყველა ის ნიუანსი, რომელიც განსაკუთრებულ ხმაურსა და „ფეისბუქზე“ გადაჭრელებულ „ნიუს ფიდს“ იწვევს, ნოეს წინასწარ აქვს ჩაფიქრებული. ხალხი ლაპარაკობს, ხალხი იცინის და, მაინც, შოუს უამრავი მაყურებელი ჰყავს. ამის პარალელურად, ნოეს ჯგუფი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მომდევნო სეზონს იწყებს.
ნოე სულაბერიძე: ჩვენი გუნდის მიერ გაკეთებულ თითქმის ყველა პროექტს ყოველთვის თან სდევს მაყურებლის ნაწილის გაღიზიანება, დაწყებული ჯერ კიდევ „სიმართლის დროიდან“. შესაბამისად, გამოცდილება დაგვიგროვდა და, ზუსტად ვიცით, ამა თუ იმ ნაბიჯს რა მოჰყვება. ამ პროექტთან დაკავშირებითაც ხდება ის, რასაც ველოდით. მისი კეთების პროცესში თავიდანვე იყო ჩანაფიქრი, რომ ყოფილიყო რეზონანსული და ასეც მოხდა. ეს არის ბრიტანული შოუს ანალოგი და ფორმატი ითვალისწინებს კიდეც, რომ მონაწილეები ძალიან კარგად არ უნდა მღეროდნენ. პირიქით, მგონია, რომ ფორმატს გავცდი კიდეც და შედარებით უფრო კარგი სმენის მქონე მონაწილეები შევარჩიე, ვიდრე ეს ორიგინალ ვერსიაში იყო გათვალისწინებული – რაც უფრო უსმენოები არიან, მით უფრო სახალისოა შოუ და მით უფრო დიდია გამოხმაურება. მაგრამ, ჩვენ ამ ხაზს გადავუხვიეთ.
– რომელიმე ქვეყანაში უსმენო ადამიანების მოსმენა მოსწონთ?
– არა, უსმენო არა. რაღაც მონაცემი უნდა გქონდეს, მაგრამ, კარგად არ უნდა მღეროდე. პროექტი მოიაზრებს, რომ ტურიდან ტურამდე ვარსკვლავი სიმღერას უნდა სწავლობდეს. რაც აპრიორში გულისხმობს სმენის ქონას. ვერ დამისახელებ ვერც ერთ მონაწილეს, რომელსაც სმენა არ აქვს. თუ ვიღაცას რაღაც ეშლება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სმენა არ გააჩნია, უბრალოდ, სიმღერას სწავლა სჭირდება – ასე არ ხდება, რომ ფეხი დადგი სცენაზე და მომღერლის დონეზე იმღერეო. ჯერ ერთი, გამოცდილება აკლია ბევრს. სიმღერის სწავლა მცირე დროშიც შეიძლება. თუ ცეკვის სწავლაა შესაძლებელი, მით უმეტეს, უფრო შესაძლებელია სიმღერის სწავლა და, ვინც ამას უკეთესაც მოახერხებს, ის გაიმარჯვებს კიდეც.
– რატომ გადაწყვიტე ამ პროექტის გაკეთება?
– ახალ გადაცემაზე მინდოდა მუშაობა. „ცეკვები“ უკვე კარგად იცის მაყურებელმა, თავისი დონე უჭირავს და მას მაყურებელი ელოდება. ძველმა პროექტებმა თავიანთი რესურსი ამოჭამეს, ეს კი სრულიად ახალია. მაყურებელი ტალანტ-შოუებს არის მიჩვეული. ეს არ არის ტალანტ-შოუ, ეს მეგაფორმატის გასართობი შოუა.
– რა არის კრიტიკის ნიაღვრიდან ის, რასაც იღებ და რასაც კატეგორიულად არ იღებ?
– ზოგადად, კრიტიკას ყველანაირს ვიღებ, უბრალოდ, არ მიკვირს. ძალიან ბევრმა არ იცის, პროექტი რას მოიაზრებს და კრიტიკის ეს ტალღაც აქედან წამოვიდა. კრიტიკას არ და ვერ მივიღებ იმ ადამიანებისგან, ვისაც სუბიექტური დამოკიდებულებები ამოძრავებს. ძალიან ბევრი სტატუსი წავიკითხე თითქოს აღშფოთებული ადამიანის, რომლებსაც თუ ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვევდი, ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, პირველები მოცვივდებოდნენ. ვარსკვლავების ასეთ კრიტიკასა და ცინიზმს ვერ მივიღებ, მაგრამ, ამაზეც მეცინება. თუმცა, ცნობილ ადამიანებს შორისაც არიან ისეთები, რომელთა კრიტიკაც მისაღებია და „ფეისბუქზე“ ვეხმიანები კიდეც. პირიქით, მათი აზრი ჩემთვის საინტერესოა. იუმორით აღსავსე სტატუსებზე მეც ვიცინი, რადგან ვხვდები, რომ მათ პროექტის არსი ესმით და ერთობიან. პროექტში ჩადებულია იუმორის ელემენტები – მაინცდამაინც სიმღერას კი არ უნდა მოუსმინო, უნდა იხალისო და გაერთო.
– არიან მონაწილეები, ვინც იციან, რომ ძალიან კარგად არ მღერიან სცენაზე, მაგრამ, ყველა გამოსვლით ერთობიან, მაგალითად, ვახო რჩეულიშვილი; მაგრამ, ვიტანჯები იმ ადამიანების ცქერით, ვისაც არ გამოსდის და თან ძალიან ინდომებს, მაგალითად, დალი ჩიტალაძე...
– დალის არაჩვეულებრივად შეუძლია სიმღერა, ამაში ვერ დაგეთანხმები. საერთოდ, ყველა ინდომებს, მათ შორის – ვახოც. მონდომებით ვერავის გამოვარჩევ. დალიც ძალიან კარგად მღერის, უბრალოდ, არ აქვს სცენაზე დგომის, მით უმეტეს – სიმღერის გამოცდილება. გოგოლას მაგალითი ავიღოთ – პირველ ორ ტურში ძალიან დაიძაბა, ინერვიულა და ვერ იმღერა, მესამე ტურში კი ყველაზე მაგრად იმღერა. იმის გამო, რომ ადამიანს სცენაზე დგომის გამოცდილება არ აქვს, კი არ უნდა ლანძღო, უნდა უგულშემატკივრო.
– არ ვლანძღავ, ვნერვიულობ.
– მაყურებლის დიდი ნაწილი და, ზოგადად, ქართული პუბლიკის სენია, რაღაც ცუდი აღმოაჩინოს, იპოვოს ის, რასაც გააკრიტიკებს. მაყურებელი ჩასაფრებულის პოზიციაშია, რომ ვიღაც გამოიჭიროს, სხვაგან კი, პირიქით, მაყურებელი მონაწილეს გულშემატკივრობს.
– გადაცემის რეიტინგი არ იცი?
– პიპლმეტრების არა, მაგრამ, რეიტინგი ვიცი. უამრავი სხვა მეთოდი არსებობს, რომ რეიტინგი იგრძნო. მათ შორის – სოციალური ქსელები.
– „ცეკვავენ ვარსკვლავებზეც“ მინდა გითხრა: ეს არის შოუ, რომელიც, მიუხედავად უკვე გასული სამი სეზონისა, აქტუალურობას არ კარგავს და მაყურებელი ელოდება.
– პირველ ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ პირველად ხდება, როდესაც ერთი გუნდი პარალელურ რეჟიმში ორ მეგაპროექტს აკეთებს. სამი და ოთხიც მიკეთებია, მაგრამ, არა ამ მასშტაბის. ეს ორი მეგაპროექტის პარალელურ რეჟიმში კეთების პირველი პრეცედენტია და არ ვიცი, რა იქნება. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ და, იმედი მაქვს, მაინც ყველაფერი ძალიან კარგად გამოვა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩემთან ერთად მუშაობს, ზურა ფანქველაშვილს, რუსა მორჩილაძეს... ამ ადამიანებს არ სძინავთ, საჭმელს არ ჭამენ, იმდენად დიდი დრო მიაქვს ყველაფერს. ჩვენი გუნდი არც ისე პატარაა, დავიჯერეთ, რომ ამის კეთება შეგვიძლია და შედეგი უკვე აპრილიდან გამოჩნდება, როცა „ცეკვები“ ეთერში შევა.
– აპრილიდან იწყება? ესე იგი ყველაფერი მზად გაქვთ?
– ჯერ არა. ბოლო ფაზაშია მონაწილეებთან მოლაპარაკებები.
– ჟიურის წევრები ვინ იქნებიან?
– გოჩა აუცილებლად იქნება. ამჯერად შორენა არ გამოვა, ჟიურის დანარჩენი წევრების ვინაობა კი ჯერჯერობით კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა.
– ახლა გავაცნობიერე, რომ საქართველოდან წასული დიდი ვარსკვლავების ჟიურის წევრად მოწვევა შენი დამკვიდრებული მოდაა.
– ძალიან დიდი მადლობა. მიხარია, როდესაც რაიმე კარგს კონკურენტი მოყვება. ამას მხოლოდ მივესალმები.